დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
შემდეგ დასკვნითი სიტყვით გამოვიდა გარისონი. მას არაფერი ახალი არ უთქვამს, მაგრამ კარგად მიაწოდა ნაფიც მსაჯულებს სოფლური სისულელე, რაც ფულერმა ვერ მოახერხა:

- მთელი სამყარო ჩვენ გვიყურებს. მათ სურთ იცოდნენ - საკმარის სიმამაცეს გამოიჩენენ თუ არა მარიონის ოლქის მოქალაქეები ამ რთული ნაბიჯის გადასადგმელად. მე არ მინდა, ეს ადამიანი დამნაშავედ აღიარონ მხოლოდ იმიტომ, რომ მას მთელი მსოფლიო უყურებს.

მინდა, განაჩენი გამოუტანონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. უყოყმანოდ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ეს ლამაზი და პატიოსანი ბავშვი
ჩამოვიდა ქალაქში და ის პროფესიონალმა მატყუარამ გააცურა, გააბრუა ფუჭი დაპირებებით, გაიტაცა, გააუპატიურა და დაამცირა.

თუ ამაში დარწმუნებულნი ხართ და თუ ამის დადასტურებაც არსებობს, მაშინ შესაბამისი განაჩენი უნდა გამოიტანოთ. სულ ეს არის.

10 თებერვალს, შუადღისას, რვა მამაკაცისა და ოთხი ქალისგან შემდგარმა ჟიურიმ ჩემი საქმის განხილვა დაიწყო. გასაკვირი არ იყო, რომ ყოფილი საზღვაო ქვეითი, ამჟამად კი კომპანია IBM-ის გამყიდველი ტიმი "მეთაურად" აირჩიეს. 15 წუთის შემდეგ, მტკიცებულებების განხილვის გარეშე, მათ კენჭი ყარეს და შედეგი იყო ექვსი ექვსის წინააღმდეგ. ცხრა საათის შემდეგ კი ისინი ერთსულოვან ვერდიქტამდე მივიდნენ.

ყველანი სასამართლო დარბაზში დავბრუნდით. ჟიურის წევრები დაცვის მხარეს არ იყურებოდნენ. ყველაფერი ცხადი იყო. როცა გავიგონე - "დამნაშავეა პირველი პუნქტით", მეგონა, თითქოს რინგზე ძლიერი დარტყმა გავატარე. მაგრამ საერთოდ არ ვიყავი გაკვირვებული.

გასვლისას პრესას შევეჩეხეთ. სანამ საბოლოო განაჩენს გამომიტანდნენ, შეთანხმების შედეგად გამომიშვეს.

- ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, - ვთქვი მე. - ვიცი, რომ არ ვარ დამნაშავე, მაგრამ ასევე ვიცი, რომ განაჩენი სწრაფად უნდა მიიღონ, რადგან ასეთია მოსამართლისა და პროკურორის მენტალიტეტი. პროკურორი - რასისტია. ის სუსტია, სრული არარაობა, რომელიც საკუთარი პერსონის გარშემო ატეხილი ხმაურით ტკბება. ვნერვიულობ, რადგან ვიცი, რომ ის დამაშორებს იმ ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, თუმცა მზად ვარ ამისთვის.

ტიმმა, ჩემმა მთავარმა მეტოქემ და ყოფილმა ქვეითმა პრესას აცნობა: "როცა ერთად შევიკრიბეთ, საკითხი სავარაუდო შეთანხმებაზე აშკარად არ გავიდა".

მარკ შოუმ ამის შესახებ თავის წიგნში პირდაპირი ტექსტით დაწერა: "ტაისონისთვის სამწუხაროდ, მართლმსაჯულების სისტემამ მას მოსამართლეებისგან დარტყმა მიაყენა. მათ გაიზიარეს ბრალდების, პროკურორების პოზიცია, რომლებმაც, თავის მხრივ, მიჩქმალეს მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთები. ტაისონს დარტყმა მიაყენა არაკომპეტენტურმა ადვოკატმა, რომელსაც, შესაძლოა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება გამამტყუნებელი განაჩენის გამო, ვიდრე ყველა სხვას ერთად აღებულს. ასევე დარტყმა მიაყენეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებმაც უფრო დიდი ყურადღება მიაქციეს ტაისონის, როგორც ცუდი ბიჭის იმიჯს, ვიდრე ამ საქმის ფაქტებს".

სასამართლოს დროს გარისონის საუკეთესო მიღწევა იყო სტრატეგია - წარმატებით წარმოეჩინა დეზირე ვაშინგტონი მორცხვი, გამოუცდელი და კოლეჯის პატიოსანი სტუდენტის როლში. სინამდვილეში, ის ასეთი არ იყო. მან ამისთვის გამოიყენა კანონი გაუპატიურების მსხვერპლთა საინფორმაციო დაცვის შესახებ და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჟიურის არ დაენახა ვაშინგტონში მისი საეჭვო სექსუალური წარსული.

გარისონს ჯერ კიდევ სასამართლო პროცესისას მიეზღო საკადრისად: მან ცოლი დაკარგა. ქალი ბავშვის გაჩენისთანავე გაიქცა პოლიციელთან, რომელიც მას სასამართლო პროცესის დროს იცავდა.

IX თავი
განაჩენის გამოტანასა და სასჯელის დანიშვნას შორის პერიოდი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გავატარე. ერთხელ გოგონასგან შინ ვბრუნდებოდი და უკვე სახლში შევდიოდი, როცა გარეთ მდგომი მამაკაცი შევამჩნიე. გვერდზე ჩავუარე და უცებ გავიგონე:

- ეი, შვილო, როგორ არის საქმე?
შევხედე და მაშინვე ვიცანი მამაჩემი. ბოლოს ის ათი წლის წინ, დედის დაკრძალვაზე ვნახე.

- სალამი, შენ როგორ ხარ? - ვუპასუხე მე.

თავდაპირველად, ოდნავ შემეშინდა, მაგრამ მართლა არ მეჩვენებოდა. სავსებით ნორმალური ცხოვრება მქონდა, რომ მასზე არ გავბრაზებულიყავი. შებოჭილი და არადამაჯერებელი მეჩვენა. ვიცოდი, უკვე გაგებული ჰქონდა სხვადასხვა ამბავი ჩემს ამორალურ ხასიათზე, მაგრამ, როცა გავუღიმე და გადავეხვიე, მოდუნდა.

- ზემოთ ავიდეთ, - შევთავაზე და ჰოლში შევიყვანე.
- გამარჯობა, მისტერ ტაისონ, - მითხრეს შვეიცარმა და პარკინგის მოსამსახურემ.
- ოჰო, ვხედავ, დიდი ადამიანი ხარ! - წამოიძახა მამაჩემმა.
- არც ისეთი დიდი, უბრალოდ, გეჩვენება, - ვუპასუხე მე.

უკვე რამდენიმე წელია მამას ჩემთან შეხვედრა უნდოდა. 1988 წლის ოქტომბერში, გაზეთმა "ნიუ იორკ პოსტმა" მასთან ბრუკლინში რეპორტიორი გააგზავნა ინტერვიუს ასაღებად.

- არ მინდა მაიკთან გაშვერილი ხელით მივიდე, - უთხრა მან რეპორტიორს. - მაიკისგან ფული არ მინდა. არ ვამბობ, რომ ფული არ მჭირდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიღებ, თუ მაიკი მოინდომებს მოცემას.

იმ დროს მთლიანად კრივზე ვიყავი კონცენტრირებული და მასთან კავშირი არ მქონოდა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, ბრუკლინელებისგან ბევრი ისტორია ვიცოდი საკუთარ მამაზე. ის მეტად მოხერხებული ქუჩის ბიჭი იყო - ჯიბის ქურდი, ბანქოს მოთამაშე და სუტენიორი. ერთ-ერთი ფანატიკოსი ქრისტიანი იყო იმათგან, ვინც მზად არის, იესოსთვის სიცოცხლეს გამოგასალმოს. წარმოშობით ქალაქ შარლოტიდან იყო, რომელიც სწორედ ბიბლიის ოლქში (აშშ-ის სამხრეთისა და შუა დასავლეთის რაიონები) მდებარეობს.

ახალგაზრდობაში "გოსპელის" (შავკანიანთა რელიგიური მუსიკა, რომელიც აერთიანებს სპირიჩუელის, ბლუზისა და ჯაზის ელემენტებს) ჯგუფში მღეროდა. მთელი ცხოვრება სჯეროდა იესოსი, მაგრამ, ამავდროულად, დაკავებული იყო ბინძური საქმეებით.

მაგარი ბიჭი იყო. კარგად იცვამდა და საკუთარ ეკლესიაში ყველა ქალი მას ეკუთვნოდა, ვინც რჩევის სათხოვნელად მიდიოდა. როცა ბრუკლინში ვიზრდებოდი, ქალები ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ: "მამაშენი და მისი ძმა ერთად სუტენიორები იყვნენ და ჩვენ მათზე ვმუშაობდით". მას ყველაზე მაგარი ჯიბის ქურდისა და სუტენიორის რეპუტაცია ჰქონდა ბრუკლინში.

მამაჩემივით მაგარი არასოდეს ვყოფილვარ. მინდოდა, მას დავმგვანებოდი, მაგრამ სინამდვილეში, სხვა ხასიათის ადამიანი ვიყავი. გავიგე, რომ მამაჩემს ჩრდილოეთ კაროლინას დატოვება მოუწია თეთრ ბიჭთან ჩხუბის შემდეგ.

ბიძამისი, რომელიც ტიპური ბიძია თომა იყო, ამ საქმეში შუამავლის როლს თამაშობდა და მამას სიცოცხლე შეუნარჩუნა, ოღონდ იმ პირობით, რომ ქალაქიდან წავიდოდა. ამიტომაც აღმოჩნდა ნიუ იორკში. ქალაქში ჩამოსვლისთანავე, ბარში წავიდა და ლამაზ გოგოსთან საუბარი გააბა. გამოჩნდა თავხედი ბიჭი დიდი შლაპით, მამა ბარის სკამიდან ჩამოაგდო და თავად დაუწყო ლაპარაკი გოგოს.

- ეს ნაბიჭივარი ზანგი - სოფლელი უკანალია, - უთხრა ბიჭმა გოგონას. - არ ღირს მასზე დროის დახარჯვა.

მაშინ მამაჩემი ავტობუსში ჩაჯდა და შარლოტში დაბრუნდა. თავისი შაშხანა აიღო, ნიუ იორკში დაბრუნდა, ის ბიჭი მონახა და ესროლა. თუ კონფლიქტი ჰქონდა ბრუკლინის პოლიციასთან, მისთვის და მისი ძმისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნა. ის უდიდესი პატივისცემით სარგებლობა ბრუკლინის კრიმინალურ საზოგადოებაში.

დედაჩემმა მამა შარლოტში გაიცნო. ის უინსტონ სალემში სკოლაში დადიოდა, სადაც მამაჩემის დას შეხვდა. ფაქტობრივად, სწორედ ეს ქალი არჩევდა მამასთვის მანდილოსნებს, აგრეთვე, შოულობდა მისთვის ნარკოტიკებს. და მან მიიყვანა მამასთან დედაჩემი.

სანამ ვიზრდებოდი, მამა ხშირად არ ჩნდებოდა სახლში. პერიოდულად შემოივლიდა ხოლმე. დიდად არ ვენდობდით, რადგან დედა მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოჯახთან მიმართებაში ის აკეთებდა ყველაფერს, რაც მის ძალებში იყო. იმ დროს, შავი მამაკაცისთვის რთული იყო ოჯახის მოვლა-პატრონობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული