დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
1988 წელს გრანდიოზული რეალითი-შოუ მოვაწყვეთ. ამას ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ვამბობ, რადგან სწორედ მე შემოვიტანე ამგვარ შოუში ინდივიდუალურად შეკვეთილი ლიმუზინები, "როლს როისები" და "ლამბორგინები".

პი დიდი (ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ ჯონ კოუმზის სცენური ფსევდონიმი; ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი წარმომადგენელი ჰიპ-ჰოპის სამყაროში) და კომპანია ცდილობდა ჩვენთვის კონკურენციის გაწევას, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. შევქმენი ტრენდი, რომელიც აიტაცეს ჰიპ-ჰოპის თანამედროვე მეფეებმა. მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო "როლს როისებისა" და "ფერარების" შეძენა.

რომელ შავ ბიჭს შეეძლო, 20 წლის ასაკში ლეგალურად შეეძინა ასეთი კლასის
ავტომობილები? მე კი ვყიდულობდი, თან არაერთს. მთელი ავტოპარკი მქონდა. შოუში ჩართულნი იყვნენ ჰიპ-ჰოპის მომავალი ვარსკვლავები. მათ არც კი იცოდნენ - როგორი იყო "ბენტლი".

ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ავტომობილი მოხუცებისთვის. 80-იან წლებში ამ ავტომობილის სალონი გუჩის სტილში შევცვალე და შიგნით მაცივარი დავამონტაჟებინე. ერთ-ერთ ლიმუზინში ჯაკუზიც კი მქონდა. ზუსტად ვიცი, რომ პირველი ვიყავი, ვინც ავტომობილში ფაქსი დააყენა. "თქვენი კონტრაქტი ხელმოწერილია", "ჩვენ ახლა მანქანაში ვართ, გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ფაქსით".

ვყიდულობდით ძვირფასეულობას, რომელიც ორი, სამი მილიონი ღირდა. მეგობარ გოგონას 5 მილიონ დოლარად ვუყიდე სამკაული. ყოველი ბრძოლის შემდეგ ჩემი გუნდი შენობიდან ბეწვის ქურქებში გამოდიოდა და "როლს როისებში" ჯდებოდა. როცა ნიუ ჯერსის შტატში, ბერნარდსვილში სახლი შევიძინე, იქ ჩემი მეგობარი ერიკ ბრაუნი დავპატიჟე და ვუთხარი:

"ჯერ არავის მოუხიბლავს ქალი ასეთ მდიდრულ გარემოში". ჩემი ყველას შურდა, რადგან შემეძლო ღიად მეტრაბახა საკუთარი შემოსავლით. ამასთან, ბევრსაც გავცემდი. თუ მე ვჭამდი, ჩემ გარშემო ყველა ჭამდა. მაგრამ მაინც შურდათ. ჩემს სახლებში ყველაფერი ვერსაჩესგან იყო: ავეჯი, კედლები, პირსახოცები, საფერფლეები, ჭიქები, ჭურჭელი.

ვერსაჩე ერთი იტალიელი ქალი ჟურნალისტისგან გავიცანი, რომელიც კატსკილში ჩამოვიდა ჩემგან ინტერვიუს ასაღებად. მომხიბვლელი ქალბატონი იყო, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. ზემოთ ავიყვანე, სადაც სექსი გვქონდა. აღმოვაჩინე, რომ ვერსაჩეს თეთრეულს ხმარობდა.

- მე მისი მოდელი ვარ, - მითხრა მან. - შემიძლია ნებისმიერი ტანსაცმელი ავიღო. გაგაცნობთ მას.

ვერსაჩე ყველაზე მაგარი ბიჭი იყო, ვისაც კი ვიცნობდი. მან ტანსაცმლის გამოგზავნა შემომთავაზა, მაგრამ ძალიან მოუთმენელი ვიყავი.

- თუ ცოტათი მოითმენთ, უფასოდ გამოგიგზავნით, - მითხრა მან.

- გამომიგზავნეთ, რასაც შეძლებთ და მე შევიძენ. მოვილაპარაკეთ? - ვუპასუხე მე.

ეს იყო გაცოცხლებული ზღაპარი. ლონდონში ან პარიზში მივემგზავრებოდი, რომ იქ ტანსაცმელი შემეძინა. და ყველა გამყიდველი საკუთარი მაღაზიებიდან გარეთ გამოდიოდა.

- ჩემპიონი! ჩემპიონი! - ყვიროდნენ ისინი და მაღაზიაში შეტყუებას ცდილობდნენ.

მორიგ გოგოსთან შესახვედრად "კონკორდს" ვქირაობდი, ვსეირნობდით ქუჩაში და მთელი ქალაქი ჩერდებოდა. პირდაპირი მნიშვნელობით, მაღაზიაში მიგვათრევდნენ, მუდმივად გარსშემოხვეული ვიყავით თაყვანისმცემელთა ბრბოთი.

ლას ვეგასში კიდევ უფრო უარესად იყო საქმე. ვერსაჩეს მაღაზიაში წავედი და მთელმა სავაჭრო კომპლექსმა შეწყვიტა მუშაობა. მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. ვირჩევდი ტანსაცმელს და არაფერზე ვფიქრობდი. "დიდი მადლობა!" - ყველაფერი, უბრალოდ, შესანიშნავი იყო. გასასინჯი ოთახიც კი არ მჭირდებოდა - შუა მაღაზიაში ტრუსებამდე ვშიშვლდებოდი. თანდათან ვიხდიდი, ასობით ადამიანი კი გარედან მაკვირდებოდა, როგორ ვირგებდი ტანსაცმელს. ბრბოში გოგონა შევნიშნე, რომელიც მომეწონა და ერთ-ერთ გამყიდველს ვთხოვე, მაღაზიაში შემოეშვა.

ის შემოვიდა.
- გინდა აქ დარჩე და ნივთების წაღებაში დამეხმარო? რამე გინდა? - ვკითხე მე. ტანსაცმლის არჩევა დავასრულე და 300 ათასი ნაღდი ფული გადავიხადე. ვერსაჩე ძალიან გამიბრაზდა.

- ეს ბიჭი ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, - ეუბნებოდა ის ყველას. მაგრამ მის სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, რადგან ის ჩემზე მეტს ხარჯავდა.

ამასთან დაკავშირებით, სახალისოა, როგორ გააბუქეს კანიე უესტის (პოპულარული ამერიკელი რეპერი) ისტორია, რომელიც თავის ქალს აცმევდა.

მეც იმავეს ვაკეთებდი. ყოველთვის მომწონდა საკუთარი გოგონების ჩაცმა. მეგონა, რომ ბავშვობაში ვბრუნდებოდი. ხშირად ვუყურებდი, როგორ აცმევდა დედა მეძავებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ. ის მათ სხვადასხვა პარიკსა და ტანსაცმელს არგებდა. მეც იმავეს ვაკეთებდი. არა იმიტომ, რომ მაგარი ბიჭი ვიყავი, უბრალოდ, ხშირად ვაკვირდებოდი - როგორ აკეთებდა დედა ამას. მე დონ კინგსაც კი ვასწავლიდი ჩაცმას. დონი იცვამდა ისე, თითქოს პირდაპირ იყო გამოსული ფილმიდან "მაგარი ბიჭი" (1972 წელს გადაღებული ფილმი ნარკოდილერზე).

- ზანგო, თუ ასე ჩაცმული დარჩები, ჩვენ გვერდით ვერ გაივლი. იმიჯი გვაქვს, რომელსაც ვინარჩუნებთ. დონ, ჩვენ მაგარი ზანგები ვართ. შენ კი მათხოვარსა და უსახლკაროს ჰგავხარ, - ვეუბნებოდი მას. - დიდი ადამიანი ხარ და სხვანაირად უნდა იცვამდე. დონ, ვერსაჩე - ეს მომავალია.

ხელი შევუწყვე განგსტა რეპის იმიჯის ფორმირებასა და სამყაროსადმი შესაბამისი კავშირის შექმნას. მე ამ ეპოქის წარმომადგენელი ვიყავი. დონ კინგიც კი გაოცებული იყო იმით - როგორი იმიჯი შევუქმენი საკუთარ თავს. 1988 წლის ბოლოს, დონმა სცადა ჩემი ხასიათის შელამაზება. ამისთვის ჩიკაგოში ჯესი ჯექსონთან ჩემი ნათლობა მოაწყო. მაგრამ ეს სრული სიყალბე იყო. ნათლობის შემდეგ საეკლესიო გუნდის ერთ-ერთი მომღერალი სასტუმროში სექსისთვის წავიყვანე.

მეუბნებოდნენ, რომ ხელმეორედ დავიბადე ჟურნალ "ჯეტში" (ამერიკული ყოველკვირეული, რომელიც 1951 წლიდან გამოიცემა და ორიენტირებულია აფრო-ამერიკელ მკითხველებზე). გახსოვთ ეს სიტყვები? "ღმერთს ხელი გაუწოდე, ნუ მიისწრაფი ვარსკვლავებისკენ. შენ შეგიძლია მიაღწიო ღრუბლებამდე, მაგრამ არ ინავარდო იქ. გაუწოდე ღმერთს ხელი". სრული სისულელე. იმ დროს მთელი ჩემი სულიერება ჩემს სასქესო ასოში იყო კონცენტრირებული.

80-იანი წლების ბოლოს დიდი დრო გავატარე ლოს ანჯელესში. ბინა მქონდა უილშირის რაიონში, "სენტერი სიტის" კომპლექსში. ჩემი ერთი მეგობარი თავის იახტას სახელს არქმევდა და ამასთან დაკავშირებით, ბანკეტი მოაწყო, სადაც გავიცანი ლამაზი გოგონა, სახელად ჰოუპი. ის მეგობართან ერთად უკვე ბანკეტის დასასრულს მოვიდა, როცა საჭმელი აღარ იყო. მაგიდასთან ვიჯექი და წინ მედო კერძებით სავსე დიდი თეფში. ჰოუპი მომიახლოვდა და ენდრიუ დაის კლეის (ცნობილი ამერიკელი კომიკოსი) მიბაძვა დაიწყო:

- მისმინეთ, ჩემი მეგობარი მზად არის, ზღაპრული სიამოვნება მოგანიჭოთ, თუ მას საკვებს გაუყოფთ. შიმშილით ვიხოცებით.

მივხვდი, რომ თვალთმაქცობდა. მაგიდასთან მივიწვიე და საჭმელი გავუყავი. მივხვდი, რომ ჩემთან ინტიმი არ სურდა. ამიტომაც, უბრალოდ, სეირნობა დავიწყეთ. უამრავი მეგობარი გოგონა ჰყავდა და ხანდახან ვეუბნებოდი: "ჰოუპ, მართლა მომწონს ის გოგონა". და მაცნობდა მას. ჰოუპისთვის უფროსი ძმასავით გავხდი. ყოველთვის რაღაც პრობლემა ჰქონდა მამაკაცებთან. ჩემთვის საკმარისი იყო, შემეხედა მისი მორიგი ბიჭისთვის, რომ მივმხვდარიყავი: "ჰოუპ, ეს ბიჭი - გეია" ან "ეს ბიჭი არასოდეს იზრუნებს შენზე". საკმაოდ კარგად მესმოდა ადამიანების, გარდა იმ ქალებისა, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ.

ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ჰოუპი იმ დროს კოლეჯში დადიოდა. ბევრი ფული არ ჰქონდა, ამიტომაც უფლება მივეცი - ჩემს ბინაში ერთ-ერთი საძინებელი ოთახით ესარგებლა. მაგრამ ჩვენ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობა იყო. ამის არავის სჯეროდა, რადგან ჰოუპი ვნებიანი გოგონა იყო.

- მაიკ, შენ მასთან სექსი გაქვს. ვიცი, რომ ეს ასეა, - მეუბნებოდნენ მეგობრები. - თუ შენ ის მახინჯი და მსუქანი მეძავი ჩაიგდე ხელთ, მაშინ ამ ლამაზმანს ხელიდან არ გაუშვებდი.

მე ჰოუპის დამცველი გავხდი. ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო კლუბი, სახელად, RnB Live. სწორედ აქ შეხვდა ჰოუპი უესლი სნაიპსს. სხვა ქალაქში ვიყავი, როცა უესლისთან რომანი გააბა. ლოს ანჯელესში დავბრუნდი და ჰოუპი ატირებული მოვიდა ჩემთან. უესლიმ გული ატკინა: აღარ უნდოდა ჰოუპის ნახვა.

- ხვდები, ჰოუპ, რა ხდება, როცა ასეთი ტიპის ბიჭებთან გაქვს კავშირი? შენ პატიოსანი, ნამდვილი ბიჭი გჭირდება, - ვუთხარი მე.

მაგრამ ჰოუპს არ სურდა ამის მოსმენა. მას ერჩივნა, ასე მეთქვა: "რატომ ტირი, ჰოუპ? მას გავანადგურებ".

რადგან ეს ჩემგან ვერ გაიგონა, მითხრა:

- უესლისთვის გაუგებარია, რატომ ვარ შენთან. მან მკითხა: "რა საერთო გაქვს ისეთ ბიჭთან, როგორიც ტაისონია?"

ვიცოდი, რომ იტყუებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ჰოუპს RnB Live-ში შევხვდი. გვერდზე დავისვი და დავინტერესდი - როგორ ჰქონდა სწავლის საქმე. სწორედ ამ მომენტში უესლი სნაიპი დავინახე. ბოდიში მოვუხადე და მასთან მივედი. უესლიმ თავი ასწია, დამინახა და პანიკაში ჩავარდა.

- მაიკ, გთხოვ, სახეში არ დამარტყა. მე ხომ ამით ვშოულობ ფულს, - მთხოვა მან.
- ნუ ნერვიულობ ჰოუპის გამო. ის, უბრალოდ, ნერვიულობს და წუხს.
და ორივემ გავიცინეთ.

იმ საღამოს ბევრი შამპანური დავლიე და კინენ აივორი უეიანსის (ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი) დანახვისას გადავწყვიტე, რომ მისთვის რაღაც მქონდა სათქმელი. ის ჩემს პაროდიას აკეთებდა ტელესერიალში "ცოცხალი ფერი".

- ეი, კინენ, შეიძლება დაგელაპარაკო? - ვკითხე მე.
- დიახ, მაიკ, რამე ისე ვერ არის?
- რაიმეთი ხომ არ გაწყენინე შენ ან შენს ოჯახს?
- არა. რაშია საქმე?
- საქმე ისაა, რომ კარგი იქნება, თუ ჩემზე ხუმრობებს შეწყვეტ.

ის თავს იმართლებდა, როგორც შეეძლო. და, სხვათა შორის, ჩემზე ხუმრობები შეწყდა. ეს იუმორისტები ოსტატურად გიმუშავებენ ტვინს სცენიდან და კამერის წინ, მაგრამ როცა გხედავენ, მაშინვე უჩნდებათ უდიდესი სურვილი - გახდნენ შენი მეგობარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული