დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
გარისონი კოლუმბიის ოლქში გაფრინდა და ფედერალურ პროკურორს ფულერზე კომპრომატის მისაღებად შეხვდა. მან გარისონს უთხრა, რომ ვაშინგტონის არც ერთ იურისტს არ ესმის - საერთოდ რატომ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს ფულერმა. ეს ეწინააღმდეგებოდა მისი არისტოკრატიული გარემოცვის რეპუტაციას. "ისინი არასოდეს იყვნენ დაკავებული ქუჩის დანაშაულებით. არასოდეს. კოლუმბიის ოლქშიც კი".

ვაშინგტონში გარისონი ტელეარხ BET-ის (Black Entertainment Television - გასართობი ტელევიზია შავებისთვის) სტუდიაში ჩარლი ნილთან სასაუბროდ მივიდა. ჩარლის "მის შავი ამერიკის" ცერემონია მიჰყავდა. მან უთხრა გარისონს, რომ სავარაუდო გაუპატიურების შემდეგ დეზირეში ვერანაირი ცვლილება ვერ შეამჩნია. "გარდა
ამისა, მე იქ გოგონების ფართო არჩევანი მქონდა. რა საჭირო იყო ვინმეს გაუპატიურება?" ვფიქრობ, გარისონს არ მოეწონა ის, რაც ჩარლისგან გაიგონა.

"იმას, რაც ჩარლიმ თქვა, ერთ აზრამდე მივყავდით: მას არაფერი უნახავს და არაფერი გაუგონია. ჩემთვის ცხადი იყო: მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ შავკანიან ძმას არ გაწირავდა და ეს თეთრსაჯდომიანები მისგან ვერაფერს მიიღებდნენ", - წერდა გარისონი. ნაგავი რასისტი ნაძირალა!

მაგრამ ყველაზე მეტად განაწყენებული მაშინ დავრჩი, როცა გარისონი ჩემს ძველ მეგობარს, ხოსე ტორესს შეხვდა. მან ჩვეულებრივი და ნაცნობი თემით დაიწყო ლაპარაკი - კრივი ტყუილში ჩაეფლო და საუკეთესო მოკრივეები ბრწყინვალე მატყუარები არიან. მან თქვა, რომ არც ერთი მოკრივე არ იტყუება ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ. შემდეგ გაიმეორა თავისი ბინძური ისტორია ჩემზე, ქალებსა და სექსზე, რომელიც თავის წიგნში აღწერა. ტორესმა უთხრა გარისონს, რომ ერთხელ მასთან საუბარში წამომცდა - ისე ძლიერად დავარტყი რობინს, რომ ის ოთახის ყველა კედელს დაეჯახა. თურმე მითქვამს, რომ ეს იყო უდიადესი დარტყმა, რაც კი ოდესმე შემისრულებია. ტორესმა ყველაზე მეტად მაშინ მიღალატა, როცა გარისონმა ჰკითხა - მართლა ვიყავი თუ არა გაუპატიურებაზე წამსვლელი.

- დიახ, რა თქმა უნდა, - უპასუხა მან და შემდეგ ისევ გააგრძელა ფსევდოფროიდული ბოდვა იმის შესახებ, რომ არ შემიძლია საკუთარი ლიბიდოს გაკონტროლება, რადგან ძალიან ძლიერი ქვეცნობიერი მაქვს.

- ის ყოველთვის იღებს იმას, რასაც მოისურვებს. ყოველთვის ასე აკეთებს, - თქვა ტორესმა.

წაკითხულს ვერ ვიჯერებდი. გაუგონარი ღალატი იყო! გარისონმა თავისი ინტერვიუ შემდეგი კითხვით დაასრულა - რას უნდა ელოდონ ჩემგან, როცა ჩვენების მიცემას დავიწყებ.

- ის შეეცდება ყველას მოტყუებას და ნაფიცი მსაჯულებისთვის იმის მიცემას, რასაც მოისურვებენ. გახსოვდეთ, მოკრივეები მატყუარები არიან. და ტაისონი, საუკეთესოა მათ შორის.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, დეზირე ინდიანაპოლისში გაემგზავრა ფიცის ქვეშ წერილობითი ჩვენების მისაცემად. ფულერმა ეს თავის კონსულტანტს, კეტლინ ბეგსს დაავალა. გარისონი შოკირებული იყო ბეგსის ქცევის მანერით. მან დეზირე არაფრის გამო გამოლანძღა.

გარისონის თქმით, ბეგსი მრისხანე, ქედმაღალი და სასტიკი იყო. იმის ნაცვლად, რომ კეთილგანწყობა გამოეჩინა და ოსტატურად მოეპოვებინა რამდენიმე საჭირო ინფორმაცია, რომელსაც დაცვის მხარე გამოიყენებდა, კეტლინმა დეზირე ტირილამდე მიიყვანა. ეს დიდი შეცდომა იყო. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი შეცდომა, რომელიც ჩემმა მილიონ დოლარად ღირებულმა გუნდმა დაუშვა.

სასამართლო პროცესი 1992 წლის 27 იანვარს დაიწყო. მოსამართლე იყო ქალი, სახელად პატრისია გიფორდი. ის დიდ ჟიურის კურირებდა, ამიტომაც ავტომატურად მიანიჭეს ამ საქმის მართვის უფლება. ის ოლქში პროკურორის ყოფილი თანაშემწე იყო და გაუპატიურების შემთხვევებზე სპეციალიზდებოდა. გიფორდი მონაწილეობდა გაუპატიურების მსხვერპლთა საინფორმაციო დაცვის კანონპროექტის შემუშავებაში.

მათ ეს კანონი მათი სქესობრივი ცხოვრების შესახებ რაიმე დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენისგან იცავდა. მოგვიანებით ამ კანონპროექტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს საქმეში.

ის მტკიცე რესპუბლიკელი იყო და შეეძლო უპრობლემოდ დაყრდნობოდა საკუთარ მემკვიდრეობით შტოს, რადგან "ამერიკული რევოლუციის ქალიშვილების" (1890 წელს დაარსებული ქალთა ორგანიზაცია. მისი წევრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილეთა პირდაპირი შთამომავლები) ორგანიზაციის წევრი იყო. მამამისი არმიის პოლკოვნიკი გახლდათ.

მოსამართლე გიფორდს თავისუფლად შეეძლო უარი ეთქვა ჩემს საქმეზე. უკვე მას შემდეგ, რაც განაჩენი გამომიტანეს, ინდიანას შტატის უმაღლესმა სასამართლომ შეიმუშავა "ტაისონის ახალი წესი". გაითვალისწინეს როტაცია, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეს, რომელიც დიდ ჟიურიში თავმჯდომარეობდა, საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღო.

დადგა დრო, აერჩიათ ნაფიცი მსაჯულები სოციალური სტატუსით ჩემთან გათანაბრებული ადამიანებისგან. ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ იმ დროს ინდიანას შტატში არსებობდა ამომრჩეველთა ოფიციალური სიები ნაფიც მსაჯულთა ასარჩევად. იმის გამო, რომ შავების დიდი ნაწილი ხმას არ აძლევდა, შესაბამისად, მათ კანდიდატებად ვერ განიხილავდნენ.

ჩემი საქმის შემდეგ "ტაისონის კიდევ ერთი წესი" შემუშავდა, რომელმაც ეს სიტუაცია შეცვალა. ჩემი პროცესის დროს კი 179 ადამიანიდან, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებად დასახელდნენ, 160 თეთრი იყო. ფულერსა და მის გუნდს ჟიურის არჩევასთან დაკავშირებთაც კი პრობლემები ჰქონდათ.

მათ ამ მიმართულებით გამოცდილება არ გააჩნდათ, რადგან ფედერალურ სასამართლოში ჟიურის არჩევით დაკავებულია სასამართლო, გარისონი კი ამ საქმეში ოსტატი იყო. მას შეეძლო იოლად გამოეკითხა კანდიდატები, აერია მათთვის ტვინი... რაც შეეხება ფულერს, მან არ იცოდა ურთიერთობა შუადასავლელ ნაფიც მსაჯულებთან. მან ისიც კი არ იცოდა, როგორ მიდგომოდა მათ.

ფულერი იმდენად ჯიუტი იყო, რომ არც კი დაიქირავა ექსპერტი ნაფიც მსაჯულთა არჩევაში. შედეგად, ჟიურიში მოხვდა ყოფილი საზღვაო ქვეითი, სახელად ტიმი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მსაჯულმა აღიარა, რომ ტიმი მათზე გაცილებით კონსერვატორი იყო, ნამდვილი "სოფლელი". ეს ბიჭი გახდა ნაფიც მსაჯულთა "მეთაური" და ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ციხეში აღმოვჩნდი.

თუ ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო საქმეების 90 პროცენტის შედეგი უკვე შესავალი სიტყვის შემდეგ განისაზღვრება, ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. გარისონის სიტყვა 45 წუთი გრძელდებოდა. შეგეძლოთ გეფიქრათ, რომ "ორმოცდაათი ელფერით მუქს" ("ორმოცდაათი ელფერით მუქი" - ბრიტანელი ერიკა ლეონარდ ჯეიმსის ეროტიკული ბესტსელერი, რომელიც შეიცავს სადომაზოხიზმისა და დომინირების ელემენტებს, აშკარა სექსუალური ხასიათის სცენებს. 2012 წელს წიგნმა "ააფეთქა" მხატვრული ლიტერატურის ბაზარი და სათავეში ჩაუდგა გაყიდვებს ბევრ ქვეყანაში) კითხულობდა:

- ტაისონი უცინის მას. ხმა ჩვეულებრივზე დაბალია. ფეხები გადაუწია და თავისი დიდი თითებით შევიდა მასში. მან ტკივილისგან დაიყვირა. ამ შემთხვევაში არ მოქმედებდა ადამიანის მგრძნობელობის სამედიცინო, ანატომიური თუ ფიზიოლოგიური კანონი, რომლის დროსაც, ქალი აღეგზნება ხოლმე. ის, უბრალოდ, გაოგნებული დარჩა. დეზირემ დაიყვირა: "არა!" საწოლიდან გადმოხტა, სწრაფად მოიწმინდა ცრემლები, ტანსაცმლის ჩაცმასთან ერთად, საკუთარი ღირსების გრძნობის შენარჩუნებას ცდილობდა. იკითხა: "ლიმუზინი ისევ ქვემოთ დგას?" მან უპასუხა: "ო-ო, შეგიძლია დარჩე, თუ გსურს". "რატომ? რომ ისევ გააკეთო ეს? - მიუგო მსხვერპლმა.

გარისონისგან განსხვავებით, ფულერი მშრალი კრიტიკოსი აღმოჩნდა. ის ცდილობდა წარმოედგინა დეზირე არა როგორც უცოდველი გოგონა, როგორიც დახატული ჰყავდა ბრალდების მხარეს, არამედ მისი წლებისთვის გამოცდილ ქალად. ფულერმა აღნიშნა რამდენიმე წინააღმდეგობა დეზირეს მონათხრობებში.

მაგალითად, ერთ მეგობარს მოუყვა, რომ ყვიროდა, მეორეს კი უთხრა, რომ ეს არ გაუკეთებია. ერთგან თქვა, რომ ტაისონი საწოლში ეცა, სხვაგან - სექსი იატაკზე ჰქონდათ. ისე ჩანდა, თითქოს გზადაგზა თხზავდა საკუთარ ისტორიას. მაგრამ ფულერმა თავისი შესავალი სიტყვისას სერიოზული შეცდომა დაუშვა. ის დაპირებით გამოვიდა, რომ ჟიური მე მომისმენდა. მსგავს შემთხვევებში ასე არ კეთდება.

ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო ბრალდების ვერსია იმდენად სუსტი იყო, რომ ჩვენ შეგვეძლო საერთოდ არ გამოგვეძახებინა არანაირი მოწმე, უბრალოდ დაგვესვენა - და გამამართლებელ ვერდიქტს მივიღებდით. მაგრამ მათ ჩემს თავს დაჰპირდა, შესაბამისად, მოწმედ უნდა გამოვსულიყავი.

კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ მთელი შესავალი სიტყვის განმავლობაში, ფულერმა ერთხელაც არ მომმართა. არც მხარზე შეხება, არც ჩემკენ მზერა - არაფერი, რაც აჩვენებდა კავშირს ადვოკატსა და მის კლიენტს შორის. ამას იურიდიული კოლეჯის პირველ კურსზე გადიან.

"ნაფიც მსაჯულებს არ უნახავთ დაცვის გუნდის შეწყობილი მუშაობა, ისინი მხოლოდ ხმამაღალ ადვოკატს უსმენდნენ სხვა შტატიდან. მისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება იყო - უგრძნობი ადამიანი". ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს მარკ შოუს შთაბეჭდილებაა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული