თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ეს იქნებოდა ავტორიზებული ბიოგრაფია, მაგრამ, როცა დონ კინგთან დავიწყე მუშაობა, უარი ვთქვით ამ პროექტში მონაწილეობაზე. მთელი წიგნი სავსე იყო ჩემ შესახებ სიბინძურითა და სიცრუით. მაგალითად, მასში ასეთი სცენა იყო: თითქოს ერთად ვსეირნობდით და ვლაპარაკობდით ქალებსა და სექსზე. და მე ვთქვი:
"მომწონს იმის მოსმენა და ყურება, როგორ ყვირიან ტკივილისგან და როგორ იცლებიან სისხლისგან. მე ეს სიამოვნებას მანიჭებს". ქალებზე მსგავსი არაფერი მილაპარაკია.
წიგნის გამოსვლის შემდეგ არ დამიწყია ამ ისტორიების უარყოფა, მაგრამ კომენტარი გავუკეთე ტორესის ღალატს: "ის შენი მეგობარია, გულში გიკრავს, ამბობს, რომ ძალიან უყვარხარ და მოკვდება შენ გამო. მაგრამ თუ ფულის შოვნის საშუალება გამოუჩნდება, მზად არის, ყელი გამოგღადროს და გიყუროს, როგორ იცლები სისხლისგან".
რადგან სისხლზე ჩამოვარდა სიტყვა, უნდა ვაღიარო, რომ იმ დროს შეშფოთებული ვიყავი შიდსის პრობლემით. შემდეგი ბრძოლა 21 ივლისს, ატლანტიკ-სიტიში მქონდა. მისთვის მზადების რანგში, ვალდებული ვიყავი, შიდსზე ტესტი გამევლო. იმის გამო, რომ მოკრივეებს ხშირად ჰქონდათ რინგზე სისხლდენა, ამგვარი ტესტებით ცდილობდნენ დაეცვათ მსაჯების, სეკუნდანტებისა და სხვა მოკრივეებს უსაფრთხოება. მეშინოდა ტესტის გავლა. ბევრ გოგოსთან ვიწექი, ამიტომაც მეგონა, რომ შიდსით ვიყავი დაავადებული.
როცა ტესტის გავლის დრო მოვიდა, უბრალოდ, უარი ვთქვი მასზე.
- მაიკ, გაიარე ეს ტესტი, - მეხვეწებოდა დონ კინგი. - შენ ხომ არ გაქვს ეს ვირუსი.
- საიდან იცი?
დონ კინგმა არ იცოდა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი შიდსით დაიღუპა. მე და ის სექსის დროს თავს არ ვიცავდით, სექსი გვქონდა ერთი და იგივე გოგოსთან, რომელიც ასევე შიდსის გამო გარდაიცვალა. ერთ-ერთი კლუბის მცველმა იცოდა, რომ ამ გოგოსთან მეძინა და ყოველ ჯერზე მშვიდად ინტერესდებოდა:
- სალამი, მაიკ. როგორ არის საქმეები? მე მგონი, წონას კარგავ.
ჩემ ზურგს უკან კი ყველას უყვებოდა, რომ შიდსით ვიყავი დაავადებული.
იმ დროს შიდსი ჩვენს ცხოვრებაში ყველგან იყო. დაავადდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის. ჩვენ არც კი ვიცოდით მისი ნამდვილი სახელი და უბრალოდ, პოპს ვეძახდით.
ეს იყო მეტად კოლორიტული ჰომოსექსუალი, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უფროსი იქნებოდა. ყოველთვის უნაკლოდ ეცვა, ატარებდა ბეწვეულს, ბეჭდებს, ბრილიანტებს. ამიტომაც მაღაზიებში ვერავინ იფიქრებდა, რომ ქურდი იყო. პოპი ქალებთან დროს მხოლოდ მაშინ ატარებდა, როცა ნარკოტიკებს ეტანებოდა. არ მოსწონდა ჩვენი საქმეზე წაყვანა, რადგან ხელს ვუშლიდით. ყოველთვის გულუხვი იყო და ნადავლს გვიყოფდა.
მომდევნო ბრძოლა კარლ უილიამსთან მქონდა. მისი მეტსახელი იყო - "სიმართლე". ეს იყო იოლად დასამარცხებელი ბიჭი შემდეგი სტატისტიკით: 12 მოგება და ერთი წაგება. მაგრამ ის არ წარმოადგენდა ჩემთვის რეალურ საფრთხეს. ბრძოლისადმი ინტერესის გასაღვივებლად და სწრაფი ფულის გამოსამუშავებლად, დონ კინგმა 900 სატელეფონო ხაზი მოაწყო. სატელეფონო ზარის სანაცვლოდ, შესაძლებელი იყო ჩემ შესახებ ფასიანი ექსკლუზიური ინფორმაციის მიღება. სინამდვილეში, ეს იყო, უბრალოდ, მაგნიტოფონზე ჩაწერილი ჩემი ინტერვიუ, რომელიც დონმა ჩამომართვა:
- თუ კარლ უილიამსს დაამარცხებ, ვინ იქნება შემდეგი მოწინააღმდეგე?
- არ ვიცი, - იყო ჩემი პასუხი.
და ამ სისულელის გამო ფულს იხდიდნენ.
თავად ბრძოლა ცოტა ხანი გაგრძელდა, როგორც ეს 900 სატელეფონო ზარი.
როცა უილიამსმა მარცხენა ჯები მოიქნია, ავიცილე და ერთდროულად, მარცხენა ჰუკი ზუსტად მოვარტყი ყბაში. წაიქცა, შემდეგ წამოდგა და ბაგირებს ჩაეჭიდა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა. რეფერიმ უილიამსს კითხვა დაუსვა, მაგრამ პასუხი არ მოეწონა და ბრძოლა შეწყვიტა.
შეხვედრა სპინქსთან ბრძოლაზე ორი წამით მეტხანს გრძელდებოდა. გაკვირვებული დავრჩი, რომ რეფერიმ ბრძოლა გააჩერა. არ მგონია, რომ უილიამსი ამდენად ცუდად იყო. მაგრამ, ბრძოლის შემდეგ ლარი მერჩანტს ვუთხარი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მასზე ძლიერი ვიყავი. მერჩანტმა მკითხა - ვინ იქნება ჩემი მომდევნო მეტოქე და ჩამოთვალა დიდი სია, მათ შორის, ახსენა ჰოლიფილდი, დაგლასი და დოკესი.
- ნებისმიერი! თუნდაც ყველა ერთად! ვერავინ შემედრება! მე საუკეთესო მებრძოლი ვარ მსოფლიოში! - ვუპასუხე მე.
შემდეგ გავაგრძელე: - დონ კინგმა მითხრა, რომ თუ ამ ბიჭს ნოკაუტში გავუშვებდი, 100 ათას დოლარს გადამიხდიდა. როდის მივიღებ ჩემს ფულს?
დონმა კამერაში თავი შემოყო და მიპასუხა:
- ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
- შესანიშნავია! შესანიშნავია! - აღგზნებული ვიყავი. - ეს ფული ჩემი "ეკლესიის" საჭიროებას მოხმარდება.
ეს ფული ჩანთაში ჩავალაგეთ და კრეიგ ბუგისთან ერთად პირდაპირ მაუნტ ვერნონში წავედით, ჰევი დისთან (დუაიტ ერინგტონ მაიერსის სცენური სახელი; ამერიკელი რეპერი, მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი; ჰიპ-ჰოპის ჯგუფის, Heavy D & the Boyz-ის ყოფილი ლიდერი; გარდაიცვალა 2011 წელს) და ალ ბი შუასთან (ალბერტ ჯოზეფ ბრაუნის სცენური სახელი; პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი) ერთად გასართობად.
რამდენიმე საათი ჰევის სახლში მის მშობლებთან ერთად ვიქეიფეთ, შემდეგ ნიუ იორკში გავემგზავრეთ, "ეკლესიაზე" ფულის დასახარჯად. თავიდან ეს იყო "კოლუმბი", შემდეგ თითოეული კლუბი ჰარლემიდან ქალაქის ცენტრამდე. ამ ბრძოლის შემდეგ მთელი თვე ვერთობოდი ნიუ იორკში.
რა თქმა უნდა, ბრაუნსვილსაც ვესტუმრე და ჩემს რაიონშიც დავარიგე თანხის ნაწილი. ხანდახან ისე ხდებოდა, რომ ბრაუნსვილი მოდიოდა ჩვენთან, ჩვენს მდიდრულ გარეუბანში. ერთხელ ძველ მეგობართან, გორდისთან ერთად მედისონ ავენიუზე ლიმუზინით ვსეირნობდი. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე მამაკაცი და ქალი ბეწვის გრძელი ქურქებით. ისინი სწრაფად მოძრაობდნენ, უკან კი მედისონ ავენიუს ელიტური მაღაზიის მენეჯერი მისდევდათ.
- ეი, დაბრუნდით უკან! - ყვიროდა მენეჯერი.
დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეს იყო პოპი და მისი მეგობარი კარენი. მე და გორდი სიცილისგან ჩავბჟირდით: შიდსით დაავადებულიც კი, პოპი ძველი ცხოვრებით ცხოვრობდა.
იმ წლებში, როცა "ტაისონის გუნდი" გვყავდა, მართლაც ზღვარს გადავედი. ჩემს მოქმედებაში არ ყოფილა არანაირი ლოგიკა. საკუთარი თავი ბარბაროს გმირად მიმაჩნდა: "თუ არ მოგწონს ის, რასაც ვლაპარაკობ, გაგანადგურებ, დაგანაწევრებ". ბინძური ნაბიჭვარი ვიყავი. ჩემს ერთ-ერთ პირად მცველს ეგონა, რომ სინამდვილეში ერქვა - "შენი დედა...!"რადგან მუდმივად ასეთი მიმართვები ესმოდა: "შენი დედა..., მიყიდე ეს!" ან "წავედით, შენი დედა...!"
ეს იყო ველურების ბანაკი ოჰაიოს შტატში. მე მათი ბელადი ვიყავი. სამსახურიდან არავის უშვებდნენ, უბრალოდ, სჯიდნენ. მახსოვს, როგორ ჩავარტყი თავში დონ კინგს. ერიკმა ეს "აფროს" სტილის ვარცნილობიდან მტვრის გადაწმენდას შეადარა. საქმე ასე იყო. ერთ კვირადღეს დონს ვუთხარი:
- მეგობარო, ჯერ არასდროს მინახავს მილიონი ნაღდი ფულით. მომეცი მილიონი დოლარი.
- მაგრამ, მაიკ, ბანკი დაკეტილია! - მითხრა დონმა.
- შენ გაქვს კავშირები. მოელაპარაკე, რომ ბანკი გააღონ და მომეცი ჩემი მილიონი დოლარი! მინდა ის საკუთარი თვალით ვნახო, - გავაფრთხილე ის.
სიმართლე ითქვას, სულელურად ვიქცეოდი. უბრალოდ, იდიოტურ საბაბს ვეძებდი, რომ დონისთვის თავში წამომერტყა.
- მაიკ, არ გააკეთო ეს! დონი ისე მოაწყობს საქმეს, რომ მოგკლავენ! დონს უკვე მოუკლავს ადამიანები! - მეუბნებოდა ყველა.
- თქვენ ყველას გეშინიათ მისი? - გამიკვირდა მე და უცებ თავში ფეხი ჩავარტყი.
ერთხელ მუჰამედ ალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ლას ვეგასში დონის სახლს სტუმრობდნენ. მოსმენილი მქონდა მოთხრობები იმის შესახებ, რომ ალის, ლარი ჰოლმსსა და სხვა მოკრივეებს ეშინოდათ დონის. მიაჩნდათ, რომ კინგს მათი მოკვლა შეეძლო. მე პატივს ვცემდი ამ ადამიანებს და მინდოდა სცოდნოდათ - დონი სულაც არ იყო საშიში.
ამიტომაც ყველას თანდასწრებით ვყვებოდი მის შემარცხვენელ ამბებს. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ სრული არარაობა იყო. არ ვიცი, რამდენად მქონდა ასეთი აურზაურის მოწყობის რეალური მიზეზი. მაშინ ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვიყავი და ვიქცეოდი ისე, როგორც მინდოდა.
ერთხელ ჩემთან რორი და ჯონსი მოვიდნენ და მითხრეს:
- მაიკ, მისმინე, იქ არის 60 წლის მამაკაცი. თუ დაარტყამ, ტვინის შერყევა ექნება. მან გვთხოვა - დაგვერეკა შენთან და გვეთქვა, რომ თუ ჩხუბს დაიწყებ, აქ აღარასოდეს მოვა. ამიტომაც, მოდუნდი.
და მეც მომიწია მოდუნება.
ყველას ეგონა, რომ ჭკუიდან გადავედი. არ ვვარჯიშობდი. თითქმის მთელ დროს საღამოებზე ვატარებდი. შემდეგ მცირე მოთელვით შემოვიფარგლე, საჩხუბრად წავედი და როგორც ყოველთვის, ბრძოლა ნოკაუტით დავასრულე. შესაძლოა, იმ პერიოდში მართლაც შეშლილივით ვიყავი. დღეს ძალიან შორს ვარ იმ პიროვნებისგან, როგორიც მაშინ ვიყავი. დღეს შემიძლია მაშინდელ ტაისონს ვუთხრა: "ეი, შენი დედაც, გიჟი ხარ!"
სინამდვილეში მჯეროდა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე. დონ კინგს პანღურს ვურტყამდი, თავი ჯონ გოტი (გამბინოს კლანის ხელმძღვანელი, რომელიც 1986-92 წლებში ნიუ იორკში ორგანიზებულ დანაშაულს აკონტროლებდა) მეგონა. დონი მარწმუნებდა, რომ ექიმთან უნდა წავსულიყავი. ის ამბობდა: "მაიკ, ფსიქიატრს უნდა ეჩვენო. რაღაც ისე ვერ გაქვს". და, მართლაც, მაიძულა წავსულიყავი დოქტორ ელვინ პუსენთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბრწყინვალე ფსიქიატრთან.
ის ნამდვილი ერუდიტი იყო, ჭკუის სწავლებისკენ ჰქონდა მიდრეკიდება. პუსენმა მკითხა - რაში მდგომარეობდა ჩემი პრობლემა და დავიწყე ათასგვარი სისაძაგლის მოყოლა: "წავიდნენ ყველანი, მათი დედაც...! ჩემთვის სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები!" არაფერს ვუმალავდი. საბოლოოდ, ვეღარ გამიძლო და გაიქცა. მას შემდეგ აღარ მინახავს.
იმ ყველაფრის გახსენებისას, რაც დონ კინგმა იმ წლებში გამიკეთა, ჯერ ისევ ვგრძნობ, რომ მზად ვარ მის მოსაკლავად. საშინელი მატყუარა და მოღალატეა. სულაც არ არის მაგარი ბიჭი და არც არასოდეს ყოფილა. თუ იყო მაგარი საქმეები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, მან უბრალოდ გადაიხადა იმისთვის, რომ მის ნაცვლად გაეკეთებინათ ეს.
იმ დროისთვის არ მაღელვებდა, თუ ვინმე ჩემზე ცუდს იფიქრებდა. უბრალოდ, ყოველდღე ვცხოვრობდი ისე, როგორც მინდოდა. ვიყავი კოვბოი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა. მინდოდა ბოროტი ვყოფილიყავი და გავხდი ასეთი.
ჟურნალ "კრივში" გაჩნდა სტატია - "ნუთუ მაიკ ტაისონი ხდება ყველაზე არაპოპულარული მძიმეწონოსანი ისტორიაში?" თავის მხრივ, დევიდ ანდერსონმა "ნიუ იორკ თაიმსიდან", გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "შეაჩერებს თუ არა ვინმე ტაისონს?" პრესა ამიმხედრდა და მე ეს მომწონდა. მათთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი ვიყავი. უფრო მეტი მეტოქე მჭირდებოდა საჩხუბრად.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"