დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ვხვდებოდით, რომ რაღაც სერიოზულთან გვქონდა საქმე, ამიტომაც დონ კინგმა ჩემთვის ადვოკატის დაქირავება გადაწყვიტა. ამ საკითხში, აგრეთვე, ჩემი დაცვის ტაქტიკის შემუშავებაში მონაწილეობას არ ვიღებდი. ჩემს ბედს სხვა ადამიანები განაგებდნენ.

დონი მზად იყო, დაექირავებინა ვინს ფულერი, რომელიც მისი ადვოკატი გახლდათ საგადასახადო საკითხებში და ეხმარებოდა მას - თავიდან აეცილებინა ბრალდება გადასახადების დამალვაში.

თავის დროზე, ფულერი ჯონ ჰინკლის ინტერესებს იცავდა, რომელიც პრეზიდენტ რონალდ რეიგანს დაესხა თავს და ცდილობდა, მისი შეურაცხადობა დაემტკიცებინა.

მოგვიანებით გავიგე, რომ ფულერი პარალელურად კეიტონის წინააღმდეგ დონის სარჩელზე მუშაობდა. არ გამოვრიცხავდი, რომ
დონს ფულერის ვალი დაუგროვდა და საშუალება მისცა თავის ადვოკატს, ჩემი საქმით ეშოვნა სოლიდური თანხა. ასე რომ, ფულს ვიხდიდი ჩემთვისაც და დონის ვალების გასასტუმრებლადაც. ვიცი, რომ ფულერმა ჩემი დაცვისთვის მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

თავიდანვე ვერ ავაწყვე მასთან ურთიერთობა. დონმა ჩემ შესახებ უთხრა, რომ უბრალოდ, უზრდელი ზანგი ვიყავი. ის კი ქედმაღალი თეთრი ანგლოსაქსი იყო, ტიპი, რომელიც ჩემს სტილში არ ჯდებოდა. პირველი შეხედვით, ცხადი იყო, რომ უემოციო და ცივ ადამიანთან მქონდა საქმე.

არასოდეს ჰქონია სისხლის სამართლის საქმე საოლქო სასამართლოში და არ არსებობდა არანაირი იმედი, რომ ინდიანაპოლისის ნაფიც მსაჯულებთან დაალაგებდა ურთიერთობას. სინამდვილეში, მისი გუნდიდან არავის ჰქონია სისხლის სამართლის საქმე ფედერალური სასამართლოს კედლებს მიღმა.

დღემდე არ ვიცი, ჩემს სასამართლო პროცესზე რატომ არ მისცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება ადგილობრივ ადვოკატს, ჯიმ ვოილესს. ვფიქრობ, მისთვის ეს საქმე რომ მიეცათ, გამამართლებდნენ.

ბევრს მიაჩნია, რომ თუ ვინმე ბრალდებულად სცნეს მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით, გაუპატიურებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს - ამ ადამიანმა ნამდვილად ჩაიდინა ის. შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა: თუ სიტყვაზე არ მენდობით და მიგაჩნიათ, რომ დანაშაული ჩავიდინე, მაშინ გთავაზობთ წაიკითხოთ ორი წიგნი, რომელიც უკვე ჩემი ციხეში მოხვედრის შემდეგ გამოვიდა.

ერთ-ერთი იყო მწერლისა და სისხლის სამართლის საქმეებში ყოფილი ადვოკატის, მარკ შოუს წიგნი. ის ჩემს საქმეზე იურისტი-ანალიტიკოსის როლში გამოდიოდა ტელეარხ CNN-ზე, ESPN-ზე და გაზეთ USA Today-ში. მეორე წიგნი - ეს არის "ნაწარმოები", რომელიც ჩემი საქმის პროკურორმა გრეგორი გარისონმა დაწერა. ეს იყო თვითკმაყოფილი მცდელობა - შეეგროვებინა ავტორს ყველა საგაზეთო სათაური.

სასამართლო გარჩევისას, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი საკუთარ საქმეს. ქედმაღალი ახალგაზრდა მამაკაცი ვიყავი, რომელიც დიდად არ ტვირთავდა გონებას ფიქრით. არ მესმოდა ეს ყველაფერი. და აი, რა ფასად დამიჯდა მთელი ეს ლუქსის ნომრები. მაგრამ თუ ამ წიგნებს წაიკითხავთ, ვფიქრობ, დაეთანხმებით იმას, რომ 1992 წელს, ინდიანაპოლისში ადგილი ჰქონდა ყველაფერს, მაგრამ არა სამართლიანობას.

გარისონის წიგნში შეიძლებოდა ამოგეკითხათ ბევრი ღირებული ინფორმაცია ბრალდების ვერსიის შესახებ. ასე მაგალითად, პრაქტიკულად, განაჩენის გამოტანამდე პროკურორის გუნდის ძირითადმა წევრებმა არც კი იცოდნენ, რომ საქმე ჩემ წინააღმდეგ განიხილებოდა. ჯეფრი მოდისეტმა, მერიონის ოლქის პროკურორმა გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც 180 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მან მხოლოდ 285 ხმით მოიგო.

ერთადერთი რაიონი, რომელმაც მას მხარი დაუჭირა - შავკანიანების დასახლება იყო. ის არ გახლდათ სულელი.

გადაწყვიტა, არ გაერისკა, არ წამოუყენებია ჩემ მიმართ ბრალდება. ამის ნაცვლად, ჩემი საქმე განსახილველად დიდ ჟიურის გადაულოცა, რათა "ხალხს" განესაზღვრა - იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული. მისთვის სულ ერთი იყო - მაღიარებდნენ თუ არა დამნაშავედ. თავის კოლეგებს ისიც კი უთხრა - არანაკლები სიამოვნებით დავაკვირდები საქმის შეწყვეტასო.

სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულებებში პოლიციის გამომძიებელმა ტომი კუზმიკმა გააფრთხილა მოდისეტი - შეიძლება პრობლემები წარმოქმნილიყო ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა.

მაგრამ, ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ დეზირე კარგი მოწმე გახდებოდა, რადგან "მჭევრმეტყველია, ჭკვიანი და მომხიბვლელი, სასიამოვნოა მისი ცქერა, იოლია მისი გაგება და დაჯერება". მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ დეზირე არ განეკუთვნებოდა იმ მსხვერპლთა რიცხს, რომლებიც "თითქოს ქუჩაში ლაპარაკობენ". ვფიქრობ, გესმით, რა ჰქონდა მხედველობაში.

მაშ ასე, 1991 წლის 13 აგვისტოსთვის დაინიშნა სპეციალური დიდი ჟიური. ჟიურისთვის მტკიცებულებების წარმოდგენა მოდისეტმა თავის თანაშემწეს, დევიდ დრეიერს დაავალა. დრეიერი საინტერესო პიროვნება იყო. თუ გარისონს დავუჯერებთ, დეზირეს საქმე ყოველთვის იწვევდა მცირე უხერხულობას.

როცა 16 აგვისტოს ჩემი "მსხვერპლი" დიდი ჟიურის წინაშე გამოდიოდა, დრეიერმა მიიჩნია, რომ მისი ძირითადი პრობლემა არასაკმარისი ემოციურობა იყო. მისი თქმით, "დეზირე ძალიან ჰგავდა სილამაზის დედოფალს, ზედმეტად ცივი იყო".

დრეიერის აზრით, 50/50-ზე იყო იმის შანსი, რომ დიდი ჟიური დამნაშავედ მაღიარებდა. სინამდვილეში, მას დეზირესთან დაკავშირებით დიდი ეჭვი ჰქონდა. გარისონი თავის წიგნში წერს:

"რეალურად, როცა ჟიურიმ საქმის განხილვა დაიწყო, დარწმუნებული არ ვიყავი - მართლა ჰქონდა თუ არა ადგილი გაუპატიურებას".

და ამას ამბობდა პროკურორის თანაშემწე! უკვე თავად ეს სიტყვები აღძრავდა ეჭვს ჩემი მისამართით წამოყენებულ ბრალდებაში.

30 აგვისტოს მიწევდა ჩვენების მიცემა დიდი ჟიურისთვის. ჯიმ ვოილესი ჯიუტად სთხოვდა ვინს ფულერს, რომ უარი მეთქვა ამაზე. ჩემს ჩვენებებში დაცვის მხარისთვის არ იყო არანაირი ხელმოსაჭიდი, პირიქით, ბრალდებას შეეძლო ჩემი ნათქვამი სასამართლო გარჩევის დროს ჩემ წინააღმდეგ გამოეყენებინა. მაგრამ ფულერმა და დონმა რაღაცნაირად დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ მე უნდა წარვმდგარიყავი დიდი ჟიურის წინაშე.

- ეს ადამიანი უდანაშაულოა! მაიკ ტაისონი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა! ის მისცემს ჩვენებას, რადგან, როგორც მგონია, ეს სწორედ ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ! - პრესისთვის ხმამაღლა ჩხუბობდა დონ კინგი და უკმაყოფილებას გამოხატავდა სასამართლოს მოქმედებებზე.

- მინდა პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდეს. მე იურისტი არ ვარ, მე, უბრალოდ, ვარ მსოფლიოს უდიადესი მოკრივის პრომოუტერი, რომელიც შემოდგომაზე აპირებს გახდეს ჩემპიონი!

ხანგრძლივი პატიმრობა მელოდა, ის კი ჰოლიფილდთან ჩემი წყეული ბრძოლის რეკლამირებით იყო დაკავებული. შეხვედრა ნოემბერში უნდა გამართულიყო. ასეთი რამ მხოლოდ ამერიკაშია შესაძლებელი!

მაიძულეს ჩამეცვა მეტად კონსერვატული მუქი ლურჯი ფერის ორბორტიანი კოსტიუმი. შეგვიყვანეს პატარა ოთახში, სადაც კონდიციონერი ხმაურობდა. ჟიურის ექვსი წევრიდან ხუთი თეთრი იყო. ისინი კითხვებს მისვამდნენ და ისეთი ჩუმი ხმით ვპასუხობდი, რომ სასამართლოს მდივანმა თავის ჩანაწერებში ასზე მეტი შეცდომა დაუშვა.

რაღაც მომენტში მკითხეს - იყო თუ არა დეილ ედვარდსი ჩემი ლუქსის მისაღებში. ვუპასუხე, რომ ის იქ იყო. და დეილმაც დაადასტურა ჩემი ნათქვამი. მე არ შემეძლო დარწმუნებით ლაპარაკი, რადგან საძინებლის კარი დახურული იყო.

ჩემი დამნაშავედ გამოცხადებისთვის საჭირო იყო ექვსიდან ხუთი ხმა. ერთ-ერთი შესვენების დროს მაგიდის შუაში დავინახე დიდი ჯამი საწუწნი კანფეტებით, რომლებსაც ჟიურის წევრები მიირთმევდნენ.

- შემიძლია ერთი ავიღო? - ვიკითხე მე.

- რა თქმა უნდა, - მიპასუხეს მათ. და ერთადერთმა შავმა ლედიმ გამომიწოდა ჯამი.

9 სექტემბერს დაიწყო დიდი ჟიურის სხდომა. კენჭისყრის შედეგი იყო: 5 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. დამნაშავედ მცნეს გაუპატიურებაში.

მათემატიკა ცხადი იყო. დამნაშავედ მაღიარეს რამდენიმე პუნქტით: გაუპატიურება, აღვირახსნილი ქმედება (თითებისა და ენის გამოყენება) და პიროვნების ნომერში შეყოვნება მისი ნების საწინააღმდეგოდ. 60 წელი პატიმრობა მელოდა. სასამართლო პროცესი 9 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული