დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
რობინთან ქორწინების შემდეგ, ერთი კვირის თავზე, ღამე კატსკილში გავათენე.

ღამით დიდი თოვლი მოვიდა, ამიტომაც ბილ კეიტონს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვერ მოვახერხებდი ქალაქში დაბრუნებას. ბილი ახალი კონტრაქტის გაფორმებას მთხოვდა. მასში შეიტანეს ცვლილება - ჯიმის ან ბილის სიკვდილის შემთხვევაში, მათ კუთვნილ წილს მათი მეუღლეები მიიღებდნენ.

თითქოს უწყინარი პუნქტი იყო, მაგრამ უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში, როცა ბილმა ოლბანის პოლიციის კომისარს სთხოვა, ჩემთან პოლიციის მანქანა გამოეშვა და მას ქალაქში დავებრუნებინე. მათ სურდათ, რომ ეს დოკუმენტი სასწრაფოდ გაფორმებულიყო. ჯიმი და ბილი
იქ ხოსე ტორესთან ერთად იყვნენ.

ხოსე ნიუ იორკში კრივის კომისრის რანგში წარადგინეს, მაგრამ მიმაჩნია, მისი იქ ყოფნა ემსახურებოდა მისი მეგობრების - ჯიმისა და ბილის დახმარებას.

ჩემი შემდეგი ბრძოლა ტონი ტაბსთან იაპონიაში გაიმართა. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ცნობილი ადამიანი ვიყავი, იაპონიაში ჩემმა პოპულარობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა.

როცა ჩემი თვითმფრინავი იაპონიის მიწაზე დაეშვა, მასობრივი ისტერია დაიწყო. ჩემ გარშემო ათასობით ხმაურიანი ფანი აღმოჩნდა. ჩვენი ბრძოლა პირველი ღონისძიება იყო "ტოკიო დოუმში". ეს იყო ახალი სტადიონი, რომელიც 65 ათას მაყურებელს იტევდა. მას შემდეგ, რაც ბილეთების რეალიზაციის შესახებ გამოცხადდა, 80 პროცენტი ერთ საათში გაიყიდა.

იაპონელმა პრომოუტერმა, ბატონმა ჰონდამ თავისი არჩევანი ტონი ტაბსზე იმის გამო შეაჩერა, რომ ეგონა - მას ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, ბოლო რაუნდებამდე გაეძლო ჩემ წინააღმდეგ და დაეკმაყოფილებინა პუბლიკა.

ტოკიოში რობინიც შემომიერთდა და ლარი მარჩანტმა უშუალოდ ბრძოლის წინ აიღო მისგან ინტერვიუ.

- ცნობისმოყვარე მაყურებელს სურს იცოდეს: ქალმა, რომელიც სარა ლოურენსის კოლეჯში და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში დადიოდა, ასე დაუფიქრებლად როგორ შეიყვარა ბიჭი, რომელმაც ცხოვრების სასტიკი სკოლა დაამთავრა? - იკითხა მან.

- ღმერთო ჩემო, მეც მინდა ეს ვიცოდე! ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ორივენი ჩვეულებრივი ოჯახებიდან მოვდივართ. ერთგვარად, ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. თავიდან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს გავიარეთ - და ვიქორწინეთ.

ჩვეულებრივი ოჯახებიდან? შესაძლოა, ეს ჩვეულებრივი იყო აისბერგ სლიმისთვის, მაგრამ რობინს ყოველთვის მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ბრძოლა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. პირველივე რაუნდში მოვუნახე ტაბსს გასაღები და მიხაროდა, რომ ის არ ცდილობდა კლინჩში შესვლას. მას უჭირდა ბრძოლის წარმართვა, რადგან ზედმეტი წონა ჰქონდა. მეორე რაუნდში დარტყმები გავცვალეთ და მე ის შევაზანზარე საფეთქელში დარტყმით. შემდეგ იყო ხისტი დარტყმები კორპუსში და როცა ის ბაგირებს მოშორდა, ძირს დავაგდე მარცხენა ჰუკით.

როცა ლარი მარჩანტი ბრძოლის შემდეგ ჩემგან ინტერვიუს იღებდა, ჩვეულებრივი განდიდების მანიით ვიყავი შეპყრობილი:

- არ მინდა, რომ მირტყამდნენ. არ მსურს, ვინმემ რინგზე წამაქციოს. არ მაქვს წაგების სურვილი!

უკან, ნიუ იორკში დაბრუნებისას, რობინი თვითმფრინავში თავის ავტორიტეტს იყენებდა. მან ბილ კეიტონი კუთხეში მიიმწყვდია და გამოუცხადა: "მე მისის ტაისონი ვარ, აქ მე ვარ მთავარი". მან მოითხოვა, ეჩვენებინათ მისთვის ყველა დოკუმენტი, რომელიც ბილთან და ჯიმისთან დადებულ ჩემს ხელშეკრულებას ეხებოდა. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, წიგნები მოეთხოვა.

იქ რომ ჯიმი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სიტუაცია ასე არ გამძაფრდებოდა. ის ხალხს უფრო ადამიანურად ექცეოდა, ვიდრე ბილი. მაგრამ ჯიმი იძულებული გახდა, გამოეტოვებინა ეს ბრძოლა, რადგან ნიუ იორკში საავადმყოფოში იწვა. მან მომატყუა, როცა მითხრა, რომ არ შეუძლია ბრძოლაზე დასწრება, რადგან შავი მოკრივეების იშვიათი კადრების მოძიებას აპირებს.

არავინ მეუბნებოდა, რომ ჯიმი სერიოზულად იყო ავად. ამიტომაც, როცა რობინმა რამდენიმე დღის შემდეგ ლიმუზინში დამირეკა, ახალი ამბით სახტად დამტოვა.

- მაიკ, ჯიმი გარდაიცვალა, - მითხრა მან.
ამ ამბავმა მიწა გამომაცალა. დიდი ხანი ვიცნობდი ჯიმის. ვგრძნობდი, რომ კასმა სწორედ ჯიმის მიანდო ჩემი თავი. თუ კასი ჩემთვის მამასავით იყო, ჯიმს ძმად მივიჩნევდი. ამიტომაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი დამწუხრებული ვიყავი. ჯიმი ცხრა წელი იტანჯებოდა ქრონიკული ლიმფოლეიკოზით და მიმალავდა ამას. სავარაუდოდ, ბილი ამიტომაც ითხოვდა ჩემთვის პოლიციის ესკორტს, რომ ტაბსთან ბრძოლამდე გამეფორმებინა ახალი კონტრაქტი.

მომდევნო დღეს, ლოს ანჯელესში გავფრინდი ჯიმის დაკრძალვაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ წურბელები გარს შემომეხვივნენ, რადგან მათთვის ახალი სარფიანი საკბილო გავხდი. იქ იყო დონ კინგი და ჩვენ ერთად მიგვქონდა კუბო. გამიკვირდა, რომ ბილმა დონ კინგი აირჩია, რადგან ადრე ის ცდილობდა ჩემი ბრძოლების საორგანიზაციო საქმეებიდან დონის ჩამოშორებას.

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დონ კინგს ზეწოლა ჰქონდა მასზე და დაჰპირდა ბილს, რომ შეძლებდა ჩემთან გამკლავებას. მე და კეიტონი ხომ ასე ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან. სამგლოვიარო ცერემონიისას, დონ კინგი და ხოსე ტორესი ეკლესიის უკან იდგნენ. სავარაუდოდ, საქმეებს განიხილავდნენ. დარწმუნებული ვარ, ხოსე ანკესს აგდებდა მართვის საკითხებში შესაძლო მონაწილეობაზე, რომელიც მე მიკავშირდებოდა. ამის შემდეგ, სულ მალე ის ძველი სამუშაოდან წამოსვლას აპირებდა.

სანამ დაკრძალვაზე ვიყავი, რობინმა და დედამისმა სცენა მოაწყვეს ნიუ იორკის ბანკის, "მერილ ლინჩის" ოფისში, რომელიც ჩემი ფინანსებით იყო დაკავებული. ბერტ შუგარი, დაფასებული ჟურნალისტი კრივის სამყაროში, შემთხვევით აღმოჩნდა ოფისში და საკუთარი თვალით იხილა, როგორ უყვიროდნენ რობინი და დედამისი ბანკის თანამშრომლებს.

- მოგვეცით ჩვენი ფული! - ითხოვდნენ ისინი. როცა ჩემმა მენეჯერმა ამაზე უარი განაცხადა, რობინმა მას "ნაბიჭვარი" უწოდა. მათ ხელზე 5 მილიონი დოლარის გამოტანა უნდოდათ, რომ ჩვენთვის ნიუ ჯერსიში სახლში ეყიდათ, რომელსაც რობინის დედამ დაადგა თვალი. იქამდე, სანამ ლოს ანჯელესში გავფრინდებოდი, რუთმა მაიძულა, ხელი მომეწერა მინდობილობაზე, რათა მათ შეძლებოდათ ჩემი ანგარიშიდან ფულის მოხსნა.

დილით, დაკრძალვის დღეს, რობინმა დამირეკა "ლინჩის" ოფისიდან და ყურმილი მენეჯერს გადააწოდა. მან ამიხსნა, რომ ჩემი ფული ჩადებული იყო მოკლევადიან ინვესტიციებში და 14 აპრილიდან არ დაიბეგრებოდა.

მათგან მიღებული პროცენტი საშუალებას მომცემდა, დამეფარა გადასახადების დიდი ნაწილი 1988 წელს. ამიტომაც მირჩია, არ გამომეტანა ეს თანხა. ყურადღებით მოვუსმინე მას და შემდეგ ვთხოვე - ფული გაეცა მათთვის. შეყვარებული ვიყავი. და სრული იდიოტი.

რუთმა ძალიან კარგი სახლი გვიპოვა - ნიუ ჯერსის შტატში, ბერნარდსვილში, ნიუ იორკიდან დასავლეთით 30 მილის მანძილზე. საავტომობილო მოძრაობა არ იგრძნობოდა, თითქოს სახლი 300 მილზე იყო ქალაქიდან.

ეს იყო ქვის დიდი სახლი, რომელიც ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, რუზველტის გენერალური მდივნის თანაშემწეს ეკუთვნოდა. მოვიწვიე ერთი ესპანელი ქალი, რომელიც დიზაინზე იზრუნებდა, ავირჩიეთ უმაღლესი ხარისხის მდიდრული ავეჯი.

თითოეულ ოთახს თავისი სტილი ჰქონდა. იმ დროს ეს არ ვიცოდი, მაგრამ თურმე, რუთი ჩემს მეგობრებში დადიოდა და სთავაზობდა მათ, ჩვენთვის საქორწინო საჩუქრები გაეკეთებინათ, რადგან ავეჯი არ გვყოფნიდა. ახლა ხომ გესმით, როგორ ძუკნებთან მქონდა საქმე?

მაგრამ ამ სახლში მცირე დროს ვატარებდი. როცა რობინი მუშაობდა, ერთად ლოს ანჯელესში მივფრინავდით. იქ იყო მისი სამუშაო. პერიოდულად, საღამოებს ვაწყობდით. რობინი და რუთი ვერ იტანდნენ ჩემს მეგობრებს ბრაუნსვილიდან.

ისინი პატივმოყვარე ადამიანების როლს თამაშობდნენ და არ სურდათ გეტოდან გამოსული ბიჭების დონემდე დაშვება. ერთხელ რობინმა საღამოსთვის ბიოტუალეტებიც კი შეუკვეთა, რადგან არ უნდოდა, ჩემს მეგობრებს სახლის ტუალეტებში მოესაქმათ.

იმავე დღეს, როცა "მერილ ლინის" ოფისში იჩხუბეს, რობინი და რუთი კეიტონის ოფისს დაუკავშირდნენ მოთხოვნით - გაცნობოდნენ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც მე მეხებოდა. როგორც კი ვიქორწინეთ, თითქოს რაღაც ჩაირთო: რობინი უფრო მომთხოვნი გახდა, უკვე ბევრი რამ არ აწყობდა. მას და დედამისს უფრო მეტი ძალაუფლება უნდოდათ ჩემზე. დავიღალე ამისგან და სულ უფრო და უფრო მეტი სექსი მქონდა სხვა გოგონებთან.

ერთხელ მე, რობინი და რუთი მანჰეტენის ცენტრში ზანგური სამზარეულოს რესტორანში ვიყავით. რობინმა ჯიბეში ჩამიყო ხელი ფულის ამოსაღებად და... რამდენიმე პრეზერვატივი ამოყვა. გაცოფდა, თუმცა რუთი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. "რობინ, ეს ნორმალურია, ასეთი რამ ხდება ქორწინების დასაწყისში", - თქვა მან.

ვფიქრობ, მას არ უნდოდა გაენაწყენებინა ის ქათამი, რომელიც ოქროს კვერცხებს დებდა. როცა რესტორნიდან გამოვედით, რობინი ჯერ ისევ აღშფოთებული იყო. ასეთ მდგომარეობაში დაჯდა საჭესთან. ისედაც ცუდად მართავდა მანქანას, ამჯერად კი, ისე იყო გაბრაზებული, რომ თავისი "ბენტლით" წინ მიმავალი მანქანა გაიტანა.

ამ ავტომობილის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და ყვირილი დაგვიწყო. ხელი ჰქონდა დაზიანებული. მას შემდეგ, რაც 20 ათასი დოლარი ჩავუთვალე, ის პირდაპირ მეზობელ კვარტალში მდებარე ტოტალიზატორში გაიქცა.

შემდეგ სცენაზე გამოვიდა ორი პოლიციელი. არ მინდოდა რობინს უსიამოვნებები ჰქონოდა, ამიტომაც ბრალი საკუთარ თავზე ავიღე და ვუთხარი მათ, რომ საჭესთან მე ვიჯექი. ამ დონეზე ვიყავი მაშინ შეყვარებული. მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ძალიან მოხარული იყო ჩემთან შეხვედრით. მის თვალებში ქურდობისკენ მიდრეკილება შევნიშნე. ისე აქებდა ჩემს მანქანას, რომ ცხადი გახდა: ქრთამს აიღებდა. ამიტომაც შევთავაზე მას ავტომობილი, თუ მომხდარის შესახებ არ განაცხადებდა.

- არ შემიძლია ამის გაკეთება, - თქვა მან.
- შეგიძლიათ, - შევეწინააღმდეგე მე. - ძალიან ბევრს მუშაობთ, ყოველდღე რისკავთ საკუთარი სიცოცხლით. თქვენ ეს დაიმსახურეთ.
- "ბენტლის" რა თავში ვიხლი? - მკითხა მან.
- ნაწილებად გაყიდე, - შევთავაზე მე.
- ნუ მეუბნები ამას, - ისეთი ტონით თქვა, თითქოს სწორედ ამ ვარიანტზე ფიქრობდა.

იმ დროისთვის, რობინი დედასთან ერთად ტაქსით უკვე გაქცეული იყო დანაშაულის ადგილიდან. სანამ პოლიციელი ჩემს წინადადებაზე ფიქრობდა, სცენაზე გამოვიდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ მასაც მოტყდა ხელი ამ ინციდენტის დროს. პოლიციელი მაშინვე ეცა მას.
- არ ვაპირებ შენს მოსმენას! დაიკარგე აქედან! - დაუყვირა მას.

დავტოვე მანქანა, ტაქსი ავიყვანე, რომ კეიტონის ოფისამდე მიმეღწია. იქიდან პოლიციაში დავრეკე: "ჯანდაბა, ჩემი "ბენტლი" მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი მანქანა!" იმავე დღეს უკან მივიღე.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარგმნის ვინმე შემდეგს???? ერთ მთარგმნელზე ხართ დამოკიდებული? ალოოოოო???????
0
სად დაიკარგეთ!?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული