მისი წამყვანი ბარბარა უოლტერსი სულ ცოტა ხნის წინ წუხდა იმის გამო, რომ ჩვენი ქორწინება დაანგრია. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რომ ეს ინტერვიუ უფრო ადრე აეღო.
ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით ყველაზე სახალისო ის არის, რომ ამას წინათ გავიგე - რობინს მასში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. იქ იყო ეპიზოდი კეიტონსა და მის ოფისზე. შემდეგ გადამღები ჯგუფი ჩვენთან სახლში მოვიდა, რათა ცალკე ჩაეწერა ინტერვიუ ჩემთან და რუთთან. საუბრის დასასრულ,
წარმოდგენა არ მქონდა, რის თქმას აპირებდა რობინი. მათ ისევ ჩართეს კამერები. ყველაფერი მშვიდად დაიწყო.
- თქვენ დაასრულეთ კოლეჯი, გაქვთ განათლება, ხართ მსახიობი. თქვენ გვერდით კი არის ადამიანი, რომელსაც საშუალო განათლებაც არ აქვს, იყო გამოსასწორებელ დაწესებულებაში. განსხვავებულები ხართ, ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით. რატომ გიყვართ ის? - დასვა შეკითხვა ბარბარამ.
- იმიტომ, რომ ის ჭკვიანი და მოხერხებულია. გარდა ამისა, უბრალოდ, საოცრად კეთილია. მაიკს მსოფლიოში ყველაზე მეტად ვუყვარვარ. ვგრძნობ, რომ მას ვჭირდები და ეს ძალიან მომწონს, - დაიწყო მან საკუთარი გრძნობების გადმოფრქვევა.
- აი, ამიტომაც მიყვარს ის. მართლაც გრძნობს, რომ შეუძლია ჩემი დაცვა, - დავამატე მე. იმ მომენტში, თითქოს კასის ყვირილი შემომესმა: "პირფერო ნაძირალავ!"
- თქვენ არ გქონდათ საქორწინო ხელშეკრულება? - იკითხა ბარბარამ.
- ამის აუცილებლობა არსებობს? - უპასუხა რობინმა. - ჩვენ დავქორწინდით იმისთვის, რომ სამუდამოდ ერთად ვიყოთ და არც გვიფიქრია განქორწინება.
შემდეგ ბარბარამ მე მკითხა იგივე.
- თუ თქვენ ვინმესთან დაქორწინებას აპირებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობით მას. სწორედ ამაში მდგომარეობს ქორწინების არსი - იყოთ ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრება. მილიონობით დოლარი მაქვს და საკმარისია, ჩემმა ცოლმა რაიმე მოითხოვოს - მაშინვე მიიღებს ყველაფერს, რაც მაქვს.
მას შეუძლია პირდაპირ ახლა წავიდეს, აიღოს ყველაფერი, რაც მაქვს და უბრალოდ, გაქრეს. მას აქვს ამის უფლება, მას აქვს ძალაუფლება, რომ ასე მოიქცეს. დღეს ის ისევ ჩემთან არის, ითმენს ჩემს გამოხდომებს. და მე მიყვარს ჩემი მეუღლე.
შემდეგ სიტუაცია თანდათან დაიძაბა.
- რობინ, ჩვენ წავიკითხეთ, რომ ის გირტყამთ. რუსეთში ყოფნისას გდევნიდათ თქვენ და დედათქვენს. ისიც გავიგეთ, რომ მაიკს ძალიან გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს. ეს ასეა? - იკითხა ბარბარამ.
- დიახ, მას უკიდურესად გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს. აქვს თვისებები, რომლებიც მაშინებს. რბილად რომ ვთქვათ, მაიკს მუქარა მოსწონს. არსებობს მომენტები, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის გაკონტროლება და გვაშინებს მე, დედაჩემს და გარშემო მყოფებს. ეს ყველას გვაშფოთებს.
იმ მომენტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ, მაგრამ სწორედ ასე ვგრძნობდი თავს. ვერ ვიჯერებდი, რომ ის ამ სისულელეს ლაპარაკობდა.
- და რა ხდება სინამდვილეში? - აქეზებდა მას ბარბარა.
- ის საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, ყველას თავს ესხმის, ყვირის...
- გირტყამთ?
- მანჯღრევს, ხელს მკრავს, ჰაერში მწევს. ხანდახან მგონია, რომ ჩემი დაშინება უნდა. ადრე მეგონა, რომ გავუმკლავდებოდი ამას, მაგრამ ბოლო დროს, შეშინებული ვარ. ძალიან მეშინია. მაიკს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს. ეს ფაქტია.
ეს საზიზღრობა მესმოდა ჩემი ცოლისგან. ვიცოდი, რომ ეს ინტერვიუ მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის გადაიცემოდა. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი ქორწინება - წამება და სრული ჯოჯოხეთი იყო. სიბრაზისგან ვდუღდი, მაგრამ ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ეს გაუგონარი იყო, ნამდვილი ღალატი.
- არ ვიცი, საერთოდ რას გააკეთებს მაიკ ტაისონი დედაჩემის გარეშე. მან გაამყარა ჩვენი ოჯახი, - აგრძელებდა რობინი. - თუ ჩვენ დავტოვებთ მაიკს და მე დავბრუნდები დედაჩემთან და დასთან, ის, ეჭვგარეშეა, სრულიად მარტო დარჩება. მე კი არ მინდა, ასე მოხდეს. თუ ყველაფერი ცუდად იქნება, ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, შეიძლება თავი მოიკლას ან ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი რამ შეიძლება მართლა მოხდეს.
არ ვიცოდი, რა მეთქვა. ადრე არასოდეს მქონია საქმე მსგავს შემთხვევასთან. როცა დღეს, გონებაში ამ სცენას ვუბრუნდები, ვერ ვიჯერებ, რომ უბრალოდ, ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი. მაგრამ მათ ხომ სწორედ ის უნდოდათ, რომ კამერების წინ სახეში გამერტყა და ჭკუიდან გადავსულიყავი. ამიტომაც სრულ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. ვიცი, ელოდნენ ჩემგან, რომ პირდაპირ ეთერში ცხოველს დავემსგავსებოდი. ვფიქრობ, ამაში მდგომარეობდა მთელი ჩანაფიქრი. მაგრამ ეს მათ თავად შემოუბრუნდათ.
ჩემი მეგობრები აღშფოთებულნი იყვნენ რობინის საქციელით - ასობით სატელეფონო ზარი მივიღე. სიბრაზემ არ გადამიარა. ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ყველანი - რობინი, რუთი და მე ნიუ ჯერსიში საკუთარ სახლში ვისხედით, როცა წყობიდან გამოვედი და ჭიქების, თეფშებისა და შამპანურის ცარიელი ბოთლების მსხვრევა დავიწყე. იქ ოლგაც იყო და მან პოლიციაში დარეკა. მოვიდნენ პოლიციელები, რომლებსაც კართან დავხვდი და ზრდილობიანად ვუთხარი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, უბრალოდ, მინდოდა, ყველას თავი დაენებებინა ჩემთვის. ერთი პოლიციელი ჩემთან დარჩა, მეორე კი რობინს გაჰყვა. მან უჩვენა ჩემი ნამოქმედარი სამზარეულოში. ჩემ გვერდით მდგომმა პოლიციელმა გამომიცხადა, რომ რობინი შეწუხებული იყო იმის გამო, რაც სამზარეულოში მოვაწყვე.
- ეს სახლი მე მეკუთვნის და ყველა ნივთი, რაც აქ არის! - ყვირილი დავიწყე. - შემიძლია ჩემს ქონებას ისე მოვეპყრა, როგორც მოვისურვებ! ხელს ვერავინ შემიშლის!
და ხელი ვტაცე სპილენძის დიდ დეკორატიულ ნაკეთობას და ფანჯრიდან მოვისროლე. სწორედ ამ მომენტში დარეკა დოქტორმა მაკკერტისმა.
- არ გინდათ, დოქტორს დაელაპარაკოთ? - დაინტერესდა პოლიციელი.
ყურადღება არ მივაქციე და მეზობელ ოთახში შევედი. კეთილმა დოქტორმა პოლიციელს უთხრა, რომ რობინმა და მისმა გუნდმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ სახლი, მე კი ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე უნდა მივიდე. პოლიციელებმა ქალები ერთად შეკრიბეს და ისინი მთავარი გასასვლელით საკუთარი მანქანისკენ გაემართნენ. რობინი პოლიციის განყოფილებაში წასვლას და განცხადების შეტანას აპირებდა. გზაზე გავედი და დავიყვირე:
- წადით, თქვენი დედაც! ყველანი ბინძურები ხართ! გაეთრიეთ ჩემი სახლიდან!
შემდეგ ჩემს "როლს-როისში" ჩავხტი და კუთვნილ ტყეში შევედი. არც მიცდია გზაზე გასვლა. უბრალოდ, მინდოდა ყველას გავცლოდი.
მომდევნო დღეს რობინი და რუთი ლოს ანჯელესში გაფრინდნენ.
ჩემს მეგობარს, მოკრივე მარკ ბრელენდს სურდა, ბილ კეიტონთან შევერიგებინე. შელი ფინკელმა (ავტორიტეტული მენეჯერი პროფესიულ კრივში; ძმები კლიჩკოების სპორტული მრჩეველი) და კეიტონმა ის თავის მხარეს გადაიბირეს. უთხრეს, რომ შეცდომები დავუშვი და მარკს ჩემთან მოლაპარაკება სთხოვეს. როცა იქ მივედით, კეიტონმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მანიაკალურ-დეპრესიულის იარლიყი მომაწებეს. ამიტომაც ვიზიტზე ჩამწერა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფსიქიატრთან, დოქტორ ავრაამ ჰალპერნთან - ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელთან.
ჰალპერნი ერთი საათის განმავლობაში მსინჯავდა. შემდეგ კამილას, სტივ ლოტსა და ბილ კეიტონს დაურეკა და მათ გაესაუბრა. დარწმუნებული იყო, რომ არ მქონდა მანიაკალური დეპრესია. რუთთან დარეკვაც სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მაშინ ჰალპერნი მაკკერტისს დაუკავშირდა იმის გასაგებად - რატომ დასვა მან ასეთი დიაგნოზი. მაკკერტისმა უკან დაიხია - განაცხადა, რომ არ ვარ მანიაკალურ-დეპრესიული პიროვნება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არამედ მამაკაცი არეული ხასიათით, რასაც მან "საკრივო სინდრომი" უწოდა. ეს ახალი ცნება იყო ფროიდისთვის.
შვება ვიგრძენი იმის გამო, რომ სახელგანთქმულმა ფსიქოთერაპევტმა მანიაკალურ დეპრესიასთან დაკავშირებით ჩემი ეჭვები გაფანტა. ამასთან, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: რატომ ითხოვდა ბილი ჩემთან შეხვედრას? სინამდვილეში, მე მისთვის არაფერი მქონდა სათქმელი. მასთან ჩემი ურთიერთობა ამოწურული იყო.
ამიტომაც, როცა მტვერი გაიფანტა, გაირკვა, რომ დარჩა მხოლოდ დონ კინგი. მასთან დაკავშირებით ილუზიები არ მქონია. როცა რობინი დონის შესახებ მეკითხებოდა, ასე ვპასუხობდი: "ეს ბიჭი - ნამდვილი გველია, მაგრამ მე ვიცი, როგორ მოვეპყრა გველებს".
მაგრამ დონ კინგს დადებითი თვისებებიც ჰქონდა. ქალების ლოს ანჯელესში გამგზავრებიდან ორი დღის თავზე, დონმა ჩემი ყველა საბანკო და საბროკერო ანგარიში მიჩვენა. მან თითოეულ ანგარიშში მიმღების გრაფაში რობინის სახელი ამოშალა და ჩემი სახელი ჩაწერა. იქ სულ 15 მილიონი იყო. დროულად გავაკეთეთ ეს და შევაჩერეთ 518 812 დოლარის ოდენობის გადარიცხვა, რომელიც იმ წუთს შეასრულა რობინმა კომპანია "რობინ გივენს პროდაქშნზის" ანგარიშზე.
ბანკის თანამშრომლებს იმდენად ეზიზღებოდათ ეს ორი ქალი, რომ სიამოვნებით გვეხმარებოდნენ. მოვაწყვეთ საღამო ბანკის პრეზიდენტთან და ყველა თანამშრომელთან ერთად შამპანურითა და პიცით.
- წავიდნენ ეს ძუკნები, მათი დედაც! - დავიყვირეთ ერთხმად და ამის აღსანიშნავად შამპანური დავლიეთ.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"