მუდმივად მირეკავდა და დახმარებას მთხოვდა, წუწუნებდა იმის გამო, რომ ვიღაც დევნიდა. მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, დამეცვა ის, ამიტომაც ჩემს დაცვას გავექეცი და სასწრაფოდ მასთან გავფრინდი.
ისიც მიხაროდა, რომ საკუთარი საქმეები მივაგდე და ქალაქიდან გავაღწიე, რადგან მობეზრებული მქონდა ვარჯიშები. რომანტიკულ განწყობაზე ვიყავი, როცა სასტუმროს შამპანურის დიდი ბოთლით მივადექი. და უცებ რეპორტიორებისა და კამერების გარემოცვაში აღმოვჩნდი. რობინმა მიღალატა. მან ჟურნალისტებს მოუყვა, რომ თურმე მე
რეპორტიორები ჩემ გარშემო იდგნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ - რატომ ვაკეთებდი ამას. მე კი ინსტინქტურად ვმოქმედებდი: მათგან თავის დასაძვრენად შამპანურის ბოთლი ხელკეტად ვაქციე. შედეგად, რამდენიმე ჟურნალისტი დავაფრთხე და ყველაზე ძვირად ღირებული კამერა დავამსხვრიე, რაც გროშებად დამიჯდა. ის ღამე რობინთან გავატარე, მაგრამ მისი საქციელი იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მომდევნო დილას უკან დავბრუნდი. ფორმალურად, ეს ჩვენი ურთიერთობის დასასრული იყო.
ჩვენი განქორწინება 14 თებერვალს დასრულდა. ხომ მართალია, რომ ამაში გარკვეული ირონია არსებობდა (14 თებერვალი - წმინდა ვალენტინის დღეა, ყველა შეყვარებულის დღესასწაული).
რობინმა ხელზე მიიღო გარკვეული თანხა და ყველა ძვირფასეულობა, რომელიც მე ვუყიდე და რომელიც მთელი ქონება ღირდა. რუთმაც რაღაც მიიღო და ნიუ იორკში არაკომერციული ფილმების კომპანია გახსნა. ჩემმა მეგობარმა, ჰოლივუდის პროდიუსერმა ჯეფ უოლდმა მირჩია, ჩემი ინტერესები ადვოკატ ჰოვარდ ვეიცმანს დაეცვა. ეს ნამდვილი პროფესიონალი იყო.
სასამართლო პროცესის დროს რობინი ამტკიცებდა, რომ მსხვილ თანხაზე ერთ-ერთი ჩეკი მის სახელზე იყო გამოწერილი, რადგან ქვედა გრაფაში ეწერა - "მაიკ ტაისონის საჩუქარი". მაგრამ მან არ იცოდა, რომ ბანკი ყოველი ჩეკის მიკროფოტოასლს აკეთებდა. ჰოვარდმა ამ ჩეკის ორიგინალი ასლი მოიპოვა, გაადიდა და მუყაოს დიდ ფურცელზე გადაიტანა. ამით მან აჩვენა სასამართლოს, რომ რობინი თავის შენიშვნებს უკვე მას შემდეგ აკეთებდა, რაც ანგარიში უკვე დახურული იყო.
რობინმა ჩემი "ლამბორგინის" წართმევაც სცადა. მან მანქანა საკუთარ ფარეხში დააყენა, კართან კი ბეტონის ბარიკადები ააგო. მაგრამ ჰოვარდისთვის არც ეს აღმოჩნდა პრობლემა. მან კერძო დეტექტივები დაიქირავა, რომლებმაც ისე მოიყვანეს მანქანა, რომ არავინ გაუღვიძებიათ.
ოფიციალურად, თავისუფალი ვიყავი რობინისგან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამაღლებული განწყობა მქონოდა, სულით დავეცი. აღარ მინდოდა მასთან საქორწინო კავშირი, მაგრამ ყველა ამ პროცედურის შედეგად, თავს დამცირებულად ვგრძნობდი. საკუთარ თავს ნახევარ ადამიანად აღვიქვამდი. გადავიტანე სიყვარულის უარყოფითი მხარე - ღალატი და მრცხვენოდა, რომ ეს ყველაფერი მილიონობით ადამიანის თვალწინ გათამაშდა.
პირველად გამოვჩნდი სუსტი სხვების თვალში. მზად ვიყავი მოვმკვდარიყავი მისთვის, ახლა კი არც მაინტერესებდა - ცოცხალი იყო თუ არა. როგორ შეიძლება ასე შეიცვალოს სიყვარული?
ახლა, როცა უფრო საღად ვაზროვნებ და მაშინდელ მოვლენებზე ვფიქრობ, მესმის, რომ რობინი და რუთი, სინამდვილეში, ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სიბრალულს იმსახურებდნენ. ფულის გამო ყველაფრისთვის მზად იყვნენ. გახდებოდნენ ზოოფილები და ვირთხებთან დაამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. მათ არ იცოდნენ ზღვარი, ფული სისხლში ჰქონდათ გამჯდარი. ცოდვილი ადამიანები იყვნენ.
მაგრამ მოვიდა დრო, კრივს დავბრუნებოდი. კრივის მთელი ინდუსტრია მოუთმენლად ელოდა ჩემს მომდევნო ბრძოლას. ჩვენ დავუბრუნეთ ამ სპორტს სანახაობრივი მხარე.
ჩემი ბრძოლები მაშინვე იყიდებოდა, როგორც კი მის შესახებ საჯაროდ გამოცხადდებოდა. ყველანი ლას ვეგასისკენ მიისწრაფოდნენ, სასტუმრო-გასართობ კომპლექს MGM Grand-ში მოსახვედრად. ჩვენი იქ ყოფნის დროს იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი. ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს MGM Grand-ის სავაჭრო ცენტრში დავდიოდი და ბრძოლის წინ ერთ საღამოს 250 ათას დოლარს ვხარჯავდი.
ამიტომაც ცენტრში იკრიბებოდნენ სხვა "მაიკ ტაისონები". ისინი ჩემს გზას იმეორებდნენ. უკვე ნომერში მეძინა, იქ კი ტაისონის ასლები დააბიჯებდნენ: მილიარდერები, მსახიობები, საქმოსნები, მეძავები, სენატორები - ყველანი იქ იყვნენ.
მაგრამ მე არ ვიყავი ფორმაში, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ბრუნოს შეეძლო მიწასთან გავესწორებინე. უბრალოდ, აღარაფერი მაღელვებდა.
დავიღალე ბრძოლებისგან. თავში აღარ მქონდა სისტემა, რომელსაც კასი მასწავლიდა. ბრძოლის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვცადე, ოპტიმისტად წარმოვჩენილიყავი:
- მოხარული ვარ დაბრუნებით. ბოლო დროს ბევრი უსიამოვნება შემხვდა, რაც გონებას მიფანტავდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სასარგებლოც იყო. სინამდვილეში, უკვე დიდი ხანია გადავლახე ავადმყოფური სიტუაცია. უბრალოდ, ამჯერად, ის საჯაროდ გახდა ცნობილი. ბევრი რამ გავიგე ჩემ შესახებ, როცა ამგვარ პრობლემებს გადავეყარე. დღეს ჩემი ძირითადი ამოცანაა - მწვერვალზე დავბრუნდე. მნიშვნელობა არ აქვს, რომ უკვე სახელგანთქმული ვარ და ყველა მცნობს. არ შეიძლება მწვერვალზე იყო, თუ რინგზე არ გამოდიხარ, მაგრამ მე ისევ ჩხუბსა და მწვერვალზე დაბრუნებას ვაპირებ.
მაგრამ რეპორტიორებს უფრო მეტის ცოდნა უნდოდათ რობინთან სასიყვარულო ისტორიისა და მისი სავალალოდ დასრულების შესახებ.
- მისმინეთ, მე უკვე გავიარე ეს ეტაპი. შეყვარებული ვიყავი. შესაძლოა, ისევ შევიყვარო, მაგრამ უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნება.
ბრძოლის მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტს ვბაქიბუქობდი:
- ხალხი ჩემზე ამბობს: "საწყალი ბიჭი!" ეს შეურაცხყოფას მაყენებს. ვერ ვიტან თანაგრძნობას. დიახ, ბევრი სისულელე ჩავიდინე, შეცდომები დავუშვი, მაგრამ "საწყალი ბიჭი" ისე ჟღერს, თითქოს მსხვერპლი ვიყო. სულაც არ ვარ საცოდავი, გარწმუნებთ.
ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე რორი და ჯონ ჰორნი სასტუმრო "ჰილტონში" დავასახლეთ. ორი დღის შემდეგ ისინი უკვე ჩემ მიერ სასტუმროს მაღაზიებში ნაყიდი ოქროს საათებითა და ძვირფასეულობით იწონებდნენ თავს. შემატყობინეს, რომ სასტუმროს პირსახოცების ტარებასაც კი არ კადრულობდნენ.
ბრძოლის წინ დიდად არ ვიკლავდი თავს ვარჯიშით. 16 წლისას, ბრუნოსთან სპარინგი მქონდა, კასი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მაშინ შევძელი მისი დამარცხება. ამ ბრძოლაში არანაირი სტრატეგია არ მქონდა. ვიცოდი, შემეძლო მისი ჯების ნეიტრალიზება და ბრუნო უსიამოვნებებს ვერ მომიტანდა საკუთარი დარტყმებით. აწონვაზე სცადა თავისი გამოხედვით ჩემი დაშინება, ამიტომაც ტრუსები ჩავიწიე და იქ თმები დავანახე.
როცა ბრძოლა დაიწყო, ვიგრძენი, რომ ოდნავ დაკარგული მქონდა ფორმა, მაგრამ ვახერხებდი ძლიერი დარტყმების შესრულებას. პირველივე დარტყმით ბრუნო წავაქციე. შემდეგ ვიჩქარე მისთვის ბოლოს მოღება, მაგრამ არ გავითვალისწინე მოწინააღმდეგის სისწრაფე და მან შეძლო მარცხენა ჰუკისა და მოკლე მარჯვენა დარტყმის შესრულება. მოგვიანებით აჭარბებდნენ, რომ ამ დარტყმების გამო ბარბაცი დავიწყე, მაგრამ ეს ასე არ იყო.
უბრალოდ, დარტყმა ვიგრძენი და მალე ნორმაში მოვედი. ცოტა დამაკლდა, რომ მეორე რაუნდში წერტილი დამესვა. ამის შემდეგ ის ჩემი ყოველი წარმატებული დარტყმისას კლინჩში შედიოდა.
მეხუთე რაუნდის დაწყებიდან ერთ წუთში ძლიერი დარტყმით შევაზანზარე და მომდევნო 40 წამის განმავლობაში მთელ რინგზე ვავიწროებდი. როცა ისევ მზად იყო გასაქცევად, ბაგირებთან მივიმწყვდიე და მარჯვენათი ისეთი აპერკოტი შევასრულე, რომ რიჩარდ სტილმა ბრძოლა გააჩერა. ბრუნო ძლივს იდგა ფეხზე.
ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში მოწინააღმდეგეს დავცინე.
- როგორ ბედავენ ჩემთვის გამოწვევის სროლას ასეთი პრიმიტიული ტექნიკით? - ვიცინოდი მე.
ჩემი შემდეგი ბრძოლა ივლისში უნდა ჩატარებულიყო. ამასთან, ტელეკომპანია HBO ცდილობდა, ჩემთან სამუდამო კონტრაქტი გაეფორმებინა. ცხოვრების ბოლომდე ზანგი მონა უნდა გავმხდარიყავი. მათ უნდოდათ, პლანტაციაში საკუთარი მონა ჰყოლოდათ. მხოლოდ წარმოიდგინეთ: ეს ბოსები იბრძოდნენ იმისთვის, რომ მე პატარა ნაწილებად დავენაწილებინე!
ბრძოლისთვის მზადება ოჰაიოში დავიწყე. შევიძინე სახლი პირდაპირ დონ კინგის სახლის გვერდით. 31 მაისს, დონთან მივიდნენ ბიჭები HBO-დან, დაგეგმილ გარიგებაზე სალაპარაკოდ. მე არ გამოვჩენილვარ: წინა დღიდან მოყოლებული, საზეიმო საღამოზე ვიყავი.
კინგი პრესას შეხვდა და ჩვენი ურთიერთობების დადებითი სურათი დახატა:
- ეს ოჯახური საქმეა, სადაც ჭარბობს სულიერი ერთობა და სოლიდარობა. მაიკს ესმის, რომ მან სრულყოფა უნდა გააგრძელოს. ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ პატიოსანი ვიყო მასთან მიმართებაში. ის - ადამიანია და მას აქვს საკუთარი შეცდომების დაშვების უფლება. მაიკმა ზრდა უნდა გააგრძელოს, როგორც სხვებმა. და მე მოუთმენლად ველოდები, ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება ის ჩემგან დამოუკიდებელი.
ეს ნაბიჭვარი, უბრალოდ, კასის მიბაძვას ცდილობდა.
- მე არ ვცდილობ წავართვა მას საბრძოლო ჟინი, სიმამაცე და ენერგია. არც იმას ვწყვეტ - რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი. ის თავად წყვეტს ყველაფერს. მე მისი მამა არ ვარ, მაგრამ მამის გული მაქვს, რასაც მოკლებულია ბევრი ბავშვი გეტოში. შეიძლებოდა დამოკიდებულება მქონოდა იმასთან, რაზეც მაიკ ტაისონი წუხს.
რა უნდა ვთქვა ამ ბიჭზე? მან არ იცოდა სიმართლე, მაშინაც კი, როცა ის პირდაპირ ცხვირწინ ჰქონდა. შეეძლო სიმართლე მხოლოდ შემთხვევით ეთქვა.
მე არ გამოვჩნდი სადილად, ამიტომაც მათ ჩემ გარეშე დაიწყეს შეხვედრა. ფეხებზე მეკიდა ეს მოლაპარაკება. ძალიან მენატრებოდა ოჰაიო. ხანდახან მზად ვიყავი იარაღი ამეღო და დონ კინგის მანქანები დამეცხრილა. არ შემეძლო ნორმალურად გართობა ოჰაიოში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არასასურველი სტუმარი გავხდი ქალაქის ბევრ კლუბში.
ისიც კი მოვახერხე, რომ პოლი გერმანი საკუთარი კლუბიდან მიაბრძანეს. ის ჩინური კლუბის ინვესტორი იყო. ერთხელ მაგიდასთან ერთად ვისხედით, როცა ჩემსა და ოფიციანტ ქალს შორის ჩხუბი ატყდა. მე რამდენიმე განკარგულება გავეცი და გავბრაზდი იმის გამო, რომ დიდხანს მოჰქონდა შამპანური. მან უფროსთან მიჩივლა და ჩვენ კლუბიდან მიგვაბრძანეს.
ჰოუპი ბევრ დროს ატარებდა ჩემთან ოჰაიოში. გოგონები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ სასიამოვნო იყო, რომ არსებობდა ვიღაც, ვინც ჩემზე ზრუნავდა. მას შუაღამით ვაღვიძებდი და ბუტერბროდებს მიმზადებდა. და ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობდით. მახსოვს, როგორ ამბობდა ჰოუპი:
"ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ დეტალის შესახებ, მაგრამ მე არ შემიძლია საკუთარი თავისთვის თუნდაც ბუტერბროდის მომზადება". ყოველთვის ჩნდებოდა ვიღაც, ვინც რაღაცას აკეთებდა ჩემთვის. ეს იყო მარტოობისა და დათრგუნულობის პერიოდი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"