- მაიკ, სად იყავი? - დაინტერესდა ის.
- მე არ მჭირდება ეს ნაგავი, - ამოვიოხრე მე. - ჩემი მეგობარი გოგონას მამა "ნიუბერის" სუპერმარკეტში მენეჯერად მუშაობს. მას შეუძლია მომაწყოს სამუშაოზე და 100 ათასს გამოვიმუშავებ. ამ "კადილაკით" ვაპირებ გაქცევას.
სინამდვილეში, უბრალოდ, ვნერვიულობდი, რადგან ამიერიდან, პროფესიონალის რანგში მიწევდა გამოსვლა.
- მაიკ, შენ ვერ იშოვი 100 ათასს წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქალიშვილს ხვდები,
- ბევრი რამ შემიძლია, - ვუთხარი მე.
- შენ არც ისე დიდი არჩევანი გაქვს. დაბრუნდი სპორტდარბაზში, მოიგე ბრძოლა და წინსვლა გააგრძელე.
მომდევნო დღეს სპორტდარბაზში დავბრუნდი. ნერვებს გავუმკლავდი და ამაყი ვიყავი იმით, რომ 18 წლის ასაკში პროფესიონალი მოკრივე ვხდებოდი. შესანიშნავი გუნდი მყავდა. კევინ რუნის გარდა, იქ შედიოდა მეტ ბარანსკი. მეტი შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელიც აქცენტს სისტემურ მიდგომაზე, მეთოდიკასა და ტაქტიკაზე აკეთებდა. კევინი კი პირდაპირ სახეში გიყვიროდა: "ა-ა-ა!"
განვიხილეთ ჩემი მომავალი მეტსახელი. ჯიმისა და ბილს მიაჩნდათ, რომ ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ კასს უნდოდა ჩემთვის "საშინელი ტენი" (სიტყვების თამაში, რომელიც არ ითარგმნება. Tan Terror სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც "ყვითელ-ყავისფერი საშინელება", მაგრამ პირველი სიტყვა ჟარგონზე ნიშნავს "დარტყმას") ეწოდებინათ - ჯო ლუისის საპატივცემულოდ. მაგარი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს იდეა არ გამოვიყენეთ.
სხვა გმირებსაც მივაგე პატივი. ჩემს თავზე ელექტროსამართლებით გაიარეს და გამოვიდა ჯეკ დემპსის სტილში ვარცხნილობა. ასევე, გადავწყვიტე სპარტანული გარეგნობა მიმეღო, როოგორიც ყველა ჩემს კერპს ჰქონდა - არც წინდები და არც ხალათი. მინდოდა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ კრივის საწყისებს ვუბრუნდები.
ჩემი პირველი პროფესიული ბრძოლა 1985 წლის 6 მარტს, ოლბანიში ჩატარდა. ჩემი მეტოქე იყო ექტორ მერსედესი. მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ამიტომაც ბრძოლის დღეს კასი ტელეფონს ჩამოეკიდა, პუერტო რიკოში რამდენიმე მწვრთნელსა და მენეჯერს გაესაუბრა იმაში დასარწმუნებლად, რომ მერსედესი საშიში მეტოქე არ იყო. ბრძოლის წინა ღამეს ვნერვიულობდი. ამასთან, ვიცოდი, რომ შევძლებდი იმ ბიჭის დამარცხებას, როგორც კი რინგზე ავიდოდი.
ისიც კარგად მესმოდა, რომ კასი, ჩემთვის დამაჯერებლობის ასამაღლებლად, პირველ ბრძოლებში უფრო სუსტ მეტოქეებს შემირჩევდა. მართალი აღმოვჩნდი. ბრძოლა პირველ რაუნდში შეწყვიტეს, როცა უმოწყალოდ ვურტყამდი რინგის კუთხეში მუხლებზე დავარდნილ მერსედესს. აღმაფრენას განვიცდიდი, მაგრამ გასახდელში კასმა ნაკლოვანებებზე მიმითითა.
- ხელები უფრო მაღლა უნდა გეჭიროს, დაშვებული გქონდა, - ხაზი გაუსვა მან.
მომდევნო ორი ბრძოლაც ოლბანიში გაიმართა, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქი გახდა. მერსედესის დამარცხებიდან ერთი თვის თავზე, ტრენტ სინგლეტონთან ვიჩხუბე. რინგზე გასვლის შემდეგ დარბაზის ოთხივე მხარეს მივესალმე და მისალმების ნიშნად, გლადიატორივით ხელი მაღლა ავწიე. მოკლე დროში მეტოქე სამჯერ გავუშვი ნოკდაუნში და რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა. მშვიდად დავბრუნდი საკუთარ კუთხეში, სეკუნდანტს ვაკოცე და თავზე მოვეფერე.
ერთი თვის შემდეგ ისევ ჩხუბი მიწევდა, ბრძოლებს შორის კი დავრბოდი, ვვარჯიშობდი, ვჩხუბობდი და საერთოდ, ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც კასი მიბრძანებდა: კრივი, კრივი და კიდევ ერთხელ კრივი... სპარინგი, სპარინგი და კიდევ ერთხელ სპარინგი...
23 მაისს დონ ჰელპინს შევხვდი, რომელიც გაცილებით გამოცდილი მეტოქე იყო. მან სამი რაუნდი გამიძლო, რადგან ცაცია იყო და გარკვეული დრო დამჭირდა მის სტილთან შესაგუებლად. ვიცვლიდი დგომას, ექსპერიმენტებს მივმართავდი და საჭირო გამოცდილებას ვიღებდი.
მეოთხე რაუნდში მარცხენათი და შემდეგ მარჯვენათი სუფთად მოვახვედრე და უკვე რინგზე ეცემოდა, რომ ერთი მარჯვენა ჰუკიც მივაყოლე. ძალიან დიდი ხანი იწვა იატაკზე. კასმა, რა თქმა უნდა, შენიშვნა მომცა - თურმე არასაკმარისად ვმუშაობდი კორპუსში და ცოტას ვმოძრაობდი. სამაგიეროდ, ჯეკობსი და კეიტონი აღფრთოვანებულნი დარჩნენ იმით, როგორ გამოვიყურებოდი რინგზე.
ამ ბრძოლის შემდეგ ყურადღება მომაქციეს. გაჩნდა რამდენიმე სახასიათო წარწერა და პლაკატი. მაგალითად, ბეისბოლის მატჩებზე ასეთ პოსტერს მოჰკრავდით თვალს: "გუდენი - დოქტორი ნოკია, მაიკ ტაისონი კი - დოქტორი ნოკ-აუტი". გამოჩნდნენ თაყვანისმცემელი გოგონები, თუმცა არ გამომიყენებია საკუთარი წარმატებები მათ ხელში ჩასაგდებლად. ძალიან მიყვარდა საკუთარი თავი, რომ კიდევ ვიღაცაზე მეფიქრა. საერთოდ, კასს მიაჩნდა, რომ ცოტა მეტი განტვირთვა მჭირდებოდა. მისი აზრით, ხშირად უნდა გავსულიყავი გარეთ. ამიტომაც ოლბანიში გავემგზავრე და რამდენიმე მეგობართან ერთად დრო გავატარე.
ჩემს პირველ ბრძოლებს, პრაქტიკულად, არ მოჰქონდა შემოსავალი. პირველი ორთაბრძოლა კი საერთოდ წამგებიანი იყო პრომოუტერისთვის, მაგრამ ჯიმიმ მაინც მომცა 500 დოლარი. შემდეგ ამ თანხიდან 50 დოლარი აიღო და კევინს მისცა, კიდევ 350 დოლარი ბანკში ჩემს ანგარიშზე შეიტანა, ასე რომ, ხელზე მხოლოდ 100 დოლარი დამრჩა.
ისინი უფრო ჩემი სახელის რეკლამირებით იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე პირველ ბრძოლებში ფულის გამომუშავებით. ჯიმი და კეიტონი პირველი სარეკლამო მენეჯერები გახდნენ, რომლებმაც ჩემი ნოკაუტების კრებული შექმნეს და ვიდეოკასეტები მთელ ქვეყანაში თითოეულ მწერალს გაუგზავნეს, ვინც კრივის სამყაროს მოვლენებს აშუქებდა. ეს ინოვაციური მიდგომა იყო.
უბრალოდ, სენსაციური გამოსვლა მქონდა, მაგრამ კასი სულ უფრო და უფრო მეტს ბუზღუნებდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ კასი ბიძია თომად აღმიქვამდა. ვცდილობდი ზრდილობიანი ვყოფილიყავი მათ მიმართ, ვისთან შეხვედრაც მიწევდა. მე მათ ვეუბნებოდი: "დიახ, მემ" ან "არა, სერ", და კასს ეს აღიზიანებდა.
- რატომ ელაპარაკები ასე? ფიქრობ, ისინი შენზე უკეთესები არიან? ეს ადამიანები - არარაობები და თაღლითები არიან, - ბუზღუნებდა ის.
მას მიაჩნდა, რომ მე ღმერთი ვიყავიც და როცა ღმერთივით ვიქცეოდი, ის ზიზღით მიყურებდა:
- იმათ ჰგავხარ, ვინც შენს რეკლამირებას ეწევა, ასე არ არის? ისეთმა ბიჭებმა, როგორებიც არიან კეიტონი და მისნაირები, ყურები გამოგიჭედეს, რომ დიადი ხარ.
ვფიქრობ, მას უბრალოდ, უნდოდა ვინმეზე ეყარა ჯავრი. ჩემი დღე იმაზე იყო დამოკიდებული, რომელი ფეხით ადგა დილით კასი. იმ დროისთვის უკვე აღებული მქონდა მართვის მოწმობა და მას სხვადასხვა კრებასა და კონფერენციაზე დავატარებდი.
20 ივნისს, ჩემი მე-20 დაბადების დღიდან ცოტა ხნით ადრე, ატლანტიკ-სიტიში რიკი სპეინთან ვჩხუბობდი. ეს ჩემი პირველი პროფესიული ბრძოლა იყო ოლბანის მიღმა. კასი მაგზავნიდა მთელ ქვეყანაში მსხვილი ბრძოლების საყურებლად, რათა სხვა დარბაზებს შევჩვეოდი.
- ეს დარბაზი კი საკუთარ სახლად გაიხადე. მას დახუჭული თვალებით უნდა იცნობდე, - მასწავლიდა ის. - აქ დიდი ხანი მოგიწევს ცხოვრება, ასე რომ, მიეჩვიე.
მას თან დავყავდი მაშინაც, როცა დიდ მოკრივეებთან უწევდა ურთიერთობა. სადილისას, მაგიდასთან გვერდით დამისვამდა და მათ გამაცნობდა, რათა მომავალში მორიდების გრძნობა არ მქონოდა რომელიმე მოკრივესთან შეხვედრისას.
მიხაროდა ატლანტიკ-სიტში ჩხუბი, ისიც, რომ ბრძოლა გადაიცემოდა ESPN-ის ტელეარხის მეშვეობით. აქამდე ჩემს მეტოქესაც არ ჰქონდა წაგება. შვიდიდან შვიდი ბრძოლა მოიგო, მათ შორის, ხუთი ნოკაუტით. მე წარმადგინეს, როგორც "მოჩხუბარი ბავშვი". "ბავშვის" რა მოგახსენოთ, მაგრამ ორჯერ დავაწვინე რინგზე სპეინი პირველ რაუნდში და რეფერიმ ბრძოლა გააჩერა.
ჯიმი და კეიტონი ცდილობდნენ ESPN-თან მოლაპარაკებას ჩემთვის მუდმივი დროის გამოყოფაზე, მაგრამ ბობ არუმმა, რომელიც საკრივო ორთაბრძოლებზე იყო პასუხისმგებელი, მათ განუცხადა, რომ მისი გუნდი სულაც არ იყო მოხიბლული ჩემი შესაძლებლობებით. ამან კასი ძალიან გააცოფა. მან ვერ აიტანა არუმი და ჩემი მომდევნო ბრძოლის შემდეგ მასთან საქმე აღარ დაგვიჭერია.
მაგრამ ეს პოლიტიკური საქმეები არ მაინტერესებდა. მოუთმენლად ველოდი ჩემს შემდეგ ბრძოლას. ის კვლავ ატლანტიკ-სიტში გაიმართა, 11 ივლისს. ვჩხუბობდი ჯონ ოლდერსონთან, ჯანმრთელ სოფლელ ბიჭთან დასავლეთ ვირჯინიიდან, რომელსაც ოთხი მოგება და არც ერთი წაგება არ ჰქონდა. ეს ბრძოლაც ESPN-ზე გადაიცემოდა. მეორე რაუნდში მეტოქე რამდენჯერმე წავაქციე და ექიმმა შეწყვიტა ორთაბრძოლა მას შემდეგ, რაც ის თავის კუთხეში დაბრუნდა.
ლარი სიმსთან მომდევნო ბრძოლის შემდეგ ჩემი მაჩვენებელი გახდა - 6 მოგება, 0 წაგება. მაგრამ ძალიან გავაბრაზე კასი - მას არ მოეწონა სტილი, რომლითაც სიმსი დავამარცხე. ის მართლაც კარგი მებრძოლი იყო - ჭკვიანი, ცბიერი, იმათ რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც რინგზე ფიქრობს. ასეთებთან რთულია ბრძოლის წარმართვა. ამიტომაც მესამე რაუნდში მარცხენა დგომი გამოვიყენე და შთამბეჭდავი დარტყმით ნოკაუტში ჩავაგდე. მოგვიანებით, გასახდელში კასი თავს დამესხა.
- ვინ გასწავლა მარცხენა მხრიდან დგომა? საიდან მოიტანე ეს ნაგავი? ახლა რთული იქნება შენთვის ბრძოლების ორგანიზება, - აღშფოთებული იყო ის. - მემარცხენეებთან არ უყვართ ჩხუბი. ყველაფერს დაღუპავ, რაც აქამდე გამიკეთებია.
კასი ვერ იტანდა ცაციებს.
- კას, მაპატიე!
სრული უაზრობა იყო! ისე გამოვიდა, რომ ბოდიშს ვიხდიდი ეფექტური ნოკაუტისთვის.
ერთი თვის შემდეგ რინგზე დავბრუნდი და პირველივე რაუნდში დავამარცხე ლორენცო კენედი, სამი კვირის თავზე კი ატლანტიკ-სიტიში მაიკლ ჯონსონს შევხვდი. როდესაც ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და რეფერის ინსტრუქტაჟს ვისმენდით, ჯონსონი ზედმეტად ქედმაღლურად გამოიყურებოდა, თითქოს ჩემ მიმართ ზიზღს გრძნობდა.
რამდენიმე წამის შემდეგ, თირკმელში მარცხენა ჰუკის წყალობით, ის უკვე რინგზე გაიშხლართა, ხოლო როცა წამოდგა, შთამბეჭდავი მარჯვენა შევასრულე ისეთი ძალით, რომ წინა ორი კბილი კბილსაცავში ჩაეჭედა. ვიცოდი, რომ კარგა ხანი გონს ვერ მოვიდოდა. კევინი რინგზე ამოვარდა, ჩვენ ვიცინოდით და ბავშვებივით ვხარობდით. თავი ვერ შევიკავე: "კევინ, შეხედე ამ მკვდარ ზანგს!"
ახლა უკვე რვა მოგება და ნული წაგება მქონდა, რვავე გამარჯვება ნოკაუტით. და ჯიმიმ და კასმა პრესასთან მთელი თავიანთი კავშირები გამოიყენეს, ჩემი აღიარებისთვის რომ მიეღწიათ. ნიუ იორკში გავემგზავრეთ, რომ დავსწრებოდით სადილს ჯიმისთან და მის მეგობარ ჟურნალისტებთან. მე უკვე ელიტარულ ქრონიკაში მიხსენიებდნენ, ამიტომაც ვჩნდებოდი ნიუ იორკის ისეთ პოპულარულ ადგილებში, როგორიცაა რესტორანი "კოლუმბი" ზედა ვესტ-საიდის რაიონში.
დავუახლოვდი შესანიშნავ ფოტოგრაფს, ბრაიან ჰემილს. ის და მისი ძმა პიტი, რომელიც სახელგანთქმული მწერალი იყო, ცნობილ ადამიანებს მაცნობდნენ. პიტს ბარში მივყავდი და იქ ერთ-ერთ მეპატრონესთან, პოლი გერმანთან ვისხედით. იმ დროისთვის, პოლს სახელი ჰქონდა გავარდნილი ნიუ იორკში. მომეჩვენა, რომ ის უფრო მეტად ცნობილი იყო, ვიდრე ყველა ეს სახელგანთქმული ადამიანი. ყველას უნდოდა პოლის გვერდით ყოფნა, მასთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა, მისთვის რაიმეს თხოვნა. ვეჭვობდი, რომ ის მაფიის ბოსი იყო, ან რაღაც ამდაგვარი.
არასოდეს იცი, ვის შეხვდები "კოლუმბში". ხანდახან პიტი იქ პოლისთან მტოვებდა. გავიცანი დევიდ ბოუი, მიხაილ ბარიშნიკოვი, დრიუ ბერიმორი - ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ. "მაგარია! - ვფიქრობდი გულში. - სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო".
შემდეგ იყვნენ რობერტ დე ნირო და ჯო პეში, რომლებიც დარბაზში შემოვიდნენ და მაგიდასთან დასხდნენ. ვისხედით და ვლაპარაკობდით, შემდეგ პოლი ამბობდა: "ეი, მაიკ, ერთად სადღაც უნდა წავიდეთ". და უცებ ლაიზა მინელის სახლში ვისვენებდი რაულ ხულიასთან ერთად.
ბოლოს და ბოლოს, ნიუ იორკის მაღალი საზოგადოების ყველა წევრი გავიცანი. მათთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ჩემი ცხოვრება გაჩერებული იყო. ეს რაღაც მძლავრი იყო, როგორც ელტონ ჯონის, სტივი უანდერისა და ფრედი მერკურის მუსიკა. გესმოდა, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრობდნენ, როგორიც სხვაგან არ იყო.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"