დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
იმის გამო, რომ გარკვეული ხანი გონება დავკარგე, კამილამ "სასწრაფო" გამოიძახა და კატსკილის ადგილობრივ საავადმყოფოში მიმიყვანეს.

ცხადია, ვიღაცამ რობინს დაურეკა, რადგან საკუთარ პალატაში ჩინურ კერძს შევექცეოდი, როცა ის გადამღებ ჯგუფთან ერთად გამოჩნდა და პირდაპირ ჩემკენ გამოქანდა. ის პრობლემის მოგვარებას ახალი ამბების ხუთსაათიანი პროგრამისთვის აპირებდა.

- ხედავ, ძუკნავ, სადამდე მიმიყვანე? - დავუღრიალე მე.

ექიმების სიტყვებით, გულმკერდის არეში მქონდა დაზიანება და თავის ტრავმაც მივიღე. ამიტომაც დავთანხმდი ნიუ იორკის პრესვიტერიანულ საავადმყოფოში გადაყვანაზე. რობინი, რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით იყო, თეატრალურად ცდილობდა ფოტოგრაფების განდევნას, მაგრამ,
ამასთან, მათი ყურადღების ცენტრში რჩებოდა.

როცა ქალაქამდე მივაღწიეთ, რობინმა და დედამისმა საავადმყოფოს პერსონალს გადასცეს მათ მიერ შედგენილი მნახველების სია.

მასში იყვნენ დონალდ და ივანა ტრამპები (დონალდ ჯონ ტრამპი - ამერიკელი მაგნატი და მწერალი; ივანა ტრამპი (ზელნიჩკოვა) - მისი მეუღლე, ამერიკელი ბიზნესმენი მწერალი, ყოფილი ჩეხოსლოვაკიელი სპორტსმენი, მსახიობი და ფოტომოდელი), ჰოვარდ რუბინშტეინი (ამერიკელი იურისტი, აღიარებული სპეციალისტი საზოგადოებასთან კავშირის სფეროში), საზოგადოებრივი ურთიერთობების ოსტატი და მათი ადვოკატები. ისინი არ ყოფილან ჩემი მეგობრები.

ერთი დაუპატიჟებელი მნახველიც მყავდა. ჩემი ფანჯარა ღია იყო და ქვემოთ რაღაც ხმები გავიგონე. გადავიხედე - და თვალებს არ დავუჯერე. ჯანდაბა, ეს მიტჩ გრინი იყო პრესის გარემოცვაში. მან პერანგი გაიხადა და საკუთარ ჩრდილს ეჩხუბებოდა, თან ყვიროდა:

"სისელი ტაისონი - ცისფერი! მე მას გავანადგურებ!" ვერაფრით მოვიშორე ეს იდიოტი. თუ ოდესღაც არსებობდა შავი ბიჭი, ურჩხული ადამიანის სახით, რომელიც ფრანკენშტეინს ჰგავდა, ეს სწორედ მიტჩ გრინი უნდა ყოფილიყო.

როცა მომდევნო დილით გაზეთი "დეილი ნიუსი" გადავშალე, მივხვდი, რატომ შეიყვანეს საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი მნახველთა სიაში. იქ იყო დიდი სტატია ვინმე მაკალარის ავტორობით, რომელსაც არ ვიცნობდი. ის კრივის სამყაროს არ წარმოადგენდა. ავტორი წერდა, რომ ჩემი შემთხვევა - თვითმკვლელობის სერიოზული მცდელობაა.

"თავის მოსაკლავად მივდივარ. უნდა დავამსხვრიო საკუთარი მანქანა", - მისი მტკიცებით, სწორედ ასე ვუთხარი რობინს ტელეფონით. სტატიაში ისიც ეწერა, რომ ერთი კვირით ადრე რობინს მოკვლით ვემუქრებოდი. მოყვანილი იყო ჩემი "მეგობრების" ციტატები იმის შესახებ, რომ თურმე კატსკილში ორი იარაღი შევიძინე თავის მოსაკლავად.

აღწერილი იყო დადარდიანებული რობინი, რომელიც ჩემს საწოლთან იჯდა და საშინლად წუხდა ჩემს სიტყვებზე: "ხომ გაფრთხილებდი, რომ გავაკეთებდი ამას და, როგორც კი აქედან გავაღწევ, ისევ ჩავიდენ ამას".

მაკალარი წერდა, რომ ქალები მთხოვდნენ დოქტორ მაკკერტისთან წასვლას, "რომელსაც ტაისონი ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე უნდა დაეწვინა".

ევრიკა! აუცილებელი არ არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის აღზრდილი იყო იმის მისახვედრად, რომ რობინი და რუთი აგროვებდნენ დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს იმაზე, რომ არაკონტროლირებადი შეშლილი ვიყავი. ამ შემთხვევაში, ჩემი პირადი მდგომარეობა მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

მაკალარი აგრძელებდა: მთელი ამ წლების განმავლობაში ავად ვიყავი და წამლებზე ვიჯექი, მაგრამ კასმა გააუქმა მათი მიღება, რადგან მხოლოდ ჩემი ბრძოლების შედეგები აღელვებდა. ეს დიდი სისულელე იყო. მაკალარის სიტყვებით, მხოლოდ ტრამპი, რუბინშტეინი და პარჩერი, აგრეთვე, მათი ადვოკატი აცნობიერებდნენ - რეალურად რა მჭირდებოდა.

და უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ჩემი კეთილდღეობით, ვიდრე მომავალი ბრძოლის შედეგით. მთელი ეს სისულელე გაზავებული იყო რობინის გარემოცვით. ხოლო ის ძველი ტყუილი იმის შესახებ, რომ თურმე ვიცი რობინის ცემა ისე, რომ კვალი არ დავტოვო, როგორც ჩანს, რუთის მიერ იყო წამოწეული.

რა თქმა უნდა, მე დახვეწილი შავი ნაძირალა ვარ, როგორიც ფუ მანჩუ (დოქტორი ფუ მანჩუ - ინგლისელი მწერლის, საქს რომეროს ლიტერატურული პერსონაჟი; არის ბოროტების სიმბოლო, კრიმინალური გენიოსი, როგორიც პროფესორი მორიარტი ან ფანტომასი; ამ პერსონაჟს აშშ-ში ფართოდ იყენებენ კინოში, ტელევიზიაში, რადიოსა და კომიქსებში).

ამიტომაც ვარაუდობდნენ - მე, "რკინის მაიკს" უნდა მცოდნოდა, როგორ დამერტყა ადამიანებისთვის, რომ ცემის კვალი არ დამეტოვებინა. ამასთან, მთელი ჩემი კარიერა აწყობილი იყო იმაზე, რომ დაუნდობელი და სასტიკი ვიყავი.

სტატიის კითხვასთან ერთად გასაგები ხებოდა, რომ ამ ყველაფერზე რობინისა და რუთის თითებით ანაბეჭდები იყო შერჩენილი.

ეჭვი მაქვს, ეს იყო მათ მცდელობა - მიეღოთ ფსიქიკური სისასტიკის დამადასტურებელი დოკუმენტები და ეს უნდა გამხდარიყო ქორწინების გაუქმების საფუძველი.

მაკკერტისი აგრძელებდა კამილასთან რეკვას და მოუწოდებდა მას, თვალი ედევნებინა ჩემთვის - ვიღებდი თუ არა წამლებს. რამდენიმე დღის შემდეგ რობინთან, დედამისთან და მათ პრესატაშესთან ერთად მოსკოვში გავფრინდი. იქ რობინის კომედიური შოუს ეპიზოდებს იღებდნენ.

ყოველთვის აღმაფრთოვანებდა რუსეთის ისტორია, ამიტომაც იქ გამგზავრება გადავწყვიტე. ხშირად მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ კასი და ნორმან მეილერი ტოლსტოიზე. ასე რომ, რუსული კულტურისა და მათი პროფესიონალი მოკრივეების დიდი თაყვანისმცემელი გავხდი.

გამგზავრებამდე ჟურნალისტების კითხვებს ვუპასუხეთ. ვიცინოდი თვითმკვლელობის ვერსიაზე:

- მიყვარს ჩემი ცოლი, მას არ ვცემ. არ ვაპირებ მეუღლის მიტოვებას და არც ის აპირებს ამის გაკეთებას.

ჩემს სტილში, მხდალის როლში ვიყავი.

- არავის ძალუძს დაანგრიოს ჩვენი ქორწინება, - დაამატა რობინმა. - მიყვარს მაიკი და ვზრუნავ მასზე. მაიკლსაც ძალიან ვუყვარვარ იმისთვის, რომ თავი მოიკლას და მარტო დამტოვოს.

დიახ, ქორწინებაში რჩებოდა იქამდე, სანამ ფულს იღებდა.

მოსკოვიდან დაბრუნებისას, პრესაში გაჩნდა ჭორები, თითქოს რუსეთში კონტროლს არ ვექვემდებარებოდი - ყვირილით ვურტყამდი წრეებს სასტუმროს, ფანჯარაზე ვეკიდებოდი, თავის მოკვლით ვიმუქრებოდი.

ვფიქრობ, ყველას დაავიწყდა, რომ რუსეთში ვიყავით და მსგავსი რამ რომ მომეწყო, რუსი მილიციელები სასტიკ დღეში ჩამაგდებდნენ. რობინმა და რუთმა რუსეთში ჩემი დაპატიმრების ორგანიზებაც სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. სასტუმროს ჰოლში ვისხედით, როცა რობინმა და დედამისმა ყვირილი დაიწყეს და მცველს ჩემი დაპატიმრება მოსთხოვეს. ის მომიახლოვდა და მითხრა:

- აქ მოდი. რა სისულელეა. ეს ქალები, უბრალოდ, ძუკნები არიან.

შემდეგ არყის ბოთლი ამოიღო და ერთად დავლიეთ.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა რობინის უაზრო ისტორიებში მოყვანილი ფაქტების შემოწმება გადაწყვიტეს. მათ შოუს ერთ-ერთი პროდიუსერისგან აიღეს ინტერვიუ და მან თქვა: "მაიკი რუსეთში უნაკლო იყო". ერთ-ერთმა გრიმიორმა თავის მეგობარს უთხრა, რომ რობინის ცემის შესახებ ისტორიები - კარგი ხუმრობა იყო:

- ვკითხულობ ყველა გაზეთს, სადაც მოყვანილია რობინის სიტყვები - როგორ სცემს და აწვალებს მას მაიკი. მე მას ყოველდღე მაკიაჟს ვუკეთებ. ამ გოგონაზე არ ყოფილა არანაირი ნაიარევი. უბრალოდ, არ მესმის, როგორ ახერხებს მშრალი წყლიდან ამოსვლას.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ რუთმა და რობინმა, ბოლოს და ბოლოს, მაინც მიმიყვანეს დოქტორ მაკკერტისთან. ერთი საათის განმავლობაში ვისმენდი მის მოთხრობებს იმაზე - რამდენად ავად ვიყავი და თანდათან დავიჯერე მისი. კედელზე განათლების დიპლომები ჰქონდა გამოფენილი.

მე რომ მისთვის მეთქვა, რომ ცუდი მოკრივეა, ხომ არ დამიწყებდა ამაზე კამათს? და აი, მეც დამაჯერეს, რომ მანიაკალურ-დეპრესიული პიროვნება ვიყავი. გამუდმებით, გაუჩერებლად მიმეორებდა ამას. მე ხომ ისედაც ვიცოდი, რომ ყოველთვის მახასიათებდა პესიმისტური მდგომარეობა, რომ ხანდახან ზედმეტად აღგზნებული ვიყავი და შემეძლო რამდენიმე დღე ფხიზლად გამეტარებინა. ჩემს თავს მთელი ცხოვრება ხდებოდა ასეთი რამ. და დამარწმუნეს წამლების მიღების აუცილებლობაში, შემდეგ კი კამერის წინ გამომიყვანეს.

- მე ამ ავადმყოფობით დავიბადე და არ შემიძლია ამას რამე მოვუხერხო. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს ჰგავს უკიდურესი დეპრესიული მდგომარეობიდან უკიდურეს აღგზნებულობაში გადასვას. და ხანგრძლივობის მიხედვით, უკიდურესი აღგზნებულობის მდგომარეობა აშკარად უფრო გრძელია.

ვაღიარებ, რომ საჭირო წამლების მიღების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მათ გარეშე, მგონია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვარ, არ შემიძლია ძილი სამი ან ოთხი დღე, მუდმივად აფორიაქებული ვარ. პარანოიდს ვემგვანები. ეს, უბრალოდ, არანორმალურია, - ვთქვი მე.

ამ დროს რობინი ჩაერია:

- ის ამ მდგომარეობაში მრავალი წელია იმყოფება და ამაზე ყველა თვალს ხუჭავდა. დიდი ძალისხმევაა საჭირო მაიკის გადასარჩენად. ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება უბრალო ბაქტერიოციდული საფენის დადებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ბიჭმა ბოლომდე ნორმალურად იცხოვროს და არა იმაზე, რომ ისევ იჩხუბოს. ჩვენ ერთად გავივლით მკურნალობის კურსს.

ახლა, როცა ამ აბების მიღება დავიწყე, ისევ გავხდი ზომბი. დაუნდობელმა რობინმა და რუთმა გადაწყვიტეს, რომ კამილა სცენიდან უნდა გასულიყო. არადა, სწორედ იმ პერიოდში დავიწყე კამილას დანახარჯების ანაზღაურება, რომელიც ჯიმის სიკვდილის შემდეგ დაგროვდა. რუთმა და რობინმა უთხრეს მას, რომ თუ მე ვაპირებ მისი ყველა დანახარჯის გადახდას, მაშინ სახლი ჩემს სახელზე უნდა გადაფორმდეს. როცა მათ ამის შესახებ მითხრეს, წყობიდან გამოვედი.

"შენი დედაც, საერთოდ შეიშალე, ძუკნავ?" - ვუთხარი რობინს. მომდევნო დღეს მან ისევ დაურეკა კამილას და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობა უბრძანა. მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდე კარგად ყოფილა, საერთოდ რო არ გააფრენინეს(((...რას ნიშნავს მაინც QALI!
დათ
17:07 05-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული