დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ყოველთვის, როცა ფულს ვარიგებდი, აუცილებლად შევივლიდი ასაკოვან ქალბატონებთან, რომლებიც დედაჩემის მეგობრები იყვნენ. მაგალითად, მივადგებოდი რომელიმე სოციალურ საცხოვრებელს, რომელშიც ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი ცხოვრობდა, კარზე ვაკაკუნებდი და მას მცირე თანხას ვაძლევდი.

ამას მუდმივად ვაკეთებდი. არ ვიცი, რამდენად ვიყავი კეთილშობილი, უბრალოდ, ეს უნდა გამეკეთებინა. შესაძლოა, მჯეროდა, რომ ამით ცოდვებს მოვინანიებდი და სამოთხეში შესასვლელ ბილეთს შევიძენდი. როგორც ჩანს, მონანიებას ვეძებდი.

ხშირად ძალიან ვკიცხავდი საკუთარ თავს, მაგრამ ბრაუნსვილში ყოველთვის მყავდა მეგობრები, რომლებიც არ მაძლევდნენ ამის გაკეთების საშუალებას. მაგალითად, ვიჯექი და ვწუწუნებდი იმაზე - როგორი რთული
ცხოვრება მაქვს. ერთმა ბიჭმა, რომლის სახელს არ ვიტყვი, შემომხედა და დაინტერესდა:

- რთულია? მართლა? ბოლო დროს ვინ მოკალი, მაიკ? რომელი სახლი გაქურდე და იქ ყველა ამოხოცე, მაიკ?

ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავზე რაიმე ნეგატიურს ვამბობდი, ასე მპასუხობდნენ:

- მაიკ, შენზე ცუდის თქმა არ შეიძლება. შენ კარგი ბიჭი ხარ. არ გარბიხარ მშობლიური ადგილებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გაგიჩნდა. შენ რომ ცუდი იყო, მაიკ, ახლა მანქანის საბარგულში გვეყოლებოდი.

ბევრი ჩემი ბრაუნსვილელი მეგობარი სასჯელს იხდიდა კატსკილთან ახლოს - კოკსასიში. ციხის პერსონალის დიდ ნაწილს კარგად ვიცნობდი, რადგან სკოლაში მათთან ერთად დავდიოდი. ასე რომ, ჩემს პატიმარ მეგობრებს არა პაემნების ოთახში, არამედ პირდაპირ კამერაში ვხვდებოდი, რადგან ციხის უფროსსა და ყველა მცველს ვიცნობდი.

მეგობრებს ვურიგებდი ფეხსაცმელს, ჩემს სამკაულებს... და ამ დროს, ყველა მცველი გვერდზე იხედებოდა. ერთხელ საკნებიან დერეფანში მივაბიჯებდი და დავინახე პატარა სპაიკი ბრონქსიდან, რომელთან ერთად სპოფორდში ვიჯექი. ახლა ის პატარა აღარ ჩანდა, გიგანტი იყო.

- ეი, მაიკ, როგორ არის საქმეები? აქ რას აკეთებ? - დამიყვირა მან.

მეგონა, ისევ დამაპატიმრეს და კამერაში შემიყვანეს.

ვცხოვრობდი ამ არანორმალური ორმაგი ცხოვრებით: ერთ დღეს მეგობრებს ციხეში ვაკითხავდი, მომდევნო დღეს კი რიკ ჯეიმსთან (ნამდვილი სახელი - ჯეიმს ამბროუზ ჯონსონი (1948-2004); ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი; პოპულარობა მოიპოვა ცხოვრების თავზეხელაღებული სტილითა და ნარკოტიკების გამოყენებით) ერთად დროს ვატარებდი. მას ადრეც შევხვედრივარ, მაგრამ პირველად ნამდვილი საუბარი რომელიღაც ახალი ფილმისთვის მოწყობილ საღამოზე გვქონდა. დიდ კლუბში ვიყავით, სადაც ათასამდე ადამიანი იყო, მაგრამ მე და რიკ ჯეიმსმა ერთმანეთი შევამჩნიეთ და მან მომიხმო.

- ეი, მაიკ, ფოტო გადაიღე ჩვენთან ერთად.

ის ედი მერფისთან და სილვესტერ სტალონესთან ერთად პოზირებდა. მან დიდი ფული იშოვა, რადგან ემ სი ჰამერმა თავისი ჰიტის - U Can’t Touch This-ის საფუძვლად რიკის სიმღერის ნაწილი აიღო. ასე რომ, რიკი ისევ საქმეში იყო.

შემდეგ ჯერზე იმ დროს შევხვდი, როცა სანსეტის ბულვარზე სასტუმროში ვიყავი. ქუჩაში რიკი შრედერთან და სერიალის - "პრინცი ბევერლი-ჰილზიდან" გმირთან, ალფონსო რიბეიროსთან ერთად ვიჯექი და უბრალოდ, ვისვენებდი. რიკი მაშინ 17 წლის იყო, ალფონსო - 16 წლის. ვისხედით და ვსვამდით. და დავინახე, როგორ გაჩერდა "როლს-როის კორნიში" და იქიდან რიკი გადმოვიდა. ჭრელი პერანგი ეცვა, ჰალსტუხი ეკეთა, თუმცა შეკრული არ იყო, პერანგი კი გახსნილი ჰქონდა. მოგვიახლოვდა. მე მომესალმა, შემდეგ ალფონსოს შეხედა და... მთელი ძალით მკერდში ჩაარტყა.

- ლუდი მომეცი! - დაიყვირა მან და ალფონსოს ლუდი გამოსტაცა.
- რიკ, ეს ბავშვია. არ შეიძლება ასე დარტყმა, - გავაპროტესტე მე.
მაშინ მან ბოთლი აიღო, მოსვა და მკითხა:
- როგორ არის საქმეები, ზანგო?

რიკს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ედი მერფიმ და მისმა ძმამ ჩარლზმა დიად რიკ ჯეიმსზე ასეთი ისტორია მომიყვეს: ერთხელ რიკი ედისთან მუსიკაზე მუშაობდა და მასთან გაჩერდა. ედისთან შევიარე და მან რიკის გამო დაიჩივლა:

- მაიკ, ეს ზანგი სკამზე ფეხებს აწყობს.

ედის სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგი ჰქონდა, ყველგან უნაკლო სისუფთავე იყო, ყველა ნივთი თავის ადგილას იდო. რიკმა კი თავისი აყროლებული ფეხები სკამზე შეაწყო. შენიშვნა მისცეს, მაგრამ მისთვის სულერთი იყო.

- წადი შენი! რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, - გამოაცხადა მან.
ედის ძმა ჩარლი რიკს მიუახლოვდა.

- მომისმინე, ნაბიჭვარო, აქ ასე აღარ იხუმრო, - თქვა მან და რიკს ყელში სწვდა.
რიკს ეს ძალიან არ მოეწონა. ადგა, გაიზმორა და როცა ჩარლი ზურგით შებრუნდა, დაუძახა:

- ეი, ჩარლი!

ჩარლი შებრუნდა და რიკმა ისეთი ძალით დაარტყა, რომ ჩარლის სახეზე შეიძლებოდა რიკის ბრილიანტის ბეჭდის კვალის გარჩევა: RJ.

მომდევნო დღეს ისევ შევიარე ედისთან. ის და ჩარლი მხიარულად იხსენებდნენ - პრინსმა და მისმა მეგობრებმა როგორ დაამარცხეს კალათბურთში. პრინსი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით თამაშობდა, მაგრამ ყველა ბურთს აგდებდა.

მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს ის მომენტი, როცა ენტონი მაიკ ჰოლის (ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი) ცხოვრების წესსა და სამყაროს ვეზიარე. იქამდე, სანამ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი და პოპულარობას გავაცნობიერებდი, ხშირად მქონდა მასთან ურთიერთობა. დიადი პიროვნება იყო.

ჩემს თვალში სწორედ ის გახლდათ მდიდარი ადამიანის ეტალონი. არ ითვლიდა, ისე ხარჯავდა ფულს. თვლა არ ჰქონდა მის ლიმუზინებს. ძალიან გულუხვი იყო. მომეწონა მისი ლიმუზინით სეირნობა, ამიტომაც შემთხვევითი არ იყო - როცა საკუთარი "კადილაკი" დავამტვრიე, სწორედ ლიმუზინი შევიძინე.

ამ ლიმუზინით მივედი ნიუ ჯერსიში ედი მერფის მამულში 1987 წელს, საახალწლო საღამოზე. აქ იყო მთელი თანავარსკვლავედი: ალბერტ ჯოზეფ ბრაუნი, ბობი ბრაუნი, რეპ-ჯგუფი Run-DMC, დუაიტ ერინგტონ მაიერსი... მე ერთდროულად თავდაჯერებული და მორცხვი ვიყავი. მაგრამ იმდენად მორცხვი არ ვყოფილვარ, რომ უარი მეთქვა სამი გოგოს ლიმუზინში ჩასმაზე და მანჰეტენში საკუთარ სახლში მიყვანაზე.

ჩემი თავშეკავების პერიოდი დასრულდა. მაქსიმალისტი ვიყავი ყველაფერში, მათ შორის, სექსში. როგორც კი თავისუფლად დავიწყე ურთიერთობა ქალებთან, ჩემ წინაშე ფართო შესაძლებლობები გადაიშალა. დაბლები, მაღლები, დახვეწილები, სულელები, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები, გოგონები ქუჩიდან - მკაცრი კრიტერიუმები არ გამაჩნდა. ამ საკითხში არ მქონდა რაიმე ტაქტიკა და, საერთო ჯამში, არ ვიცოდი, როგორი მიდგომა ამერჩია ქალებთან.

ერთხელ ბრაუნშსვილში ბავშვობის მეგობართან ვიყავი სტუმრად. ის სუტენიორი იყო. მის ახალთახალ ლიმუზინში ვისხედით, ვსაუბრობდით... უცებ გაჩერდა და მანქანიდან გადავიდა.

- მიდი იმ კლიენტთან, - დაუყვირა მან ქუჩაში მდგომ ერთ-ერთ გოგონას. - ხედავ იმ მახინჯს კუთხეში? რას აკეთებ ამ მეძავებთან?

შემდეგ მანქანაში დაბრუნდა.

- ამ ძუკნებზე მუდმივად უნდა გეჭიროს თვალი, მაიკ, - მითხრა მან. - მუდმივად ყურადღება ეფანტებათ. მაძებარი ძაღლი გჭირდება იმისთვის, რომ მხედველობის არედან არ გაგექცეს.

ერთხელ მასთან დილის ოთხ საათზე მივედი.
- ჯანდაბა, აქ რას აკეთებ, მაიკ? - გაუკვირდა მას.
ვერ მოვასწარი იმის თქმა, რომ მისი ერთ-ერთი გოგო მინდოდა. მაშინვე ყვირილი დაიწყო:
- აქედან დაახვიე, მაიკ, გასაგებია? შენ მაიკ ტაისონი ხარ. შენ არ გეკადრება ამ ჭუჭყიან ძუკნებთან სექსი.

ხანდახან ჩემს მეგობრებს ვხვდებოდი, რომლებთან ერთადაც ადრე სახლებს ვქურდავდი. ახლა მათ საკუთარი "მერსედესები" ჰყავდათ და ისევე მდიდრულად გამოიყურებოდნენ, როგორც მე. ვმხიარულობდით, კლუბში დროს ვატარებდით... და უცებ გვერდით ჩაივლიდა ლამაზი გოგონა თავის ბიჭთან ერთად. მე მასთან საუბარს ვიწყებდი, ჩემი მეგობრები კი გვერდზე იდგნენ და მის ბიჭს განზე სწევდნენ. გოგონას თვალში არაფერს წარმოვადგენდი, ჩემ გარშემო იყვნენ უტვინო, უზრდელი, შეიარაღებული ბანდიტები. ისინი უყურებდნენ იმ ბიჭს და მათ გამოხედვაში იკითხებოდა:

"შენი დედაც, აქ რას აკეთებ, ზანგო?" ერთ-ერთი გოგონას ეუბნებოდა: "შენთვის უმჯობესი იქნება, ჩემს მეგობართან კეთილი იყო, თორემ შენს ბიჭს მოვკლავ!" აი, ასეთი ამბები ხდებოდა 80-იან წლებში. ასე ერთობოდა ხალხი ბრაუნსვილში.

ბრაუნსვილში გოგონებს არასოდეს ველაპარაკებოდი. მათ ეშინოდათ ჩემი, რადგან წინა წლებში ზედმეტად უხეში ვიყავი მათთან. გოგონები ჩემი რაიონიდან კარგად მიცნობდნენ. არ შემეძლო მათთან საქმის აწყობა. სხვა საქმე იყო - ჩემი მეგობრები. ამას ისინი იოლად აკეთებდნენ: "აბა, მოდით აქ, დავილაპარაკოთ".

ჩემთვის უფრო იოლი იყო თეთრ გოგონებთან ურთიერთობა. მათ ფოტოსესიებზე ან ინტერვიუებზე ვხვდებოდი, ან კიდევ მაშინ, როცა გადაღებების დროს მოდელებთან მიწევდა მუშაობა.

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ქალებთან თავს უფრო დამაჯერებლად ვგრძნობდი, მაგრამ, ამავდროულად, ქალები ჩემთან ურთიერთობაში გაცილებით აგრესიულები გახდნენ. შედეგად, გავბედე ის, რის უფლებასაც აქამდე საკუთარ თავს არ ვაძლევდი.

მეგონა - თუ ყელზე ჩამომეკიდებოდნენ, უფლება მქონდა, უკანალზე წამევლო ხელი და მეკოცნა. მართლა მჯეროდა, რომ ყველა ქალს, რომელთანაც ახლოს ვიყავი, ჩემთან სექსი უნდოდა. იქამდე, სანამ "მაიკ ტაისონი" გავხდებოდი, ჩემთან არავის სურდა საქმის დაჭერა. ქალების დიდ მცოდნედ არ მიმაჩნდა თავი, ამიტომაც ვცდილობდი შევხვედროდი მათ, ვისთანაც ერთხელ უკვე მეძინა.

ჯერ ისევ მიჭირდა ქალების ჩანაფიქრის ამოცნობა. შეიძლებოდა ჩემთან ფლირტი გაება ლამაზ ქალს, მაგრამ მე იმდენად უსუსური ვიყავი, რომ იმის ნაცვლად, მანქანაში ჩამესვა ან სახლში წამეყვანა, მომდევნო დღეს კინოში წასვლაზე გეგმებს ვუთანხმებდი. შემდეგ შინ მივდიოდი და მასტურბაციით ვმშვიდდებოდი. არადა, შემეძლო მისი დაპყრობა იქვე, მისსავე ოთახში. საკმარისი იყო შემეთავაზებინა: "პირდაპირ ახლა, ჩემთან სახლში წავიდეთ".

ერთხელ გოგონას რამდენიმე საათი ველაპარაკე და ბოლოს მითხრა: "უკვე დროა, ჩავსხდეთ მანქანაში და შენთან წავიდეთ". ჩემს გონებაში მაშინვე გაისმა: "მადლობა ღმერთს!" პრეზერვატივები შევიძინე და პორნოფილმები მოვამზადე. ყველაფერი მზად იყო და ბედნიერი ვიყავი.

"კოლუმბში" ასაკოვან ცნობილ ადამიანებთან ერთად ვატარებდი დროს. ისინი ხედავდნენ, რომ გოგონებს მოვწონდი და მირჩევდნენ: "რატომ არ პატიჟებ მათ სასტუმროში? შეგეძლოთ იქ ერთად გესადილათ".

მათ შეამჩნიეს, რომ დიდად მოხერხებული არ ვიყავი ქალებთან ურთიერთობაში. როცა გოგონები "კოლუმბში" ჩემთან მოდიოდნენ, ისინი ქვემოთ ჩამყავდა, სადაც ტუალეტები იყო.

ხალხი ბევრი იყო და ამას ყველა ხედავდა. და როცა ვბრუნდებოდით, მორიგ გოგონას ტუალეტის იატაკისგან მთელი ზურგი დასვრილი ჰქონდა. და პოლი აუცილებლად მესროდა რეპლიკას: "ეი, მაიკ, ისინი უკვე ჭუჭყიანები ბრუნდებიან".

ამ პრაქტიკის ათვისების შემდეგ გაჩერება უკვე აღარ შემეძლო. უკვე ძალიან ვიყავი შეყვარებული საკუთარ თავზე. შემეძლო ლას ვეგასში, სასტუმროს ნომერში ათ ქალთან გამეტარებინა დრო.

როცა პრესკონფერენციის ჩასატარებლად უნდა ჩამოვსულიყავი, ერთ-ერთი მათგანი თან ჩამყავდა, დანარჩენები კი ნომერში მელოდებოდნენ. ხანდახან ტანსაცმელს ვიხდიდი, საჩემპიონო ქამარს ვიკეთებდი და ასე მქონდა სექსი. მუდმივად მზად ვიყავი სექსისთვის, როცა მსურველი გამოჩნდებოდა.

სიგიჟე იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ ჯერზე ვცდილობდი თითოეულის დაკმაყოფილებას. ეს შეუძლებელი იყო: ეს ქალები "კერკეტი კაკალივით" იყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა ქალაქში ქალების მთელი კართოტეკა მქონდა. ნაცნობი გოგონები მყავდა ლას ვეგასში, ლოს ანჯელესში, ფლორიდაში, დეტროიტში... ახლა ვნანობ, რატომ ვაკეთებდი ამას?

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული