გაუპატიურების მსხვერპლთა საინფორმაციო კანონმა ვაშინგტონს საშუალება მისცა სასამართლოს წინაშე იმ მორცხვი გოგონას და კოლეჯის გულუბრყვილო სტუდენტის როლში წარმსდგარიყო, რომელიც თავისუფალ დროს კვირის სკოლაში ასწავლის და ეკლესიაში მღერის.
დეზირეს მტკიცებით, როცა ლიმიზუნში ჩაჯდომა შევთავაზე, უარი მითხრა და მხოლოდ მაშინ დამთანხმდა, როცა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას დავპირდი. დიახ, ღამის ორ საათზე ინდიანაპოლისში ბევრი რამის ნახვა შეიძლება.
ცოტა ხნის წინ იყავი იქ სოლო-გამოსვლის დროს და დავრწმუნდი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება ნახო "კანტერბერის" სასტუმროს რაიონში - ეს
დეზირემ გაიმეორა ისტორია: რომ არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის, რომ მე არ გამომიხატავს სიყვარულის არანაირი გრძნობა, მხოლოდ საწოლში შევათრიე და უხეში გავხდი. ასევე გაიმეორა, რომ შემდეგ ტუალეტში გავიდა, იქ ტრუსებს საფენი მოხსნა და გადააგდო. "მე მქონდა სხვა საფენი ჩანთაში, მაგრამ გავიფიქრე, რომ მოგვიანებით გამოვიყენებდი მას".
დეზირე ამტკიცებდა, რომ ტუალეტიდან დაბრუნების შემდეგ, მე ის მარწუხებში მოვაქციე, მაისური, მოკლე შარვალი და ტრუსები გავხადე და ორი თითი გამოვიყენე. შემდეგ კი სექსზე გადავედი. თქვა, რომ მეორე დღეს დედას მოუყვა მომხდარის შესახებ და მათ 911-ში დარეკეს.
გარისონის მტკიცებით, დეზირე შთამბეჭდავი მოწმე იყო, მაგრამ სხვები ამაში დარწმუნებულნი არ იყვნენ. ჯერ კიდევ სასამართლომდე, გარისონმა მოიწვია სხვა ადვოკატი, სახელად რობერტ ჰამერლი, რათა დეზირესთვის პირობითი ჯვარედინი დაკითხვა მოეწყო და ენახა - როგორ დაიჭერდა თავს ფსიქოლოგიური ზეწოლისას. ჰამერლმა კითხვების დასმა დაუწყო იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რაც ამ საქმეში შეამჩნია.
- მისმინეთ, თქვენ ხვდებოდით მაიკ ტაისონს; ხედავდით, როგორ ატარებდა დროს გოგონებთან; მას საკუთარი ფოტო მიეცით, რომელშიც საცურაო კოსტუმში ხართ გამოსახული... ნუთუ ვერ იწინასწარმეტყველეთ, რომ მას გონებაში სექსი ექნებოდა? - ჰკითხა მან დეზირეს.
- არა, - უპასუხა მან.
- მან შუაღამეზე დაგიძახათ და ლიმუზინში ჩაუჯექით. მიუახლოვდით თუ არა, მაშინვე გაკოცათ. არც მაშინ გაგიელვათ თავში მისმა ჩანაფიქრმა?
- არა.
- შემდეგ სასტუმროში წახვედით, მასთან ნომერში აღმოჩნდით, დაჯექით მის საწოლზე. მაშინაც ვერ მიხვდით, რომ მას თქვენთან სექსი უნდოდა?
- არა.
- და როცა გითხრათ - "შენ მე აღმაგზნებ!" - ვერ ამ დროს მიხვდით მის ზრახვებს?
- არა.
ადვოკატი აგრძელებდა გამოკითხვას. იყო შეკითხვა საფენზე.
- ეს ყველაფერი არალოგიკურად მოჩანს, - უთხრა ჰამერლმა გარისონს. - მაგრამ ასეთია მის მიერ გადმოცემული ისტორია და ჩვენებას არ გადადის. საერთო ჯამში, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მებრძოდა.
მე მითხრეს, რომ ის გულუბრყვილო 18 წლის გოგონაა, მაგრამ დაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაც უფრო ძლიერი მედგა წინ და საშუალება არ მომცა გავყოლოდი მის მოქმედებებს. ვერ ვიგებ, ეს ყველაფერი როგორ ერწყმის გულუბრყვილო შეცდომებს, რომელიც მან, სავარაუდოდ, დაუშვა.
ჰამერლმა ცოლს საფენის ინციდენტზე მოუყვა. მეუღლემ უთხრა, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც ტუალეტში საფენის მოსახსნელად, სექსისთვის ემზადება მიდის. ადვოკატი დაეთანხმა ცოლს. და როცა მომდევნო დღეს გარისონთან მივიდა, ასეთი რამ უთხრა: "ჩემო მეგობარო, ყურებამდე ნეხვში ხართ!"
ვისურვებდი, ჰამერლი ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. როცა ფულერის ჯერი მოვიდა - დეზირესთვის ჯვარედინი დაკითხვა მოეწყო, აღმოჩნდა, რომ დიდად არ უნდოდა ამის გაკეთება. მარკ შოუ მეთანხმება ამაში. აი, რას წერდა ის:
"რთული გასაგები იყო ფულერის ზრდილობისა და რბილი მოპყრობის მიზეზები ჯვარედინი დაკითხვის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარისონის მიერ თავისი მოწმის პირდაპირმა დაკითხვამ დაცვის მხარეს დიდი შესაძლებლობა მისცა - გამოეტეხა ვაშინგტონი და მისგან სამართლიანი ჩვენება მიეღო სასტუმროს ნომერში მომხდარის შესახებ".
მისთვის გაუგებარი იყო - რატომ არ გამოიყენა ფულერმა დეზირეს დაცვითი ტაქტიკა. ჩემს ადვოკატს შეეძლო უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, ვიდრე საჭირო იყო. მაგალითად, ფულერმა არ გაარკვია სამოქალაქო ადვოკატთან დეზირეს ოჯახის შეთანხმების დეტალები. სინამდვილეში, ვაშინგტონმა იცრუა ამ გარიგების მიზანზე. მან შესანიშნავად იცოდა - როცა ეს სისხლის სამართლის საქმე დასრულდებოდა, ჩემს ციხეში გაშვებასა და დიდი ფულის შოვნას გეგმავდა. და დეზირემ ეს გააკეთა.
ფულერი დეზირეს ისე სწრაფად არ უსვამდა შეკითხვებს, როგორც ამას ჰამერლი აკეთებდა. არ აიძულებდა მას თავი დაეცვა. თუ მოისურვებდა, ნაფიც მსაჯულებს დაანახებდა, რომ დეზირე ისეთი გულუბრყვილო არ გახლავთ, როგორც თავს წარმოაჩენდა. ფულერმა საფენზეც კი არ დაუსვა შეკითხვა, რომელიც ტუალეტში მოიხსნა.
არ დაინტერესებულა - როგორ მექნებოდა ორალური სექსი საწოლზე ძალდატანებით? თუ მე ის ძალით დავიმორჩილე, სად იყო სისხლჩაქცევები? და თუ ის ყვიროდა, სასტუმროში რატომ ვერავინ გაიგონა მისი ხმა? ჩვენ ხომ შუაღამით ვიყავით სასტუმრო ნომერში, სრული სიჩუმე იყო და მისი ყვირილი არავის ესმოდა? ვინმე თავს რომ დამსხმოდა - გავიქცეოდი, გავქრებოდი. კარზე დავაბრახუნებდი ყვირილით: "მომეშველეთ, ჩემზე ძალადობენ!" საჭირო არ არის იყო ფრენსის ლი ბეილი (ცნობილი ამერიკელი ადვოკატი, მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეებში დაცვის სასარგებლოდ) იმის გასაგებად, რომ ყველა მისი მონათხრობი - სრული სისულელე იყო.
ბრალდების კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც უსიამოვნები მომიტანა, სამედიცინო დახმარების პუნქტის ექიმი სტივენ რიჩარდსონი იყო. მან თქვა, რომ სავარაუდო გაუპატიურების შემდეგ, ღამით გასინჯა დეზირე. და ვერ აღმოაჩინა ვერანაირი დაზიანება ხელებსა და ფეხებზე, არანაირი ნიშანწყალი არ იყო იმისა, რომ ქალს ურტყამდნენ ან ძალით აკავებდნენ.
არ იყო გარეგანი ტრავმები მის სასქესო ორგანოზე. მაგრამ აღმოაჩინა ორი პატარა ნაიარევი საშვილოსნოს შესასვლელთან - სამი და ექვსი მილიმეტრი სიგრძის. მან თქვა, რომ ასეთი დაზიანება გვხვდება გაუპატიურების მსხვერპლთა 10-20 პროცენტში. მისი სიტყვებით, 20-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ შეხვდა მსგავსი ტრავმები, როგორც სექსუალური ძალადობის ნიშანი.
ლაპარაკი იყო ძალიან პატარა ჭრილობაზე, მაგრამ გარისონმა დეზირეს სასქესო ორგანოს მაკროფოტო გააკეთა, ჩარჩოში ჩასვა და სასამართლო დარბაზში მოიტანა. ამ სურათის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მის საშვილოსნოს ვიღაც უროთი ამუშავებდა.
ფულერმა ვერაფერი დაუპირისპირა დოქტორ რიჩარდსონის ჩვენებებს, არადა, შეეძლო ეს. ვოილესმა მოიფიქრა ჩემი ვიზიტი უროლოგთან - იმისთვის, რომ გამოეკვლიათ ჩემი სასქესო ასო და დაედასტურებინათ, რომ აღნიშნული ჭრილობები შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო საშვილოსნოში შესვლით.
ფულერმა არ მოისურვა ამ სფეროში ჩაღრმავება, არადა, უნდა გაეკეთებინა ეს. უროლოგის ნაცვლად, მან მოიწვია ვიღაც ჩამორჩენილი ექიმი ქალი, რომელიც სირცხვილისგან ისე არეულად ლაპარაკობდა, რომ მისი ჩვენება ბრალდების მხარეს დაეხმარა! და ეს იყო ჩემი გუნდი, რომელსაც მილიონი დოლარი გადავუხადე!
იქამდე, სანამ ბრალდება საკუთარი ვერსიის წარმოდგენას დაასრულებდა, ჩემმა ადვოკატებმა სცადეს დაცვის სამი მოწმის მოძებნა.
სასამართლო პროცესის დროს, ჩემი გუნდი უამრავ გიჟურ ზარს იღებდა, ამიტომაც ოდნავ სკეპტიკურად შეხვდნენ ზარს გოგონასგან, რომელმაც განაცხადა, რომ მან და კიდევ ორმა მისმა მეგობარმა დაინახეს - როგორ ვეხვეოდით და ვკიცნიდით მე და დეზირე ერთმანეთს ლიმუზინის უკანა სავარძელზე და როგორ შევედით სასტუმროში ხელჩაკიდებულები! ეს ჩვენება შეიძლებოდა ძალიან დაგვხმარებოდა, რადგან ის დეზირეს სიცრუეში ამხელდა.
ვოლიესმა მიიღო ნებართვა - ამოეღო ლიმუზინი ნივთიერი მტკიცებულებების ბაზიდან და დაეყენებინა ის სასტუმროს შესასვლელთან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ღამით შესაძლებელი იყო ტონირებული შუშების მიღმა ყველაფრის გარჩევა.
გოგონები შეამოწმეს და ისინი ნდობას იმსახურებდნენ. ამის შემდეგ სასამართლოზე მათი მოწმის სტატუსით შეშვება სცადეს, მაგრამ მოსამართლე გიფორდს კინაღამ ისტერიული შეტევა დაემართა. მას უნდოდა გაეგო - ბრალდების მხარე რატომ არ იყო დაუყოვნებლივ ინფორმირებული ამ მოწმეების არსებობის შესახებ. ისე ჩანდა, რომ გიფორდმა ეს ყველაფერი პირად წყენად აღიქვა.
- იმ აზრზე ვარ, რომ ამ მოწმეების დაშვებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს ინდიანას შტატს, - განაცხადა მან და უარი უთხრა ჩვენების მიცემაზე ჩემს საქმეში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან მოწმეებს.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"