დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
VI თავ
დაახლოებით ამავე პერიოდში გავიცანი ლეგენდარული, საქვეყნოდ ცნობილი სუტენიორი და მწერალი აისბერგ სლიმი (ნამდვილი სახელი რობერტ ლი მაუპინი (1918-92) - ამერიკელი მწერალი, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აღწერდა კრიმინალურ ცხოვრებას).

სამწუხაროა, რომ იქამდე არ ვიცნობდი მას, სანამ რობინზე ვიქორწინებდი - შეეძლო სწორ გზაზე დავეყენებინე. ერთ საღამოს, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში ვიყავი და იქ ლეონ აიზეკ კენედის (ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი) გადავეყარე. ვისაუბრეთ და მან ზერელედ ახსენა აისბერგის რომელიღაც ფრაზა.

- ბოდიში, მწერალი აისბერგ სლიმი გყავს მხედველობაში? - ვკითხე მე.

ლეონმა მითხრა,
რომ აისბერგი მისი მეგობარი იყო. ვერაფრით ვიჯერებდი. აისბერგი მითიურ პერსონაჟად მიმაჩნდა. მან ეს სახელი მაშინ მიიღო, როცა თავის საყვარელ ბარში იჯდა, კოკაინისგან კაიფს იჭერდა და ამ დროს, ვიღაცამ მის გვერდით მჯდომ ბიჭს ესროლა.

ტყვია ჯერ მის მეგობარს შეეხო, შემდეგ კი სლიმის ქუდი გახვრიტა. ის არც განძრეულა, უბრალოდ, ქუდი მოიხადა და ნახვრეტი დაათვალიერა. ამ შემთხვევის შემდეგ მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს - "აისბერგი" ეწოდებინათ.

ლეონს აისბერგთან შეხვედრა ვთხოვე. მეორე დღეს გამომიარა და ერთად წავედით სლიმთან. კრენშოუს საშინელ რაიონში, ბინძურ სახლში ჰქონდა ბინა.

უკვე 70 წელს იყო გადაცილებული და მარტო ცხოვრობდა. შვიდი საათი გაუჩერებლად ვილაპარაკეთ. განვიხილავდით მის ცხოვრებას, მის წიგნებს. მეგონა, რომ ქუჩის ბიჭთან მომიწევდა ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ერუდირებული ყოფილა და ბრწყინვალედ ლაპარაკობდა. ზუსტად არჩევდა ყოველ სიტყვას. თავდაპირველად მეგონა, რომ განათლება ციხეში ჯდომისას მიიღო, სადაც ლექსიკონიდან შეისწავლა ეს სიტყვები.

მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ კოლეჯი დაუმთავრებია. მიჩვენა ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფოტოები. სიმპათიური და სასიამოვნო ბავშვი იყო. აისბერგი ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. ვერასოდეს იფიქრებდი, რომ ელაპარაკებოდი ადამიანს, რომელიც მთელი არსებით იყო ჩათრეული ცოდვების მორევში.

პირველი, რაც ვკითხე - მიაჩნდა თუ არა საკუთარი თავი საუკეთესო სუტენიორად?

- არა, სულაც არ ვარ საუკეთესო სუტენიორი. უბრალოდ, განათლება მივიღე, კითხვა და წერა ვიცოდი, შემეძლო ამ ისტორიების ჩამოყალიბება და გადმოცემა. მაგრამ სულ ეს იყო, რაც მქონდა. სხვა ბიჭები, უბრალოდ, მტარვალები იყვნენ, - მიპასუხა მან.

ბევრი ისტორია მომიყვა საკუთარ თავგადასავლებზე, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე იყო, რომ აღარ ამაყობდა ამ ამბებით. შვილები ჰყავდა, ამიტომაც, ასაკის მატებასთან ერთად, უკვე აღარ შეეძლო ძველებურად თამაში. მაგრამ, როცა მწვერვალზე იმყოფებოდა, ძალიან სასტიკად ექცეოდა თავის გოგონებს. მოგვიანებით გავიგე, რომ სუტენიორის ჯოხი ჰქონდა, რომელიც თავად გამოიგონა. მოღუნავდა ტანსაცმლის საკიდს, აცხელებდა ცეცხლზე მას და ამით სცემდა თავის მეძავებს. ხოლო, როცა წვიმა მოდიოდა, ასე არიგებდა მათ:

"ძუკნებო, გირჩევნიათ წვიმაში გახვიდეთ და ჩემთვის ფული იშოვოთ, მაგრამ არ დაასველოთ ის".

აისბერგი არ იყო ბედნიერი. ისიც არ გახარებია, მის სანახავად რომ მივედი. როგორც ჩანს, მიაჩნდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ის კლასიკური სუტენიორი იყო. როცა ხედავ მაღალ ქუსლებზე, ფერად ტანსაცმელში და ათას სხვა სისულელეში გამოწყობილ სუტენიორებს, გახსენდება ჯამბაზებთან შედარება, მაგრამ მათ უკიდურესი თავდაჯერება ახასიათებთ.

არ გვესმის, როგორ აიძულებენ თავიანთ გოგონებს, აკეთონ ეს. როგორც ჩანს, აქ საქმე თავდაჯერებაშია. ჩვენ ვიცინით ამ ბიჭებზე, მაგრამ, ამავდროულად, გვშურს მათი. როგორ ახერხებენ კონტროლის დაწესებას: რომ მათმა ქალებმა გააკეთონ ეს და შემდეგ გამომუშავებული ფული მათ მისცენ?

ვაგრძელებდი აისბერგთან ვიზიტებს. ერთხელ ჩემს ბრძოლაზეც დავპატიჟე, მაგრამ ეს მეტისმეტი იქნებოდა მისთვის. ძველ დროში უნაკლო გემოვნება ჰქონდა ჩაცმაში. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ასკოტის ჰალსტუხის (შარფივით ფართო ჰალსტუხი გადაჯვარედინებული ბოლოებით) ტარება. პირველი ზანგი იყო ფრანგული მანჟეტებით.

ამიტომაც, როცა ვუთხარი, გარეთ გამოსულიყო ჩემს ბრძოლაზე დასასწრებად, თავისი ძველი ტყავის კოსტიუმიდან უნდა გამომძვრალიყო, მას კი არ სურდა ამის გაკეთება. ის ყოველთვის მკაცრად მისდევდა თავის ბრენდს, ყველგან მკაფიოდ განსაზღვრული ხასიათით ჩნდებოდა.

"უნდა მეცვას ჩემი ტყავის შარვალი, დღეს კი არ მინდა ამის გაკეთება", - თქვა მან. მოწიწებით აღვნიშნე, რომ შემიძლია ეს ყველაფერი ვუყიდო, მაგრამ კეთილშობილი კაცი იყო და უარი თქვა ჩემს წინადადებაზე.

ერთხელ აისბერგთან დონ კინგი, რორი და ჯონ ჰორნი მივიყვანე. სლიმი საწოლში იყო პიჟამათი და ჩვენ, როგორც სკოლის პატარა მოსწავლეები, მის ფეხებთან ვისხედით ძველ, გაცვეთილ დივანზე. პატივს ვცემდით აისბერგს. როცა ვინმეს რაღაცის თქმა უნდოდა, ხელი უნდა აეწია: "ნებას მომცემთ, ბატონო აისბერგ?" - და მხოლოდ ამის შემდეგ სვამდა შეკითხვას. დარწმუნებული ვარ, ქედმაღალი დონ კინგისთვის კითხვის დასასმელად ხელის აწევა დამამცირებელი იყო. ერთხელ ხელი მე ავწიე:

- ბატონო აისბერგ, რაში მდგომარეობს სუტენიორის სამუშაო? იმაში, რომ გოგონა კონტროლქვეშ გყავდეს და აკეთებინო მას ის, რაც გინდა?

- არა, ეს სუტენიორობა არ არის, - მიპასუხა აისბერგმა მშვიდად. ნელა ლაპარაკობდა. - სუტენიორობა ისაა, როცა აკონტროლებ ყველაფერს, რაც აქ და ახლა ხდება. მე ვიცი, რა ხდება ახლა აქ. სუტენიორობას არაფერი საერთო არ აქვს ქალთან.

მისი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ ჩაითრიოს ქალი, მიიზიდოს, რის შემდეგაც, ქალმა თავად იცის - რა უნდა გააკეთოს. ის უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და ამისგან სიამოვნება მიიღოს. ქალები ჰიპნოზს ექვემდებარებიან. სუტენიორობა მათზე ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენს. საქმე იმაშია, რომ არ გჭირდება გოგონებისთვის დაძალება - გააკეთონ ის, რაც შენ გინდა. მათ თავად იციან, რა არის საჭირო. უნებურად, ამას სიამოვნებით აკეთებენ, ისინი სუტენიორობის ზემოქმედებით ჰიპნოზში შედიან.

ყველაფერი სწორედ ასე ხდება, შეგიძლია მათ გაუკეთო ყველაფერი, რაც გსურს. მათ შენთვის ფული მოაქვთ და საბოლოო ჯამში, საერთო სურათი იკვრება. თუ გესმის ისტორიები ახალგაზრდა ბიჭებზე, რომლებიც იქ ვიღაცეებს სცემენ - იცოდე, რომ ეს ასე არ არის. ქალი თავად აკეთებს არჩევანს. ყველაფერი მისი ნებით ხდება და არა ძალდატანებით.

ვისმენდით ამ ყველაფერს და ვფიქრობდით: "რა სისულელეა?" იძულებული ვიყავი, დამეზუსტებინა დონთან - ეს მართლა აისბერგია ჩვენ წინაშე, რადგან მისი სიტყვები სიმართლედ აღვიქვი. მაგრამ დონ კინგიც მოსახლეობის იმავე კატეგორიას მიეკუთვნებოდა, როგორსაც მე, ამიტომაც მან დაადასტურა, რომ ეს ნამდვილი აისბერგი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პიჟამაში იყო, იგრძნობოდა მისი ქარიზმა. მან იცოდა, რომ ჩვენ მივედით მისთვის პატივის მისაგებად და მისგან ცოდნის მისაღებად. ჩვენ შეკვეთით შეკერილი ათასდოლარიანი კოსტიუმები გვეცვა, ბრწყინვალე ტყავის საფულეები გვქონდა - მაგრამ ამას მასზე იოტისოდენა შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია. ის გველოდა ჩვენ, იცოდა, რომ მასთან უნდა მივსულიყავით. ისეც ხდებოდა, რომ კლუბში დროის გასატარებლად წასვლამდე, აისბერგს მოვინახულებდით და მისგან კურთხევას ვიღებდით.

- როგორ არის საქმე, აისბერგ? დღეს საღამოს გასეირნებას ვაპირებთ, - ვამბობდი მე.

- კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავი, ყმაწვილო. როცა გართობას დაიწყებ, უფლება არ მისცე გოგონებს, შეგეხონ. ვიცი, რომ ძალიან ცნობილი ხარ და ეს შენთვის რთულია. პირიქით, სურვილი გაქვს, გოგონებმა დაგიპყრონ. მაგრამ ასე არ უნდა გააკეთო, შვილო. უთხარი მათ: "მომაშორე შენი ხელები! რა გაქვს ჩაფიქრებული, გოგონა? ვინ არის შენი პატრონი? ნუ მეხები". შენ კი ყველას უფლებას აძლევ, შეგეხოს, იცინი. მაიკ, ეს არასწორია. მესმის, შენ ახლა საზოგადოების ელიტაში ტრიალებ, მაგრამ არ უნდა მისცე ამ ქალბატონებს უფლება, ასე მოგექცნენ. რა გჭირს, ვიღაც მახინჯი ხომ არ ხარ?

შენ უნდა უთხრა მათ: "შეიძლება შენ აგირჩიო, მაგრამ ჯერ უნდა გავიცნო შენი პატრონი. ის სოლიდური ფიგურაა?" შენ უნდა გაიგო მისი წარმოშობა. თუ მას უტვინო სუტენიორი ჰყავს ორდოლარიანი სპორტული ფეხსაცმელებით, უმჯობესია, მასთან საქმე არ დაიჭირო.

აისბერგი კმაყოფილი ჩანდა თავისი ცხოვრებით. მასში არ იგრძნობოდა არადამაჯერებლობა. ის ნახევრად დანგრეულ მრავალბინიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც, ყველაზე დიდი, 50 ათასი დოლარი ღირდა. მე საფულეში იმაზე მეტი ფული მქონდა, ვიდრე აისბერგის მთელი სახლი ღირდა. მაგრამ ჩვენ მას პატივს ვცემდით. სანამ იმ დღეს მისგან წავიდოდით, დონ კინგს ვუბრძანე, აისბერგისთვის ცოტა ფული მიეცა. დონმა ათი ათასი ჩაუთვალა.

მეორე დღეს აისბერგმა მთელი ლექცია წამიკითხა.

- მაიკ, ძალიან სახიფათო ბიჭი ხარ. თუ ასე გააგრძელებ, ქალებთან მთელი ცხოვრება პრობლემები გექნება, რადგან ყველასთან გაქვს სექსი, შემდეგ კი გინდა, მათ ყველაფერი მისცე, რაც გაქვს. ჩემო ბიჭო, ყოველთვის გექნება პრობლემები ქალებთან. ვხედავ, რომ ცდილობ, ყველა ქალი დააკმაყოფილო და ყოველთვის რაღაცას კარგავ. საშუალებას აძლევ, დაგიპყრონ. შენ უნდა იმოქმედო, გარისკო, შენ ძალიან ემოციური ხარ ქალებთან. ყოველთვის გექნება მათთან გარკვეული კავშირები ან მათ ექნებათ შენთან კავშირი, ამიტომაც შენ უნდა დაიკმაყოფილო საკუთარი გრძნობები. ეს ძალიან სახიფათოა, სახიფათო თავად შენთვის. საკუთარ თავზე ზეწოლა გექნება, ვეღარ იგრძნობ თავს ნორმალურად, ვეღარ დააკმაყოფილებ ქალებს. ყველა ეს პრობლემა დედაშენიდან მოდის. ეს არის მასთან შენი ურთიერთობების ასახვა.

აისბერგი ავად იყო და სიკვდილისთვის ემზადებოდა. მან მითხრა, რომ უნდა ისეთ კუბოში მოათავსონ, რომელსაც მიწის ზემოთ კედელში ჩაატანენ, რათა მას მატლები და ტარაკნები არ მისწვდნენ:

- მისმინე, მაიკ. არ მინდა მიწაში ვიწვე, კედელში მინდა. არ მსურს ტარაკნებმა და მატლებმა შემჭამონ. მე ლამაზი ვარ, მაიკ. არ მინდა, მათ ჩემი თვალები შეჭამონ. მე ბევრი რამ მივეცი სამყაროს, მაიკ.

აი, ასეთი ქედმაღლები არიან სუტენიორები. სუტენიორს უნდოდა, საკუთარ დასაფლავებას დასწრებოდა, რომ ენახა - ვინ მივიდა დაკრძალვის ცერემონიაზე. მას არ აღელვებს სიკვდილი. მას უბრალოდ უნდა დარწმუნდეს, რომ მთელი მსოფლიო მივიდა მასთან გამოსათხოვებლად.

ჩემი საფულიდან 25 ათასი დოლარი მივეცი და ზრდილობიანად ვუთხარი:

"მეგობარო, ნუ ნერვიულობ ამაზე. ეს შენ კედლისთვის". აისბერგმა ფული გამომართვა და მიპასუხა: "ჯანდაბა!" არც ერთხელ არ თქვა:

"მადლობა". აი, რატომ მიყვარდა ის. ბოლომდე გაძლო. ვფიქრობ, ელოდა, რომ მე ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რომ საკუთარი ფული მივეცი. სუტენიორების უმრავლესობა არ ზრუნავს არავისზე, მაგრამ ვიცოდი - ის სხვანაირი იყო. მე რომ ის კარგ ადამიანად არ ჩამეთვალა, ფულს არასოდეს მივცემდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული