დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
რობინთან და დედამისთან რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ მივხვდი, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. ამიტომაც დავურეკე ჯინ კილროის, მუჰამედ ალის მარჯვენა ხელს.

- ამ ქალებს ჭკუიდან გადავყავარ. როგორც მონას, ისე მეპყრობიან. დედამისი ისე მელაპარაკება, თითქოს მისი ქმარი ვიყო, - შევჩივლე მე.

არა მხოლოდ რობინი და დედამისი, გარშემო ყველა იბრძოდა ჩემ გასაკონტროლებლად მას შემდეგ, რაც სცენიდან ჯიმი ჯეკობსი გავიდა. ამ ქალბატონებმა ადვოკატ მაიკლ უინსტონის თანდასწრებით ჩემთან და ბილისთან შეხვედრა გამართეს. მათ მიიღეს ყველა ფინანსური დოკუმენტი, მაგრამ იქ ვერაფერი გაიგეს, ამიტომაც დონ კინგს უჩვენეს. მას კი
სწორედ ეს სჭირდებოდა. დონმა დაიწყო რობინისა და რუთის ამხედრება კეიტონის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელი ცდილობდა ჩამოეცილებინა დონ კინგი ჩემი სარეკლამო კამპანიისგან.

სინამდვილეში, ყურადღებას არ ვაქცევდი მთელ ამ ინტრიგებს, რომელსაც ჩემ გარშემო ხლართავდნენ. ივნისში მელოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა კარიერაში - გადამწყვეტი შერკინება მაიკლ სპინქსთან, რომელიც, ბევრის შეგნებაში, მძიმე წონაში სახალხო ჩემპიონი იყო. თუ ის უარს იტყოდა ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე, მაშინ უნდა დაეთმო IBF-ის საჩემპიონო ქამარი. მონდომებით ვვარჯიშობდი. არ მაინტერესებდა სტრიქონ-სტრიქონ ჩემი კონტრაქტების შესწავლა. ამ მხრივ, სრული უმეცარი ვიყავი.

ჩვენ წავედით "მერილ ლინის" ოფისში და 10 მილიონი დოლარი გადავრიცხეთ მეორე ბანკში, რათა ამ ქალბატონებს აღნიშული თანხით უპრობლემოდ ესარგებლათ. სხვათა შორის, ამ საბანკო ოპერაციამდე დაახლოებით ნახევარი მილიონი დავხარჯე ორივესთვის საიუველირო ნაკეთობებზე, ტანსაცმელსა და ბეწვეულზე; აგრეთვე, 85 ათასი დოლარი გადავიხადე რობინის ახალ BMW-ში.

იქამდე, სანამ "დიეტური პეპსის" რეკლამაში გადამიღებდნენ, რუთმა კამერები გამოართვევინა და კეიტონზე შანტაჟი გაუვიდა - ბილი დათანხმდა თავისი მოგების წილის 33-დან 25 პროცენტამდე შემცირებას. ეს კარგი ამბავი იყო. მენეჯერთა უმრავლესობა მხოლოდ 10 ან 15 პროცენტს იღებდა, ის კი ჩემი სარეკლამო შემოსავლებიდან მესამედს ითვისებდა.

მაისის ბოლოს, რუთის ერთგულმა ფინიამ, ადვოკატმა უინსტონმა სარჩელი შეიტანა კეიტონის წინააღმდეგ - უნდოდა ის ჩემი მენეჯერობიდან ჩამოეშორებინა. მე წინააღმდეგი არ ვიყავი. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭები ჯიმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მატყუებდნენ, მათ მიმართ ნდობა დავკარგე. ვგრძნობდი, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დამეწყო.

მაცოფებდა აზრი იმის შესახებ, რომ მათი მონა ვიყავი - უბრალოდ, შეეძლოთ ჩემი თავი წაერთვათ ბილისთვის. არ ვიცოდი, რა ამერჩია. ძველებურად, არ მქონდა სრული სიცხადე ჩემს საკრივო კარიერასთან დაკავშირებით. როცა ბრძოლას ვატარებდი, მის დასრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ, როცა ბრძოლები არ მქონდა, ჩხუბი მინდოდა. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ვიყავი.

რობინმა განაცხადა, რომ მუცელი მოეშალა. ამტკიცებდა, რომ ჩვენი ქორწინების მომენტში სამი თვის ფეხმძიმე იყო. ახლა ივნისი იყო, ის არ მუშაობდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მუცელი მოეშალა და მთელ დროს საწოლში ატარებდა. დღეს მიხარია, რომ ბავშვი არ გვყავს, არადა, ჩემს რაღაც ნაწილს სურდა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რობინს საერთოდ არ უნდოდა ჩემგან შვილი. მას სიკვდილი ერჩივნა, ვიდრე შავი ჩვილის მოვლა, რომელიც მე დამემგვანებოდა.

უკვე ნერვებზე მოქმედებდა ზეწოლა, რომელსაც ჩემზე ახორციელებდნენ. შევხვდი კრივის თემაზე მწერალ ჟურნალისტებს და გამოვუცხადე მათ, რომ ჩემი მოთმინება ილევა და თვითკონტროლს ვკარგავ:

- თქვენ ადამიანებს ცხოვრებას უფუჭებთ. წესით, თქვენთვის თავები უნდა გამეტეხა. აი, ჩემი მეუღლე და სიდედრი კი ნაკუწებად გაქცევენ. როცა რინგზე ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. იოლია პრობლემების დავიწყება მაშინ, როცა თავში გირტყამენ. კრივის ბიზნესის საქმოსნები არაფრად ვარგიან.

აქამდე მეგონა, რომ ადამიანები, საიდანაც მე მოვდივარ, სერიოზული დამნაშავეები არიან. მაგრამ ეს ბიჭები უფრო დიდი თაღლითები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები ჩემი რაიონიდან. ისინი არ იცავენ ჩემს ინტერესებს. ამტკიცებენ, რომ აკეთებენ ამას, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ისინი ამბობენ: "მე გავაკეთე თქვენთვის ეს, აი, კიდევ ეს", - მაგრამ არ არის მართალი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავენ. და თუ მე რაღაცას ვიღებ, ისინი კიდევ უფრო დიდ პროცენტს ისაკუთრებენ.

იმ პერიოდში შელი ფინკელს დავურეკე, რომელიც ყველაზე ნორმალური ადამიანი იყო კრივის ბიზნესში:

- შელი, ვგრძნობ, რომ მზად ვარ, რობინი ან კეიტონი მოვკლა.

შელიმ მაშინვე დაურეკა კეიტონს და ურჩია ჩემთან და რობინთან დალაპარაკება, მაგრამ კეიტონმა უპასუხა, რომ პირადად მე უნდა ვეახლო მას. კეიტონს არ შეეძლო მეგობრობის ხელის გამოწოდება მაშინაც კი, როცა ეს მჭირდებოდა.

რობინმა და დედამისმა თავიდანვე მიღალატეს. პრინციპში, ჩემთვის ეს სულერთი იყო. ისინი არ გამოირჩეოდნენ მოთმინებით და არ შეეძლოთ ჩვენი ქორწინების შენარჩუნება. როგორც ჩანს, ასე ფიქრობდნენ: "თუ კიდევ ცოტა ხანი გავძლებთ, მივიღებთ ფულს, მაგრამ, ღმერთო, ეს ბიჭი ისეთი დარტყმულია..."

ამიტომაც ისინი შეუდგნენ ალტერნატიული გეგმის შესრულებას.

13 ივნისს, სპინქსთან დიდ ბრძოლამდე ორი კვირით ადრე, "ნიუსდეის" ჟურნალისტს, უოლი მეტიუსს ოლგამ დაურეკა. ოლგა რუთის დამხმარე იყო, მისი მონა, თუმცა საკუთარ თავს რუთის ფსევდოკომპანიის ვიცე-პრეზიდენტად ასაღებდა. რუთს ოფისი ჰქონდა, რომლის საფასურს იხდიდა აღნიშნული კომპანიის ძირითადი ინვესტორი დეივ უინფილდი. რუთმა მას ფული იქამდე გამოსძალა, სანამ სასამართლოში უჩივლებდა ჰერპესის გადადების გამო.

ოლგამ უთხრა მეტიუსს, რომ რუთი და რობინი პრესის მხრიდან დევნას განიცდიან, ამიტომაც სამართლიანობის აღდგენა სურთ. ოლგამ განაცხადა, რომ მე ფიზიკურად ვუსწორდები ორივეს: რუთსაც და რობინსაც. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ, არასოციალური ვარ და არ ვარ მზად კოლექტივში ცხოვრებისთვის.

უოლიმ, როგორც კარგმა რეპორტიორმა, განუცხადა, რომ ყველაფრის ფირზე ჩაწერა სურს. ოლგამ უპასუხა, რომ მოგვიანებით დაურეკავდა. მომდევნო დღეს მისი პასუხი ასეთი იყო: რუთსა და რობინს არ სურთ ფირზე რაიმეს დაფიქსირება, მაგრამ თანახმანი არიან ამ ამბის გამოქვეყნებაზე.

უოლიმ უპასუხა, რომ მტკიცებულება არასაკმარისია და აუცილებელია მოწმე. იმავე საღამოს ოლგამ რობინის დის ტელეფონი მისცა, რომელიც პორტუგალიაში იმყოფებოდა საჩოგბურთო ტურნირში სათამაშოდ.

უოლიმ დაურეკა სტეფანის და მან ყველაფერი დაადასტურა - განაცხადა, რომ მთვრალი მივედი ლოს ანჯელესში რობინის კომედიურ შოუზე, იქ ყველაფერი დავამსხვრიე, უწმაწურ სიტყვებს ვისროდი და რობინს თავში მუშტი ჩავარტყი. "მან იცის, როდის და როგორ დაარტყას რობინს, რომ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს". ამასთან, სტეფანიმ დაამატა, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის, რადგან, უბრალოდ, არასოციალური ადამიანი ვარ.

უოლის შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამასხარავებდნენ - ოლგა და სტეფანი თითქოს ერთსა და იმავე სცენარს კითხულობდნენ. საბოლოოდ, უმოწყალო რუთმა ის თავის "ოფისში" დაპატიჟა. უოლი მივიდა. იქ ბნელოდა. იქაურობა ოდნავ საშიშიც იყო, როგორც ჯადოქრის ოთახში. კედლებიც კი მუქი იყო. "ოფისში" უინსტონი დახვდა - მათი ადვოკატი და ერთგული ფინია. მან უოლის აუკრძალა ფირზე რაიმეს ჩაწერა.

მაგრამ ეს ბიჭი მოხერხებული იყო - შეუმჩნევლად ჩართო ჯიბეში დამალული მაგნიტოფონი. რუთმა თქვა, რომ ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა კეიტონის მოღვაწეობის გამო გადაწყვიტა. მას სურდა, რომ მე საკითხის ფინანსური მხარე გამეაზრებინა: აუცილებელია, რომ რობინი, ჩვენი შვილები და მე უზრუნველყოფილნი ვიყოთ საარსებო წყაროთი.

- მე ხომ მართლა შევიყვარე მაიკი, - უთხრა მან უოლის. - ეჭვგარეშეა, მასაც ვუყვარვართ მე და რობინი.

ის ამტკიცებდა, რომ კეიტონმა აამხედრა მის წინააღმდეგ პრესა. გარდა ამის, მან მიიღო სატელეფონო ზარები სიკვდილის მუქარითა და უხამსი წინადადებით. ასეთ სტილში აგრძელებდა საუბარს ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ, ყველასთვის გასაკვირად ("სიურპრიზი! სიურპრიზი!"), ოფისში რობინი შემოვიდა.

- დედა, არც კი ვიცოდი, რომ ღონისძიება გქონდათ, - გრძნობებმა შეუტიეს. - პრესაც აქ ყოფილა!
რამდენიმე წამის შემდეგ რობინი უკვე ტიროდა. "დიახ, - ქვითინებდა ის. - მაიკმა დამარტყა".
- მაშ, ეს სიმართლეა? - იკითხა უოლიმ.
- თქვენ ჩემზე არ უნდა მიუთითოთ. არ ჩაიწეროთ ეს, - ხაზი გაუსვა რობინმა.

მაგრამ შემდეგ თქვა: "გაცნობის შემდეგ, ამ ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში, მაიკი ძალიან შეიცვალა. მართლაც ვგრძნობ, რომ მაიკი არასოციალური პიროვნებაა. ის მხოლოდ 21 წლისაა, პატარა ბიჭია".

მეორე დღეს უოლიმ ატლანტიკ-სიტიში დამირეკა, სადაც საწვრთნელი შეკრება მქონდა. მას ჩემი რეაქცია აინტერესებდა ისტორიაზე, რომელიც ჩემმა ცოლმა და სიდედრმა მოუყვეს. შეტყობინება დატოვა და მე დავურეკე.

- რა მოხდა? საჩქაროა? პრობლემები მაქვს? უბედურება დამატყდა თავს?

მოვისმინე უოლის მონათხრობი ჩემი მხრიდან რუთისა და რობინის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაზე. რა თქმა უნდა, უარვყოფდი მთელ ამ სისულელეს. მან მკითხა - როგორ ვგრძნობდი თავს ჩემი ოჯახის წევრების ამგვარი გულახდილობისგან.

- შესანიშნავად ვგრძნობ თავს. თქვენ ახლა ბევრ რამეზე ამიხილეთ თვალი. თუ შენ არ შეგიძლია რაიმე ცუდი თქვა ადამიანზე, დაუძახე მას ნაძირალა და იქვე დაამატე, რომ გიყვარს ის. პრინციპში, მათ ილაპარაკეს იმაზე, რომ არაფრად ვვარგივარ.

ჩემთვის ეს გაუგებარია. შესაძლოა, ისინი არ აღმიქვამენ, როგორც მამაკაცს. ხომ გესმით, რა მაქვს მხედველობაში? შესაძლოა, მე მათთვის ბოლომდე მამაკაცი არ ვარ. როგორმე გადავიტან ამას. ყოველთვის ვიპოვი ხერხს, გადავიტანო ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, რობინი ესტუმრა ნიუ იორკის ადგილობრივი ტელეარხის ხუთსაათიან პროგრამას, სადაც განაცხადა, რომ ჩემი ანგარიშებიდან 20 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ დედამისს კერძო დეტექტივები უთვალთვალებდნენ და რომ კეიტონმა კლემენტსს 50 ათასი შესთავაზა, რომ განქორწინებაში დაგვხმარებოდა. დასასრულ, მან სრულიად დაუჯერებელი ფრაზა წარმოთქვა: "და ამ ყველაფერს ორგანიზება მაიკმა გაუწია".

რა უნდა გამეკეთებინა? ესენი იყვნენ ბინძური და მდაბიო ნაძირლები. ვფიქრობ, ჩემი ფულის გარდა, ისინი საკუთარ თავს აღმერთებდნენ და უნდოდათ, იმაზე მნიშვნელოვან პიროვნებებად გამოჩენილიყვნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ.

უოლის სტატია კვირის ნომერში უნდა გამოსულიყო, შაბათს კი ეს ორი ქალბატონი ჩემს საწვრთნელ ბანაკში მოვიდა. მათ არ უნდოდათ, ეს ყველაფერი წამეკითხა იქამდე, სანამ არ შემამზადებდნენ. გამომიცხადეს, რომ მათი სიტყვები დაამახინჯეს და იდიოტმა ტაისონმა მათი დაიჯერა.

- ათი წლის შემდეგ ბილი აღარ იქნება, ის მოკვდება, მე კი ისევ ჩემს მეუღლესთან ვიქნები - ვუთხარი პრესას. - ის ცდილობს ჩვენთვის პრობლემის შექმნას, წარმოაჩინოს ყველაფერი ისე, თითქოს მე არ შემიძლია საკუთარი მეუღლის გაკონტროლება და თითქოს რობინი ავანტიურისტია, რომელიც გათვლით დაქორწინდა.

რობინიც იქვე იყო და შემთხვევით ისარგებლა:

- ცდილობდნენ ჩვენი ოჯახის დანგრევას. იმის ნაცვად, რომ დაინტერესებულიყვნენ მაიკის საქმეებით, ვიღაცები ავრცელებენ ჭორებს იმის შესახებ, ვისთან მეძინა მე.

ეს იყო დღე, როცა კეიტონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ.

- ის მოღალატეა, ვერაგი და დაუნდობელი, - ვთქვი მე.

- ბილთან დაკავშირებით ყველაფერი დამთავრებულია, - დაიფიცა რობინმა.

ამასობაში, დაუნდობელი რუთი მეორე სტატიაში ამბობდა: "მე მას დედას ვუცვლი და არა მენეჯერს. დამაკავშირებელი რგოლი ვარ, რომელიც ჩემს ოჯახს ამყარებს. თუ მე დავეცემი, მთელი ოჯახი დაინგრევა".

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული