ბრძოლის დღეს, პირველ საათზე მაკარონი მივირთვი. ოთხზე ბივშტექსს შევექეცი. ხუთზე ისევ ცოტა მაკარონი. გასახდელში "სნიკერსი" შევჭამე და ფორთოხლის წვენი მივაყოლე. შემდეგ კევინმა ხელთათმანები ჩამაცვა. რინგზე გასვლის დრო იყო. დარბაზში გრილოდა, ამიტომაც კევინმა პირსახოცი მომაფარა და ყელი შემიხვია. შავი სპორტული
პრეტენდენტი ვიყავი, ამიტომაც რინგზე პირველი უნდა გავსულიყავი. ჩემი გამოჩენისას ტოტოს სიმღერა გაუშვეს, მაგრამ გონებაში მესმოდა ფილ კოლინზის სიმღერა - In the Air Tonight: "ვგრძნობ, რომ ეს დღეს საღამოს მოხდება, ღმერთო/ამ მომენტს მთელი ცხოვრება ველოდი, ღმერთო".
ბაგირებს შორის გავძვერი და რინგზე სიარული დავიწყე. დარბაზს შევავლე თვალი და დავინახე კირკ დუგლასი, ედი მერფი, სილვესტერ სტალონე... რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა ბერბიკი - შავ ხალათში გამოწყობილი. ის ენერგიასა და დამაჯერებლობას ასხივებდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი ილუზია იყო. ვიცოდი, რომ ეს ბიჭი არ აპირებდა რინგზე მომკვდარიყო თავისი საჩემპიონო ქამრისთვის.
პუბლიკას მუჰამედ ალი წარუდგინეს. და ის ჩემთან მოვიდა.
- გაანადგურე ის ჩემთვის, - მითხრა მან.
ხუთი წლის წინ ალი დამარცხდა ბერბიკთან და ამის შემდეგ რინგიდან წავიდა. ამიტომაც უზომოდ მოხარული ვიყავი, მისი თხოვნის შესრულების საშუალება რომ მეძლეოდა.
- ეს იოლი იქნება, - დავარწმუნე მუჰამედი.
როგორც იქნა, ბრძოლის დრო მოვიდა. გაისმა გონგი და რეფერმა მილს ლეინმა ჟესტით დაწყება გვიბრძანა. ბერბიკს ვეცი და მას ძლიერი დარტყმებით შევუტიე. ჩემდა გასაკვირად, ის არ მოძრაობდა და ჯებებს არ მიმართავდა. უბრალოდ, ჩემ წინ იდგა. ბრძოლის დასაწყისში მარჯვენათი დარტყმა შევასრულე - მარცხენა ყურს დავუმიზნე და ვცადე ტრავმის მიყენება. სადღაც რაუნდის შუაში, მარჯვენათი ძლიერი დარტყმა გამომივიდა. დარტყმებით ვამუშავებდი მას, არ ვჩერდებოდი და პირველი რაუნდის ბოლოს ბერბიკი გაოგნებული ჩანდა. მან ბევრი მიიღო. ზოგიერთი დარტყმა, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო.
დავბრუნდი საკუთარ კუთხეში და დავჯექი. ანტიბიოტიკის ნემსის შემდეგ ოფლისგან ვიღვრებოდი. მაგრამ არ ვნერვიულობდი: უნდა გავსწორებოდი ბერბიკს. გარდა ამისა, მახსოვდა, რომ ჩემი ერთ-ერთი გმირი, "პატარა შოკოლადი" (კუბელი მოკრივე ელიხიო სარდინიას მონტალვო) სიფილისით დაავადებული ატარებდა თავის ბრძოლებს.
- ბევრი იმოძრავე და არ დაგავიწყდეს ჯები, - მითხრა კევინმა. - მუდმივად მის თავს უმიზნებ. ჯერ კორპუსზე იმუშავე.
მეორე რაუნდის დაწყებიდან ათი წამის შემდეგ მარჯვენათი დავარტყი და ბერბიკი დაეცა. მაშინვე წამოხტა და დარტყმების გაცვლაზე წამოვიდა. ის ცდილობდა პასუხის გაცემას, მაგრამ მისი დარტყმები არაეფექტური იყო. რაუნდის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი წუთით ადრე, აპერკოტის ნაცვლად მარჯვენა მოვახვედრე კორპუსში. შემდეგ იყო აპერკოტი, მაგრამ ავაცილე. თუმცა ამას მოჰყვა მარცხენათი დარტყმა. პირდაპირ საფეთქელში მოვახვედრე. მაშინვე არა, მაგრამ მაინც დაეცა. ვერც კი ვიგრძენი ეს დარტყმა, მაგრამ ის ძალიან ეფექტური გამოდგა. მან წამოდგომა სცადა, მაგრამ ისევ დაეცა. და დავინახე, რომ ფეხიც გადაუბრუნდა. "ის ათ თვლაზე ვერაფრით ადგება", - გავიფიქრე მე.
მართალი აღმოვჩნდი. მეორედ სცადა ადგომა, ბარბაცით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ დაკარგა წონასწორობა. როგორც იქნა, ფეხზე დადგა, მაგრამ მილს ლეინმა ხელები მოხვია და ბრძოლის გაჩერების ნიშანი მისცა. ეს მოხდა. მე გავხდი მძიმე წონაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ისტორიაში.
- აი, ასე, დაიწყო ახალი ეპოქა კრივის ისტორიაში, - განსაზღვრა ბარი უოტკინსმა, ტელეკომპანია HBO-ს დიქტორმა.
- მაიკ ტაისონმა გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო, - დაამატა შუგარ რეი ლეონარდმა.
- დიდი ბრძოლა, - დაასრულა უოტკინსმა.
გაოგნებული ვიყავი. ვერაფერს ვგრძნობდი. გავაცნობიერე, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, მაგრამ უბრალოდ, მზერა გამეყინა. კევინი გადამეხვია. მომიახლოვდა ხოსე ტორესი.
- ვერ ვიჯერებ ამას. ჯანდაბა, მსოფლიოს ჩემპიონი ვარ 20 წლის ასაკში, - ვუთხარი მას. - ეს არარეალურია. მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლის ასაკში! მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ, უბრალოდ, ბავშვი.
ჯიმი რინგზე ამოვიდა და გადამკოცნა.
- როგორ ფიქრობ, კასს ეს მოეწონებოდა? - ვკითხე მე. ჯიმიმ პასუხად გამიღიმა.
მოვიდა დონ კინგი, რომლის ვაჟი ბერბიკის მენეჯერი იყო. მანაც მომილოცა. შემდეგ დარბაზს გადავხედე და დამაჯერებლობის გრძნობა დამიბრუნდა. "დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ! - გავიფიქრე მე. - მე და კასმა გავაკეთეთ!" კასთან ლაპარაკი დავიწყე:
- ჩვენ ეს გავაკეთეთ, ყველას დავუმტკიცეთ! შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ ახლა ბერბიკს დაბალი აღარ ვეჩვენები. ასე არ არის?
უცებ გავაცნობიერე, რომ კასს, შესაძლოა, არ მოსწონებოდა ის, თუ როგორ ჩავატარე ბრძოლა.
- ყველაფერს, რასაც რინგზე აკეთებდი, სიყალბე იყო, - გავიგონე მისი ხმა. - მაგრამ ფინალი იმდენად გამაყრუებელი იყო, რომ ის სამუდამოდ დამამახსოვრდება.
დადგა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუს დრო. პირველ რიგში, კასის მიმართ პატივისცემა გამოვხატე. იმ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე გავხდი და მე კასის ქმნილება ვიყავი. ის აქ უნდა ყოფილიყო. მას მოეწონებოდა იმათი გამოლანძღვა, ვინც მის აზრებს არ იზიარებდა და სიგიჟე ეგონა. ის იტყოდა: "აქ ვერავინ შეძლებს ჩემი ბიჭის დამარცხებას. ის მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ მსოფლიოში ვერავინ შეძლებს მის ძლევას".
- ეს არის მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, იქიდან მოყოლებული, რაც კრივში დავიწყე ვარჯიში, - ვთქვი მე პრესკონფერენციის დასაწყისში. - ბერბიკი ძალიან ძლიერი მოკრივე იყო. არ ველოდი, რომ ის ჩემსავით ძლიერი იქნებოდა. მონდომებით ვასრულებდი თითოეულ დარტყმას მის გასატეხად. ჩემი მოგება სამუდამოდ დარჩება, ვერავინ ვერასდროს ამოშლის მას. მინდა სამუდამოდ ვიცხოვრო... და არასოდეს არ ვაპირებ წაგებას... წავაგებ მხოლოდ მაშინ, თუ მოვკვდები. ჩემი ამოცანა იყო მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის წაქცევა და ტიტულის მოპოვება. და მე ეს გავაკეთე. მინდა ეს ბრძოლა მივუძღვნა ჩემს მფარველ ანგელოზს, კას დ'ამატოს. დარწმუნებული ვარ, ის ახლა ზემოდან გვიყურებს. ელაპარაკება დიად მოკრივეებს და ეუბნება მათ, რომ მისმა ბიჭმა ყველაფერი გააკეთა. მეგონა, რომ ის ნაგიჟარი თეთრი მეტიჩარა იყო... ის კი გენიოსი აღმოჩნდა. ყველაფერი, რასაც ის წინასწარმეტყველებდა - ახდა.
ვიღაცამ მკითხა - ვინ იქნებოდა ჩემი შემდეგი მეტოქე.
- არ მაღელვებს, ვისთან ვიჩხუბებ შემდეგ ჯერზე, - ვუპასუხე მე. - თუ მინდა დიადი გავხდე, ნებისმიერ მეტოქესთან უნდა ვიჩხუბო. და ასეც იქნება.
დანდიმაც კი შემაქო ბრძოლის შემდეგ.
- ტაისონს ჰქონდა დარტყმების კომბინაციები, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. გაოგნებული ვიყავი. ვმუშაობდი მუჰამედ ალისთან და შუგარ რეი ლეონარდთან, მაგრამ მხოლოდ ტაისონისგან დავინახე სამდარტყმიანი კომბინაცია, რომლის ანალოგი არ არსებობს. გინახავთ ოდესმე მარჯვენა დარტყმა თირკმელში, შემდეგ აპერკოტი და ბოლოს, მარცხენა ჰუკი?
მთელი ღამე საჩემპიონო ქამარი არ მომიხსნია. ვატარებდი მას სასტუმროს ფოიეში. გავიკეთე ბრძოლის შემდეგ ნადიმზე და თან მქონდა მაშინაც, როცა კასის სახლში ჩემი ოთახის მეზობელთან, ჯეი ბრაიტთან, ბობი სტიუარტის შვილთან და მოკრივე მეტიუ ჰილტონთან ერთად დასალევად წავედით. ლას ვეგასის ერთ-ერთ ბარში აღმოვჩნდით. იქ ვისხედით და მთელი საღამო ვსვამდით. პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი არაყს და საშინლად დავთვერი.
საღამოს ბოლოს მეტიუ წავიდა, მე კი გოგონებთან წავედი, მათთვის საჩემპიონო ქამარი რომ მეჩვენებინა. სექსი არ გვქონია, უბრალოდ, ვსაუბრობდით. შემდეგ მათგან წამოვედი და სხვა გოგოს ვესტუმრე. მთელი ღამე ვქეიფობდით. ნამდვილი სიგიჟე იყო. უნდა გესმოდეთ, რომ მე მხოლოდ 20 წლის ვიყავი, ჩემი ზოგიერთი მეგობარი კი საერთოდ, 15-16 წლის. ეს არ არის დიდი სხვაობა ასაკში. და რატომ ელოდნენ, რომ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ სრულიად გაწონასწორებული და ორგანიზებული ბიჭი გავხდებოდი. მე ყოველთვის მიყვარდა გართობა.
თავს დაკარგულად ვგრძნობდი. იმ დროისთვის, როცა საჩემპიონო ქამარი მოვიგე, ჩემი სული გატეხილი იყო, რადგან არანაირი ორიენტირი აღარ მრჩებოდა. არ მყავდა კასი. მე უნდა მომეგო მისთვის ტიტული. ერთად ვაპირებდით ამის მიღწევას - ან სიკვდილს. ლაპარაკი არ იყო იმაზე, რომ რინგს ქამრის გარეშე დავტოვებდი. მთელი ეს მსხვერპლი, ტანჯვა, თავდადება, მონდომება... დღითიდღე, ყოველთვის და ყველაფერში. როცა დილით, როგორც იქნა, სასტუმროს ნომერში აღმოვჩნდი, ქამრით წელზე სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ. ახლა თავისუფალი ვიყავი.
შემდეგ გამახსენდა, რომ კასის სახლში რაღაც წავიკითხე ლენინის წიგნში. დაახლოებით ასეთი რამ: "თავისუფლება - ეს სახიფათო რამ არის. ჩვენ მონდომებით უნდა შევძლოთ მისი ნორმირება". ეს გამონათქვამი უნდა მიმეღო ყურადღებით და არ დამვიწყებოდი შემდგომ წლებში.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"