დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
კასის დაკრძალვის ცერემონია შტატის ჩრდილოეთით გაიმართა. მისი კუბო მე მიმქონდა. კრივის სამყაროდან ყველანი მოვიდნენ. ძალიან მძიმე მომენტი იყო. მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი - მისთვის უნდა მიმეღწია წარმატებისთვის.

ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო და კასის ანდერძი ავასრულო. საკუთარი თავი მეცოდებოდა. ვფიქრობდი, რომ კასის გარეშე ჩემი ცხოვრება სრული არარაობა იქნებოდა. კამილა ძალიან მობილიზებული იყო, მაგრამ, როცა შინ დავბრუნდით, ერთად ვიტირეთ.

დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, ჯიმი ჯეკობსმა კასის ყოფილ სპორტდარბაზში - "გრამერსი ჯიმში" პანაშვიდი გადაიხადა. იქ ყველა ცნობილი პიროვნება იყო. ნორმან მეილერმა (ამერიკელი
მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი, სცენარისტი, კინორეჟისორი) თავის სიტყვაში თქვა, რომ კრივზე კასის გავლენა ისეთივე დიდი იყო, როგორც ჰემინგუეის გავლენა ახალგაზრდა ამერიკელ მწერლებზე. თავის მხრივ, გეი ტალიზმა (ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი) აღნიშნა, რომ ყველასთვის პატივი იყო კასთან ნაცნობობა.

- მან ბევრი რამ მასწავლა. არა მხოლოდ კრივი, რომელიც, როგორც ხელობა, შეიძლება აითვისო, არამედ ცხოვრება, რომლის ათვისება გაცილებით რთულია, - თქვა პიტ ჰემილმა (ამერიკელი ჟურნალისტი, პროზიკოსი, ესეისტი, რედაქტორი და პედაგოგი).

ჯიმი ჯეკობსმა თავის სიტყვაში აღნიშნა კასის სხვა თვისებებიც:

- კას დ'ამატო მგზნებარედ გამოდიოდა კრივში უმეცრებისა და კორუფციის წინააღმდეგ. ის შეურიგებელი იყო თავისი მტრების მიმართ, მაგრამ, სამაგიეროდ, საკუთარი მეგობრებისთვის იყო გამგები, მგრძნობიარე, უჩვეულოდ მომთმენი ადამიანი.

კასის სიკვდილის შემდეგ ჩემი ყველა გრძნობა და ემოცია გამოვრთე. სწორედ ასე მოვიქეცი. ვცდილობდი, დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მამაკაცი ვარ და არა პატარა ბიჭი. კასის დაკრძალვიდან ერთი კვირის თავზე, ტექსასში ჩავფრინდი ედი რიჩარდსონთან საჩხუბრად. ჯიმი და კეიტონი არ მაძლევდნენ გლოვის უფლებას. თან დამქონდა კასის ფოტო და მას ყოველ საღამოს ველაპარაკებოდი.

- კას, ხვალ რიჩარდსონთან ჩხუბს ვაპირებ. როგორ ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო? - ვკითხე ამჯერად.

მართალია, გარეგნულად ყველაფერს ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო, მაგრამ ჩემი სული დაცემული იყო, საკუთარ თავში რწმენა დავკარგე. ძალა არ მყოფნიდა იმისთვის, რომ რაღაც მართლაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. ვფიქრობდი, რომ კასის სიკვდილის შემდეგ გონს ვეღარასოდეს მოვიდოდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე გარდაცვალების გამო. უდიდესი სიმწარე და სიმძიმე განვიცადე.

უფრო ადრე რომ მიემართა ექიმისთვის, ახლა ცოცხალი იქნებოდა და ძველებურად დამიცავდა. მაგრამ სიჯიუტე ვერ მოიშალა, არ იმკურნალა, ამიტომაც მოკვდა და მარტო დამტოვა კრივის სამყაროს ზვიგენების საჯიჯგნად. მას შემდეგ, რაც კასი გარდაიცვალა, აღარაფერზე ვზრუნავდი. სინამდვილეში, მხოლოდ ფულის გამო ვიღებდი მონაწილეობას ბრძოლებში, ოცნება უკვე აღარ მქონდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ტიტულის მოგება, მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ, მინდოდა ღვინის სმა, მხიარულება, წვეულებებში მონაწილეობა და... ყველას თავი დაენებებინა ჩემთვის.

მაგრამ ჯერ რიჩარდსონი გავლახე. მარჯვენათი ჩემმა პირველივე დარტყმამ ის ნოკდაუნში ჩააგდო. კიდევ ერთი წუთი მიძლებდა, მაგრამ შემდეგ ნახტომში მარცხენათი მივწვდი და რადგან მაღალი იყო, რინგის მეორე მხარეს აღმოჩნდა იატაკზე.

შემდეგი იყო კონროი ნელსონი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ტრევორ ბერბიკთან წააგო კანადის ჩემპიონის ტიტული. ის კვლავინდებურად მეორე ნომერ მოკრივედ მიიჩნეოდა კანადაში.

კერკეტი კაკალი იყო, გამოცდილი მოკრივე ლამაზი აღნაგობით. ყველა კომენტატორს მიაჩნდა, რომ ეს სწორედ ის მოკრივე იყო, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, შეძლებდა ჩემთვის გამოცდის მოწყობას. პირველ რაუნდში კორპუსზე ვმუშაობდი. ორჯერ-სამჯერ, ამ დარტყმების გამო კინაღამ რინგზე დაეცა.

დაიწყო მეორე რაუნდი და ჯერ კორპუსში მოვარტყი, შემდეგ მარჯვენათი ცხვირი გავუტეხე, ხოლო ყბაში მარცხენა ჰუკით რინგზე დავაწვინე. როცა რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა, მაღლა აწეული ხელებით რინგზე სეირნობა დავიწყე. თაყვანისმცემლები ჩემი მშობლიური ქალაქიდან გამაყრუებელი ყიჟინით მხვდებოდნენ.

შემდეგი ბრძოლა 6 დეკემბერს გაიმართა სპორტკომპლექს "მედისონ სკვერ გარდენში". ბრაუნსვილიდან ყველა ჩემი მეგობარი მოვიდა, მაგრამ ტემპი დავიჭირე და არ შემეძლო იმ მომენტში ნიუ იორკში სეირნობასა და გართობაზე ფიქრი. ვერ ვითმენდი - როდის გავივლიდი ყველა ამ ბრძოლას, ჩემი პრიზი რომ მიმეღო - ჩემპიონის ტიტული კასისთვის. იმ საღამოს ჩემი მეტოქე იყო სემი სკაფი. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუ უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავად ბრძოლა. სკაფი მოუქნელი ბიჭი იყო კენტაკიდან, 113 კილოგრამს იწონიდა. მას ორი ფენომენალური მარცხენა ჰუკით მივწვდი, რის შემდეგაც მისი სახე სისხლის ნიღბად გადაიქცა, ცხვირს კი შესამჩნევად ჰქონდა შეცვლილი ადგილმდებარეობა.

ჯონ კონდონთან ბრძოლის შემდეგ საკაბელო ტელევიზიის MSG-ის საკრივო ახალი ამბების ჯგუფის ხელმძღვანელმა მკითხა - რას წარმოადგენს მაიკ ტაისონის ერთი ჩვეულებრივი დღე.

- მაიკ ტაისონი - უბრალოდ, შრომისმოყვარე მოკრივეა, რომელიც, როგორც კერძო პირი, ცხოვრების მოსაწყენ სტილს მისდევს. მათ, ვინც ამბობს: "ვისურვებდი შენს ადგილას ყოფნას", და ასეთები ასობით არიან, არ იციან საქმის რეალური არსის მეათედი ნაწილიც კი. ისინი ჩემს ადგილას რომ იყვნენ, ბავშვებივით იტირებდნენ. ისინი ვერ გაუმკლავდებოდნენ ამას.

შემდეგი ბრძოლისთვის ლეტემში დავბრუნდით. ეს იყო მთავარი მოვლენა და დარბაზი გაივსო ჩემი თაყვანისმცემლებით. მეტოქე მარკ იანგი გახლდათ, ერთი შეხედვით მძლავრი ბიჭი. როცა რინგის ცენტრში გავედით ინსტრუქტაჟის მისაღებად, მისი ენერგია ვიგრძენი.

შეგიძლია ინსტრუქტაჟის დროს გამართო გამოხედვების დუელი, სცადო მეტოქის შეშინება. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ეს უბრალოდ მეტიჩრობაა. მნიშვნელოვანია ის, რომ გრძნობ მისი სულის ენერგიას, ბრუნდები შენს კუთხეში და ფიქრობ: "ჯანდაბა!" ან: "ეს ბიჭი, უბრალოდ, სუსტია". იმ საღამოს მე გავიფიქრე: "ჯანდაბა, ის ჩხუბისთვის მზად არის!" კევინმაც იგრძნო ეს და მირჩია:

- იმუშავე ძლიერი ჯებით და იქანავე (კას დ'ამატოს მიერ შემუშავებული სტილის - "პიკაბუს" (pick-a-boo) ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ელემენტი - გამუდმებული თავის დახრა, დარტყმების აცილება, კორპუსით მუშაობა. მოკრივე მუდმივად მოძრაობაში უნდა იყოს, მისი თავი არ უნდა რჩებოდეს ერთ დონეზე, რათა გაურთულოს მეტოქეს დამიზნება და თან ეძებოს საკუთარი შეტევის დაწყების შესაძლებლობა). არ დაგავიწყდეს ამის გაკეთება. ის ბრძოლისკენ მიილტვის.

გაისმა გონგის ხმა და ის შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ ალალბედზე ისროდა დარტყმებს, მე კი ძლიერ ჯებებს ვასრულებდი და ვქანაობდი. სადღაც ერთი წუთის შემდეგ მან ალალბედზე მარჯვენა ხელი მოიქნია. ავიცილე და მარჯვენათი ძლიერი აპერკოტი შევასრულე. ის ჰაერში ავარდა და სახით ძირს დაეცა. კომენტატორმა რეი მანჩინიმ შეაქო ჩემი ოსტატობა, თან დაამატა, რომ დადგა დრო, ჩემმა გუნდი შესაფერისი მოწინააღმდეგე მომიძებნოს.

მაგრამ ჯიმი მკაცრად მისდევდა თავის გეგმას. ორი კვირის შემდეგ ოლბანიში ვიყავი დეივ ჯაკოსთან შესახვედრად. მას საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა - 19 მოგება და 5 წაგება. 14 გამარჯვება ნოკაუტით, მათ შორის, ტექნიკური ნოკაუტით მოგება "სამართებელ" რადოკთან. ეს იყო მაღალი, წვრილი თეთრი ბიჭი.

არ ტოვებდა ძლიერ შთაბეჭდილებას, მაგრამ მასთან ჩხუბი მართლაც რთული გამოდგა. წავაქცევდი - ადგებოდა. ბრძოლა პირველ რაუნდში შეაჩერეს მესამე ნოკდაუნის შემდეგ. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი გამარჯვებას. დილით, დაახლოებით რვა საათზე კამილას კარზე დავაკაკუნე. მან გააღო, შევედი და უხმოდ დავჯექი.

- როგორ ხარ? - შემეკითხა კამილა.
- ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ მჭირდება ის, ვინც არ არის, - ვუპასუხე მე და ცრემლები წამომივიდა. - კასი არ არის. მეუბნებიან, რომ ყველაფერს კარგად და სწორად ვაკეთებ, მაგრამ არავის უთქვამს - რას ვაკეთებ არასწორად. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად გავაკეთე ეს. კასი აუცილებლად დაინახავდა, რა გავაკეთე არასწორად.

უფრო დაწვრილებით საკუთარი გრძნობები ჟურნალ "სპორტს ილუსტრეიტედისთვის" მიცემულ ინტერვიუში გადმოვეცი:

- ძალიან მენატრება კასი. ის ჩემი დასაყრდენი იყო. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, აეწყო, თან ძალიან კარგად. მაგრამ, როცა შედეგებს აჯამებ, უნებლიეთ ფიქრობ: "რისთვის არის ეს ყველაფერი?

ვის სჭირდება ეს?" მომწონს ჩემი სამუშაო, მაგრამ არ განვიცდი სიხარულს საკუთარი გამარჯვებების გამო. რინგზე ვიხარჯები, მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ, როცა ბრძოლა სრულდება, არ არის კასი, რომელიც ზუსტად მეტყოდა - რეალურად როგორი გამომივიდა ბრძოლა. და არც დედაა, რომელიც ნახავდა გაზეთიდან ამონაჭრებს.

შემდეგ ჩემი გრძნობები გვერდზე გადავდე და საქმეს მივხედე. 1986 წლის 24 იანვარს მაიკ ჯეიმსონთან ვჩხუბობდი. ეს იყო ძლიერი ირლანდიელი, რომელმაც ქულებით დაამარცხა "ტექს" კობი და მაიკლ დოუქსი. ხუთი რაუნდი დამჭირდა წერტილის დასასმელად, რადგან გამოცდილ ვეტერან მოწინააღმდეგესთან მქონდა საქმე. მან იცოდა, როგორ შევეკავებინე. შედეგად, ბრძოლა უფერული გამოვიდა.

16 თებერვალს ნიუ იორკის შტატში ვხვდებოდი ჯესი ფერგიუსონს. ბრძოლას ტელეარხი ABC გადასცემდა და ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ეროვნულ ტელევიზიაზე. ფერგიუსონი ESPN-ის ჩემპიონი გახდა, როცა ხუთი თვით ადრე "ბასტერ" დაგლასი დაამარცხა. იმ ბრძოლაში ვაკვირდებოდი მის მოძრაობას რინგზე და ძალიან მინდოდა საჩემპიონო ქამრისთვის მისი ჩხუბში გამოწვევა. მაშინ იმ ბრძოლის ანდერქარდზე ვიჩხუბე.

ვიცოდი, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა. ინსტრუქტაჟის დროს თვალებში არ მიყურებდა. პოზა კი მშვიდი და თვინიერი ჰქონდა, მაგრამ ვერ შევამჩნიე მის ენერგეტიკაში შიშის ნატამალი. ამიტომაც შეცდომაში არ შემიყვანა მისმა თვინიერებამ და "მეშინია თვალებში ჩახედვის" ტაქტიკამ. ვგრძნობდი - ერთი სული ჰქონდა, როდის გამისწორდებოდა.

მშობლიური ქალაქის უპირატესობა მქონდა. გარდა ამისა, ჯიმიმ უფრო მჩატე ხელთათმანებით მოგვამარაგა. კიდევ, რინგის ზომა ჩვეულებრივზე მცირე იყო. დაბოლოს, ყველა მსაჯი ჩვენი კუთხის მხარეს იჯდა.

ბრძოლა კორპუსში მძიმე დარტყმებით დავიწყე, მაგრამ ფერგიუსონი საკმარისად გამოცდილი იყო და კარგად იცავდა თავს. ასე გრძელდებოდა ოთხი რაუნდის განმავლობაში. მეხუთეში კუთხეში მივიმწყვდიე, მარჯვენა აპერკოტი შევასრულე და ცხვირი გავუტეხე. ძლივს გაძლო რაუნდის ბოლომდე. მეექვსეში ისევ გაუჭირდა, აშკარად ჩამომეკიდა მხრებზე და სრულ იგნორირებას უკეთებდა რეფერის ბრძანებას - "ბრეიკ".

ეს ყველაფერი იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, რომ რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა. ბედის ირონიით, ამ დისკვალიფიკაციას შეიძლებოდა ჩემთვის ნოკაუტებით მოგებების სტატისტიკა გაეფუჭებინა, მაგრამ მომდევნო დღეს ადგილობრივმა ათლეტურმა კომისიამ ტექნიკური ნოკაუტით შეცვალა შედეგის ფორმულირება.

ბრძოლის შემდეგ ჟურნალისტებს შევხვდი და პოლემიკა წარმოიშვა. მათ მკითხეს - რატომ ვცდილობდი აპერკოტის შემდეგ კიდევ ერთი დარტყმის დამატებას. მე ვუპასუხე: "მინდოდა ცხვირში კიდევ ერთხელ მომერტყა, ისე, რომ მისი ცხვირის ძვალი ტვინში შესულიყო... ყოველთვის ვეცნობი ექიმების დასკვნებს. იქ აღნიშნულია, რომ თუ ცხვირი ტვინში შედის, ლაპარაკიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ ადამიანი მაშინვე წამოდგება ფეხზე".

ჟურნალისტებმა გაიცინეს, მაგრამ, შესაძლოა, ეს ნერვული სიცილი იყო. მე მათ ვუთხარი ის, რასაც კასი მეუბნებოდა, სიტყვა-სიტყვით. მე და კასი ყოველთვის განვიხილავდით ტკივილის მიყენების მეცნიერებას. მართლა მინდოდა გავმხდარიყავი ბოროტი ჩემპიონი. ტელევიზორში ვუყურებდი კომიქსებს და ჩემი საყვარელი გმირი იყო სუპერბოროტმოქმედი აპოკალიპსისი. ის ამბობდა:

"მე არ ვარ ბოროტი. უბრალოდ, ასეთი ვარ". კეიტონსა და ჯეკობსს უნდოდათ - ყველასთან სალმიანი ვყოფილიყავი, მტრად კი საკუთარი თავი მყოლოდა.

მომდევნო დღეს ჩემი ფრაზის გამო სკანდალი ატყდა. ნიუიორკული გაზეთები მსხვილი სათაურებით გამოვიდა: "ნამდვილი ტაისონი - ურჩხულია?" ერთმა რეპორტიორმა ისიც კი მოიფიქრა, რომ ჩემს ძველ სოციალურ მუშაკს, მისის კოულმენს დაურეკა და მან მირჩია, ვყოფილიყავი ადამიანი და არა ცხოველი. მაგრამ მე ეს ნაკლებად მადარდებდა.

ჩემი საქმე მქონდა. ვერ გავხდებოდი მსოფლიოს ჩემპიონი, თუ თვინიერი და მორჩილი ბიჭი ვიქნებოდი. ვაპირებდი გავმხდარიყავი "ბოროტი" ჩემპიონი - კასის ხათრით. ჩემს მეტოქეებს უნდა სცოდნოდათ, რომ თუ ჩემ წინააღმდეგ რინგზე გამოსვლა გადაწყვიტეს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უნდა გაერისკათ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული