დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჰოლმსთან ბრძოლაზე ბილეთების გაყიდვამ ყველა რეკორდი მოხსნა. იქ იყო ყველა ცნობილი ადამიანი: ჯეკ ნიკოლსონი, ბარბარა სტრეიზანდი, ჯონ ჯონსონი, კირკ დუგლასი...

მოთელვისას, გასახდელში ისეთი განწყობა შევიქმენი, რომ კედელში ხვრელი გავაკეთე. ხანდახან შემეძლო ცხოველად გარდაქმნა. წამში შემეძლო, რაციონალური ადამიანიდან ირაციონალურ არსებად გადავქცეულიყავი.

ამ მომენტებში ვიხსენებდი - როგორ დამცინოდნენ ბავშვობაში და მართმევდნენ ფულს. სულაც არ მინდოდა კედლის გახვრეტა, მაგრამ ძლიერი დარტყმა გამომდიოდა. კედელი საკმაოდ ძლიერი იყო. ვურტყამდი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და უცებ... იმსხვრეოდა.

ამ ბრძოლაზე ჩემი მეგობარი გოგონებიც იყვნენ. აქ იყო რობინი, აგრეთვე,
სიუზეტ ჩარლზი. საკმაოდ მოხერხებული ვიყავი იმისთვის, რომ შენიღბვით სხვა გოგონებიც მომეწვია დარბაზში. მაგალითად, ორი ბილეთი მივეცი ერთ მამაკაცს, რომლის ქალიშვილთან რომანი მქონდა. კიდევ ერთი მეგობარი თავის ძმასთან ერთად მოვიდა. მოხერხებული ვიყავი.

რინგზე მუსიკის გარეშე გავედი. მხოლოდ ბრძოლაზე ვფიქრობდი. მაყურებლის "დასაქოქად" რინგზე მუჰამედ ალი გავიდა. ის ჩემს კუთხესთან მოვიდა. "გააკეთე ეს!" - მთხოვა მან.

გაისმა გონგი და ბრძოლა დავიწყეთ (ამ ბრძოლამ მიიღო დასახელება - "ისტორიის მძიმეწონოსანი"). ყველა რაუნდს ვუგებდი ჰოლმსს. ის არასაკმარისად მომზადებული აღმოჩნდა და დარტყმების შესრულების ეშინოდა. მეოთხე რაუნდში ბაგირებთან ვიყავი, როცა რეფერიმ წარმოთქვა: "ბრეიკ!"

როგორც კი ეს თქვა, ორდარტყმიანი კომბინაცია შევასრულე ისე, როგორც კასი მეუბნებოდა. ის დაეცა. წამოდგა, მაგრამ დიდი გაჭირვებით. ამჯერად, ოდნავი მიკარებაც საკმარისი იყო. არც კი მომირტყამს ყბაში და ის ისევ დაეცა. წინ წავედი და ჩემი დარტყმების აცილება დაიწყო. გამიჭირდა ზუსტად მორტყმა, რადგან გრძელი ხელები ჰქონდა და დარტყმების დაბლოკვა შეეძლო, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა - აპერკოტის შესრულება გადაწყვიტა. ბაგირებთან იდგა, როდესაც დავარტყი და ნოკაუტში ჩავარდა. მინდოდა წამოდგომაში დავხმარებოდი, მაგრამ მისმა გუნდმა არ მომცა ამის უფლება.

მაშინ დავიხარე და ვუთხარი: "დიადი მოკრივე ხარ. მადლობა".
- შენც დიადი მოკრივე ხარ, მაგრამ წადი შენი... - მიპასუხა მან.
- შენი დედაც... მახინჯო, - ვუპასუხე მე.
ბრძოლის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საკმაოდ თავშეკავებული ვიყავი.

- ის საუკეთესო ფორმაში რომ ყოფილიყო, არანაირი შანსი არ მექნებოდა, - ვთქვი მე.
არ გადავშალე ახალი ფურცელი და უბრალოდ, გავიმეორე ფრიტცი ჟივიჩის, დიადი ჩემპიონის სიტყვები. მან სწორედ ასე თქვა მაშინ, რაც ჰენრი არმსტრონგი დაამარცხა. შეამჩნევდით, რომ ყოველთვის ვახდენ ჩემი გმირების ციტირებას, არაფერი მაქვს დასამატებელი მათ სიტყვებზე.

ბრძოლის შემდეგ ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემთან გასახდელში ბარბარა სტრეიზანდი და დონ ჯონსონი შემოვიდნენ. მომწონდა ბარბარა. წარმოშობით ისიც ბრუკლინიდან იყო.

- შენი ცხვირი ძალიან სექსუალურია, ბარბარა, - ვუთხარი მე.
- მადლობა, მაიკ, - მიპასუხა მან.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 21 წლის ბიჭს ოცნება აუხდა - მასთან გასახდელში ბარბარა სტრეიზანდი მივიდა. კასი ყოველთვის მეუბნებოდა - რაც ოდესმე ტელევიზორში მინახავს, შესაძლოა, სავსებით შესაძლებელია რეალობაში მოხდეს, ქალების ჩათვლით.

რობინი არ ყოფილა ერთადერთი ლამაზი გოგო, რომელსაც ცხოვრებაში შევხვედრივარ. მინდოდა მქონოდა ფანტასტიკური მანქანა: ვრეკავ და ჩემი შეკვეთით ქმნიან ქალს, სვამენ ავტომობილში და ჩემთან მოჰყავთ.

აი, ასე დავიწყე ახალი გამოცდილების ათვისება. გასული წლების გამოჩენილი მოკრივეების გარდა, ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყვნენ ებრაელი განგსტერები. ჩემნაირი ბიჭები, რომლებსაც არ ჰქონდათ განსაკუთრებული ინდივიდუალიზმი, ცხოვრებაში სხვა ადამიანებს ბაძავდნენ. თუ გავიგებდი, რომ ჯო ლუისს უყვარდა შამპანური, მეც ვიწყებდი შამპანურის სმას.

ვტკბებოდი ჩემი პოპულარობითა და დიდებით. თუ დავინახავდი ლამაზ გოგონას, შემეძლო მისთვის ასე მეთქვა: "ეი, მოდი აქ, ვილაპარაკოთ. მოგწონს ეს ავტომობილი?" მაგალითად, ლაპარაკი იყო "მერსედესზე". ის მპასუხობდა: "ჯანდაბა, რა ლამაზი მანქანაა!"

- მართლა ლამაზია?
- სიამოვნებით ვიყოლიებდი ასეთს! - ამბობდა ის.
- მე კი შენი თავი მინდა. ვფიქრობ, სამართლიანი გაცვლაა. წავიდეთ ჩემთან!
და ეს ყოველთვის მუშაობდა.

როცა ვარჯიშები არ მქონდა, ვიღვიძებდი, შამპანურის ბოთლს ვხსნიდი, ხიზილალას, შებოლილ ორაგულსა და კვერცხის ცილას ვუკვეთავდი, ბილი ჰოლიდეის მუსიკას ვრთავდი, საწოლში კი ლამაზი ქალი მყავდა (ხანდახან ორი). ფანტაზიების სამყაროში ვცხოვრობდი. არასოდეს მიწევდა რიგში დგომა რესტორანში ან კლუბში მოსახვედრად. პაემანს ვუნიშნავდი ულამაზეს მოდელებს, ვერთობოდი ცნობილ ადამიანებთან ერთად მოდურ კურორტებზე. ეს ის სამყარო იყო, რომელშიც კასს ჩემი შეყვანა სურდა. მაგრამ ასევე, მისი სურვილი იყო, შემზიზღებოდა ამ სამყაროს ადამიანები. გასაკვირი არ არის, რომ გაურკვევლობაში ვიყავი.

გარკვეული დროის შემდეგ ამგვარი დიდებისგან მიღებულმა უპირატესობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, ხოლო პოპულარობის მასშტაბები ჩემთვის დიდ ტვირთად იქცა. არასოდეს დამავიწყდება ერთი მომენტი: ერთხელ, პროფესიული კარიერის დასაწყისში, პიტ ჰემილთან და ხოსე ტორესთან ერთად ვიყავი. პიტმა შემოგვთავაზა: "წავიდეთ, გავერთოთ".

ვიყიდეთ ნაყინი და კოლამბუს-ავენიუსკენ გავეშურეთ.
- დატკბი დღეს ამ ყველაფრით, მაიკ, - მითხრა პიტმა. - რადგან სულ მალე არ გექნება ამის კეთების საშუალება.

აღარ მქონდა ქუჩაში თავისუფლად გასვლის საშუალება. ჩემ გარშემო მთელი ბრბო იკრიბებოდა. თუ რომელიმე ბრძოლის წინ კლუბში აღმოვჩნდებოდი, იქაური სტუმრები დანაშაულის ადგილზე მიჭერდნენ.

- მაიკ, შენი დედაც, აქ რას აკეთებ? - აღშფოთებას ვერ მალავდნენ ისინი. - შემდეგ კვირას ვაპირებდით შენ ნახვას, ნაბიჭვარო. უმჯობესია, გაიმარჯვო. ეს დაუჯერებელია: ახლა ვარჯიშზე არ უნდა იყო?

დავინახავდი ლამაზ გოგონას და ვიკითხავდი: "ვინ არის?"

- ჯანდაბა, არ ვიცი, მაიკ, - მპასუხობდა ერთ-ერთი ბიჭი. - არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლაზე მოსვლას. შენ კი ივარჯიშე, ზანგო.

ეს იმაზე უარესი იყო, ვიდრე ბრაუნსვილის ქუჩებში ცხოვრების პერიოდი. ბიჭები ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ ემოციებს, ისინი ძალიან მკვეთრად რეაგირებდნენ უპატივცემულობაზე. ერთხელ ბიჭებთან ერთად ვიდექი და ვიღაც უცნობი მომიახლოვდა.
- როგორ არის საქმეები? - მკითხა მან მეგობრულად.
მე კი მინდოდა მეპასუხა ამ მახინჯისთვის: "რა შენი საქმეა?" - მაგრამ აქ საქმეში ჩაერია ერთ-ერთი ჩემი მეგობარი.

- ეი, მაიკ, შენ ამას იცნობ?
- არა.
- მაშინ რატომ ელაპარაკები მაიკს, შენი დედაც?

მათ არ მოსწონდათ, როცა ვინმე სხვას "ეტენებოდა". ამ დროს შეეძლოთ მარტივად ეთქვათ მათთვის, ვინც მოგვიახლოვდებოდა: "წადი შენი! თავი დაანებე!"

ბრაუნსვილელებს არ მოსწონდათ, როცა მათ სივრცეში იჭრებოდნენ. რაიონში უბრალოდ ასე, უსაქმოდ გამოჩენა არ იყო მიზანშეწონილი. მაგრამ სულ სხვა საქმეა, როცა ცნობილი ადამიანი ხარ.

ამიტომაც კონფლიქტში ვიყავი საკუთარ თავთან, საკუთარ ინსტინქტებს ვერ ვეწყობოდი. საკმაოდ ხშირად ყოფილა, როცა ცუდ ხასიათზე მყოფს, მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი მოსვენებას არ მაძლევდა:

- მაიკ, მიყვარხარ. შემიძლია ავტოგრაფი გთხოვო?
- წადი, შენი დედაც, მახინჯო! - ვპასუხობდი მე და ფიზიკურადაც ვეხებოდი. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია, რომ ცნობილი გავხდებოდი.

როცა მთელ ამ ისტორიებს ვყვები, თავად არ მჯერა - როგორი უხეში და გაუზრდელი ურჩხული ვიყავი მაშინ. თუ ფეხქვეშ მყარი საფუძველი ვერ იპოვე, მოულოდნელი დიდება და პოპულარობა არაფერს ნიშნავს - ერთი ცარიელი ადგილი ხარ.

ამას ისიც ემატებოდა, რომ ლოთობა და გოგონები გავლენას ახდენდნენ ჩემ გამოსვლაზე. ბიჭები, რომლებიც პირველ რაუნდში ნოკაუტით უნდა დამემარცხებინა, ხუთ-ექვს რაუნდს ან მთელ ბრძოლას უძლებდნენ.

რა თქმა უნდა, თეორიულად ვიღაც შეიძლება მართლაც იყოს ერთდროულად სექსუალური ტირანოზავრი და მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ პრაქტიკაში, საჭიროა საკუთარი ნებით უარი თქვა ამ ორიდან ერთ-ერთზე. სექსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გქონდეს, მაგრამ მსოფლიო დონის სპორტსმენი დიდი ხანი ვერ იქნები. მაგრამ მე სექსი ავირჩიე.

მაშინ, უბრალოდ, უბედური ადამიანი ვიყავი. ვერ ვაცნობიერებდი - რატომ უნდოდა ვიღაცას ჩემ გვერდით ყოფნა. ვფიქრობ, დედაჩემმა გადმომცა ეს დეპრესია. არ ვიცოდი, კიდევ რა უნდა მეკეთებინა მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გავხდი.

მინდოდა მხოლოდ, ჩემი ძველი გმირების მსგავსი ვყოფილიყავი. არ მაწუხებდა ის, რომ ხვალ, შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ადრე წავიკითხე წიგნი ალექსანდრ მაკედონელის შესახებ - მან რამდენიმე წელი დიდებაში ცხოვრება ამჯობინა უწყინარ და მშვიდ ყოფას. მაშინ რატომ უნდა ვინერვიულო სავარაუდო სიკვდილის გამო? განა ჩემს არეულ ცხოვრებაში სხვა მოლოდინი შეიძლებოდა ყოფილიყო?

მქონდა ყველაფერი, რაც მინდოდა, მაგრამ არ ვიყავი ბედნიერი. ჩემ გარშემო სამყაროს აღარ მოჰქონდა ჩემთვის სიხარული და როგორ გავმხდარიყავი ბედნიერი შიგნიდან - არ ვიცოდი. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ბედნიერება - ეს ხომ შინაგანი სამუშაოა. ასეთი გულგატეხილობის, სევდის, მოწყენილობისა და სასოწარკვეთის ფონზე გავაკეთე ის უკანასკნელი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა - ვიქორწინე.

ვიქორწინე რობინზე, რადგან ის ფეხმძიმედ იყო, მე კი აღელვებული ვიყავი იმ აზრით, რომ მამა გავხდებოდი. ეს იყო ერთადერთი მიზეზი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ამბავი არა რობინმა, არამედ ჯიმი ჯეკობსმა შემატყობინა.

მან ამის შესახებ რობინის დედისგან - რუთისგან შეიტყო. იმ დროს, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ეს სრული სისულელე იყო. რობინი არასოდეს ყოფილა ფეხმძიმედ. ეს იმდენად კონფიდენციალური ინფორმაცია იყო, რომ ქალი, რომელთანაც მეძინა, ვერ ბედავდა ჩემთვის ამის თქმას.

ამ ორ ქალს ყველაფერი ყალბი, არეული და ჩახლართული ჰქონდა. ისინი ტყუილში ცხოვრობდნენ. რობინი უყვებოდა ყველას, როგორ მიატოვა ჰარვარდის სამედიცინო სკოლა მსახიობის კარიერის გასაგრძელებლად, მაგრამ, როცა ზოგიერთმა ჟურნალისტმა ეს ფაქტი შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ მისი სახელი არ იყო ამ სასწავლებლის სიებში.

არ მაღელვებდა, რამდენად გულწრფელი იყო რობინის ჩემდამი სიყვარული, მაგრამ, როცა იტყუები, ეს აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდება.

ასეთები იყვნენ რობინი და დედამისი. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნდობაში შემოდიოდნენ, თაღლითები, ნახევრად მეძავები. რუთმა სასამართლოში უჩივლა დიად დეივ უინფილდს, ბეისბოლისტს "ნიუ იორკ იანკიდან". ის ამტკიცებდა, რომ დეივმა მას ჰერპესი გადასდო. თურმე, როცა რუთი კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე სცენაზე ავიდა, მას ყველამ, 129 თანაკლასელმა უსტვინა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

არაფერი ვიცოდი ყალბ ფეხმძიმობაზე. მინდოდა, ყველაფერი კარგად მომეწყო, მაგრამ ეს სრული ბოდვა იყო, მე კი სრულ იდიოტად მოვჩანდი. შესაძლოა, სხვა შავებივით მაგარი ბიჭი უნდა ვყოფილიყავი. მაგალითად, როგორიც იყო ხოსე "მორი პოვიჩის შოუში". როცა ის ქალბატონებმა დაადანაშაულეს: "შენ ხარ ამ ბავშვის მამა?" მან ასე უპასუხა: "არა, შევხვდებით მორის შოუზე". მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი. მაგრამ არ ვიყავი ასეთი ბიჭი. მე ვიყავი ის, ვინც ბალიშის ქვეშ ბრილიანტები ჩაუდო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკმაყოფილებლად.

ამიტომაც, როცა 1988 წლის თებერვალში, ჩიკაგოში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" ვიყავით, მე ის მღვდელთან სახლში წავიყვანე და ღვთის მსახური დავიყოლიე - პირდაპირ იქ დავექორწინებინეთ. არც კი მიკითხავს რობინისთვის - სურდა თუ არა ცოლად გამომყოლოდა. ეს იმპულსური ნაბიჯი იყო.

რობინი ჩუმად იყო, ამიტომაც მომიწია მსუბუქი დაშინების ტაქტიკისთვის მიმემართა. და ის დათანხმდა. მამა კლემენტსმა საკუთარი სახლის მისაღებში დაგვაქორწინა, შემდეგ ჩემი მეგობრის კლუბში წავედით ამ მოვლენის აღსანიშნავად.

ნიუ იორკში დავბრუნდით და როგორც აღმოჩნდა, რუთს უკვე დაურეკავს ჯიმისთვის მუქარით - თუ სასწრაფოდ არ დავარეგისტრირებდით ქორწინებას ნიუ იორკში, მაშინ ის ამისთვის ლას ვეგასში გაგვიშვებდა. ჯიმის ამ ამბის გადადება უნდოდა, რადგან ჯერ საქორწინო ხელშეკრულება უნდა შეგვედგინა, მაგრამ მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და არ ვწუხდი არანაირ ხელშეკრულებაზე.

მაშ ასე, ქალაქის რატუშაში წავედით, დოკუმენტი მივიღეთ და ასე აღმოვჩნდით კანონიერ ქორწინებაში. რუთმა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ სამისთვის შესაფერისი სახლი უნდა მოეძებნა. რობინი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ის და დედა განუყრელები არიან, მაგრამ მათი ურთიერთობა მეტად უცნაური იყო.

ფროიდის მიმდევრებიც კი გაოცდებოდნენ მათი შესწავლისას, გაუჭირდებოდათ ამ ყველაფრისთვის სწორი განსაზღვრების პოვნა. ეჭვი მაქვს, რობინს გაუაზრებელი და უნებლიე სექსუალური ლტოლვა ჰქონდა დედის მიმართ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან ჩამითრია ტაისონის ბიოგრაფიამ! იმედია არაფერს ტოვებთ და ისე თარგმნით. დიდხანს ნუ გვალოდინებთ თუ შესაძლებელია :)
0
კარგ საქმეს აკეთებთ, ტაისონი ლეგენდად იქცა, აი ეს არის ამერიკა, ასეთი ქარ წაღებულიც კი შეიძლება ლეგენდად იქცეს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული