დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მაშ ასე, ზემოთ ავედით. მას ჩემი ბინა მოეწონა. კერძები შევუკვეთეთ და უბრალოდ, ვილაპარაკეთ. როგორც ჩანს, გაკვირვებული დარჩა, რომ ასე კეთილად შევხვდი. ვხვდებოდი, რომ ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ცოტა თანხა მივეცი.მართლა მინდოდა მასზე ბევრი რამ შემეტყო, ამიტომაც ოჰაიოში ჩემთან სტუმრად ჩამოსვლა შევთავაზე. ამისთვის კი მანქანის ყიდვას დავპირდი. ვკითხე - რა აზრის არის "მერსედეს-ბენცზე".

- ღმერთო ჩემი, არა შვილო, გთხოვ, არ არის საჭირო, - დაიწყო პროტესტი. - მხოლოდ "კადილაკის" მართვა შემიძლია. "მერსედესით" ვერ შევძლებ.

მას, როგორც ყველა სუტენიორს, "კადილაკ
ის" მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. ის ოჰაიოში რამდენიმე კვირის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი დის ორ შვილთან ერთად. იმ დროს უკვე ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მთელი დღე - დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე, ეკლესიაში გაატარა. შემდეგ სახლში მოვიდა, წაიხემსა და ეკლესიაში დაბრუნდა, სადაც ღამის 11 საათამდე დარჩა.

მას, როგორც ჩანს, მოსწონდა ცხოვრების ჩემეული წესი. რამდენიმე დღის შემდეგ, მოშინაურდა და სახლში თავისი ერთ-ერთი მორწმუნე მეგობარი მოიყვანა, რომელიც ძალიან მაგრად იყო ჩაცმული. ისხდნენ და ათასგვარ სისულელეს განიხილავდნენ. ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი მათ ხასიათს.

შევამჩნიე, რომ მას საწუწნი კანფეტები უყვარდა. 68 წლის მამაკაცს უყვარდა საწუწნი კანფეტები! და გავიფიქრე: "ოჰო! მეც ხომ საწუწნი კანფეტების მოყვარული ბიჭი ვარ. აი საიდან მაქვს ეს მიდრეკილება!" (ორიგინალში - candy guy, რომელიც შეიძლება ასე გადავთარგმნოთ - "ნარკოტიკების გამყიდველი" და "ქალების საყვარელი").

გარკვეულ წილად, მშურდა იმის, თუ როგორ აწყობდა თავის ურთიერთობას ქალებთან. მის ფონზე, უბრალოდ, საცოდავად გამოვიყურებოდი. თუმცა მამა იძულებული იყო ქალების მიმართ ძალა გამოეყენებინა. ის საკმაოდ წარმატებული სუტენიორი იყო, მაგრამ ოჯახში არ შეიძლება ერთბაშად ორი ადამიანი იყოს გარყვნილი. მამაჩემს 17 შვილი ჰყავდა და ყველანი შესანაშნავი ადამიანები გამოვიდნენ. მოგვიანებით ზოგიერთს შევხვდი და არც ერთი მათგანი არ ყოფილა ჩემსავით არანორმალური.

ერთხელ მამაჩემს ვუთხარი:
- რამე მასწავლე. რა იცი ცხოვრების შესახებ? რა შეიძლება გადმომცე? იყავი ჩემი მამა.

- არაფრის სწავლება არ შემიძლია, შვილო, - მიპასუხა მან. - ვიცი მხოლოდ ბიბლია და სუტენიორობა. ეს კი შენთვის არ არის. მე ვიცი ეს, გნახე ქალებთან ერთად.
ჩემი მომხიბვლელი გოგონებით მასზე შთაბეჭდილების მოხდენა ვცადე.

- შენ ქარაფშუტა ხარ, შვილო. ამაში ცუდი არაფერია. სხვებიც ასევე იქცევიან, როცა საქმე ქალებამდე მიდის, - თქვა მან. - ზოგიერთი მამაკაცი ვერ აღწევს იმ დონეს, რომ ქალები აკონტროლოს. შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ. არ იცი, როგორ ელაპარაკო ქალებს. არ იცი, როგორ უნდა ამის კეთება. შენ მათ ტუჩებში კოცნი. ჯანდაბა, იცი, რას აკეთებენ ისინი, სანამ სხვაგან ხარ? ორალური სექსით არიან დაკავებულნი ან ვინმე მათ პირში შარდავს. შენ კი მათ კოცნი, ენას პირში უყოფ.

როცა მამაჩემი პირველად მოვიდა სტუმრად, ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა. მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ მასთან გულახდილი ვიყავი და ფულიც ვაჩუქე, ოდნავ მოსაბეზრებელი გახდა.

- სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი, მართლა ხარ თუ არა ჩემი ვაჟი. მყავს ქალი, რომელიც სხვასთანაც ცხოვრობს, პრაქტიკულად ერთმანეთში ვართ არეულნი, - განაცხადა მან სტუმრობის ბოლოს. - ხანდახან კი ითხოვ - ყველანი ერთად შეიკრიბონ. დედაშენთან ერთ სახლში ხუთი ან ექვსი გოგო მყავდა...

ის უტაქტო ხდებოდა და ზედმეტად ბევრ ინფორმაციას მაწვდიდა. ვერ ვგრძნობდი საკმარის ძალას იმისთვის, რომ ამას გავმკლავებოდი.

- ეი, მეგობარი, დამშვიდდი, - ვთქვი მე. - მე მიყვარს დედაჩემი. შენ მამა ხარ და შენც მიყვარხარ. მოდი, ნუღარ ვილაპარაკებს შენზე და დედაზე. მოდი, უბრალოდ, ურთიერთობა გვქონდეს, როგორც მამასა და შვილს.

იყო რაღაც საქმეები, რომელიც განაჩენის აღსრულებამდე უნდა დამესრულებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვხვდებოდი, ამიტომაც დავურეკე ნატალის - ჩემი ვაჟის დ'ამატოს დედას.

- მომისმინე, ახლა ვაპირებ გამოგიგზავნო 100 ათასი დოლარი. შემდეგ, სანამ ციხეში ვიქნები, ვიზრუნებ იმაზე, რომ ყოველ თვე გარკვეული თანხა მოგაწოდონ.

როგორც კი მან ეს თანხა მიიღო, წავიდა, ადვოკატი დაიქირავა და რამდენიმე მილიონზე სარჩელი წარმომიდგინა. "შესანიშნავი" ამბავი იყო, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს საქმე დაიძრა, ჩემმა ადვოკატმა მამობის დასადგენი ტესტის ჩატარებას მიაღწია და აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილი არ იყო. მე დავიმსახურე ეს. აი, რა ხდება, როცა მეძავთან გაქვს სექსი.

ეს კიდევ ერთი სასტიკი ღალატი იყო. როცა ამ ტესტის შედეგი მოვიდა, განადგურებული ვიყავი. მე ხომ მართლა მჯეროდა, რომ ეს ჩემი ბავშვი იყო. მასთან ბევრი დრო გავატარე. ერთად ამაყად ვპოზირებდით ჟურნალ "ჯეტის" გარეკანზე. ის ქალი ტესტის შემდეგ რამდენიმე წელი მტანჯავდა და მდევნიდა. ვფიქრობ, მის ცხოვრებაში კარგი აღარ მოხდება. არ გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ ვინმე, ვინც მას უკავშირდება, სახლში მკვდარი იპოვნეს.

მას შემდეგ, რაც განაჩენი გამომიტანეს და შესაბამისი პროცედურები გაიარეს, ინდიანას შტატის ახალგაზრდულ ცენტრში გამგზავნეს. ეს იყო ციხე უსაფრთხოების საშუალო დონით. ასეთი დაწესებულებები 60-იან წლებში შენდებოდა მდიდარი თეთრი ახალგაზრდა სამართალდამრღვევებისთვის, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს.

1992 წელს, ინდიანას შტატის საპატიმრო სისტემა იმდენად გადავსებული იყო, რომ ასეთ ციხეებში მოზრდილ ბოროტმოქმედებსაც უშვებდნენ, ძირითადად, სექსუალურ და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებებისთვის მსჯავრდებულებს. მაგრამ დრო გადიოდა და აქ მკვლელებსა და სხვა ტიპის მოძალადეებსაც აგზავნიდნენ. როცა იქ მიმიყვანეს, ამ ციხეში დაახლოებით 1500 პატიმარი იყო, მათგან 95 პროცენტზე მეტს თეთრები შეადგენდნენ.

გამანაწილეს M სექტორში - ერთ-ერთ ახალ ბლოკში. იქ თითო კამერაში ორი ადამიანი იყო მოთავსებული. კამერის შესასვლელში მარცხნივ ორი საწოლი იყო, მარჯვნივ - ტუალეტი და ნივთების შესანახი კარადა. ასევე იყო მაგიდა სამეცადინოდ. კამერის ზომები იყო - რვა ფუტი ცხრა ფუტზე (2.4 მეტრი 2.7 მეტრზე).

იმ დროს არ მესმოდა, რომ ციხეში ყოფნა, თუნდაც იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, იყო უსიამოვნება, რომელიც სიკეთედ მექცა. არავინ იცის, რა შეიძლებოდა დამმართნოდა, თავისუფალი რომ დავრჩენილიყავი. კამერაში გამომწყვდეულს, პირველად ცხოვრებაში შემეძლო ამომესუნთქა და დავმშვიდებულიყავი. რა თქმა უნდა, არა სწორია იმის მტკიცება, რომ თავიდანვე განვიბანე და მთელ დღეს ქრისტიანული ჰიმნების შესრულებაში ვატარებდი.

აქ ძალიან გაბრაზებული მოვედი. ვიცოდი, რომ მინიმუმ სამი წელი მომიწევდა საპატიმროში ყოფნა. დეზირეს ადგილას ვინმე თეთრი გოგო რომ ყოფილიყო, 300 წლით ჩამსვამდნენ ციხეში.

პატიმრობის პირველი რამდენიმე კვირა იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ვინმე გამოცდას მომიწყობდა, შეამოწმებდა ჩემს ძალას ან სისუსტეებს. ერთი სული მქონდა, როდის დავუმტკიცებდი ამ შეშლილებს, რომ ისევე ვიყავი შეპყრობილი მკვლელობაზე ფიქრით, როგორც ისინი. თუ უფრო მეტად არა. ამ ცხოველებისთვის უნდა მიმეხვედრებინა, რომ არ ღირდა ჩემს კამერასთან მიახლოება. აგრესიული ვიყავი, ომისთვის ვემზადებოდი.

ციხეში მოხვედრიდან ცოტა ხანში, სასეირნოდ გავედი და ერთმა ბიჭმა ყვირილი დამიწყო: "ეი, ტაისონ, ხიდან ხეზე მხტომელო!" წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა. ჩავთვალე, რომ ეს იყო კომპლიმენტი, რომელიც ხაზს უსვამდა ჩემს ფიზიკურ ძალასა და დიადი სპორტსმენის იმიჯს. მაგრამ შემდეგ დაზუსტება გადავწყვიტე.

- ხეებზე მხტომელი - ეს არის პედოფილი-მოძალადე, მაიკ, - ამიხსნეს მე. - ლაპარაკია ბიჭზე, რომელიც ხეს ამოფარებული მოსეირნე ბავშვებს ელოდება, შემდეგ სამალავიდან გამოხტება და ხელს სტაცებს მათ.
- ღმერთო ჩემი! - წამოვიძახე მე.

რამდენიმე დღის შემდეგ, საერთო ოთახში ვიჯექი და ჩემს გვერდით ერთი კარგი პატიმარი იჯდა. მეტად ზრდილობიანი ქრისტიანი იყო, მუდმივად იღიმოდა, ის უყვარდათ და პატივს სცემდნენ ციხეში.

- მაიკ, შენ არ ხარ მოძალადე, - თქვა მან და თვალებში ჩამხედა. - მე შენს გვერდით ვიყავი. შენ დიდი სულელი ბიჭი ხარ, რომელსაც მხიარულება უყვარს, მაგრამ არასოდეს არავინ გაგიუპატიურებია. მე ვიცი ეს, რადგან თავად ვარ მოძალადე. მე ეს გავაკეთე. პირუტყვივით ვაუპატიურებდი და ვძალადობდი ქალებზე. შენ გინახავს თეთრი ქალი, რომელიც ჩემთან პაემანზე მოდის? ის გოგონა არ არის, ის ჩემი მსხვერპლია.

- რა?
- ახლა, მე ღმერთთან მივედი, მაიკ. მე მას მივწერე და კავშირი გავაბით. ის ჩემს სანახავად მოდის. ასე რომ, ვიცი ვინ არის მოძალადე, მაიკ.

სანამ ციხეში ფეხს ვიკიდებდი, გარეთ ცხარე კამათი მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ადამიანების დიდ ნაწილს ეჭვი ეპარებოდა ჩემს წინააღმდეგ გამოტანილ ვერდიქტზე. ძირითადად, ისინი ქალები იყვნენ. შავების უდიდეს ნაწილს ასევე მიაჩნდა, რომ ჩემს საქმეში არ ვოფილა სასართლიანი სასამართლო გარჩევა. ჩემს საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა ნაფიც მსაჯულმა ჟურნალისტს ისიც კი უთხრა, რომ შავებს არ სურდათ ამ საქმეში მონაწილეობა, რადგან ეშინოდათ.

ტელეფონით ყოველდღე ველაპარაკებოდი დონ კინგს და ის მარწმუნებდა, რომ მუშაობდა ჩემს დაუყოვნებლივ განთავისუფლებაზე. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი განცდები, როცა 31 მარტს, ციხეში მოსვლიდან ექვსი დღის თავზე, მოსამართლეს უარყო ჩემი აპელაცია.

უარი ვთქვი საკვებზე და სითხეებით შემოვიფარგლებოდი. შემდეგ დავიწყე შემჩნევების მიღება ადმინისტრაციისგან. დამსაჯეს იმის გამო, რომ რამდენიმე პატიმარს ავტოგრაფი მივეცი. ძალიან აგრესიული გავხდი და დისციპლინის დარღევა დამიფიქსირეს მცველებისა და სხვა პატიმრების მიმართ მუქარის გამო.

სერიოზული კონფლიქტი მომივიდა ფიზიკურად ძლიერ ზანგთან, რომელსაც ბობი ერქვა. თავდაპირველად, ვეხუმრებოდით ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ საქმემ სერიოზული სახე მიიღო. ის გაცლას აპირებდა, როცა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთი პატიმარი, სახელად უაინო ჩემთან მოვიდა და დამშვიდება მირჩია.

- ვერაფერს დაუმტკიცებ ამ იდიოტებს, - მითხრა უაინომ. - ეს ბიჭები აქ დიდი ხნით დარჩენას აპირებენ, შენ კი ძმაო, უნდა სცადო, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდე შინ.

ის მართალი იყო. ჩემდა საბედნიეროდ, როცა მცველები მოვიდნენ, ბობმა არ ჩამიშვა. მან თქვა, რომ რაღაცას წამოკრა ფეხი და წაიქცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე თვე პატიმრობას დამიმატებდნენ.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული