დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ალკოჰოლის და არა აბების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, როცა მცირე ქუჩური გარჩევა მქონდა მიტჩ გრინთან.

მას შემდეგ, რაც ის რინგზე დავამარცხე, საბოლოოდ გადავიდა ჭკუიდან - დააპატიმრეს ნარკოტიკებისთვის, გადასახადების დამალვისთვის, საწვავგასამართი სადგურის ძარცვისთვის... ამბობდნენ, რომ ამ ზანგმა შეიარაღებული ძარცვა მოაწყო სადგურზე. გაკოჭა მოსამსახურე, ის სალარო აპარატის ქვეშ შეტენა და ფულს იჯიბავდა იმათგან, ვინც საწვავის შესავსებად მიდიოდა.

და აი, აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთ საღამოს კლუბებში ვერთობოდი და გადავწყვიტე, მაღაზია "დაპერ დანსში" შემეხედა. იქიდან რაღაც ტანსაცმელი უნდა წამომეღო, რომელიც ჩემთვის გადადეს. ეს იყო ტყავის პიჯაკი
ზურგზე წარწერით: "არ დაუჯერო სიყალბეს".

ასე ერქვა ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Public Enemy-ის ერთ-ერთ სიმღერას. მქონდა დეიზი დიუკის სტილში თეთრი მოკლე შარვალი, რომელიც ამ პიჯაკს მოუხდებოდა. მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი და მინდოდა დაკუნთული ბარძაყების დემონსტრირება. ჰიპ-ჰოპის ყველა თაყვანისმცემელი და ნარკოტიკებით მოვაჭრე ტანსაცმელს მაღაზია "დაპერში" იძენდა. ის გვიანობამდე ღია იყო.

ამიტომაც იქ დილის ოთხი საათისთვის შევუხვიე. არც ჰიპ-ჰოპის თაყვანისმცემელი ვარ და არც ნარკომანი. უბრალო ქუჩის ბიჭი ვიყავი და ჩვენც ვსტუმრობდით ხოლმე "დაპერ დანს". ყოველთვის მიხაროდა სხვადასხვა ნაგვის შეძენა, ამიტომაც თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მაგრამ ჩემი განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როცა ეს არანორმალური ნაბიჭვარი მიტჩ გრინი მაღაზიაში შემოვარდა წელზემოთ შიშველი.

- აქ რას აკეთებ, ცისფერო? შენს ნაბიჭვარ დაქალთან, დონ კინგთან ერთად დამჩაგრეთ იმ ბრძოლაში! თქვენ - ნაბიჭვრების ხროვა ხართ! - ყვიროდა ის. - დააკვირდი, როგორ ლაპარაკობ! ნამდვილი ცისფერი ხარ!

იმ დროს უკვე თეთრების სამყაროში ვცხოვრობდი. ვცდილობდი ერთ-ერთი იმათგანი გავმხდარიყავი, მაგრამ, ამავდროულად, გულის სიღრმეში სისხლისმსმელ მკვლელად ვრჩებოდი. ამიტომაც საკუთარი თავის გაკონტროლება ვცადე, გავიხსენე ზოგიერთი თვისება, რომელიც ჯიმი ჯეკობსის მსგავსი ბიზნესმენებისგან გადავიღე.

- მიტჩ, შენ უნდა აწონ-დაწონო ის, რასაც აკეთებ. არ მგონია, რომ შენ მიერ არჩეულმა მოქმედების ტაქტიკამ შორეულ პერსპექტივაში სარგებლობა მოუტანოს შენს ჯანმრთელობას. უნდა გახსოვდეს, რომ უკვე დაგამარცხე რინგზე, - ვთქვი მე. - ამიტომაც, უმჯობესია, უახლოეს გასასვლელს მიაშურო.

- შენ არ გიცემივარ! - აგრძელებდა ყვირილს. - მე არაფერი მიჭამია! ეს ნაბიჭვარი დონ კინგი არაფერს მაძლევდა საჭმელად!

არ ვაპირებდი მასთან კამათს, რადგან მართლა არ მინდოდა ამ ნაბიჭვრის მოკვლა. ამიტომაც ავიღე ჩემი ტანსაცმელი და გარეთ გამოვედი. უკვე ტროტუარზე ვიყავი, მაგრამ ეს შეშლილი ზანგი უკან გამომყვა, თან ლანძღვას აგრძელებდა. და უცებ გონება გამინათდა. მე - მაიკ ტაისონი ვარ, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში. მე არ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა.

მან სახეში გამარტყა და ხელებით ჩამაფრინდა. თავი დავხარე და დავინახე, რომ პერანგზე ჯიბე ჩამოხეული მქონდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. პირდაპირ თვალში დავარტყი. მთვრალი ვიყავი და არ მესმოდა, რომ ის კაიფში იყო "ანგელოზის ფხვნილისგან" და არ შეეძლო პასუხის გაცემა. ეს ჰგავდა ათი წლის წინანდელ ბრძოლას. მთელ ქუჩაზე დავდევდი და ვურტყამდი, ის კი ბღაოდა. რინგზე უკეთ მეჩხუბებოდა, ვიდრე იმ საღამოს.

დარტყმებს ვისროდი, არ ვინდობდი ამ ნაბიჭვარს. ბარბაცებდა, თითქოს უნდა წაქცეულიყო, მაგრამ არაფრით ეცემოდა. და მაშინ, განვასახიერე ბრიუს ლი ფილმიდან "დრაკონის გამოსვლა" - ამ უკანალს შემობრუნებით დავარტყი და, როგორც იქნა, წაიქცა. ჩემმა მეგობარმა ტომმა, რომელიც ხშირად ჯდებოდა საჭესთან, როცა ნასვამი ვიყავი, ჩემი წაყვანა სცადა.

- ეი, მაიკ, მგონი მოკალი ეს ზანგი, - თქვა მან.
- ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, - ვუპასუხე მე. მაგრამ, როგორც კი შემოვბრუნდით და მანქანისკენ დავიძარით, მაქცია თრილერიდან "ცოცხალი მკვდრების ღამე" ისევ მეცა და ყვირილით ჩამარტყა კვერცხებში:

- შენი დედაც, ცისფერო!

ის უკვე ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. ამიტომაც კისერში ვტაცე ხელი და ტროტუარზე თავს იქამდე ვარტყმევინებდი, სანამ არ გაითიშა. დავიღალე და საკუთარ მანქანასთან დავბრუნდი. 1988 წლის გამოშვების მოყვითალო ფერის "როლს როის კორნიში" მყავდა, რომლის ღირებულება 350 ათასი დოლარი იყო. ტომს დაველოდე, რომ საჭესთან დამჯდარიყო. სავარძელში მოკალათდა და მე ვუთხარი:

- წავიდეთ, მოვშორდეთ აქაურობას.
- გამორიცხულია. ის არანორმალური ზანგი პირდაპირ ბორბლების ქვეშ წევს, - მიპასუხა ტომმა.

გარეთ გავიხედე და დავინახე, რომ მიტჩი ისევ წამოდგა. ყვიროდა და ფანჯარას ხელებს უბრახუნებდა. შემდეგ კი გვერდითი სარკე მოგლიჯა. ერთი მოძრაობით, 50 ათასი აღარ იყო. ძალიან გავბრაზდი. კარი გავაღე, თავში წავავლე ხელი და შევასრულე დარტყმა, რომლითაც ბრძოლებს ვასრულებ - მარჯვენა აპერკოტი!

მიტჩი თოჯინასავით ავარდა ჰაერში და პირდაპირ თავით დაეცა ასფალტზე. ვინც ქუჩის ჩხუბში ერკვევა, იცის, რომ თუ თავით ორჯერ დაეცი მიწაზე, პირველ დარტყმა გთიშავს, მეორეს კი გონზე მოყავხარ. მიტჩი კი მხოლოდ ერთხელ დაეცა და პირიდან საშინელი თეთრი სითხე სდიოდა. იქ სუტენიორების, მეძავებისა და ნარკომანების მთელი ბრბო იყო და ყველას აღმოხდა: "ო-ო-ო!"

შემეშინდა. მეგონა, რომ მართლა მკვდარი იყო. თვალის ბუდე, ცხვირი და რამდენიმე ნეკნი გავუტეხე. ერთ თვალში ორი თვე ვეღარ ხედავდა. მაგრამ ვერ დავწყნარდი. მადლობა ღმერთს, იქ ბევრი ხალხი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კისერს მოვუგრეხდი და მოვკლავდი ამ ნაბიჭვარს. როცა ვსვამ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.

"ამიერიდან, აღარ მომიწევს მიტჩის გამო შეწუხება", - გავიფიქრე მე.

მაგრამ ვცდებოდი. რამდენიმე დღის შემდეგ პაემანი მქონდა ერთ ეგზოტიკურ გოგოსთან - აფროცენტრიზმის მიმდევართან, სახელად ეგვიპტე თუ სომალი. ის იმათგან იყო, ვინც დოლბანდსა და დაწნულ კაბებს ატარებს. კაფეს ვერანდაზე ვსაუზმობდით. ქუჩაში გადავიხედე და დავინახე ჩაფსკვნილი ბიჭი ათსიჩქარიანი ველოსიპედით.

"ეს არ შეიძლება მიტჩ გრინი იყოს, - გავიფიქრე მე. - ეს ნაბიჭვარი ხომ მაქციაა და დღე ქუჩაში არ გამოდის". ქუჩის კუთხეში მოხვევას აპირებდა, როცა თავი მოაბრუნა და ჩემი მზერა დაიჭირა. ჯანდაბა! ველოსიპედი მოაბრუნა, მოგვიახლოვდა და მასპინძელ ქალბატონთან მივიდა.

- ეს მაიკ ტაისონია? - იკითხა მან.
- დიახ, ეს მაიკ ტაისონია, - უპასუხა ქალმა.
შემდეგ მასპინძელმა დამიძახა: "ეი, ჩემპიონო!" - და მიტჩზე მიმითითა. მიყურებდა და თითქოს მეუბნებოდა: "შენ გაუმკლავდები მას".
მიტჩი ჩემს მაგიდასთან მოვარდა ყვირილით:

- ძუკნა, ცისფერო! არ იფიქრო, რომ ჩემი ცემა შეძელი! მუხთალი დარტყმით წამაქციე!

- ჰო, მხოლოდ ერთხელ დაგარტყი, მაგრამ ისე, რომ თავპირი დაგიმტვრიე, კბილები ჩამოგიყარე, ნეკნები დაგიმსხვრიე. და ეს ყველაფერი ერთი დარტყმით?

მზად ვიყავით გაგვეგრძელებინა ურთიერთობის გარკვევა, როცა ჩემმა მეგობარმა გოგონამ, ეგვიპტე/სომალიმ ხელი დამადო სწორედ იმ ხელზე, რომელშიც სტეიკის დანა მეჭირა. იმ დროს ჯერ არ ვიყავი ვეგეტარიანელი.

- დამშვიდდი. ნუ განასახიერებ საკუთარ თავს, ძმაო. ძალიან ძვირფასი ხარ ჩვენთვის. ეს ყველაფერი თეთრი ადამიანის ხაფანგია. ხომ არ გინდა თეთრი ადამიანის გალიაში აღმოჩნდე!

მე რომ მასთან უკვე მქონოდა სექსი, წამოვხტებოდი და ამ ზანგს დანით ავკუწავდი, მაგრამ სექსი ჯერ არ გვქონია, ამიტომაც გადავწყვიტე, სიტუაცია არ გამემწვავებინა და მიტჩს ზურგი შევაქციე. ის ველოსიპედთან დაბრუნდა და წავიდა. მაგრამ ამ შემთხვევის შესახებ ჭორები გავრცელდა, რის შემდეგაც ჩემმა მეგობრებმა ის გამოიჭირეს და შესაშინებლად ესროლეს. მე კი აღარასდროს არავინ მყოლია ეგვიპტე/სომალიდან.

ჩვენმა ჩხუბმა, რა თქმა უნდა, ფართო რეზონანსი გამოიწვია. მომდევნო დღეს სასამართლოში გამომიძახეს. უნდა განეხილათ "თავდასხმა არადამამძიმებელი გარემოებებით". გარდა ამისა, ძლიერი აპერკოტის გამო ხელის მტევანში ბზარი გამიჩნდა, ამიტომაც ფრენკ ბრუნოსთან შემდეგი ბრძოლის გადატანა მოგვიწია.

პრესა მაშინვე თავს დამესხა. თავდაპირველად, ისინი რეკლამას გიკეთებენ, შემდეგ კი მიწასთან გასწორებენ. ასეთია თამაშის წესები. არ აქვს მნიშვნელობა, რომ თავს სწორედ მე დამესხნენ და მე მემუქრებოდა ის ზანგი, რომელსაც "ანგელოზის ფხვნილის" გამო საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული.

ყველას მოუნდა იმის გარკვევა, რატომ აღმოვჩნდი ჰარლემში დილის ოთხ საათზე. ისინი ჩემს წარსულში იქექებოდნენ და ათასგვარი ნაგვის შეგროვებას ცდილობდნენ იმ წლებიდან, როცა კატსკილში ვცხოვრობდი. დაუჯერებელ ისტორიებს თხზავდნენ ჩემი მხრიდან სისასტიკის გამოვლენის შესახებ. ჩემმა ჟურნალისტმა "ნიუსდეიდან" უოლი მეტიუმაც დაბეჭდა ყველაფერი, რასაც ჩემზე ფიქრობდა:

- მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში, მილიონერი, დიდებული სპორტსმენი, რომელიც ცდილობს მისაბაძი მაგალითი იყოს ახალგაზრდობისთვის, ვალდებულია უფრო მეტი კეთილგონიერება გამოიჩინოს. ეს არის კიდევ ერთი ლაქა მის რეპუტაციაზე, რომელსაც ზიანი მოაქვს მისთვის და მისი ისედაც არაიდეალური იმიჯისთვის.

სასტიკი, საშინელი, ასოციალური. კიდევ? ფსიქიკურად დაავადებული? სწორედ ეს უნდოდათ რობინისა და რუთის დაუნდობელ დუეტს. 4 სექტემბერს, კატსკილში კამილას ვსტუმრობდი. უკვე ისე ხშირად აღარ ვხვდებოდი რობინსა და რუთს, მაგრამ დროდადრო ვიღებდი იმ აბებს, რომლებიც მაკკერტისმა გამომიწერა. კამილა ამის წინააღმდეგი იყო: მას მიაჩნდა, რომ აბების გამო უსიცოცხლო და ჩაკეტილი ვიყავი. მე ნაწილობრივ მომწონდა უსიცოცხლობის შეგრძნება, მაგრამ ის ჯიუტად მაიძულებდა, რომ სხვა, არადაინტერესებულ სპეციალისტთან მივსულიყავი კონსულტაციაზე. სანამ კამილასთან ვიყავი, რობინი მუდმივად რეკავდა: "რატომ ხარ მანდ? ჩვენთან რატომ არ ხარ?" და მსგავი სისულელეები.

"წადი შენი, აღარ ვაპირებ შენთან ლაპარაკს! განქორწინება მინდა. და კიდევ თავის მოკვლა", - ვუპასუხე მე და ყურმილი დავკიდე.

მართლაც გაცოფებული ვიყავი. მანქანაში ჩავჯექი ქალაქში წასასვლელად - იქიდან რაღაცა უნდა წამომეღო. წვიმა მოდიოდა, გზა მთლიანად ტალახიანი იყო. მთავარ გზამდე მისაღწევად კიდევ 15 ფუტი აღმართ-აღმართ უნდა მევლო. დავჯექი ჩემს დიდ BMW-ში და აქსელერატორს ფეხი მივაჭირე, მაგრამ საბურავები ჭუჭყში ტრიალებდნენ.

სიმძლავრეს მოვუმატე და მანქანა დიდი ხისკენ მივმართე. სპეციალურად მინდოდა დაჯახება, რომ ყურადღება მიმეპყრო, მაგრამ თვითმკვლელობა არ მქონდა ჩაფიქრებული. ვიცოდი, რომ ავტომობილი დამიცავდა. საჭეს თავი დავარტყი და როცა გონს მოვედი, დავინახე, რომ კამილა თავზე მადგა, სახეში ხელს მირტყამდა და ხელოვნურ სუნთქვას მიტარებდა.

თუმცა ჩემი სპექტაკლი, სახელწოდებით "თვითმკვლელობის მცდელობა", ჩემ წინააღმდეგ შემობრუნდა. არ მინდოდა სიკვდილი და არც საკუთარი თავის დასახიჩრება. მხოლოდ ყურადღება მინდოდა. ძველებურად მიყვარდა რობინი და მინდოდა, რომ მას დამნაშავედ ეგრძნო თავი იმ ტკივილისთვის, რომელიც მან მომაყენა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული