დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
იმ დროს ვერ ვიტანდი პრესას: ვაფურთხებდი ჟურნალისტებს, ვუყვიროდი რეპორტიორებს. აი, ასე ვჩნდებოდი ყველას წინაშე. ვეუბნებოდი მათ:

- აბა, გარისკეთ და რაიმე მითხარით საპასუხოდ. გაქვთ უფლება, სასამართლოში მიჩივლოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, აღებული ფულით მოგიწევთ იყიდოთ ინვალიდის სავარძელი პატარა ძრავითა და ტუალეტით, რადგან ეს თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ.

ან:
- საერთოდ როგორ ბედავთ ჩემთან ლაპარაკს? ცხოვრებაში არასოდეს გიჩხუბიათ და სხვებს ასამართლებთ! ვინ ხართ? არასოდეს ჩაგიცვამთ საკრივო ხელთათმანები. ნაცნობობით მოეწყვეთ სამუშაოზე. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ - დალიოთ და ცოლს უღალატოთ. უბრალოდ, საზოგადოების ხორცმეტი ხართ, ნაგავი,
რომელიც გაზეთს აკეთებს.

დონ კინგმა გააფორმა კონტრაქტი ჩემს მომდევნო ბრძოლაზე დონოვან რადოკთან (კანადელი პროფესიონალი მოკრივე). ამერიკის შეერთებული შტატების სასტუმროები არ დაინტერესდნენ ამ ბრძოლით. ტრამპი მოტყუებულად და გაქურდულად გრძნობდა თავს უილიამსთან ბრძოლაში ჩემი სწრაფი ნოკაუტის გამო.

ამიტომაც კინგმა იპოვა ვიღაცეები კანადის ქალაქ ედმონტონში. ისინი მზად იყვნენ, გადაეხადათ საჭირო 2.6 მილიონი დოლარი. ბრძოლა 18 ნოემბრისთვის იყო დანიშნული.

მაგრამ ნიუ იორკში გაუთავებელი გართობის შემდეგ ლოს ანჯელესში გავემგზავრე და გავაგრძელე საღამოებში მონაწილეობა. დიდად დაინტერესებული არ ვიყავი რადოკთან ჩხუბით. ნანახი მქონდა მისი ბრძოლა მაიკლ უივერთან. შესანიშნავად იბრძოდა. ასე არასოდეს უჩხუბია. ის ნოკაუტის ოსტატი იყო. სმიტთან ბრძოლაში მეორე რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ძალიან შთამბეჭდავი ნოკაუტით მოიგო მეშვიდე რაუნდში.

სექტემბერში, ლას ვეგასში დავიწყე მზადება ბრძოლისთვის, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი ამ პროცესს. აღარ მინდოდა ჩხუბი. ოქტომბრის შუაში, ბანაკი ედმონტონში გადავიტანეთ. არ დავდიოდი ვარჯიშებზე და მხოლოდ იმით ვიყავი დაკავებული, რომ ქალებთან ვიწექი. საკუთარი ოთახის დატოვებაც არ მჭირდებოდა.

მეგობრები საკმარისად მყავდა. ისინი პირველივე შემხვედრ გოგონას ხელს სტაცებდნენ და ნომერში მოჰყავდათ. ჩემთვის სულერთი იყო - როგორ გამოიყურებოდა და რა ერქვა. დავამთავრებდით, ის მიდიოდა და მეორე ჩნდებოდა.

საბოლოოდ, დონ კინგს ვთხოვე - მოეფიქრებინა რაიმე მიზეზი და ბრძოლა გადაედო. არგუმენტად გამოვიყენეთ ჩემი ბრონქიტი. უპრობლემოდ შემეძლო ამ დაავადებით ბრძოლა, მაგრამ თუ ექიმი რენტგენის სურათებს ნახავდა, აუცილებლად შეშფოთდებოდა. 26 ოქტომბერს გავაუქმეთ ბრძოლა და ლას ვეგასში დავბრუნდით.

დონმა იპოვა ექიმი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრონქიტით ვიყავი დაავადებული.

ბრონქიტი? ჯანდაბა, რა ბრონქიტი? მეშინოდა, რომ ეს ვენერიული დაავადება იყო.
დონმა დაიწყო ჩემთვის უფრო იოლი ბრძოლის ძებნა და გადაწყვიტა იანვარში იაპონიაში ჩემი წაყვანა ბასტერ დაგლასთან ჩხუბისთვის. მას ეგონა, რომ დაგლასის დამარცხება იოლი საქმე იყო. გარდა ამისა, გარიგება დადო ევანდერ ჰოლიფილდის გუნდთან და მასთან ბრძოლა 1990 წლის ივნისისთვის დაგეგმა. ამ ბრძოლისთვის 25 მილიონი დოლარი უნდა მიმეღო.

ამიტომაც ისევ თავით გადავეშვი გართობაში. ნოემბერში მონაწილეობა მივიღე სემი დევის-უმცროსის (ამერიკელი საესტრადო მომღერალი და მსახიობი) შოუბიზნესში 60-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავ საღამოში. იქ რამდენიმე ცნობილ ადამიანს შევხვდი.

შესანიშნავი დრო გავატარე ჯორჯ ბერნსთან (ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მწერალი, "ოსკარის" მფლობელი) და მილტონ ბერლთან (ამერიკელი კომიკოსი), გავესაუბრე ფანი ბრაისს (ამერიკელი მომღერალი, თეატრისა და კინოს მსახიობი), რუბი კილერს (ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე) და ელ ჯოლსონს (ამერიკელი მუსიკოსი).

ისე გამოვიდა, რომ მთელ "ვირთხების ჯოგთან" ("ვირთხების ჯოგი" - 50-60-იან წლებში ამერიკული შოუბიზნესის მოღვაწეთა გუნდი, რომელიც ჰემფრი ბოგარტისა და მისი მეუღლის, ლორინ ბეკოლის გარშემო იყო შემოკრებილი) მქონდა ურთიერთობა. სინამდვილეში, მათ ბიჭებს ძალიან ვუყვარდი.

მაგრამ ამ ადამიანებთან შეხვედრა ვერ შეედრებოდა ურთიერთობას ჩემს საკრივო კერპებთან. იმ დროს ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, მაგრამ მხოლოდ მაქს შმელინგთან (გერმანელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი 30-იან წლებში) შეხვედრამ მომიტანა უდიდესი სიამოვნება.

ის უკვე 80 წელს იყო გადაცილებული. კრივზე საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ განვიხილეთ დემპსი და მიკი უოკერი. მან მითხრა, რომ ჯო ლუისი უდიადესი მოკრივე და ბრწყინვალე ადამიანი იყო. თავის დროზე, როცა შეიტყო, რომ ჯო ლუისი გაკოტრებული იყო, გერმანია მიატოვა და ჰარლემში წავიდა ჯოს სანახავად.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ დადის თეთრი ბიჭი ჰარლემში იმისთვის, რომ ლუისი ნახოს? იმ დროს, როცა შმელინგს შევხვდი, მილიარდერი იყო. გერმანიაში "პეპსიზე" ყველა უფლება მას ეკუთვნოდა, მაგრამ აღრთოვანებაში მოვედი, როცა გავიგე, რომ ძველებურად უყვარდა კრივი. სადაც არ უნდა წასულიყო, ყოველთვის თან დაჰქონდა საკუთარი ბრძოლების ჩანაწერები.

მიყვარდა ძველი მოკრივეები. როცა გავიგე, რომ ჯო მაქსიმი (ნამდვილი სახელი - ჯუზეპე ანტონიო ბერარდინელი, ამერიკელი მოკრივე), მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში, კარისკაცად მუშაობდა ლას ვეგასის სასტუმროში, ყოველ კვირას ვსტუმრობდი და კარიერის შესახებ ვეკითხებოდი.

ძალიან ნაწყენი იყო იმის გამო, რომ არასოდეს იწვევდნენ დიდ ბრძოლებზე დასასწრებად, მაგრამ მე ვიზრუნე ამ პრობლემის მოგვარებაზე. არასოდეს მიფიქრია, რომ მისი მსგავსი ბიჭები უიღბლოები ან ცხოვრებისგან გარიყულები იყვნენ. პირიქით, მიმაჩნდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი მასთან სტუმრობით, მისი ნახვით, მასთან შეხებით... როცა პირველი შეხვედრის შემდეგ შინ დავბრუნდი, ტირილი დავიწყე.

1990 წლის 8 იანვარს, თვითმფრინავში ავედი ტოკიოში გასამგზავრებლად. ვჯიუტობდი და ვყვიროდი. არ მინდოდა ჩხუბი. მხოლოდ საღამოები და ხელმისაწვდომი ქალები მაინტერესებდა. იმ მომენტისთვის, 30 ფუნტი (13.6 კილოგრამი) მქონდა მომატებული. კინგი იმდენად იყო შეშფოთებული ჩემი ზედმეტი წონით, რომ ბონუსი შემომთავაზა იმ შემთხვევისთვის, თუ ერთი თვის განმავლობაში ჩვეულ ფორმაში ჩავდგებოდი.

ბასტერ დაგლასი დიდ პრობლემად არ მიმაჩნდა. იმითაც კი არ შევიწუხე თავი, რომ მისი რომელიმე ბრძოლის ვიდეოჩანაწერი მენახა. იოლად მყავდა დამარცხებული ყველა, ვინც ის ნოკაუტში ჩააგდო.

მე მინახავს მისი ბრძოლები ESPN-ის მიერ მოწყობილ ჩემპიონატზე. მაშინ მე "მოთელვაზე" გამოვდიოდი და ვნახე, როგორ მოუგო დაგლასს ჯესი ფერგიუსონმა, რომელიც მე პირველ ბრძოლაში ნოკაუტში გავუშვი. ვგრძნობდი, რომ ჩემს გმირებს - მიკი უოკერსა და ჰარი გრებს ვგავდი. წაკითხული მქონდა: გრები იმდენად თვითდაჯერებული იყო, რომ თავის მეტოქეებს ეუბნებოდა - "არ ვვარჯიშობდი, რადგან თქვენ არ ღირხართ იმად, რომ ოფლი დავღვარო".

და აი, მის ნაკვალევზე წავედი. ამ ბრძოლისთვის საერთოდ არ მივარჯიშია. თან მახლდა ენტონი პიტსი, რომელიც დილით დგებოდა და ჩემს სპარინგ-პარტნიორთან, გრეგ პეიჯთან ერთად დარბოდა. მაგრამ მე არ ვიყავი ამისთვის მზად. ენტონიმ მითხრა, რომ ქუჩაში მორბენალი დაგლასი დაინახა, რომელსაც ჯარისკაცის ფეხსაცმელი ეცვა.

არ შემეძლო ნორმალურად კვება, რადგან ზედმეტი წონა მქონდა, მე კი მისი დაგდება და დონ კინგისგან ბონუსის მიღება მსურდი. ამიტომაც მხოლოდ სუპს მივირთმევდი, რომელსაც ზედმეტი ცხიმები უნდა დაეწვა. ძირითადი კერძისთვის კი სასტუმროს თანამშრომელი ქალი მყავდა.

ეს სასაცილო იყო, რადგან იაპონიაში ქალები მორცხვები და ჩაკეტილები მეჩვენებოდნენ. საბედნიეროდ, არასტანდარტულ იაპონელ ქალებს გადავეყარე. მეკითხებოდნენ - მივიღე თუ არა იაპონელი ქალებისგან სექსის სფეროში რაიმე პრაქტიკული რჩევა. მე არ მქონდა ამის დრო. იქ არ ყოფილა სექსის შესწავლის კურსები. უბრალოდ, ის ბიჭი ვიყავი, ვისაც სექსი უნდოდა.

მოსამსახურე ქალისთვის სექსის სანაცვლოდ ფულის გადახდაც არ მჭირდებოდა. მაგრამ მათ გულუხვად ვასაჩუქრებდი, რადგან იქაური ფული ბლომად მქონდა. იაპონური ბანკნოტები "მონოპოლის" თამაშის "ფულს" ჰგავდა. როგორც ჩანს, ქალები ჩემი მადლიერნი იყვნენ, რადგან ბრუნდებოდნენ და თავიანთი მეგობარი გოგონები მოჰყავდათ.

მომსახურე პერსონალთან სექსის გარდა, შევხვდი ახალგაზრდა იაპონელს, რომელთანაც კავშირი მქონდა იაპონიაში ბოლო ვიზიტისას. მაშინ ტონი ტაბსთან მიწევდა შეხვედრა. რობინი საყიდლებზე გაემგზავრა, მე კი ამ იაპონელთან ერთად სახანძრო კიბით ნომერში ავედი.

ამჯერადაც იგივე გავაკეთე. ჩემს სართულზე ხალხმრავლობა იყო და არ მინდოდა, დონ კინგს, რორის, ჯონს ან ენტონის ჩემი საქმეების შესახებ სცოდნოდათ. მათ შეეძლოთ დაეშინებინათ ეს გოგო, რადგან ძალიან მორცხვი იყო. თუმცა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, გაზრდილა და მომძლავრებულა.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი იყო ჩემი მზადება დაგლასთან ბრძოლისთვის. პერიოდულად, მწვრთნელებს ვენახვებოდი და მოჩვენებითი ვარჯიშები მქონდა. ბრძოლამდე ათი დღით ადრე, საჩვენებელი სპარინგ-ბრძოლა ჩავატარე გრეგ პეიჯთან. მარჯვენა ჰუკი გავატარე და დავეცი.

- ჯანდაბა, რას აკეთებ? - მკითხა მოგვიანებით გრეგმა.

რამდენიმე დღის შემდეგ დონმა კიდევ ერთი საჩვენებელი სპარინგი მოაწყო და ბილეთს 60 დოლარი დაადო. რა თქმა უნდა, ამ თანხიდან არაფერი შემხვდა. იმ დროს არც კი ვიცოდი, რომ თურმე ამაში ფულს იღებდა.

ორი რაუნდი უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ იმდენად ცუდად გამოვიყურებოდი, რომ აარონ სნოუელმა და ჯეიმ პირველი რაუნდის შემდეგ შეაჩერეს ბრძოლა. დონ კინგი, უბრალოდ, აღშფოთებული იყო. მას ხომ სწრაფი ფულის შოვნა უნდოდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ ძალიან ცუდ ფორმაში ვიყავი. დონმა კრივის შესახებ არაფერი იცოდა. ის ვერ ხედავდა სხვაობას ფორმაში მყოფ და ფორმიდან ამოვარდნილ მოკრივეს შორის. მან ისიც კი არ იცოდა, როგორ იკვრებოდა საკრივო ხელთათმანის თასმები.

ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, 220.5 ფუნტს (დაახლოებით 100 კილოგრამი) ვიწონიდი. ეს იყო ყველაზე დიდი წონა, რაც აქამდე მქონია. მაგრამ ჩემი ბონუსი მაინც მივიღე: ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, სასტუმროს ორი გოგონა მყავდა. ბრძოლის წინა ღამეს - კიდევ ორი, ერთიმეორის მიყოლებით.

სიტუაციას თვალყურს არ ვადევნებდი, მაგრამ დაგლასს, როგორც ჩანს, ამ ბრძოლის წინ კარგი ფსიქოლოგიური განწყობა ჰქონდა. 1989 წლის ივლისში ის მეორედ დაიბადა (ლაპარაკია დაგლასის მოულოდნელ გამარჯვებებზე ძლიერ მეტოქეებთან). შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, დედა კი მძიმედ დაავადდა და იანვრის დასაწყისში გარდაიცვალა, როცა ბასტერი საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა.

დეტალები ჩემთვის უცნობი იყო. არ ვინტერესდებოდი ამით. ტელეკომპანია HBO-მ ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ხმაური მოაწყო დაგლასის დედის გარდაცვალების გამო. მე კი თავდაჯერებულობას ვინარჩუნებდი და გამოვაცხადე - დაგლასი ბრძოლის დღეს საკუთარ დედასთან წავიდოდა.

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა რომ ტაისონმა ეს ბრძოლა წააგო დაგლასთან. თუმცა ჯერ თვითონ დასვა მეტოქე, მაგრამ მას გონგმა უშველა. ამის მერე ტაისონს იჭერენ გაუპატიურების ბრალდებით და 6 წელს უსჯიან. აქედან მოყოლებული მისი ცხოვრება და კარიერა სულ უკან-უკან წავიდა.
alexsandre
09:34 22-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული