ის კარგი, ძლიერი მოკრივე იყო, ბევრი ბრძოლა დაუსრულებია ნოკაუტით, მაგრამ ასეთი ხერხით ჩემთან გამკლავება რთული იქნებოდა.
ბრძოლა დაიწყო და მეორე რაუნდისთვის "ძვლების მტვრეველის" სტრატეგია ცხადი გახდა: ის კლინჩში შესვლას ან ჩემგან გაქცევას ცდილობდა. მეორე რაუნდის დასაწყისში მაყურებელმა სტვენა დაიწყო, ამავე რაუნდის ბოლოს, რეფერი მილს ლეინმა ქულა ჩამოაკლო სმიტს პასიურობისთვის.
მე კი მხოლოდ მოხარული
ჩემი სულიერი სიმშვიდე დარღვეული იყო. ასე რომ, სმიტმა იმ საღამოს დასვენების საშუალება მომცა. მან მხოლოდ ერთხელ მომარტყა, სადღაც 10 წამით ადრე ბრძოლის დასრულებამდე. ყველა რაუნდი მოვიგე.
სმიტთან ბრძოლის შემდეგ მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ შეხვედრა მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ მე რა უნდა მექნა? მას, უბრალოდ, ჩხუბი არ უნდოდა. ბრძოლის შემდეგ BBC-ის პროგრამაში თავის მართლება მომიწია.
- ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით სმიტთან ბრძოლით. ვფიქრობ, თქვენც, - თქვა წამყვანმა.
- ძალიან ძლიერ მოკრივეს შევხვდი, მაგრამ მას, უბრალოდ, ჩხუბის სურვილი არ ჰქონდა. ის ძალიან მჭიდროდ შემოდიოდა კლინჩში და შეუძლებელი იყო თავის დაღწევა. მიჭირდა ამის დაჯერება. ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა მძიმე წონაში - ჩემი აზრით, ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომ სრულად დახარჯულიყო რინგზე, - ვუპასუხე მე.
- მოხიბლულნი დავრჩით თქვენი ღირსეული საქციელით რინგზე და მის მიღმა, მაგრამ სმიტთან ბრძოლაში ორჯერ, რაუნდებს შორის წყობიდან გამოხვედით, - წამყვანი მცირე შეხლა-შემოხლაზე მიანიშნებდა.
- არა, პირიქით იყო ყველაფერი. ვცდილობდი ბრძოლაში მის ჩათრევას და მზად ვიყავი, ამისთვის ყველა ხერხი გამომეყენებინა, თუნდაც რინგის ცენტრში ცეკვა დამეწყო. ვაქეზებდი მას:
"მიდი, იჩხუბე! ხალხი პირველ რიგში ბილეთებისთვის ათას დოლარს იხდიდა. შენ უნდა გაართო პუბლიკა. მიეცი მათ ის, რაც დაიმსახურეს".
ბრძოლის შემდეგ კომპანია "ნინტენდოსგან" 750 ათასი დოლარი ავანსი მივიღე - კრივის თამაშში ჩემი გამოსახულების გამოყენებისთვის.
ბავშვობაში არასოდეს ვყოფილვარ გატაცებული ვიდეოთამაშებით, ასე რომ, ამას ჩემში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. უბრალოდ, ჩხუბი მინდოდა, სხვა ყველაფერი კი არ მაინტერესებდა.
საერთო ჯამში, თანდათანობით უცხოდ ვიგრძენი თავი ცნობილი ადამიანების ამ მასკარადში. მას შემდეგ, რაც კასი წავიდა, დამლაპარაკებელი აღარავინ დამრჩა. როცა ალექს ვალაუ ჩემგან ინტერვიუს იღებდა ABC-ის პროგრამისთვის, მაშინ ვთქვი:
- მივეჩვიე ბევრი რამის საკუთარ თავში შენახვას და შემდეგ, რაც მიგროვდებოდა, კასთან ერთად განვიხილავდით. ახლა კი არავინ მყავს ისეთი, ვისთანაც ასეთ ამბებს განვიხლავ.
ეს იყო მინიშნება - მზად ვიყავი, გამოვთხოვებოდი ცნობილ ადამიანებს.
ვცადე, არაფერი მეთქვა მაშინ, როცა წამყვანმა გოგონების შესახებ კითხვა დამისვა. თუმცა მაინც გაშალა ეს თემა:
- ვერ უარყოფ, რომ ბევრი გოგონა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდი.
- მათ მე არ ვჭირდები, მათ ჩემი ფული უნდათ. ყოველდღე ვიხედები სარკეში და ვიცი, რომ კლარკ გეიბლი არ ვარ. მინდა შევხვდე გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროიდან მიცნობდა, როცა ღარიბი ვიყავი და ფიქრობს, რომ კარგი ბიჭი ვარ.
კასი ყოველთვის მარწმუნებდა, რომ ბევრი ფული მექნებოდა და ბევრი გოგო მეყოლებოდა და ბედნიერი ვიქნებოდი ამის გამო. მაგრამ მას არ გავუფრთხილებივარ, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა.
მე ვიყავი უიღბლო ბიჭი ბრაუნსვილიდან. და უცებ, ყველა ქედს იხრიდა ჩემ წინაშე. ეს სიგიჟე იყო. წინ კი კიდევ უფრო დიდი საგიჟეთი მელოდა. თანდათან შემიყვარდა რობინი. ამასთან დაკავშირებით, ერთი ეპიზოდი მახსენდება:
ვესტვუდში უილშირის ბულვარზე ვსეირნობდით. რობინი რაღაცაზე მაღიზიანებდა, შემდეგ ხელი მკრა და გაიქცა. მას სირბილით მივყევი და როცა დავეწიე და ხელი უნდა ჩამევლო, სწრაფად გვერდზე გახტა. წავიქეცი, ქუჩაში გავგორდი და კინაღამ მოძრავი მანქანების ქვეშ აღმოვჩნდი.
ძალიან ძვირფასი ტანსაცმელი მეცვა, რომელიც წაქცევის შემდეგ უვარგისი გახდა. ოდნავ უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ დავრჩი ამ პოზაში. რამდენიმე წამი ვიწექი და რობინს ველაპარაკებოდი, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. რობინი იდგა და იცინოდა. მისი აზრით, ეს იყო ყველაზე სასაცილო სცენა, რაც კი ოდესმე უნახავს.
აი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ის. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს პატარა ინციდენტი სრულად ასახავდა ჩვენს ურთიერთობას: ის მაღიზიანებდა, შემდეგ გამირბოდა და მე მის ხელებში აღმოვჩნდებოდი. ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა და მე მისი პაიკი ვიყავი.
მაგრამ როგორ შეიძლებოდა ჩემგან დახვეწილი საქციელი მოგეთხოვათ სასიყვარულო საქმეებში? ნაომის თუ არ ჩავთვლით, რობინი იყო პირველი გოგონა, რომელთანაც ნამდვილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. სხვათა შორის, ნაომი გამოთვრა, როცა რობინის შესახებ შეიტყო.
მანამდე ჩემს ცხოვრებაში იყო გოგონების მთელი წყება, რომლებთანაც სექსი მქონდა და რომლებსაც ბევრს ვატყუებდი. ამიტომაც დღეს უკვე აღარავის ვატყუებ, არადა, თავის დროზე, ეს ძალიან კარგად გამომდიოდა. ტყუილში ასეთი მონდომებული კი პროტესტის ნიშნად ვიყავი იმის გამო, რომ ყველას მნიშვნელოვან პერსონად მივაჩნდი და დითირამბებს მიმღეროდნენ.
დისკომფორტს ვგრძნობდი დაბალი თვითშეფასების გამო. ის ტვირთად მაწვა და მაიძულებდა, გამეკიცხა საკუთარი თავი და შესაბამისი ადგილი მიმეჩინა მისთვის. ჩემ შესახებ იმდენ კარგს ლაპარაკობდნენ, რომ ეს ტვინს მირევდა და გზიდან მაცდენდა. ეს ყველაფერი ხომ დაბალანსებული უნდა ყოფილიყო, მე კი სინამდვილეში წმინდანი არასოდეს ვყოფილვარ.
მე ადამიანებს ვესროდი, ჩემი სოციალური თვისებები იმაში მდგომარეობდა, რომ ბიჭებს ვცემდი, თან ისე, რომ ისინი გონებას კარგავდენ. და თუ ეს გამომდიოდა, მაკარონის კარგ პორციას მაძლევდნენ. აი, ასე დამაპროგრამა კასმა. ყოველ ჯერზე, როცა ვჩხუბობდი და ვიმარჯვებდი, ჯილდოს მაძლევდნენ.
შესაძლოა, რობინი სწორედ ის იყო, რაც ექიმმა გამომიწერა. ინტრიგების მხლართავი, რომელსაც შეუძლია მუხლებზე დამაჩოქოს. მე ფინია ვიყავი, რომელიც მის გარშემო დარბოდა:
"ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლია მოიპარო ჩემი ფული, მაგრამ ნუ წამართმევ შენს თავს". არასწორად არ გაიგოთ, ეს არ ეხებოდა მხოლოდ სექსს.
ვფიქრობ, ინტიმურ ცხოვრებას მოკლებული ვიყავი. სავარაუდოდ, სექსუალური თვალსაზრისით ძლიერი არ ვიყავი. ერთხელ მან მითხრა, რომ საწოლში ყველაფერი ბრწყინვალედ გამომდიოდა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მე, უბრალოდ, ახალგაზრდა შეყვარებული ბიჭი ვიყავი. ადრე არასოდეს განმიცდია ეს გრძნობა.
მაისში რინგზე დავბრუნდი. ჩემი მეტოქე იყო პინკლონ ტომასი, საკმაოდ ცნობილი, ძლიერი მოკრივე. ბრძოლის წინ მოეწყო პრესკონფერენცია. სცენაზე ვიდექი და უცებ რობინი დავინახე: რამდენიმე კოლეგა-მსახიობთან ერთად მოვიდა.
აღფრთოვანებული დავრჩი. ვპოზირებდი ფოტოგრაფების წინაშე, აშკარად ვინდომებდი, უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის ეს ნორმიდან გადახვევა იყო. პრესკონფერენციებზე ყოველთვის თავშეკავებულად ვიქცეოდი, რადგან ვიცოდი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი სანახავი ვიქნებოდი. ჟურნალისტები გაოცებულნი მიყურებდნენ.
- რა მოუვიდა ტაისონს? - დაინტერესდა ერთ-ერთი. შემდეგ შებრუნდნენ, რობინი დაინახეს და ყველაფერს მიხვდნენ.
- სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ასეთი ბედნიერია, - აღნიშნა ვიღაცამ.
გამოჩნდა პინკლონი და მისალმების ნიშნად ხელი გამომიწოდა. "რკინის მაიკის" ხასიათში დავბრუნდი. "წადი, შენი დედაც!.." - ვუთხარი მას.
- ასე გირჩევნია? - თქვა მან და გინება დამიბრუნა.
- შენ სულელი ზანგი ხარ! არ იცი, რომ მე ღმერთი ვარ? მუხლებზე დაჩოქილი უნდა იყო იმისთვის, რომ ჩემთან ჩხუბის უფლება მოგეცი, - ვუპასუხე მე.
დღეს მრცხვენია იმის გამო, რომ ოდესღაც, მსგავს რამეებს ვეუბნებოდი ზრდასრულ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ რობინს არ ესმოდა ეს. ჯანდაბა, იმ მომენტში, როცა ის დარბაზში შემოვიდა, ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. სცენიდან ჩამოვხტი და მასთან მივედი. უცებ გავხდი გაწონასწორებული, უწყინარი შავი ბიჭი.
- სალამი, როგორ ხარ?
სწორედ ამ სიყალბეზე მელაპარაკებოდა კასი. განდიდების მანიისა და უწყინარი ბიჭის ხასიათს შორის უნდა ვყოფილიყავი მოქცეული. და ეს მეც კი მაწუხებდა. რთული იყო ერთდროულად ორი ნაბიჭვრის განსახიერება: "შენ, ნაბიჭვარი ხარ, მოგკლავ, ზანგო" ან "თავს როგორ გრძნობ, ძვირფასო?"
იმ საღამოს ორ საჩემპიონო ქამარს ვიცავდი. ასე რომ, ოდნავ ვღელავდი და თავს უფლებას არ ვაძლევდი, ზედმეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი. პინკლონი ყოფილი ჩემპიონი იყო და მხოლოდ ტრევორ ბერბიკთან ჰქონდა წაგება, ისიც შემთხვევით.
ჩხუბი კარგად დავიწყე და პირველსავე რაუნდში თითქმის ნოკაუტში ჩავაგდე. მაგრამ ის დაბრუნდა ბრძოლაში მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში. შესაძლოა, ამ რაუნდებიდან რამდენიმე მოიგო კიდეც. მას ჰქონდა ოსტატური და ხისტი ჯები. ეს იყო მხოლოდ შეხება, კიდევ ერთი შეხება, კიდევ ერთი და... ასე აგროვებდა ქულებს.
მეხუთე და მეექვსე რაუნდებს შორის კევინი რინგის კუთხეში თავს დამესხა:
- ვიჩხუბებთ თუ ამ სისულელეს გავაგრძელებთ? იჩხუბე, თორემ წააგებ.
ვუპასუხე კევინს, რომ მეექვსე რაუნდისთვის ტომასი დაღლილი იქნებოდა. და სწორედ მეექვსე რაუნდში შევასრულე მომაკვდინებელი მარცხენა ჰუკი, რომელიც პირდაპირ ყბაში მოხვდა.
ის მეტად დისციპლინირებული და ცივსისხლიანი მოკრივე იყო და ისე გაჩვენებდა თავს, თითქოს არაფერი აწუხებდა. მაგრამ მე შევისწავლე ისეთი დიადი მოკრივეების ბრძოლები, როგორებიც იყვნენ რობინსონი, მარჩიანო... და ვიცოდი, რომ თუ მიზანში მოარტყი, მოწინააღმდეგე უკვე დაჭრილია.
არ მაწუხებდა მისი გამყინავი მზერა. ამიტომაც შევასრულე იმდენი დარტყმა, რამდენიც შემეძლო, შესაძლოა, 15-დარტყმიანი სერია და დავასრულე ის შთამბეჭდავი ნოკაუტით. პინკლონი რინგზე გაიშხლართა, მაგრამ იმდენად თამამი აღმოჩნდა, რომ წამოდგომა სცადა.
თუმცა მის სახეზე ტკივილის გრიმასა დავინახე და ვიცოდი, რომ ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე ძლიერი ნოკაუტი ჩემს კარიერაში. თითქოს ქვიშის ტომარას ვამუშავებდი და არ ვწუხდი იმის გამო, რა იქნებოდა შემდეგ. მაგრამ როგორი ხასიათი გამოავლინა პინკლონმა! ტკივილისგან მთელი სახე დამანჭული ჰქონდა, მაგრამ მაინც ადგომა უნდოდა. მაშინ გავიფიქრე: "ჯანდაბა! კიდევ გინდა?"
მართალია, ოსტატური ნოკაუტით მოვიგე, მაგრამ, საერთო ჯამში, არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი გამოსვლით. და ეჭვი შემეპარა - სწორად ადგენდნენ თუ არა ჯიმი და კეიტონი ჩემთვის ბრძოლების თანმიმდევრობას?
კასი სანამ მოკვდებოდა, ჩემთან კიდევ რამდენიმე მომენტის გავლა სურდა. ამ ბიჭებს კი არაფერი აღელვებდათ, მზად იყვნენ, რინგზე გავეყვანე ნებისმიერთან. შესაძლოა, კასი სხვაგვარად მოქცეულიყო, ეფიქრა, რომ ჯერ ჩემთვის ნაადრევია პინკლონთან ჩხუბი და ვინმე სხვასთან გამიყვანდა რინგზე.
ამ ბრძოლაში კარგად არ გამოვიყურებოდი, თუმცა ნოკაუტი ეფექტური იყო. დარწმუნებული ვარ, კასი გამინაწყენდებოდა. მაგრამ ასე აღარ ხდებოდა. აღარ ვწუხდი იმის გამო, რომ თუ რინგზე ჩემი მოქმედება არ მოეწონებოდა, ვიღაც გასახდელში გამლანძღავდა. ახლა აღარ მჭირდებოდა ვინმეს მოსმენა. იცით, რა იოლია მოდუნება, როცა არავინ გაკრიტიკებს?
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"