დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
შემდეგ, შტატმა საქმე დახურა. მათ გამოიძახეს მისის ვაშინგტონი, რომელმაც არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა ცეცხლზე ნავთი დაესხა:

- დეზირე წავიდა და აღარ დაბრუნდება. დამიბრუნეთ ჩემი ქალიშვილი.

ზოგიერთმა ნაფიც მსაჯულმა ტირილი დაიწყო.

შემდეგ წარმოადგინეს 911-ში მისი ზარის რედაქტირებული ვერსია. დეზირე თითქოს ისევ იძლეოდა მოწმის ჩვენებას:

- იმ ღამით, მე ამ ადამიანთან ერთად ლიმუზინით ვიმგზავრე. მითხრა, რომ საკუთარ მცველებთან უნდა გაევლო. მან მკითხა, ხომ არ მსურდა ერთი წუთით მასთან შესვლა და მე ვუპასუხე: "კარგი". მეგონა, რომ კარგ ადამიანთან მქონდა საქმე. ნომერში შევედით და
მაშინვე თავს დამესხა. ტუალეტში გავედი, ეს ადამიანი კი უკვე საცვლების ამარა დარჩა. ერთი სიტყვით, ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა. თან იმეორებდა: "ნუ მიძალიანდები, ნუ მიძალიანდები!" მე კი დაახლოებით ასეთ რამეს ვამბობდი: "არა, თავი დამანებე, მომშორდი, გთხოვ!" მაგრამ ის იმეორებდა: "ნუ ჩხუბობ!" ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო და აკეთებდა იმას, რაც სურდა, მე კი მხოლოდ ვიმეორებდი: "შეწყვიტე, გთხოვ!" მაგრამ არ ჩერდებოდა.

ამავე ჩანაწერში დისპეტჩერი უმეორებდა დეზირეს, რომ ის მსხვერპლია, შემდეგ დეზირეს მეტად საინტერესო რამ წამოცდა.

- მე არ ვცდილობ მიგითითოთ რა გააკეთოთ, მაგრამ არ უნდა გეშინოდეთ, - წარმოთქვა დისპეტჩერმა, რითაც დეზირეს უბიძგა გაუპატიურებაზე ანგარიში შეედგინა.

- მაგრამ მე თუ იმ ადამიანის წინააღმდეგ გამოვალ, რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობს, სავარაუდოდ, ყველა იფიქრებს, რომ ფულის გამო ვუჩივი მას, - თქვა უცებ დეზირემ.

ჩემს საქმეში ნივთიერი მტკიცებულების რანგში ამ ჩანაწერის ფიგურირება, დიდი არაობიექტურება იყო. ბევრი იურისტის მტკიცებით, მსგავი ნაბიჯი დაუშვებელია, მაგრამ ლედი მოსამართლისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.

ახლა, დადგა დრო ჩვენ წარმოგვედგინა საკუთარი ვერსია. მე და ვოილესი გაოგნებული ვიყავით. არასოდეს მჯეროდა ჩვენი სისტემის. ჩემი პროცესის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ახალგაზრდა კენედი (ლაპარაკია უილიამ კენედი სმიტზე, რომლის წინააღმდეგ 1991 წელს, გაუპატიურების ბრალდებით გამოდიოდნენ) უდანაშაულოდ სცნეს პალმ-ბიჩში მომხდარ გაუპატიურებაში, მაგრამ ვიცოდი, რომ მე აუცილებლად გამასამართლებდნენ.

ასე მუშაობდა სისტემა. მე მონების შთამომავალი ვიყავი. დღემდე ეჭვი მეპარება იმაში, რომ პატივს მცემენ, როგორც ადამიანს. ზანგი ვიყავი და კოვბოური თვისებების პროკურორი მზად იყო თავისი კოვბოური ჩექმების დეზებით სახეზე შემდგომოდა. ამ ადამიანთაგან არავინ არ იყო მზად ჩემს დასახმარებლად. პირიქით, ჩემი "გაუპატიურება" უნდოდათ.

ფულერმა და ბეგსმა ვერ მიშველეს. კეტლინ ბეგსი "სალმიანი" იყო ყველასთან, როგორც ჭოტი. მან რამდენჯერმე მოაწყო საქმის გარჩევა მოსამართლე გიფორდთან და ამ უკანასკნელმა უბრალოდ შეიზიზღა ის. როცა ვოილესმა მიუთითა ფულერის, რომ ბეგსს უკეთესი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა გარშემო მყოფებთან, ფულერმა უპასუხა: "თქვენი რჩევა არაფერში გვჭირდება".

ფულერის დაცვის გენიალური ხაზი იმაში მდგომარეობდა, რომ დეზირეს უნდა სცოდნოდა რაში ჰყოფდა თავს, რადგან მე უხეში, ვულგარული, საზიზღარი სექსუალური ცხოველი ვიყავი. აი, ასე მახასიათებდა საკუთარი ადვოკატი. გარისონიც კი ვერ იჯერებდა, რომ ამაში მდგომარეობდა ფულერის სტრატეგია.

მან იცოდა, რომ სექს-მანქანის რანგში წარდგენით, ფულერი ღუპავდა ჩემს რეპუტაციას და ჟიურის ცუდად განაწყობდა ჩემს მიმართ. მე გამოვედი "უგრძნობი და უხეში და არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ ექნებოდა ასეთი ტიპის მიმართ თანაგრძნობა". კიდევ უფრო უარესი იყო ის, რომ გარისონმა ფულერის დაცვის ტაქტიკას რასისტული უწოდა. "დაცვამ ტაისონს წაართვა მისი ინდივიდუალურობა და აქცია ის X (კატეგორია X - პორნოგრაფიული ფილმი ან მულტფილმი) კატეგორიის რასისტული მულტფილმების სტერეოტიპად", - წერდა თავის წიგნში გარისონი.

გამეცინა, როცა დაცვის მოწმის რანგში ჩვენს მიერ გამოძახებულმა ერთ-ერთმა გოგონამ სასამართლოს უთხრა, რომ შემთხვევით გაიგონა, როგორ ვუთხარი მეორე კონკურსანტს: "შენთან სექსი მინდა და შენი ოთახის მეზობელიც მოიყვანე, მე ხომ ცნობილი ვარ, შენ კი იცი, რომ ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით".

ამ საქმეში მეც ვერ ვეხმარებოდი საკუთარ თავს. როცა ჩვენების მისაცემად მეძახდნენ, ქედმაღლური და მტრული განწყობა მქონდა. თან ერთი ცუდი რამ მოხდა. იქ, სადაც ნაფიცი მსაჯულები გაჩერდნენ, ხანძარი გაჩნდა. და ერთმა შავკანიანმა მსაჯულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ძალიან აღელვებულია და არ შეუძლია სხდომის გაგრძელება. ეს ბიჭი ყოველთვის წუწუნებდა საკვებზე, საცხოვრებელზე. გარისონი აღფრთოვანებული იყო, როცა მოსამართლემ ის გაანთავისუფლა. ასე რომ, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში მხოლოდ ორი შავი დარჩა.

ბევრი მოწმე გვყავდა, რომელთა ჩვენება ეწინააღმდეგებოდა დეზირეს იმიჯს. მაგალითად, ერთ-ერთმა კონკურსანტმა თქვა, რომ ვაშინგტონი საკუთარ სურვილზე უყვებოდა - მიეღო ბევრი ფული და გამხდარიყო ისეთი, როგორიც რობინ გივენსი იყო. მოწმემ ისიც თქვა, რომ დეზირე იგინებოდა და სექსუალური მინიშნებები ჰქონდა.

მეორე გოგონამ ასეთი რამ თქვა - მას დეზირესთვის უთქვამს:
- აქ შენი ქმარი მოდის. მაინც და მაინც გასაგებად ვერ ლაპარაკობს.
- მაიკს ლაპარაკი არ სჭირდება. ის ფულს გააკეთებს, მე კი ვილაპარაკებ, - უპასუხა ამაზე დეზირემ.

ორივე გოგონამ დაადასტურა, რომ სავარაუდო გაუპატიურების შემდეგ, დეზირეში ვერანაირი ცვლილება ვერ შეამჩნია.

კიდევ ერთმა გოგონამ თქვა, რომ მე და დეზირე ერთმანეთს ვეხვეოდით - თითქოს წყვილი ვიყავით თეატრალური წარმოდგენიდან. ერთ-ერთმა კონკურსანტმა ასეთი ეპიზოდი გაიხსენა: დეზირემ "მკვლელი მზერით" დამასაჩუქრა, როცა სხვა გოგოს მხარზე ხელი მოვუთათუნე. კეროლაინ ჯონსმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ დეზირეს ჩემი რეპეტიციაზე დანახვისას, მისთვის უთქვამს: "აი, 20 მილიონი დოლარიც მოვიდა".

7 თებერვალს წარვსდექი სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად. ძირითადად, ის ისტორია მოვყევი, რომელიც უკვე აღვწერე ამ წიგნში. ფულერმა საშინლად მომამზადა ჩვენების მისაცემად. როცა დაკითხვა დასრულდა, მოსამართლე გიფორდმა მომდევნო დღემდე შესვენება გამოაცხადა, რამაც ბრალდების მხარეს საშუალება მისცა - ჩემი ჩვენება და შეესწავლა ხაფანგები დაედო.

მომდევნო დღეს გარისონმა ხმაური ატეხა. განაცხადა, რომ ჩემს შეთავაზებაზე ("შენთან სექსი მინდა") 18 წლის გოგონა არასოდეს უპასუხებდა: "კარგი, დამირეკე". ვფიქრობ, ის ძველ დროში იყო ჩარჩენილი. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგი: როცა ამ ადამიანმა გაიგო, რომ დეზირესთან ორალური სექსი 20 წუთი გრძელდებოდა, ასეთი რამ დაწერა: "მის მიერ აღწერილი მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა იმ ყველაფერს, რაც ჩემთვის სექსის შესახებ ცნობილი იყო".

მან ასევე დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რომ მეღიარებინა - რინგზე წარმატებას ჩემი ეშმაკობისა და ვერაგობის წყალობით მივაღწიე, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავდა, რომ მატყუარა ვიყავი.

მას შემდეგ, რაც ჩვენების მიცემა დავასრულე, ჯონი გილი გამოიძახეს, რომელმაც განაცხადა: როცა დეზირეს ჩემი ზრახვები გავაცანი, ის არც კი შეშფოთებულა. ფულერმა სხვა კონკურსანტები გამოიძახა, რომლებმაც გამეორეს დეზირეს სიტყვები: მაიკ ტაისონი კარგი აღნაგობისაა და ისეთი უკანალი აქვს, ხელის შევლების სურვილი მიჩნდებაო.

საერთოდ კი დაცვის მხარის მოქმედება იმდენად არაორგანიზებული და სპონტანური იყო, რომ მეც კი ვამჩნევდი ერთიანი ტაქტიკისა და შეწყობილი მუშაობის დეფიციტს. ძირითადი ხარვეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ფულერი და ბაგსი მეტად მორცხვები და თავდაჭერილები იყვნენ იმისთვის, რომ ჩაწვდომოდნენ სქესობრივი აქტის უმცირეს დეტალებს. მათ არ წარუდგინეს ნაფიც მსაჯულებს რეალური ფაქტები განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტილების მისაღებად.

საბოლოო სიტყვის დროს ფულერი იმდენად მოსაწყენი იყო, რომ ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა ფაქტობრივად სიტყვა შეაწყვეტინა და ტუალეტში გასვლა მოითცოვა. ეს ცუდის ნიშანი იყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული