ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ წააგო გამოკითხვა, რომელმაც 2010 წლის საუკეთესო მოკრივე გამოავლინა. გამოკითხვა ამერიკის ჟურნალისტთა ასოციაციის იმ წევრებმა ჩაატარეს, რომლებიც კრივზე მუშაობენ. მათ 2010 წლის შედეგების მიხედვით საუკეთესოდ მიიჩნიეს არგენტინელი სერხიო მარტინესი, პაკიაო კი მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
35 წლის მარტინესი 72.6-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის. 2010 წელს მან ორი ბრძოლა გამართა. აპრილში დაამარცხა ამერიკელი კელი პავლიკი და WBC-სა (მსოფლიოს საკრივო საბჭო) და WBO-ის (მსოფლიოს საკრივო ორგანიზაცია) ვერსიებით საუკეთესო გახდა.
ნოემბერში მარტინესმა დაიცვა WBC-ის ტიტული მეორე რაუნდში ამერიკელი პოლ უილიამსის ნოკაუტში გაგზავნის
რაც შეეხება პაკიაოს, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს უწოდებენ წონის გაუთვალისწინებლად, მან 2010 წლის მარტში განელი ჯოშუა კლოტი დაამარცხა, ნოემბერში კი მექსიკელ ანტონიო მარგარიტოს სძლია. ამ უკანასკნელის დამარცხებით, ფილიპინელმა WBC-ის ტიტული მოიპოვა 69.9 კილოგრამში, რითაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა რიგით მერვე წონით კატეგორიაში.
ჟურნალისტთა ასოციაციამ 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად ფრედი როუჩი დაასახელა. სწორედ ის გახლავთ პაკიაოს დამრიგებელი. საუკეთესო ბრძოლად აღიარეს ბრიტანელი ამირ ჰანისა და არგენტინელი მარკოს მაიდანის დაპირისპირება, რომელიც ჰანმა ქულებით მოიგო.
.