დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
საერთოდ ავცდი გზას. ორივე მხრიდან დავწვი სანთელი: მონდომებით ვვარჯიშობდი და ამავდროულად, აქტიურად ვერთობოდი - ვსვამდი, სექსი მქონდა, მთელ ღამეებს ქალებთან ვგორაობდი. უბრალოდ, გასაოცარია - როგორი სულელი და ეგოისტი არარაობა შეიძლება იყო, როცა ახალგაზრდა ხარ და ბევრი ფული გაქვს.

იმ დროს შევხვდი გოგონას, რომელსაც ძალიან კარგად შევეწყვე. ეს შემდეგნაირად მოხდა: გავიცანი მოდის ელიტის წარმომადგენლები. ყველაფერი ხდებოდა არა "კოლუმბში", არამედ მდიდრულ საერთაშორისო სადილზე ცნობილ ადამიანებთან ერთად.

იქ ერთ მოდელთან ერთად მივედი, მაგრამ ჩემი მეგობარი კიუ გაბრაზდა მისი კავშირების გამო რაღაც ფინანსურ საქმეებთან.
ამიტომაც მითხრა:

- დაივიწყე ეგ გოგონა, მაიკ. მე შეგახვედრებ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს. ის ჯერ მოზარდია, მაგრამ სულ მალე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდება და უმჯობესია, ახლა გაიცნო, რადგან სულ მალე ის არავისთან იკადრებს ლაპარაკს.

კიუმ დამპატიჟა საღამოზე, რომელზეც ის გოგონაც უნდა მოსულიყო. წვეულება მეხუთე ავენიუს დახვეწილ აპარტამენტებში იმართებოდა. ვისვენებდით და სწორედ ამ დროს, კიუმ ის მოდელი მოიყვანა ჩემთვის გასაცნობად.

ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიღწერა, თანაც უჩვეულო ინგლისური აქცენტი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ დიდების ზენიტში იმყოფებოდა. გავესაუბრეთ ერთმანეთს. მან იცოდა, ვინ ვიყავი და მომეჩვენა, რომ ჩემ მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ტელეფონები გავცვალეთ და მომდევნო დღეს ვიპოვე მისი ჩანაწერი. ტელეფონის ნომრის გასწვრივ ეწერა: "ნაომი კემპბელი".

თავიდანვე დავიწყეთ შეხვედრა. ერთმანეთს ვიზიდავდით. მას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ვნებიანი იყო და ამასთან ერთად, პრაქტიკული ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენ ბევრი რამ გვქონდა საერთო. მას ზრდიდა მარტოხელა დედა, რომელიც კანიდან გამოდიოდა იმისთვის, რომ საკმარისი ფული დაეგროვებინა ლონდონის კერძო სკოლაში ქალიშვილის გასაგზავნად. მთელი ცხოვრება ნაომი პრივილეგირებული ახალგაზრდა ლედი იყო.

ხშირად ვჩხუბობდით. რეგულარულად ვერთობოდი სხვა გოგონებთან და მას ეს არ მოსწონდა. ვფიქრობ, არასწორია იმის მტკიცება, რომ ჩვენ მართლა გვიყვარდა ერთმანეთი. სინამდვილეში, უბრალოდ, მოგვწონდა ერთად ყოფნა და ურთიერთობა. ნაომი კონცენტრირებული იყო საკუთარ კარიერაზე.

ეს იყო ადამიანი ძლიერი ხასიათით. მზად იყო საკუთარი თავის დასაცავად და საბრძოლველად. თუ რაიმე კონფლიქტში გავეხვეოდი ან ჩხუბი მომიწევდა, ყოველთვის ჩემ მხარეს იყო და არ ეშინოდა ჩხუბში შემოსვლის. გარდა ამისა, არავის აძლევდა ჩემი გალანძღვის უფლებას და ზურგსუკან ჩემზე საზიზღრობების ლაპარაკს. ნაომი ერთი პატარა გოგონა იყო, რომელიც ცდილობდა საკუთარი გზის გაკვლევას ცხოვრებაში.

ორივენი ვცდილობდით ამის გაკეთებას, ჩვენ გარშემო სამყარო კი მუდმივად გვიმზადებდა გამოცდას. იმ დროისთვის, ჩვენ არაფერი ვიცოდით ცხოვრების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მე მართლაც არაფერი ვიცოდი. რამდენიმე წლის შემდეგ ის სამყაროს მწვერვალზე აღმოჩნდა და მის წინაშე ყველა თავს კარგავდა. მას შეეძლო ნებისმიერი მამაკაცის დაპყრობა პლანეტაზე. მისი მომხიბვლელობა მომნუსხველი იყო, ყველა ფეხქვეშ ეგებოდა.

მაგრამ მე არ ვიყავი მზად - სიმშვიდე მომეპოვებინა და ერთ ქალთან დამეწყო ცხოვრება. ახალგაზრდა ქალბატონების გარდა, რომლებთანაც შემთხვევითი სექსი მქონდა, ასევე რომანი გავაბი სიუზეტ ჩარლზთან. მან მეორე ადგილი დაიკავა "მის ამერიკის" კონკურსზე, შემდეგ კი გვირგვინი დაიდგა თავზე, როცა ვანესა უილიამსი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ტიტულზე იმის გამო, რომ "პენტჰაუზმა" მისი შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა. სიუზეტი ძალიან ლამაზი იყო, ჭკვიანი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი.

რა ხდებოდა ჩემს თავს? რატომ ვიცვლიდი წამდაუწუმ ქალებს? ვერ წარმომიდგენია, დღეს ასე მოვიქცე: მივდიოდი ვინმესთან სტუმრად, მოვიწყენდი და სხვაგან გადავდიოდი დროის გასატარებლად. საღამოს ბოლოს, ორი ან სამი ქალის მონახულების შემდეგ, შინ ვბრუნდებოდი და კიდევ ვიღაცას ვიხმობდი მასთან ღამის გასატარებლად. ამას არანორმალური ცხოვრების წესი ერქვა, მაგრამ ყველა, ვისთანაც მაშინ ურთიერთობა მქონდა, მიმტკიცებდა, რომ ეს ნორმალური იყო. მე ხომ დროს ვატარებდი ცნობილ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იმავეთი იყვნენ დაკავებულნი.

ასე რომ, ქალებთან ურთიერთობის მხრივ, სარეკორდოდ მოკლე დროში გავიარე გზა შიმშილიდან გამაძღარობამდე. თუ ამ თემაზე თხრობას გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა შემოვიყვანოთ კიდევ ერთი ვერაგი პერსონაჟი: რობინ გივენსი. ერთხელ, ინგლისში ყოფნისას, საწოლში აღმოვჩნდი ერთ ბრიტანელ გოგონასთან, უკანა პლანზე კი სატელევიზიო პროგრამებს გადმოსცემდნენ. უჩვენებდნენ "სოულ ტრეინს" (ამერიკული მუსიკალურ-საცეკვაო ტელეშოუ). შევბრუნდი და ეკრანს შევხედე, იქ კი ლამაზი ზანგი გოგო ჩანდა.

- ეს ვინ არის? - ვკითხე ბრიტანელ გოგონას.

პასუხი არ ჰქონდა, ამიტომაც ყურადღებით მოვუსმინე გადაცემას და გავიგე, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ სატელევიზიო კომედი-შოუს - "მასტერ-კლასის" მონაწილეები. ლოს ანჯელესში ჩემს ნაცნობს, ჯონ ჰორნს დავურეკე, რომელმაც შტატებში ჩემი დაბრუნებისას, ლოს ანჯელესში რობინთან ვახშამს გაუწია ორგანიზება.

იქ ჩემს მეგობარ რორი ჰოლოუეისთან ერთად წავედი, რომელსაც ჯერ კიდევ კატსკილიდან ვიცნობდი. სანსეტის ბულვარზე რესტორან "ლე დომში" შევხვდით. იმ დროს ყოველთვის ვაგვიანებდი: მიმაჩნდა, რომ ყველა მე უნდა დამლოდებოდა. როდესაც რესტორანში შევედი, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. იქ დავინახე რობინი თავის დასთან, დედასთან და სარეკლამო აგენტთან ერთად.

არ ვიცოდი, რომ რობინი და დედამისი რუთი რომელიმე შავ ცნობილ ადამიანზე ნადირობდნენ იქიდან მოყოლებული, რაც რობინმა კოლეჯი დაამთავრა. ვიგრძენი მისგან წამოსული სექსუალური ფლუიდები, ეს რაღაც ქიმია იყო. ის ამტკიცებს, რომ მოგვიანებით, როცა მარტონი დავრჩით და მე მის მუხლებზე ჩამეძინა, ნერწყვებით დავასველე. ეჭვი მაქვს, ეს არის ქალის დაპყრობის ყველაზე მომგებიანი ხერხი - ნერწყვით დასველება.

როგორ კი ეს წყვილი საქმეში ვნახე, გავოცდი - რამდენად ტიპური პარაზიტი დედა იყო რუთი. ის თავისი ქალიშვილის ინვესტირებას ახდენდა - უნდოდა, რობინი მნიშვნელოვანი პერსონა გამხდარიყო, ან, ყოველ შემთხვევაში, ვინმე მნიშვნელოვან მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად. მათ რაღაცნაირად შეაღწიეს სერიალში "შოუ კოსბი" და ისარგებლეს მდგომარეობით - ლოს ანჯელესში ბილ კოსბის სახლში დასახლდნენ.

რა თქმა უნდა, მის წისქვილზე წყლის დასხმას არ ვაპირებდი, მაგრამ რობინთან ერთად გატარებული დროის შესახებ ანგარიშის კითხვა - იგივე იყო, ერთდროულად წაგეკითხა საშინელი სენტიმენტალური რომანი და საშინელებათა ჟანრის ნაწარმოები. ლოს ანჯელესში ჩვენი პირველი დღეების აღწერისას, რობინი თავის წიგნში ყვებოდა იმ დროზე, როცა დედამისი და მისი და იაპონიაში გაემგზავრნენ, ის კი ჩემთან მარტო დარჩა: "არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებ ან რა უნდა იმ ბიჭს. არ ვიცი, ვის გინდა ტკივილი მიაყენო, - ეუბნებოდა მას დედა. - ხანდახან მჯერა, რომ გინდა მე მავნო, რადგან მიგაჩნია, რომ ძალიან ბევრს ვითხოვ შენგან. ხანდახან კი მეჩვენება, რომ საკუთარ თავს გინდა ტკივილი მიაყენო, რადგან თავად ამბობ, რომ არ შეგიძლია შეესაბამებოდე ჩემს მოთხოვნებს. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ ცეცხლს ეთამაშები, შეიძლება დაიფერფლო, და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: ზოგიერთ რაღაცებთან ძალიან სახიფათოა თამაში".

ეს საზიზღარი ბოდვა ისე ისმის, როგორც ცუდი ფილმი ტელეარხ "ლაიფტაიმზე". შესაძლოა, დედამისმა შემდეგი რამ თქვა:

- მოდი, ეს ბიჭი დავითრიოთ. აჩვენე მას, რას გასწავლიდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ამან არ იმუშავა ედი მერფისთან ან მაიკლ ჯორდანთან, ახლა ამ ზანგთან ვცადოთ.
- დედა, რაზე მელაპარაკები?
- ძალიან ბევრს ვშრომობდი ამაზე და შენ უაზროდ არ გაფლანგო ეს კაპიტალი ვიღაცებზე...
- დედა, ჩვენ ხომ მხოლოდ ვერთობით! თუ შენ მიგაჩნია, რომ არ დავიმსახურე ცოტაოდენი გართობა?

უმოწყალო რუთი ისე წარმოადგენდა ყველაფერს, თითქოს მუქთახორა ვიყავი, ვცდილობდი, ხელში ჩამეგდო მათი შემოსავალი შოუ "მასტერ-კლასიდან", არადა, ეს თანხა ჩემი ერთთვიანი იჯარის დაფარვას არ ეყოფოდა. მათ არ ჰქონდათ არაფერი იქამდე, სანამ მე არ გამოვჩნდი სცენაზე. ისინი გაკოტრებული თაღლითები იყვნენ. მათ არ ჰქონდათ არაფერი. ერთ დიდ მირაჟს წარმოადგენდნენ.

თავის წიგნში რობინი მიანიშნებს იმაზე, რომ ერთხელაც არ გვეძინა ერთად, მაგრამ, სინამდვილეში, ის ჩემი გახდა პირველივე ან მეორე საღამოს, როცა ჩემთან სასტუმროში მოვიდა. ამის ნაცვლად, ის ამტკიცებს, რომ ჩვენ ვსეირნობდით სავაჭრო ცენტრში ან რამდენიმე საათი ვთამაშობდით ზოომაღაზიაში ლეკვებთან ერთად. ოდესმე გინახივართ ამ სავაჭრო ცენტრში, მე, მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი? ჯანდაბა, რა მესაქმებოდა სავაჭრო ცენტრში?

ასე რომ, მე მასთან ერთად ლეკვებს კი არ ვეფერებოდი, არამედ ნარკოდილერებს ვაცნობდი. ერთ საღამოს მანჰეტენზე ვსეირნობდით, მეექვსე ავენიუსა და 41-ე ქუჩას შორის, და როცა ბრაიანტ-პარკის გვერდით ჩავიარეთ, შევამჩნიე ერთი ნარკოდილერი, რომელსაც ჯერ კიდევ ბრაუნსვილიდან ვიცნობდი. მივუახლოვდი მას და მივესალმე. რობინი გაოცებული დარჩა იმით, რომ ასეთ ბიჭს ვიცნობდი. დარწმუნებული ვარ, თავმოყვარეობა შეელახა, ასეთი ტიპის გვერდით რომ იდგა - ის ხომ ყალბი იყო. უბრალოდ, ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად ნორმალურ, ჩვეულებრივ ადამიანებთან. ჩემი აზრით, ნარკოდილერი ჩემი რაიონიდან - ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

სამი თვე საქმეში არ ვყოფილვარ და იმ მომენტში, ეს იყო ყველაზე დიდი პაუზა ჩემს კარიერაში. საქმეში ვგულისხმობ მუშაობას რინგზე. დადგა კიდევ ერთი საჩემპიონო ქამრის მოპოვების დრო. ჯეიმს "ძვლების მტვრეველი" სმიტი მსოფლიოს ჩემპიონი იყო WBA-ს ვერსიით და მას ეს ტიტული 7 მარტს, ლას ვეგასში ჩამოვართვი.

ამ ბრძოლაში არ შემეძლო 100 პროცენტით დახარჯვა. კისრის არეში ნერვი მაწუხებდა. ეს ტრავმა მრავალი წლის განმავლობაში მტანჯავდა და ამჯერად ძალიან მტკიოდა. მაგრამ რინგზე ისე ვმოქმედებდი, თითქოს მე ვიყავი იქაურობის მასპინძელი. რინგი საკუთარ სახლად მიმაჩნდა, ეს იყო ადგილი, სადაც ვცხოვრობდი და სადაც აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჯერ არ ვიყავი გამობრძმედილი და გამოცდილი მოკრივე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მაშინ ყველაფერი წესრიგში არ მქონდა. თავს ვგრძნობდი, როგორც ჯონ მაკინროი (ამერიკელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. ცნობილი იყო თავისი არასპორტული საქციელითა და არაკონტროლირებადი ემოციებით). მერე რა? ყოველთვის ვგრძნობდი მის მიმართ პატივისცემას.

ის უხეში ცხოველი იყო და მეც თავს ასევე აღვიქვამდი. მიმაჩნდა, რომ კრივის სამყაროში ყველაფრის უფლება მქონდა, რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი. და თუ რაიმე არ გამომდიოდა, შეგეძლოთ პასუხი მოგეთხოვათ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული