- ძალიან გთხოვ, ნუ მეხები. არაფერი პირადი, მაგრამ წასვლა მოგიწევს. მხოლოდ დასვენება მესაჭიროება, - ვუთხარი მე. მან ყველაფერი გაიგო და უკან გაბრუნდა. თუმცა შემდეგ შეხვედრაზე მაინც გავაკეთეთ ეს.
ის ესწრებოდა ბრძოლას და საკუთარი თვალით ნახა -
არასოდეს აღარ მიგრძვნია ასეთი ტკივილი მთელ სხეულში. ადრე დიადი მოკრივეების შესახებ ვკითხულობდი - როგორ გრძნობდნენ თავს ბრძოლის შემდეგ: ისინი ნაწილობრივ ეთიშებოდნენ რეალობას. ამიტომაც მივხვდი, რომ ეს - ჩემი სამუშაოს ნაწილია.
სატიტულო ბრძოლაზე მოლაპარაკებები ახალი ძალით გაჩაღდა და ჯიმიმ გადაწყვიტა, რომ სანამ წლის ბოლოს, ლას ვეგასში ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლებდი, ამ ქალაქში კიდევ ერთი ბრძოლა უნდა ჩამეტარებინა, რომ გარემოს მივჩვეოდი. გავჩერდით ჯიმის მეგობრის, დოქტორ ბრიუს ჰანდელმანის სახლში. ვარჯიში დავიწყე ჯონი ტოკოს სპორტდარბაზში.
ეს იყო სერიოზულად მიშვებული დარბაზი, ყოველგვარი კომფორტისა და თანამედროვე ცივილიზაციის ელემენტების გარეშე. იქ კონდიციონერიც არ იყო. ტოკო შესანიშნავი ბიჭი იყო, რომელიც სონი ლისტონთან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში. ცნობილი იყო თავისი აგრესიულობით რინგზე და მის მიღმა) მეგობრობდა. კედლებზე გაკრული იყო ჯონისა და ძველი დროის გამოჩენილი ადამიანების ფოტოები.
ერთხელ გასახდელში ვიყავი და სპარინგისთვის ვემზადებოდი, როცა ერთმა აზრმა გამიელვა გონებაში. კევინს ვუთხარი, რომ არ მომწონს ლას ვეგასი და სახლში დაბრუნება მინდა. მართლაც, ოდნავ შეწუხებული და აღელვებული ვიყავი, რისი მიზეზიც მომავალი ბრძოლა იყო. თუ ვერ დავამარცხებდი რატლიფს, ვერ მოვიპოვებდი ტრევორ ბერბიკთან ბრძოლის უფლებას.
კევინმა ამის შესახებ სტივ ლოტს აცნობა, რომელმაც გაიფიქრა: "რას გააკეთებდა ამ დროს კასი?" სტივი გასახდელში მოვიდა და პოზიტივის შემოტანა სცადა:
- შენ - შოუ-ვარსკვლავი ხარ. შენ ამ ბიჭს ორ რაუნდში ნოკაუტით მოუგებ. უბრალოდ ფანტასტიკური იქნები. თუ აქ არ მოგწონს, აღარასოდეს ჩამოვალთ.
სტივს ყოველთვის ჰქონდა შესაშური უნარი - სიტუაციის საჭირო მიმართულებით შებრუნება. რა თქმა უნდა, არსად გაქცევას არ ვაპირებდი, უბრალოდ, ნიადაგი მოვსინჯე. მაგრამ, სტივს წარმოდგენა არ ჰქონდა - რას გააკეთებდა კასი. ის შემხედავდა და მკითხავდა: "რა, ამ ბიჭის გეშინია? ეს ბიჭი - უბრალოდ დილეტანტია. მასთან შენს ნაცვლად ვიჩხუბებ".
მაშ ასე, 6 სექტემბერს, ალფონსო რატლიფის წინააღმდეგ რინგზე გავედი.
ის იყო მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. არ მგონია, რომ რაღაცით სჯობდა რიბალტას, მაგრამ, რა თქმა უნდა, დილეტანტი არ იყო. ის ძლიერი მოწინააღმდეგე გახლდათ. როგორც ჩანს, ლას ვეგასის ბუკმეიკერები არ ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას, რადგან ისინი ფსონებს იღებდნენ არა ბრძოლის შედეგზე, არამედ "ხუთი რაუნდის მეტზე ან ნაკლებზე". როგორც ჩანს, საკრივო ტოტალიზატორში ფსონის ახალი სახეობა გამოვიგონე: "მეტი თუ ნაკლები რაუნდების გარკვეულ რაოდენობაზე". ჩემამდე ასეთი რამ არ არსებობდა. საბუკმეიკერო ხელოვნება ახალ დონეზე ავიყვანე.
გაისმა ბრძოლის დაწყების გონგი და რატლიფმა ჩემგან გაქცევა დაიწყო. მასთან შედარებით, მიტჩ გრინი რომელიმე პოლიტიკოსის მაგარ პირად მცველს ჰგავდა. ის იმდენად ცუდი იყო, რომ ტელეკომპანია HBO-ის ბიჭებიც კი თავს ვერ იკავებდნენ ხუმრობებისგან. "მაინტერესებს: მეორე რაუნდში ათსიჩქარიან თუ 12-სიჩქარიან ველოსიპედს გამოიყენებს?" (ამერიკული საკრივო სლენგი: "ველოსიპედზე ჩხუბი" - მეტოქისგან გაქცევა) - დასვა კითხვა ლარი მერჩანტმა.
სინამდვილეში, მომდევნო რაუნდში მან ბრძოლის წარმართვა სცადა, მაგრამ ცოტა ხნით. ის მარცხენა ჰუკით წავაქციე და როცა წამოდგა, რამდენიმე დარტყმით ისევ ძირს აღმოჩნდა.
- მის ველოსიპედს საბურავი დაეშვა, - ისროლა რეპლიკა მერჩანტმა.
მალე ოფიციალურად გამოცხადდა: 1986 წლის 22 ნოემბერს უნდა მეჩხუბა ტრევორ ბერბიკთან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. ამ ბრძოლისთვის ორი თვე მქონდა მოსამზადებლად. და ჯიმიმ და კეიტონმა გადაწყვიტეს - ჩემთვის ტელე-ტოუშოუები მოეწყოთ, რათა მომავალ ბრძოლასა და მთლიანად ჩემს კარიერას შესაბამისი რეკლამა ჰქონოდა. წამყვანის ამპლუაში დავიწყე სიარული დევიდ ბრენერის გადაცემაში - "ქალაქის ღამის ცხოვრება". დევიდი კარგი ბიჭი იყო, უდიდესი პატივისცემით მეპყრობოდა. მან იწინასწარმეტყველა, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონი გავხდებოდი, მაგრამ ეს ისეთი ტაქტით გააკეთა, რომ მისი ნათქვამი ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე მსოფლიოს დიადი ექს-ჩემპიონის ჯეიკ ლამოტას დასტური ამ სიტყვებზე.
- ეჭვგარეშეა, ის მძიმე წონაში მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონი იქნება, - თქვა ლამოტამ, მომიახლოვდა და გადამეხვია. - თუ ყველაფერს ისე არ გააკეთებს, როგორ საჭიროა, მისი ცემა მომიწევს. ასე გააგრძელე მეგობარო! შენ გახდები, ახალი ჯო ლუისი, როკი მარჩიანო, შეიძლება უკეთესიც.
როცა ეს მოვისმინე, ჩემი გული ამოვარდნას ლამობდა.
შემდეგ ბრენერმა ჯეიკს კითხვა დაუსვა:
- დავუშვათ, მაიკი გახდა ჩემპიონი. რას ურჩევდით მას?
- საუკეთესო რჩევა, რომელიც შემიძლია მივცე - ეს არის მუდმივად საკუთარი თავის დატვირთვა და იმის წარმოდგენა, რომ ორი წლით ციხეში მოხვდი, - თქმა ჯეიკმა. - და თავი შორს დაიჭირე ყოველგვარი სისაძაგლისგან. იქ ბევრი ნეხვია.
- რატომ არის იქ ბევრი სისაძაგლე? - ვიკითხე მე.
- სამწუხაროდ, ისეთი ბიჭები, როგორებიც მე და შენ ვართ, მეტად მიმხიბვლელია ნეხვისთვის. ჩვენ მას ვიზიდავთ, - მიპასუხა მან.
მონაწილეობა მივიღე ჯოან რივერსის შოუში. მომწონდა ის და მისი ქმარი ედგარი. მათთან ერთად კარგად ვგრძნობდი თავს. ვგრძნობდი, რომ მათი ენერგეტიკა ნამდვილი იყო. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ინტერვიუს დროს ჯოანმა მკითხა - მყავს თუ არა ჩემი ადრიანა, როგორც ფილმი "როკის" მთავარ გმირს.
- შეყვარებული არ მყავს, - ვუპასუხე მე.
- სავარჯიშო პერიოდისას, სექსი გაქვს? - დაინტერესდა ის.
- არა.
- აი, თურმე რატომ მეუბნება ჩემი მეუღლე ყოველთვის, რომ ვარჯიშობს, - შენიშნა ჯოანმა.
ასევე მონაწილეობას ვიღებდი დიკ კავეტის შოუში. დიკმა აიკიდოს ზოგიერთი ილეთი მიჩვენა. მაგალითად, მთხოვა მისი მაჯა დამეჭირა.
- აიკიდოს 80 წლის დამაარსებელს შეუძლია თავი გაინთავისუფლოს პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანისგან, - განაცხადა მან, მოძრაობა გააკეთა და ჩემგან განთავისუფლდა.
- მაგრამ არც ერთი მძარცველი ასე არ ჩაგავლებთ ხელს, - ვუპასუხე მე.
ასეთ შოუებში დადებით პერსონაჟად მოვჩანდი, სწორედ ისე ვიქცეოდი, როგორც ჯიმისა და ბილს სურდათ. მაგრამ მე არ მინდოდა ეს. მსურდა მოძალადე ვყოფილიყავი. ვისურვებდი მაგალითი ამეღო ფეხბურთელი ჯიმ ბრაუნისგან. როდესაც ნიუ იორკის ბარებში სიარული დავიწყე, იქ ვხვდებოდი ძველ პროფესიონალ ფეხბურთელებს, რომლებიც ბრაუნთან ერთად თამაშობდნენ. ისინი მიყვებოდნენ ლეგენდის შესახებ:
- თუ ის აქ მოდიოდა და რაღაც ისე არ იყო: სურნელი, მუსიკა, ლაყბობა, ნებისმიერი წვრილმანი, გარშემო ყველაფრის განადგურებას იწყებდა.
ვუსმენდი ამ საუბრებს და ვფიქრობდი: "როგორ მინდა მეც ასეთი უკანასკნელი ნაძირალა ვიყო, რომ ჩემზეც იგივე ილაპარაკონ. თუ ჯიმი მზად იყო შენს გასანადგურებლად მხოლოდ იმიტომ, რომ სურნელი არ მოსწონდა, მაშინ მე უბრალოდ უნდა მოვიდე და ყველა ნაბიჭვარი სათითაოდ დავხოცო".
22 ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, სერიოზული ვარჯიში დავიწყე. ერთი თვის განმავლობაში კატსკილში ვემზადებოდი, შემდეგ ლას ვეგასში გადავბარგდი. ჯიმიმ და კეიტონმა პინკლონ ტომასთან ბერბიკის ბრძოლის ვიდეოკასეტა მომცეს. იმ ბრძოლაში ბერბიკმა გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. კასეტას ვუყურე და ჯიმის ვკითხე:
- ფირზე შენელებული კადრებია?
რა თქმა უნდა, ქედმაღალი ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ ჩემი დრო მოვიდა. წარმოვიდგინე - ჩამოვიდოდნენ ზეციდან ძველი დიადი მოკრივეები და ომის ღმერთები იმის სანახავად, როგორ შევუერთდები მათ პლეადას. მათ წყალობა მიბოძეს და მე შევუერთდები ჩემპიონების კლუბს. ჩემს გონებაში ისევ ისმოდა კასის სიტყვები, მაგრამ არა ფსიქიკური აშლილობის, არამედ მხარდაჭერის ჭრილში.
ეს ის მომენტია, რის გამოც 14 წლიდან მოყოლებული შეუჩერებლივ ვვარჯიშობ. ისევ და ისევ ვიმეორებდი ამ ყველაფერს. შენ შეგიძლია იჩხუბო ამ ბიჭთან დახუჭული თვალებით. ვიცოდი, რომ ბერბიკი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, მასთან რთული ბრძოლა მელოდა. ის იყო პირველი, ვინც ლარი ჰოლმსთან ბრძოლაში 15 რაუნდი გაძლო. მანამდე ლარიმ ყველა ნოკაუტით დაამარცხა. ბერბიკის განადგურება მინდოდა. ამ შემთხვევაში, ყველა სერიოზულად შემომხედავდა, რადგან აქამდე მიაჩნდათ, რომ მხოლოდ სუსტ მოკრივეებთან ვჩხუბობდი. ამბობდნენ, რომ მე არ ვარ ნამდვილი მებრძოლი, რომ ჩემთვის იოლ ბრძოლებს აწყობენ ვიღაც ჩამორჩენილებთან. სწორედ ამიტომ, ჩემი ძირითადი ამოცანა - მისი განადგურება იყო. მინდოდა მისთვის ბოლო მომეღო პირველივე რაუნდში. მზად ვიყავი მისი დასახიჩრებისთვის.
კევინი და მეტ ბარანსკი ასევე დარწმუნებულნი იყვნენ ბრძოლის საბოლოო შედეგში. სრულად ვიხარჯებოდით. მე უფრო მეტად. ბრძოლის წინა დღეს, ტრუსებზე რაღაც გამონადენი დავინახე: ტრიპერი ავიკიდე. არ ვიცი, როგორც ჩანს, ეს მეძავისგან ან იმ გარყვნილ ახალგაზრდა ლედისგან იყო. ისევ მივედით დოქტორ ჰანდლემანთან და მან ანტიბიოტიკი მომცა.
იმავე დღეს, მოგვიანებით, მე და სტივ ლოტი რამდენიმე ვიდეოკასეტის შესაძენად წავედით.
- მაიკ, კასი რას იტყოდა ბერბიკის შესახებ? - მკითხა მან.
სტივს ჰქონდა ჩვევა - დაეყენებინა ჩემი თავი კასის ადგილას, მეფიქრა, როგორც კასი გააკეთებდა ამას. მაგრამ, სტივმა არ იცოდა, რომ არ მჭირდებოდა კასივით ფიქრი, რადგან კასი ისედაც ჩემს თავში იყო.
- ის იტყოდა, რომ ეს ბიჭი სუსტია, - ვუპასუხე მე. - და დილეტანტი.
აწონვის პროცედურისთვის ერთი რაღაც მოვმზადე. ბერბიკს ყურადღებით ვაკვირდებოდი და როცა ახლოს მოვიდა ხელის ჩამოსართმევად, მის გამოწვდილ ხელს ზურგი შევაქციე. შემდეგ მისი მზერა დავიჭირე და ჩავილაპარაკე: "შენი დედაც, რას მომაშტერდი?" ვუთხარი, რომ უკვე მეორე რაუნდში ვაპირებდი მის ნოკაუტში გაშვებას. და როცა მან საჩემპიონო ქამრით პოზირება დაიწყო, დავიყვირე:
"ჯერჯერობით შეგიძლია დატკბე! ცოტა დაგრჩა! მალე ის ნამდვილ ჩემპიონთან გადაინაცვლებს!" უპატივცემულობა გამოვიჩინე და აგრესიული ვიყავი. ბერბიკი რამდენიმე მიზეზის გამო არ მომწონდა. გარდა ამისა, მისთვის ქამრის წართმევა მინდოდა. ეს იყო შური - ურჩხული მწვანე თვალებით.
ამასთან, გაცოფებული ვიყავი იმის გამო, რომ ბერბიკის მწვრთნელმა ანჯელო დანდიმ სიფრთხილე დაკარგა და დაიტრაბახა, თითქოს ბერბიკი შეძლებდა ჩემს დამარცხებას. კასს ყოველთვის შურდა დანდის, რადგან მან მუჰამედ ალი გამოზარდა და პრესისგან მეტი ყურადღება ერგებოდა. კასი ფიქრობდა, რომ მას ეს არ დაუმსახურებია.
- ბერბიკს ჩხუბის ისეთი სტილი აქვს, რომ გაანადგურებს ტაისონს, - განუცხადა პრესას დანდიმ. - ტრევორი სიამოვნებას იღებს მხოლოდ იმის გაფიქრებით, რომ ამჯერად, არ მოუწევს მთელს რინგზე მეტოქის სდევნა, რადგან ტაისონი პირდაპირ მის წინ იდგება. ტრევორი კარგად მუშაობს კორპუსში, მის ანგარიშზე უკვე 23 ნოკაუტია. ის დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ვფიქრობ, ტაისონს ბოლო რაუნდებში შეაჩერებს.
(გაგრძელება იქნება)