დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ტირილის დრო არ იყო. სპორტდარბაზში დავბრუნდი შემდეგი ტურნირებისთვისა და ჩემპიონატებისთვის მოსამზადებლად. 1983 წლის აგვისტოში ოქროს მედალი მოვიგე მე-19 ეროვნულ ჩემპიონატში. 1984 წელს ისევ მოვიგე ეს ჩემპიონატი. იმავე წელს, ოქროს მედალი მივიღე ეროვნულ ტურნირზე - "ოქროს ხელთათმანზე", როცა პირველ რაუნდში ჯონათან ლიტლზი ჩავაგდე ნოკაუტში. ლიტლზთან 1982 წელს ვიჩხუბე იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე და ის ერთადერთი იყო, ვინც მეორე რაუნდამდე გამიძლო.

მოვიდა დრო მორიგი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამ პერიოდში, კატსკილში ჩამოვიდა კრივის კომენტატორი ალექს ვალაუ. მას კასზე და ჩემზე მასალა უნდა მოემზადებინა.
მისაღებ ოთახში ვისხედით და ერთმანეთს ვესაუბრებოდით. კასს სპორტული პერანგი და მოკრძალებული რუხი კოსტიუმი ეცვა. მე თავზე "კანგოლის" ფირმის თეთრი ქუდი მეხურა.

ალექსმა კასს ჩემთან მუშაობაზე ჰკითხა. და კასმა გატაცებით შეასრულა რეპი, რომელიც ზღვა აღიარებებისგან შედგებოდა:

- მთელი ცხოვრების განმავლობაში ვოცნებობდი - მომემზადებინა მოკრივე, რომელიც იდეალური იქნებოდა. ჩემი აზრით, მაიკს სავსებით შეუძლია ამ მიზნის მიღწევა. მე მასში ამოვიცანი მომავალი ჩემპიონის თვისებები. ის ყოველთვის მზად არის გაიზარდოს ახალ დონემდე და აჯობოს თავის სპარინგ-პარტნიორებს. მე ვასწავლე მას კარატეს მოძრაობები, მაიკს შეუძლია უსწრაფესი დარტყმის შესრულება და ამით თავისი მეტოქეების გაოცება. მას დაუჯერებელი სისწრაფე აქვს, კოორდინაცია და მომენტის შერჩევის ინტუიციური უნარი, რაც, ჩვეულებრივ, კრივში მოღვაწეობის 10 წლის თავზე მოდის.

- არ ვიწყებ ვარჯიშებს იქამდე, სანამ არ გავარკვევ, რომ ის მზად არის ჩემი მითითებების აღსაქმელად. დიდ ყურადღებას ვანიჭებ იმას, რომ გავიგო - რა ტიპის ადამიანებს განეკუთვნება ის. თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს ბევრი მოქმედებისა და საქციელის ერთობლიობას. მაიკის შემთხვევაში შემდეგნაირადაა: ჩვენი საუბრების პროცესში ვცდილობ გავარკვიო - წარსულის დამღუპველი გამოცდილების კიდევ რამდენი ფენა უნდა შემოვაცალო, რომ მის არსს ჩავწვდე, შემდეგ გავაშიშვლო ის, რათა არა მხოლოდ მე, არამედ მანაც შეძლო ამ არსის დანახვა. და ამ მომენტიდან, საქმე უფრო სწრაფი ტემპებით მიდის წინ.

- და რა აღმოაჩინეთ მას შემდეგ, რაც მაიკ ტაისონი ამ ფენებისგან გაწმინდეთ? - იკითხა ალექსმა.

- აღმოვაჩინე ის, რასაც ველოდი: ეს არის ადამიანი ღია გულით და სუფთა ზრახვებით. შეუძლია გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს უდიადესი მოკრივე. როცა ეს გავიაზრე, ჩემი შემდგომი ამოცანა იყო - დავხმარებოდი მას ამ თვისებების გაცნობიერებაში, რადგან იქამდე, სანამ ჩემსავით არ ეცოდინება ამის შესახებ, ეს თვისებები ვერ დაეხმარებოდა. ჩემი აზრით, ნამდვილი პროფესიონალი უნდა იყოს დისციპლინირებული, ჰქონდეს უნარი გააკეთოს ის, რაც საჭიროა - იმის მიუხედავად, რამდენად მოსწონს ეს. მიმაჩნია, რომ მაიკი სწრაფად უახლოვდება იმ დონესა და სიმაღლეს, რომ მსოფლიოში უდიადესი მოკრივე გახდეს.

ყველაფერი, რაც ვიცით მის შესახებ, გაუთვალისწინებელი ინციდენტების გამოკლებით, საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თუ მონდომებით ვარჯიშს გააგრძელებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, შეძლებს შევიდეს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოკრივე. თუ საუკეთესო არა იმ მებრძოლებს შორის, ვისაც აქამდე ვიცნობდით.

ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რაც კასმა ჩემზე ილაპარაკა. შემდეგ ალექსმა ჰკითხა კასს - მძიმე ხომ არ არის მისი ასაკის ადამიანისთვის ასეთ ახალგაზრდა მოკრივესთან მუშაობა.

- ხშირად ვსაუბრობ მასთან, და ვიცი, რომ ხანდახან ვერ ხვდება რა მაქვს მხედველობაში. მაგრამ ახლა ვეტყვი - რა მაქვს მხედველობაში: ის დღეს აქ რომ არ იყოს, ცხადია, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ის ფაქტი, რომ მაიკი აქ იმყოფება და კარგად აკეთებს იმას, რასაც ვეუბნები, მაიძულებს გავაგრძელო ცხოვრება.

ის ჩემს სიცოცხლეს აზრს აძლევს, რადგან მჯერა, რომ ადამიანი კვდება მაშინ, როცა სიცოცხლე აღარ უნდა. ბუნება იმაზე გონიერია, ვიდრე ჩვენ გვგონია. თანდათან ვკარგავთ მეგობრებს, რომლებზეც ვზრუნავდით და თანდათან ვკარგავთ ცხოვრებისადმი ინტერესს, სანამ საბოლოოდ არ ვიტყვით: "რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? აღარ მაქვს წინსვლის მიზეზი". მაგრამ მაიკთან ერთად, მაქვს ასეთი მიზეზი. ის ჩემს სიცოცხლეს აზრს აძლევს. და გავაგრძელებ არსებობას და იმის დაკვირვებას - როგორ აღწევს წარმატებას.

არ წავალ იქამდე, სანამ ეს არ მოხდება, რადგან თუ წავალ, ის არა მხოლოდ ჩხუბს ვერ ისწავლის, არა მხოლოდ ბევრ რამეს ვერ გაიგებს, არამედ, საკუთარ თავზე ზრუნვაც არ შეეძლება.

ესეც ასე! კასმა ამ შემთხვევაშიც სცადა ჩემზე გავლენის მოხდენა. მისი აზრით, შემეძლო ამ საკითხში გარკვევა, მაგრამ, ამასთანავე, მიაჩნდა, რომ შეიძლება ვერც მომეხერხებინა ეს.

შემდეგ მე დამისვეს კითხვა - გეგმებზე, ოცნებებზე.

- ოცნებები არსებობს გზის დასაწყისში. ოცნება საჭიროა, რათა შენში დაინტერესება და სურვილი გაჩნდეს. მე უბრალოდ მინდა ცოცხალი ვიყო ათი წლის შემდეგ. ამბობენ, რომ ვაპირებ გავხდე მოკრივე მილიონი დოლარით. მე ვიცი ვინ ვარ და ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ყველაფერს დანარჩენს, რადგან ხალხმა არ იცის, რისი გავლა მიწევს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი დავიბადე. მათ არ იციან, რა დამჭირდა, ასეთი რომ გავმხდარიყავი.

- მაინც, რა დაგჭირდათ? - იკითხა ალექსმა.

- ვარჯიშები. კრივი - ყველაზე მსუბული ნაწილია. როცა რინგზე ადიხარ საჩხუბრად - ეს დასვენებაა. მაგრამ, როცა სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობ, რაღაც ელემენტები გაუთავებლად უნდა დახვეწო, იქამდე, სანამ არ მოგბეზრდება და არ დაიყვირებ: "აღარ მინდა ამის გაკეთება!" მაგრამ ასეთი აზრები თავიდან უნდა ამოიგდო. სანამ მოყვარული ხარ, ეს მხოლოდ გართობაა: ჯილდოები, თასები, მედლები. მაგრამ, როცა საქმე პროფესიულ დონემდე მივა, მე, ისევე, როგორც თქვენ, ფულის გამომუშავება მსურს. მომწონს უჩვეულო ვარცხნილობები, მოდური ტანსაცმელი, ოქრო, დახვეწილი ძვირფასეულობა და ყველაფერი დანარჩენი. იმისთვის, რომ ცხოვრების ასეთ წესს მივსდიო, ფულის სწორად შოვნა უნდა შემეძლოს. შენ არ შეგიძლია აიღო იარაღი და ბანკში წახვიდე. ისედაც შეძლებ გამდიდრებას იმ საქმის კეთებით, რაც მოგწონს. და თავს კომფორტულად იგრძნობ.

ძალიან კარგი განწყობა მქონდა და მონდომებით ვვარჯიშობდი. ასე არასოდეს დამიტვირთავს საკუთარი თავი, ყოველდღიურად ვამუშავებდი თითოეულ მოძრაობას. უსასრულობამდე. მონდომებით ვემზადებოდი მომავალი ოლიმპიადისთვის.

აშშ-ის ნაკრების ჩინოვნიკებმა უფლება არ მომცეს გამოვსულიყავი ჩემს წონით კატეგორიაში, რადგან კასი ემტერებოდა ოლიმპიადებზე საკრივო ტურნირების ორგანიზატორებს. ეს კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როცა ამერიკის ნაკრებში დამაყენეს ბრძოლაზე, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო. მაგრამ კასმა იქ არ გამიშვა, რადგან კევინ რუნი მწვრთნელად არ დაამტკიცეს. მე უნდა მყოლოდა სხვა მწვრთნელები, რომლებსაც ორგანიზატორები გამომიყოფდნენ. კასს ასევე ეშინოდა, რომ რევოლუციონერები შეეცდებოდნენ ჩემს გატაცებას.

კასისთვის შურის საძიებლად, ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ ვიბრძოლებდი 91-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მე კი 97.5 კილოგრამს ვიწონიდი, ამიტომაც დიეტაზე დავჯექი. მომწონდა ეს ყველაფერი: თავს ვგრძნობდი ნამდვილ მოკრივედ, რომელმაც წონა უნდა დაიგდოს, რათა საჭირო კატეგორიაში გამოვიდეს. შეშლილი ვიყავი ამაზე. ვგრძნობდი, რომ დიდ მსხვერპლზე მივდიოდი.

ოლიმპიადის შესარჩევი ტურისთვის მზადების დაძაბული გრაფიკი მქონდა. 1983 წლის 12 აგვისტოს დაიწყო ოჰაიოს შტატის ეროვნული ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. პირველ დღეს, 42 წამში ნოკაუტით მოვიგე. მეორე დღეს ჩემს მეტოქეს წინა ორი კბილი ჩამოვუგდე და ის ათი წუთი უგონოდ იყო. მესამე დღეს, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა უარი თქვა ბრძოლაზე.

მეორე დღეს კოლორადო-სპრინგში გავემგზავრეთ, აშშ-ის ეროვნულ ჩემპიონატზე გამოსასვლელად. როცა იქ ჩავედი, ექვსიდან ოთხმა მოკრივემ უარი თქვა გამოსვლაზე. ორივე ბრძოლაში პირველ რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვე.

1984 წლის 10 ივნისს, როგორც იქნა, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი მივიღე. შესარჩევი ბრძოლა მქონდა ჰენრი ტილმენთან, ასაკით ჩემზე გაცილებით დიდ და გამოცდილ მოკრივესთან. პირველ რაუნდში ის ნოკდაუნში გავუშვი - ბაგირებში გავაძვრინე და რინგიდან გადავაგდე. წამოდგა. მომდევნო ორი რაუნდის განმავლობაში ვავიწროებდი. მაგრამ, სამოყვარულო კრივში აგრესიულობას არ მიესალმებიან და ჩემი ნოკაუტი მსუბუქ ჯებად ჩათვალეს. მსაჯებმა საკუთარი გადაწყვეტილება გაახმოვანეს და ყურებს არ დავუჯერე. გამარჯვება ტილმენს მისცეს. უკმაყოფილო დარბაზი გუგუნებდა და უსტვენდა.

ვერ ვიტანდი სამოყვარულო კრივს. "ჩვენ აქ - მოკრივეები ვართ", - ამტკიცებდნენ ეს არარაობები. არა, ეს მე ვარ ნამდვილი მოკრივე და მეომარი, სერ. ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ვიჩხუბო, - ვპასუხობ მათ. მთელს სამოყვარულო კრივს ვეზიზღებოდი. მათ არ მოსწონდათ ჩემი თავხედური გამოხდომები, რაც ბრაუნვსილიდან მომყვებოდა. დიახ, სწორედ ასე ვიქცეოდი და, შესაძლოა, ზრდილობაც მაკლდა. მაგრამ ეს ჯობდა ნიუიორკულ თვითკმაყოფილებას.

თუ მე მათ არ მოვწონდი, ე. ი. ისინი არაფრად აგდებდნენ კასს. ამ უკანასკნელს კი შეეძლო ყველანაირ ზღვარს გადასულიყო, რითაც ხანდახან გაუგებრობაში მაგდებდა. მე არ შემეძლო ბოლომდე მისი გაგება. მან გულში ჩადება იცოდა და ყოველთვის მზად იყო შურის საძიებლად. მას არ შეეძლო მტრების გარეშე ცხოვრება, ამიტომაც ქმნიდა მათ. ხანდახან ვფიქრობდი: "ჯანდაბა, რატომ არ შევხვდი ისეთ თეთრ ბიჭს, რომელსაც არ ექნებოდა კონფრონტაციისკენ მიდრეკილება?" მეგონა, რომ თავი დავაღწიე ხმაურიანი ცხოვრების წესს, მაგრამ კასი ყოველთვის მახსენებდა, რომ ეს ასე არ იყო.

ერთი თვის შემდეგ, ოლიმპიადის შესარჩევ ბრძოლებში, ტილმენისთვის სამაგიეროს გადახდის შანსი მომეცა. ისევ ვაჯობე სამივე რაუნდში და ამჯერად, მან იმაზე ნაკლები აჩვენა, ვიდრე პირველ ბრძოლაში. ABC-ის სპორტულმა კომენტატორმა ჰოვარდ კოსელმაც კი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ტილმენმა პირველ ბრძოლაში ქულებით დამამარცხა, ამჯერად აღიარა, რომ ჩემთვის უნდა მოეცათ გამარჯვება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგე და როცა მსაჯმა ისევ ტილმენის ხელი ასწია, გაოგნებული დავრჩი. ვერ დავიჯერე, რომ მათ ორივეჯერ მოგება მას მიანიჭეს. დარბაზმა ისევ უსტვინა მსაჯებს. კასი განრისხებული იყო. გინება დაიწყო და სცადა აშშ-ის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩინოვნიკისთვის ხელი გაერტყა.

კევინ რუნი და კიდევ ერთი ოფიციალური პირი ცდილობდნენ მის დაწყნარებას. იმ მომენტში იმდენად ვიყავი ჩაფლული ჩემს ფიქრებში, რომ გადავწყვიტე - კასის საქციელი მხოლოდ მე მიკავშირდება. როცა ასაკი მომემატა, მივხვდი, რომ ეს ისტორია, რეალურად, თავისი ფესვებით 30 წლით უკან მიდიოდა. ეს იყო მისი შიშები, მოლანდებები და მათ ჩემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული