მსოფლიო კრივში ახალი ეპოქა დაიწყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ წააგო სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სატიტულო ორთაბრძოლა ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან. ბრძოლა დიუსელდორფში 12 რაუნდი გაგრძელდა, რის შემდეგაც, მსაჯებმა ერთხმად მიანიჭეს უპირატესობა ფიურის - 115:112, 115:112, 116:111. ახლა, ბრიტანელი მოკრივე ფლობს საჩემპიონო ქამრებს WBA-ის, IBF-ისა და WBO-ის ვერსიებით.

მობერებული კლიჩკო
ოთხი თვის შემდეგ, უმცროსი კლიჩკო 40 წლის გახდება. ასაკის მიუხედავად, უკრაინელი აგრძელებს კარიერას და საკმაოდ წარმატებითაც.

თუმცა დროს თავისი მიაქვს და როგორც არ უნდა მოემზადოს ბრძოლისთვის ვლადიმირი, როგორც არ უნდა იცავდეს რეჟიმს, მაინც მოვიდა ჟამი - დაფიქრდეს რინგიდან წასვლაზე. კლიჩკო
ძველებურად სწრაფი, მძლავრი და ზუსტი აღარ არის. სწორედ ამით ისარგებლა ბრიტანელმა.

ფიურის საუკეთესო ბრძოლა
ეჭვგარეშეა, ფიური ბრწყინვალედ მოემზადა თავის პროფესიულ კარიერაში მთავარი ბრძოლისთვის. ის რამდენიმე თვე მიდიოდა ამ მიზნისკენ და რინგზე იდეალურ ფორმაში ავიდა. მაგალითად, ზაფხულიდან მოყოლებული, მან თითქმის 15 კილო დაიკლო, რისი წყალობითაც დაფრინავდა დიუსელდორფის რინგზე. ტაქტიკურადაც გუნდმა ბრწყინვალედ მოამზადა ბრიტანელი.

პირველ რიგში, ის გონებით მუშაობდა და თავის კოზირებს საჭირო დროსა და ადგილას იყენებდა. თუმცა არ არის გამორიცხული, ფიური კრივის ისტორიაში მხოლოდ იმით შევიდეს, რომ კლიჩკოს გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. ასეთი ისტორიები პროფესიულ კრივს არაერთი ახსოვს. მაგალითად, მაიკ ტაისონის ძლევის შემდეგ, ბასტერ დაგლასს ღირებული აღარაფერი გაუკეთებია.

კლიჩკოსგან მობეზრება
თუ მსაჯების გადაწყვეტილებით ვიმსჯელებთ, ფიურიმ ეს ბრძოლა სოლიდური უპირატესობით მოიგო, მაგრამ ანგარიში არ შეესაბამება იმას, რაც რინგზე ხდებოდა. უმცროს კლიჩკოს მართლა არ ჩაუტარებია საუკეთესო ბრძოლა კარიერაში, მაგრამ არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ბრიტანელი ერთი თავით მასზე მაღლა იდგა. და არავის გაუკვირდებოდა, თუ იგივე ანგარიშით მსაჯები გამარჯვებას უკრაინელს მიანიჭებდნენ.

აქ საქმე იმაშია, რომ ვლადიმირის გამარჯვებებისგან, ელემენტარულად ყველა დაიღალა. სუპერმძიმე წონით კატეგორიას რაღაც ახალი სჭირდებოდა და მიიღო კიდეც ფიურის გამარჯვებით. ახლა, ყველაზე პრესტიჟული წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზრდება.

ამასთან, ამ ბრძოლის კონტრაქტში აუცილებლად იქნება პუნქტი მატჩ-რევანშის შესახებ. თუ ეს ბრძოლა შედგება, აჟიოტაჟი მის გარშემო უდიდესი იქნება.

ბრძოლის შემდეგ
ტაისონ ფიური
"ძალიან რთული იყო ამ ბრძოლის ორგანიზება. კლიჩკო გაურბოდა ჩემთან შეხვედრას ხუთი წლის განმავლობაში. მსაჯები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. კლიჩკო დიადი ჩემპიონი იყო, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

დღეს ახალი ეპოქა დაიწყო. მე ვიქნები ყველაზე ქარიზმატული ჩემპიონი მუჰამედ ალის შემდეგ. მჯეროდა გამარჯვების, მაგრამ ყველა საპარისპიროს მიმტკიცებდა. მხოლოდ ჩემს გუნდსა და ოჯახს სჯეროდა, რომ ამას შევძლებდი. საბოლოოდ, ე. წ. ექსპერტები შერცხვენილნი დარჩნენ".

პრესკონფერენციაზე ფიურის ჰკითხეს ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე ამერიკელ დეონტეი უაილდერთან (WBC-ის ჩემპიონი), რაზეც ბრიტანელმა უპასუხა:

"თუ უაილდერს ჩემთან ჩხუბი სურს, მოცდა მოუწევს. კლიჩკოს მეორე რაუნდი აქვს. მე მებრძოლი ვარ, ჩემი საქმეა - ჩხუბი და უნდა დავამტკიცო, რომ ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა".

ვლადიმირ კლიჩკო
"შესანიშნავად ვიყავი მზად. ფიური სწრაფად და ენერგიულად მოქმედებდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მას ამდენი შეეძლო. მომეჩვენა, რომ სისწრაფე არ მყოფნიდა და არ შემეძლო საჭირო დისტანციის პოვნა. ამაში მეტოქის დამსახურებაა.

ბევრი არაფერი გამომდიოდა. შესანიშნავად მესმოდა, რომ ვაგებდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. ჩემი დამაჯერებლობა არსად გამქრალა, უბრალოდ, ვერ მოვუძებნე გასაღები. ასეა თუ ისე, მე მატჩ-რევანში მაქვს".

ბრძოლის სტენოგრამა
I რაუნდი. ბრძოლა ჯებების დუელით დაიწყო. ვლადიმირ კლიჩკო არ ჩქარობს სიტუაციის ფორსირებას და მეტოქის შეტევებს კლინჩებით ხვდება, სადაც ფიური ცუდად არ გამოიყურება და არ ერიდება მოწინააღმდეგეს. ვლადიმირმა რაუნდი ჯებით დაასრულა.

II რაუნდი. ფიურიმ კარგად მოარტყა გვერდიდან რაუნდის დასაწყისში. ბევრს მოძრაობს, იმ დროს, როცა კლიჩკო მეტოქეს აკვირდება. ბრძოლა ნერვულად მიდის და მეტოქეები ისევ კლინჩში არიან. რაუნდის ბოლოს, ბრიტანელმა ისევ მოახვედრა კლიჩკოს ჰუკი.

III რაუნდი. ფიური რაუნდის დასაწყისში დგომას ცვლის და ცდილობს მოწინააღმდეგე ბრძოლაში შემოიტყუოს. ბრიტანელი ბაგირებთან მიდის და ხელებს ქვემოთ უშვებს. კლიჩკო სიფრთხილეს ინარჩუნებს და არ სჯის მეტოქეს, ფიური კი შორი დარტყმებით ცდილობს პასუხის გაცემას.

კლიჩკოს ჯები ჩვეულებრივზე ნაკლებად აქტიურია, რადგან უკრაინელი პირველად ხვდება მეტოქეს, ვისაც მასზე გრძელი ხელები აქვს.

IV რაუნდი. ფიურიმ მარცხენა გვერდითი დარტყმა მოახვედრა, რის შემდეგაც, დარბაზი კლიჩკოს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ფიური კარგად იცავს თავს კორპუსით და ისევ ცდილობს ვლადიმირის გამოწვევას. კლიჩკო ამცირებს დისტანციას და ააქტიურებს მარჯვენა ხელს. ფიური ჯებით პასუხობს, მაგრამ ბოლო დარტყმა რაუნდში ვლადიმირს რჩება.

V რაუნდი. კლინჩში უკრაინელი ჩვეულ ზეწოლას ცდილობს და უნდა მეტოქე ბაგირებთან მიიმწყვდიოს. ფიური ისევ ზუსტად ურტყამს მარცხენა გვერდიდან და მეტოქეს სისხლი წასკდა მარცხენა თვალის ქვემოთ.

ფიურის ორმაგი დარტყმა გამოსდის, მაგრამ კლიჩკო მას კლინჩით პასუხობს. რაუნდის ბოლოს, უკრაინელი ზუსტად ურტყამს, მაგრამ ხუთი რაუნდის შემდეგ, მას არ აქვს აშკარა უპირატესობა.

VI რაუნდი. როგორც გამეორებამ აჩვენა, კლიჩკომ ჭრილობა თავებით შეჯახებისას მიიღო. უკრაინელმა რაუნდის დასაწყისში დარტყმების სერია შეასრულა, რითაც ფიური აიძულა დაცვაში წასულიყო. თუმცა ბრიტანელი კარგად გრძნობს დისტანციას და კარგად იცილებს ჩემპიონის ერთეულ შეტევებს.

ფიურის ზურგს უკანაც კი მიაქვს ხელები და მოუწოდებს მეტოქეს აქტიურობისკენ. პერიოდულად, მიზანს აღწევს ბრიტანელის ჯები. რაუნდი კლინჩში სრულდება.

VII რაუნდი. მოკრივეებმა გვერდითი დარტყმები გაცვალეს, შემდეგ კლიჩკოს ფიურის შეტევა გამოეპარა - ბრიტანელმა კარგი ორმაგი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც ჩემპიონის მკლავებში აღმოჩნდა. ფიურიმ ისევ განახორციელა არააქცენტირებული ორმაგი მოკლე დისტანციაზე. კლიჩკო დარტყმების გარეშეა. ჩემპიონი უკვე უფრთხის მეტოქეს და აგებს რაუნდს.

VIII რაუნდი. "თუ რინგზე უბრალოდ ივლი, წააგებ ბრძოლას", - უთხრა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის უმცროს ძმას. ვლადიმირმა უფრო აქტიური მოძრაობა დაიწყო, მაგრამ ისევ არ წარმოადგენს სერიოზულ ხიფათს ფიურისთვის.

გაშვებული ჯების შემდეგ, უკვე ბრიტანელი შედის კლინჩში, დარბაზი კი უკრაინელის აქტიურ ქომაგობას იწყებს. ფიური თავად პასუხობს ჯებით და ისევ არ სჭირდება ყრუ დაცვა, ამასთან, საკმაოდ ხშირად მუშაობს ახლო დისტანციაზე.

IX რაუნდი. რაუნდის სტარტმა დარტყმების გარეშე ჩაიარა. კლიჩკო ისევ ვერ პოულობს ფიურის დაცვის გასაღებს, ბრიტანელს კი ბრძოლის ასეთი მსვლელობა აწყობს. "მიდი, კიდევ", - ჟესტით უთითებს ვლადიმირს გაშვებული მარჯვენა დარტყმის შემდეგ. რეფერი ფიურის შენიშვნას აძლევს რინგზე საუბრისთვის. ბრიტანელმა მიზანში მოახვედრა მარცხენა გვერდითი დარტყმა, რომელსაც კლიჩკომ გაჭირვებით გაუძლო.

X რაუნდი. რაუნდებს შორის პაუზისას მოსჩანს კლიჩკოს სახეზე რამდენიმე სისხლჩაქცევა. ფიური ჯებით აკავებს მეტოქეს დისტანციაზე, შემდეგ ურტყამს მარჯვენა გვერდითს. თან დაღლა არ ეტყობა და მოწინააღმდეგის გარშემო დარბის. ხანდახან, წინა მარცხენა ხელით უჩვეულო კუთხით ასრულებს დარტყმებს.

კლიჩკო მარჯვენათი ახერხებს ზუსტ დარტყმას, მაგრამ შეტევას ვერ აგრძელებს. ჩემპიონს, ხშირ ეპიზოდებში, სისწრაფე არ ჰყოფნის. ფიური კორპუსში ურტყამს, რის შემდეგაც, კლიჩკო იძულებულია კლინჩში შევიდეს.

საჩემპიონო რაუნდები. გადამწყვეტი რაუნდები თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. იყო ბევრი კლინჩი. ფიურის ქულა ჩამოართვეს კეფაში დარტყმის გამო. კლიჩკოს არ გამოსდის წარმატებული საფინიშო სპური და ყველაფერი მსაჯების ხელში რჩება.

ფიურიმ საფინალო გონგის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო. HBO-ის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გამარჯვება ფიურის მიანიჭა - 116:111.

ტაისონ ფიურის ტრიუმფი ციფრებში
25 - ამდენი ბრძოლა ჩაატარა ფიურიმ პროფესიულ რინგზე და ყველა მოიგო.

18 - 25 ბრძოლიდან 18 ფიურის ნოკაუტით აქვს მოგებული.

8 - ფიური გახდა მერვე ბრიტანელი ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. და პირველი დევიდ ჰეის (2009) შემდეგ.

23 - ფიურიმ შეწყვიტა ვლადიმირ კლიჩკოს მოგებათა სერია, რომელიც 23 ბრძოლას უტოლდებოდა.

4.0 - ასეთი იყო მოგებაზე ფიურის კოეფიციენტი საბუკმეიკერო კანტორებში.

30 მილიონი - ამ ოდენობის თანხას გამოიმუშავებს ფიური დიუსელდორფში ტრიუმფისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული