"ვინ გამიწყო სუფრა?" - იღრინებოდა ის. განაწყენებული იყო იმის გამო, რომ უფრო მეტ თავდადებას ვიჩენდი, ვიდრე ის. შემდეგ კასი საუზმეს მიმზადებდა. ტაფაზე ბეკონის დიდ ნაჭერს აგდებდა და კვერცხს უმატებდა. ყავას არ ვსვამდი, მხოლოდ ჩაის. ის ყოველ დილით მიმზადებდა საუზმეს, მაშინაც კი, როცა ჩემზე გაბრაზებული იყო.
ვფიქრობ, ორივენი ვაცნობიერებდით, რომ
კრივში საკმაოდ გაცნობიერებული გავხდი, მაგრამ ჩემი სიმწიფის ხარისხი, ჩემი გონებრივი შესაძლებლობების დონე ვერ ეწეოდა ჩემს საკრივო ჩვევებს. ეს არ ჰგავდა იმას, როცა სკოლაში წასასვლელად ემზადები და იწყებენ შენში იმ თვისების ფორმირებას, რითაც შენგან საზოგადოებისთვის კარგ და სასარგებლო წევრს მიიღებენ. არა, ეს სულ სხვა რამ იყო - მე ხომ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონობას ვაპირებდი.
ამასთან დაკავშირებით, კასი ნერვიულობდა. "ვისურვებდი, შენთვის უფრო მეტი დრო მქონოდა!" - ამბობდა ის. მაგრამ, ამასთან ერთად, სხვა რამესაც ლაპარაკობდა: "კრივით 60 წელი ვიყავი დაკავებული და ჯერ არ მინახავს არავინ, ვისაც შენნაირი დაინტერესება გამოეხატოს. შენ ყოველთვის მხოლოდ კრივზე ლაპარაკობ".
მე მაქსიმალისტი ვიყავი. თუ თოვლი მოდიოდა, კასი სახლში მავარჯიშებდა. ღამღამობით დაძინებას ვაგვიანებდი, რადგან საკუთარ ოთახში ჩრდილს ვებრძოდი. ჩემი ცხოვრება დამოკიდებული იყო იმაზე - მივაღწევდი თუ არა წარმატებას.
თუ ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ, ნეხვის სრულიად გამოუსადეგარი ნაკუწი ვიქნები. გარდა ამისა, კასისთვისაც ვაკეთებდი ამას. მას რთული ცხოვრება ჰქონდა, ბევრი იმედგაცრუება შეხვდა. ამიტომაც უნდა დავიცვა ამ ბებერი იტალიელის თავმოყვარეობა და სიამაყე. ეშმაკმა დალახვროს, ნუთუ მე ეს არ შემიძლია?
როცა ვარჯიში არ მქონდა, ვუყურებდი ძველ ფილმებს კრივის შესახებ. ამას ვაკეთებდი დღეში დაახლოებით ათი საათი. გამოსასვლელ დღეებში კი ეს ჩემთვის ერთადერთი გასართობი იყო. ფილმებს ზემოთ მარტო ვუყურებდი. ღამეები არ მეძინა.
ერთხელ ხმას ავუწიე. ტელევიზორი მთელ სახლში გაჰყვიროდა. კასი მომადგა:
- ჯანდაბა, რას აკეთებ?
- უბრალოდ, ფილმს ვუყურებ, - ვუპასუხე მე.
- შენ ახლა საწოლში უნდა იწვე! ხალხს ძილი უნდა, - მითხრა მან.
როცა კიბეებზე ჩადიოდა, მისი ბურტყუნი მესმოდა:
- ასეთი ბავშვი არასოდეს მინახავს! მთელი ღამე ფილმების ყურება და მთელი სახლის შეწუხება!
ხანდახან კრივის შესახებ ფილმებს ერთად ვუყურებდით და კასი რჩევებს მაძლევდა - როგორ უნდა დამემარცხებინა დემპსი, ჯეფერსი ან ლუისი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივეები, მსოფლიოს ჩემპიონები მძიმე წონაში).
ისე ვიყავი გატაცებული, რომ ხანდახან, ძილის წინ, ხელთათმანის მოხსნა მავიწყდებოდა. უბრალოდ, არანორმალურად ვოცნებობდი გავმხდარიყავი სახელგანთქმული მოკრივე მაიკ ტაისონი.
ამ მიზნისთვის ყველაფერს მსხვერპლად ვწირავდი. მე არ მყავდა ქალები, არ მქონდა გემრიელი საჭმელი. იმ პერიოდში ზედმეტს ვჭამდი და კვების რეჟიმი დამერღვა. გარდა ამისა, სქესობრივი მომწიფების პერიოდი მქონდა: მუწუკები გამიჩნდა, მუდმივად მინდოდა ნაყინი. მაგრამ არ შეიძლებოდა დასახული მიზნიდან გადახვევა. კასს გოგოების შესახებ დაველაპარაკე, მან მიპასუხა, რომ ყველა ქალი ჩემი იქნება, ვისაც კი მოვისურვებ.
ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და კასს შევეკითხე:
- გოგოები არასოდეს მეყოლება?
კასმა ვიღაც გაგზავნა ბეისბოლის ჯოხის მოსატანად და ის მე მაჩუქა:
- შენ იმდენი გოგო გეყოლება, რომ ეს დაგჭირდება მათ მოსაგერიებლად.
ამიტომაც მრჩებოდა ორ რამ - მასტურბაცია და ვარჯიში, მასტურბაცია და ვარჯიში... და იმის იმედად ყოფნა, რომ გაჩემპიონების შემდეგ იმდენი ფული მექნება და იმდენი გოგო მეყოლება, რამდენსაც მოვისურვებ.
ვარჯიშებზე კასი მასწავლიდა ბრძოლის წარმართვის მეტად უჩვეულო და არასტანდარტულ მანერას. მას დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ესმოდათ მისი. ამ სტილს ერქვა "პიკაბუ". ის, პირველ რიგში, ორიენტირებული იყო დაცვაზე. ორივე ხელი სახეზე გქონდა აფარებული და მთლიანად იკეტებოდი. ხელები და იდაყვები შენთან ერთად მოძრაობდნენ, ამიტომაც, როცა მეტოქე დარტყმას ასრულებდა, შენ მას შემხვედრი მოძრაობით ბლოკავდი, შემდეგ კი კონტრშეტევას ატარებდი.
კასის სტილში შეტევა კარგ დაცვაზე იყო დაფუძნებული. ის მოკრივეს უპირველეს ამოცანად უსახავდა - არ მოყვეს დარტყმის ქვეშ. დარტყმებისთვის თავის არიდება რომ ესწავლებინა, ამისთვის სპეციალურ ტომარას იყენებდა, რომელიც ქვიშით იყო გატენილი და ბაგირი ჰქონდა შემოხვეული. უნდა გემოძრავა ამ ტომრის გარშემო, გაგეკეთებინა დახრები, რათა შეხება აგეცილებინა თავიდან. ამაში წარმატებები მქონდა.
გარდა ამისა, იყენებდა "ვილის ტომარას". ეს სახელი მოკრივე ვილი პასტრანოსგან მოდიოდა. "ვილის ტომარა" ადამიანის ტორსს მოგაგონებდათ. "სხეული" დაყოფილი იყო სხვადასხვა ზონად, თითოეულ ზონას ციფრული აღმნიშვნელი ჰქონდა. კენტი რიცხვი ნიშნავდა მარცხენა ხელით დარტყმის ზონას, ლუწი რიცხვი - მარჯვენა ხელის ზონას. კასი რთავდა კასეტას, რომელშიც ციფრების სხვადასხვა თანმიმდევრობა იყო ჩაწერილი.
"ხუთი, ოთხი!" - ამ დროს საჭირო იყო მარცხენა ჰუკის შესრულება კორპუსში და იქვე მარჯვენა აპერკოტი ყბაში. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ციფრების მიხედვით ამ მოქმედებების გამეორების შემდეგ შენ უკვე გაუაზრებლად, ავტომატურად აკეთებდი ყველაფერს და არ გჭირდებოდა გონების დაძაბვა. გარკვეული დროის შემდეგ უკვე თვალდახუჭულს შეგეძლო დარტყმების შესრულება.
კასს მიაჩნდა, რომ მოკრივეები მარჯვნიდან დარტყმებს იმის გამო უშვებენ, რომ არ მოძრაობენ და ხელები დაშვებული აქვთ. ამიტომაც მან ტალღებივით ქანაობა მასწავლა და არა უბრალოდ ზემოთ-ქვემოთ "ჩაყვინთვა".
ის მაიძულებდა მუდმივ გადაადგილებას: გვერდით, შემდეგ წინ, გვერდით და ისევ წინ. კასის აზრით, დარტყმებისას მაქსიმალური ეფექტი იმ დროს მიიღება, როცა ორ დარტყმას განახორციელებ, მაგრამ ხმა ისეთია, თითქოს ერთი დარტყმა შეგესრულებინოს. რაც უფრო მაღალია ხმოვანი ეფექტი, მით მეტია პროცენტი, რომ ასეთი დარტყმების სერია ნოკაუტს გამოიწვევს.
დაცვისთვის დიდი ყურადღების მინიჭებით, კასს ესმოდა, რომ დაცვითი სტილის მოკრივეები მოსაწყენად გამოიყურებიან.
- კრივი - ეს გართობაა, ამიტომაც, თუ წარმატებისა და აღიარების მიღწევა გსურს, მხოლოდ მოგება არ არის საკმარისი. შენ გატაცებით უნდა გაიმარჯვო. მეტოქეს სული უნდა გააფრთხობინო, - ყოველთვის მეუბნებოდა კასი.
მას სურდა, რომ აქტიური კონტრ-პანჩერი გავმხდარიყავი, მეიძულებინა მოწინააღმდეგეები, უშედეგო დარტყმები გამოეშვათ ან რინგზე ერბინათ. კასი ყოველთვის ცდილობდა რინგზე მყოფ მეტოქეზე გავლენას. "თუ შენ მუდმივად გაურბიხარ მის დარტყმებს, საკუთარი თავში დამაჯერებლობას კარგავს და თანდათან ფსკერისკენ მიექანება. აიცილე მისი დარტყმები და კონტრშეტევაზე გადადი.
ერთდროულად იმოძრავე და ურტყი. მოვლენების ფორსირება მოახდინე". კასს მიაჩნდა, რომ მოკლე დარტყმები უფრო მძიმე გამოდის, ვიდრე გრძელი. ის თვლიდა, რომ მძიმე დარტყმების შესრულებას არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ ასპექტთან და ეს მთლიანად ემოციური სფეროდანაა. ეს იყო კონტროლირებადი ემოციების თეორია.
ჩემი ვარჯიშებისთვის კასმა საუკეთესო სპარინგ-პარტნიორები დაიქირავა. მათგან ჩემი საყვარელი მოწინააღმდეგე მარვინ სტინსონი იყო. როგორც მახსოვს, ოლიმპიურ თამაშებზეც კი გამოდიოდა. ის ლარი ჰოლმსის ძირითადი სპარინგ-პარტნიორი იყო, შემდეგ კასმა ჩემთან მუშაობაზე დაიყოლია. ჩემთვის ის გასაოცარი მასწავლებელი აღმოჩნდა.
მიხსნიდა რინგზე მოძრაობას და დარტყმების შესრულებას. პირველი ვარჯიშის შემდეგ გვერდზე გამიყვანა და გარბენებისთვის საკუთარი ხელთათმანები მაჩუქა. დილით ციოდა, მან კი შეამჩნია, რომ ხელთათმანი არ მქონდა.
ჩემი სპარინგები სრულმასშტაბიან ომს ჰგავდა. საწვრთნელი ბრძოლის წინ კასს გვერდზე გავყავდი.
- არ მოდუნდე და სრულად დაიხარჯე, - მეუბნებოდა ის. - უნდა აჩვენო ყველაფერი, რაც გასწავლე და ეს სრული სიჩქარით უნდა გააკეთო. მინდა, რომ ამ ბიჭებს ნეკნები დაუმტვრიო.
ნეკნები დავუმტვრიო? სპარინგზე? მას უბრალოდ სურდა ჩემი მომზადება იმ ბიჭებთან, რომლებთანაც საწვრთნელ ბრძოლებში უნდა მემუშავა. და, რა თქმა უნდა, სურდა ნეკნები რეალურ ბრძოლებში დამემსხვრია ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის.
როცა კასი ჩემთვის კარგ სპარინგ-პარტნიორს პოულობდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებით ვაფასებდი, რადგან ვიცოდი, რომ ის ჩემთვის კარგი ვარჯიშების ორგანიზებას ცდილობდა. და სპარინგ-პარტნიორებს ყოველთვის კარგად უხდიდა. მაგრამ ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ისინი ჩვენთან დარჩებოდნენ.
ხშირად მოკრივე სამკვირიანი სპარინგისთვის მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ პირველივე საწვრთნელი ბრძოლის შემდეგ აღმოვაჩენდით, რომ ის აორთქლდა. მათ იმდენად ეზიზღებოდათ ჩემგან რინგზე დამუშავება, რომ საკუთარი ნივთებიც არ მიჰქონდათ. როცა ასეთი რამ ხდებოდა, მე და ტომი სასწრაფოდ მათ ოთახში გავრბოდით და ტანსაცმელს ვჩხრეკდით. თუ გაგვიმართლებდა, ცოტა მარიხუანას აღმოვაჩენდით ან მათი ფეხსაცმელი გვერგებოდა.
ხანდახან კასს ჩემთან სპარინგებისთვის უკვე შემდგარი მოკრივეები მოჰყავდა. მაგალითად, როცა 16 წლის ვიყავი, მან კატსკილში ჩამოიყვანა ფრენკ ბრუნო (ფრანკლინ როი ბრუნო - ბრიტანელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში. მაიკ ტაისონს პროფესიულ რინგზე 1989 და 1996 წლებში შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა), რომელიც იმ დროს 22 წლის იყო.
ჩვეულებრივ, სპარინგი ორი რაუნდისგან შედგებოდა. ბრძოლის წინ კასი შემდგარ მოკრივეს ჩუმად უხსნიდა.
- მომისმინე, ის უბრალოდ ბავშვია, მაგრამ არ მოდუნდე. სრულად დაიხარჯე, - ამბობდა ის.
- კარგი, კას, - პასუხობდა ის. - წავიმუშავებ შენს ბავშვთან.
- გაიგე, რაც გითხარი? შენ მასთან არ უნდა იმუშაო. შენ მასთან სრული ძალით უნდა იჩხუბო.
მასწავლიდნენ, რომ რინგზე მხოლოდ გამარჯვებისთვის არ უნდა გავსულიყავი. მასწავლიდნენ ჩხუბს იმისთვის, რომ ტკივილი ან ტრავმა მიმეყენებინა მოწინააღმდეგისთვის. საათობით ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გაგვეკეთებინა ეს. ეს იყო ის, რასაც კასი თავიდანვე შთამაგონებდა. "ამით შენ მოკითხვას უძღვნი ჩემპიონს, მაიკ, - მიხსნიდა კასი. - ის ყურადღებით მიგადევნებს თვალს".
მაგრამ ჩვენ აგრეთვე შეტყობინებას ვუგზავნიდით მწვრთნელებს, მენეჯერებს, პრომოუტერებს და მთელ საკრივო სამყაროს. ვატყობინებდით ყველას: კასი დაბრუნდა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"