V თავი
"მე მქვია მაიკ ტაისონი. მე - პროფესიონალი მოკრივე ვარ. მოკრივე ხშირად მარტოხელა რჩება. სპარინგები, ვარჯიშები და განსაკუთრებით, დილის სირბილი, საკმარის დროს მაძლევს იმისთვის, რომ ვიფიქრო. და ყველაზე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა ზიანს აყენებს ადამიანებს ნარკოტიკები. ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ ნარკოტიკზე, თუ თითოეული ჩვენგანი იტყვის: "არა". ეს არის მოკლე სიტყვა დიდი აზრით. წარმოთქვი ის: "არა ნარკოტიკებს!"ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის საწინააღმდეგო კამპანიისას გავაკეთე. ის გადაიცემოდა რადიოთი და ტელევიზიით 1987 წელს, საჩემპიონო ტიტულის პირველი დაცვის წინ. ასევე, მონაწილეობა
ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ ასეთ რგოლებში გადაღებების პარალელურად, ვაფინანსებდი ბრაუნსვილში ჩემი მეგობრის - ალბერტის ნარკობიზნესს. სწორედ იმ დროს, როცა კასი გარდაიცვალა, ალბერტს ხან 5 ათას დოლარს ვაძლევდი, ხან 20 ათასს. ასე რომ, მას არ სჭირდებოდა სხვაზე მუშაობა. მე არ ვყოფილვარ პარტნიორი და არასოდეს მინდოდა რაიმე შემოსავალი ჩემი ინვესტიციებიდან. უბრალოდ, მის უსაფრთხოებაზე ვწუხდი. მე და ალბერტი ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვქურდობდით და ვყაჩაღობდით. და არ მინდოდა უსიამოვნებები ჰქონოდა იმ დროს, როცა რომელიმე დილერი ჰკითხავდა: "სად არის ჩემი საქონელი?"
80-იან წლებში, ბრაუნსვილში ნარკობიზნესი XIX საუკუნის 20-იანი წლების მონობას მოგაგონებდათ. თუ ნარკოდილერებზე მუშაობდი, შენი ცხოვრება არაფერს ნიშნავდა. თუ მათგან ფული აიღე, მაშინ საქმიდან ვეღარასოდეს გახვიდოდი - როგორც არ უნდა მოგენდომებინა. თუ ის შენს ბიზნესს "მფარველობს", შენ მისი საკუთრება ხარ.
ვფიქრობდი ალბერტის ჩემს გუნდში აყვანაზე, მაგრამ მისნაირი ბიჭები ძალიან ასოცირებულნი იყვნენ. მათ არ იცოდნენ ნორმალური ურთიერთობა, უკანა პლანზე ყოფნა, თავმდაბლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონი ვიყავი. რა თქმა უნდა, არავინ აპირებდა მათზე უფროსობას. ბრაუნსვილში მხოლოდ ძალადობა ვიცოდით, თუნდაც იმ ადამიანებზე, რომლებიც გვიყვარდა. ალბერტი ძალიან მაგარი ბიჭი იყო იმისთვის, რომ ჩემი გარემოცვის ნაწილი გამხდარიყო. მას არ შეეძლო ისე მოქცეულიყო, როგორც მაიკ ტაისონი: "დიახ, მემ; სალამი, სერ. შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?" მისნაირი ბიჭები სწრაფად გამოდიოდნენ წყობიდან და ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ ემოციებს. ამიტომაც მათთან ურთიერთობაში მარტივი ვიყავი: "აი, ფული აიღე".
მაგრამ ჩემმა გეგმამ არ იმუშავა. ახალგაზრდა თურქი თავის წილს გამოეკიდა და ალბერტი და ჩემი ორი მეგობარი 1989 წელს ჩაცხრილა. მხოლოდ 20 წლისანი იყვნენ, ერთი კი, საერთოდ, 16 წლის. ალბათ, მასაც რაღაც ოცნება ჰქონდა. ისინი ამფეტამინმა, გოგონებმა, მათმა ბიზნესმა დაღუპა. მაშინ ბევრნი დაიხოცნენ. ბევრი დაკრძალვის გადახდა მომიწია.
საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ ნიუ იორკში დაბრუნებულმა არ გადავდე და ორი რამ გავაკეთე. პირველი - კატსკილში ჩავედი და იქ ყველას ჩემი საჩემპიონო ქამარი ვაჩვენე. სამი კვირის განმავლობაში მას ყველგან დავატარებდი. ხანდახან მასთან ერთად მეძინა კიდეც. ერთხელ ჯეი ბრაიტს ვთხოვე - ერთ ადგილას გამომყოლოდა. იყო ერთი ადამიანი, რომლისთვისაც მინდოდა ქამარი მეჩვენებინა. ჯეის ვუთხარი, ღვინის მაღაზიასთან მისულიყო. ფული მივეცი და დიდი ბოთლი შამპანურის შეძენა ვთხოვე. შემდეგ მან კასის საფლავთან წამიყვანა. იქ ორივემ ვიტირეთ, შემდეგ ლოცვა წარმოვთქვით, შამპანური გავხსენით და თითო ყლუპი მოვსვით, დანარჩენი კი კასის საფლავზე დავასხი. ცარიელი ბოთლი ბალახზე დავტოვეთ და გამოვბრუნდით.
მეორე, რაც გავაკეთე - ნიუ ჯერსიში გავემგზარე და დედაჩემის საფლავისთვის საჭირო განკარგულებები გავეცი. მისი მეგობარი მამაკაცი ედი მანქანამ გაიტანა და ბერბიკთან ჩემი ბრძოლის წინ გარდაიცვალა. ის დედაჩემის გვერდით დაასაფლავეს. საჭირო გახდა ორივეს ექსჰუმაცია და ღირსეულ ბრინჯაოს კუბოებში გადასვენება. გარდა ამისა, მათ საფლავზე რვა ფუტის სიმაღლის მასიური მონუმენტი დავადგმევინე. ეს იმისთვის, რომ ყველას, ვინ სასაფლაოზე გაივლიდა, სცოდნოდა, რომ აქ მაიკ ტაისონის დედა განისვენებს.
იმ დროისთვის, ჯიმისა და სტივ ლოტის სახლში, საკუთარ ბინაში გადავედი. როგორც ჩანს, ამის წყალობით, მათ ჩემზე ჯაშუშობა შეეძლოთ. მე ხომ მათი მეწველი ძროხა ვიყავი. ვაპირებდი დავმტკბარიყავი საკუთარი მდგომარეობით. როგორც იქნა, საკუთარ მიზნებს მივაღწიეთ, როცა ეს გზა სისხლის, ოფლისა და ცრემლების ფასად გავიარეთ. ახლა შეიძლებოდა ჩემი დაყენება ჯო ლუისისა და მუჰამედ ალის გვერდით. წინააღმდეგი არ ვიყავი, დიდების ზენიტში მყოფს, სიამოვნება მიმეღო, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თან აბსოლუტურად დაცრიელებული ვიყავი. გვერდით არ მყავდა კასი, რომ ჩემთან ერთად დამტკბარიყო ან ახალი რჩევები მოეცა. პირველად დიდი ხნის შემდეგ, არ მქონდა მიზანი ან რაიმეს კეთების სურვილი. შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, კომპანიონი ან ბავშვი რომ მყოლოდა. იმ დროისთვის, ყველა ჩემს მეგობარს ჰყავდა შვილი, მე კი ძალიან ვიყავი დაკავებული კრივით.
გარდა ამისა, ვგრძნობდი, რომ ჯიმი და ბილი ჩემგან ფალსიფიცირებულ პროდუქტს ქმნიდნენ. ისინი ჩემი ცხოვრებიდან შლიდნენ ყველაფერს, რაც ბრაუნსვილს უკავშირდებოდა და დადებით იმიჯს მარგებდნენ. მაგრამ ბრაუნსვილი ჩემი ნაწილი იყო, ჩემი ხასიათი, ჩემი ბარომეტრი. ეს იყო არსი, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობდა ჩემში კასი. ახლა კი მაიძულებდნენ მონაწილეობა მიმეღო ნარკოტიკებთან ბრძოლის აქციებში, ვპოზირებდი ნიუ იორკის პოლიციის პლაკატებზე, თუმცა ყველამ იცოდა, რომ კრიმინალური წარსული მქონდა. გამოსასწორებელ ცენტრში ვიყავი და უცებ კარგი ბიჭი გავხდი? ჯანდაბა, გამოდის, რომ ყალბი ზანგი ვიყავი, როგორც ბიძია თომა. გაწვრთნილ მაიმუნად ვგრძნობდი თავს. აკრიტიკებდნენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ყველა ჩემი ნაბიჯი წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი. როცა თოქ-შოუებზე დავდიოდი, არ სურდათ ჩემზე ლამაზი ძვირფასეულობის დანახვა. სტივმა მართლაც მომთხოვა ოქროს სამაჯურის მოხსნა. მე კი არ მინდოდა მსგავსი შეზღუდვებით ცხოვრება. იმისთვის არ გავმხდარვარ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, რომ თვინიერი ბიჭი ვყოფილიყავი.
ჯიმისა და კეიტონს სურდათ, მეორე ჯო ლუისი ვყოფილიყავი და არავითარ შემთხვევაში, მუჰამედ ალი ან სონი ლისტონი. მათ უნდოდათ გმირი ვყოფილიყავი, მე ბოროტის როლს ვამჯობინებდი. ბოროტი ყოველთვის ემახსოვრებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გმირის დამარცხებას ვერ შეძლებს. მართალია, გმირი მას კლავს, მაგრამ სწორედ ბოროტი აქცევს გმირს გმირად. ბოროტი უკვდავია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ ჯო ლუისის, როგორც გმირის იმიჯი, ყალბი იყო. რეალურ ცხოვრებაში მას უყვარდა კოკაინის ყნოსვა და ბევრი გოგონაც გააფუჭა.
მინდოდა, რომ ყველანი ჩემ ფეხქვეშ გადებულიყვნენ, ყველას კოჭი გაეგორებინა. მინდოდა ყველა ქალი ჩემი ყოფილიყო. კასი მპირდებოდა, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვხედავდი.
როცა საკუთარ ბინაში გადავედი, სტივმა დიდი სტერეოსისტემა მომიტანა, რომელიც 12 ათასი დოლარი ღირდა. მან ჯიმისგან მიიღო ასეთი თანხის დახარჯვის ნებართვა. ეს ჩემი ფული იყო. მოგვიანებით, იმავე წელს, სავაჭრო ცენტრში მივდიოდით და იქ საათი შევამჩნიე.
- მიყიდე ეს საათი შენი ბარათით, - ვთხოვე მე.
- გააფრინე? - მიპასუხა სტივმა. - არავითარ შემთხვევაში!
- რატომაც არა? ხომ იცი, რომ ფულს დაგიბრუნებ, - ვჯიუტობდი მე.
- ჯანდაბა, ჯიმი მომკლავს! - უარყოფდა ის.
და სწორედ იმ დროს, ჩემმა ეშმაკებმა ჩამჩურჩულეს: "ეს თეთრი ბიჭები არ აპირებენ შენზე ზრუნვას ისე, როგორც ამას კასი აკეთებდა".
ჯიმი მომწონდა, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა ჩემ დამორჩილებას:
- მაიკ, შენ ეს უნდა გააკეთო. თუ ასე არ მოიქცევი, ეს მრავალმილიონიანი კომპანია სასამართლოში გიჩივლებს.
ამიტომაც გვიწევდა რაიმე ბრძოლის ორგანიზება ან კიდევ რაღაც კომერციური ღონისძიების ჩატარება.
ჯერ ისევ განუვითარებელი ბიჭი ვიყავი. შემეძლო შუა გზაში მიმეტოვებინა კომერციური რგოლის გადაღება:
- არ მინდა ამ სისულელეში მონაწილეობა. უმჯობესია, ბრაუნსვილში მეგობრებთან გავერთო.
თუ ვარჯიშები არ მქონდა, ბრაუნსვილში თითქმის ყოველ საღამოს ვბრუნდებოდი. სამეფო მიღებას მიწყობდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. როგორც კი ჩემი იამაიკელი მეგობრები ჩემ მოახლოებულ ლიმუზინს დაინახავდნენ, იარაღს მოიმარჯვებდნენ ხოლმე.
- ცეცხლი შენს საპატივცემულოდ, მაიკ. 21 პისტოლეტიდან! - ამბობდა ერთი მათგანი
და ჩემ საპატივცემულოდ, 21 პისტოლეტიდან ფოიერვერკი ეწყობოდა.
ხანდახან ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და ვხვდებოდი იმ ბიჭებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დამცინოდნენ. ჩემმა მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ მათთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ჩემი და მათი გამოხედვით ამჩნევდნენ, რომ ჩვენ შორის მაინცდამაინც დიდი სიყვარული არ იყო. ამიტომაც ინტერესდებოდნენ:
- იცნობ ამ ნაბიჭვარს?
პასუხის გაცემაც არ მჭირდებოდა.
- ვის შეხედე სხვანაირად, შენი დედაც? - ეკითხებოდა ჩემი მეგობარი და იწყებოდა! ყველა მას ესეოდა. ჩარევა მჭირდებოდა, რომ თავი დაენებებინათ.
როცა კრივით დიდი ფულის გამომუშავება დავიწყე, რობინ ჰუდის რეპუტაცია შევიძინე. ვინც არ მიცნობდა, ამის გამო დიდ ხმაურს ატეხდა ხოლმე. ყვებოდნენ, როგორ ვჩნდებოდი ბრაუნსვილში და ფულს ვარიგებდი. მაგრამ ეს მთლად ასე არ იყო. ჩემთვის და სხვა ბრაუნსვილელებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო მეგობრების დახმარება, თუნდაც ისინი 20 წელს გადაცილებულები ყოფილიყვნენ. ასე რომ, თუ წავედი, ფული ვიშოვე და შემდეგ უკან დავბრუნდი, უნდა დავხმარებოდი იმ მეგობრებს, რომლებსაც საქმეები არ აეწყოთ. თანხას კეიტონის ოფისიდან ვიღებდი და ასდოლარიანი კუპიურებით ათასი დოლარის დასტებს ვკრავდი. ჩვეულებრივ, დაახლოებით 25 ათას დოლარს ვატარებდი ჯიბით და ფულს მეგობრებს ვურიგებდი. ვთხოვდი მათ სოლიდური კოსტიუმის შეძენას და იმ საღამოს ხალხში გამოვდიოდით.
ხანდახან არ ვიცოდი, ფულს ვის ვაძლევდი. ვაჩერებდი მანქანას და ასდოლარიან კუპიურებს ვურიგებდი მათხოვრებსა და უსახლკაროებს. შევაგროვებდი ქუჩაში ღატაკებს და სპორტულ მაღაზიაში მიმყავდა მათთვის ახალი სპორტული ფეხსაცმლის შესაძენად. მოგვიანებით გავიგე, რომ ჰარი გუდინიც (ნამდვილი სახელი ერიკ ვაისი - ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი) ასე იქცეოდა. ვვარაუდობ, რომ ასე აკეთებს სწრაფად გამდიდრებული ყველა ღარიბი ადამიანი. მათ ეჩვენებათ, რომ არ დაუმსახურებიათ სიმდიდრე. მეც იგივე გრძნობა მქონდა, რადგან მავიწყდებოდა, რა შრომად დამიჯდა ჩემი კარიერა.
ეს იყო დაკარგული და დამარცხებული ადამიანების რაიონი, სადაც ნარკოტიკები, ბანდიტები, გარყვნილება და ბილწსიტყვაობა მეფობდა. მეც ამ წუმპეში გავიზარდე. ამიტომაც, უბრალოდ, დაურიგე ფული, დაეხმარე ამ ადამიანებს. ეს მათ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ თუნდაც მცირე ხნით ბედნიერებას მოუტანს.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"