დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ისეთ ადგილას, როგორც ეს ციხე იყო, რთულია ადამიანური თვისებების შენარჩუნება. ისეთ რამეებს ვხედავდი, რისი გააზრებაც მიჭირდა.

ვერ ვიგებდი, ადამიანის მსგავსი ერთი არსება რატომ იქცეოდა ასე მეორეს მიმართ. ვხედავდი, როგორც ასისხლიანებდნენ ერთმანეთს სიგარეტის გამო. როგორ ასხამდნენ სხვის მობილურ ტელეფონში ბენზინს მისი მფლობელის დასაწვავად.

როგორ ეცემოდნენ ზედამხედველ ქალს, მიათრევდნენ ტუალეტში და იქ აუპატიურებდნენ. როგორ აყენებდნენ ზედამხედველებს დანით ჭრილობებს და სტეპლერით სცემდნენ.

ამის ჩამდენებს არაფერი ანაღვლებდათ. მათ ისედაც 40, 50 ან ასი წელი ჰქონდათ მისჯილი და უფრო დიდ ვადას ვეღარ მისცემდნენ. ეს ადამიანები
საავადმყოფოში უნდა გაეგზავნათ და არა ციხეში.

პირველი რამდენიმე თვე ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ვეჭვობდი, რომ ვინმე - პატიმარი ან ზედამხედველი კამერაში ნარკოტიკს შემომიგდებდა ან ჩხუბის პროვოცირებას მოახდენდა იმისთვის, რომ სასჯელის ვადა დაემატებინათ. მინდოდა, უბრალოდ, ცოცხალი გამოვსულიყავი იქიდან, ამიტომაც მთელს დროს საკუთარ კამერაში ვატარებდი და არავის ნახვა არ მინდოდა. ხანდახან, ციხის უფროსის ტრიგის კაბინეტში შევდიოდი და ვეკითხებოდი:

- მზად ვარ სახლში დასაბრუნებლად. არ გეჩვენებათ, რომ დროა აქაურობა დავტოვო?
- არ მგონია. უმჯობესია, სასწრაფოდ თქვენს კამერაში დაბრუნდეთ, - მპასუხობდა ის, დაცვას იძახებდა და უკან მაბრუნებდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა კამერაში დავბრუნდი და კარი დავხურე, ერთმა თეთრმა პატიმარმა დამიყვირა:

- გაეთრიე აქედან! არაფრის არ უნდა გრცხვენოდეს! შენ ფორმა უნდა აღიდგინო და აკეთო ის, რაც საჭიროა! შენ ისევ უნდა იჩხუბო! დროს კი აქ ლოთებთან და ნარკომანებთან ატარებ!

ერთხელ სკანდალი მქონდა თეთრ ზედამხედველ-რასისტთან. პატიმრები კამერებიდან გამოეფინენ და საქმეში ჩარევას ცდილობდნენ. მოირბინეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე პატიმრებმა, რადგან ჩათვალეს, რომ ერთ-ერთი მათთგანი დაზარალდა. ამიტომაც მცველმა ფიზიკური ზემოქმედების ჯგუფი გამოიძახა და სრული ქაოსი დაიწყო. ხალხი ყვიროდა: "დახოცე ისინი, მაიკ! მოკალი ეს ღორი!"

ეს ნამდვილი ბუნტი იყო. დაცვა იძულებული გახდა კამერები ჩაეკეტა, მე კი კარცერში გამაგზავნეს. კარცერი - ეს ახალი თავგადასავალი იყო. ჩამაგდეს ექვსი ცხრა ფუტზე (1.8 მეტრი 2.7 მეტრზე) ზომის კამერაში, სადაც მხოლოდ ტუალეტი იყო და მატრასი იატაკზე. დღისით მატრასი მიჰქონდათ და ბეტონის იატაკზე ძილს გაიძულებდნენ. კამერაში ცხოვრება, სადაც დღე-ღამეში 23 საათი შუქი ანთია - საკმაოდ მკაცრი გამოცდაა, მაგრამ ამას შეიძლება შეეჩვიო. პარადოქსულია, მაგრამ კარცერში თავისუფლება მოვიპოვე. არავინ აკონტროლებს შენს ყოველ ნაბიჯს, როგორც ეს საერთო მასაში ხდება. კარცერი - ეს უარესია, რაც შეიძლება შეგემთხვას, მაგრამ მე ეს გავიარე.

პირველ წელს ციხეში სიმშვიდის მთავარი ამრევი ვიყავი. სხვადასხვა სასჯელს ვიღებდი სწრაფი ნაბიჯისთვის, უხეშობისთვის, ზედამხედველების მიმართ უხეშობისთვის, ხელის კვრისთვის. ჩემი საქციელისთვის კინაღამ კამერა P-ში გამაგზავნეს. იქ უშვებდნენ მართლაც სახიფათო პატიმრებს, რომლებსაც არ უნდოდათ მუშაობა ან ბრძანებების შესრულება. ისინი იზოლირებულნი იყვნენ სხვა პატიმრებისგან.

მიმაჩნდა, რომ მეც ერთ-ერთი არანორმალური ვიყავი, ამიტომაც ისე დავიწყე მოქცევა, როგორც ამას ისინი აკეთებდნენ. ისინი მთელი დღე კამერებში იყვნენ გამოკეტილნი, მუდმივად ზედამხედველების ყურადღების ცენტრში.

- წადი შენი დედაც! - უყვიროდნენ P კამერის ბიჭები ზედამხვედელებს.

მათი კამერების ფანჯრებზე კამერები იყო დამაგრებული და როცა გვერდით ჩავუვლიდით, ჩვენც გვიყვიროდნენ.

- ეი, ჩემპიონო, მოდუნდი! გავიგე, თავადაც გამხეცდი! არ ღირს ჩვენთან აქ მოხვედრა, ჩემპიონო! ჩვენთან საქმე არ დაიჭირო! - ყვიროდნენ ისინი.

- ეი, როცა სხვებთან მოქცევას ისწავლი, მაშინ დამელაპარაკე, - დავუყვირე პასუხად.

- შენი დედაც, მტრედების მოყვარულო ლაჩარო! ნაბიჭვარო! - მიპასუხა ბიჭმა.

ამის შემდეგ დავმშვიდდი. არ მინდოდა ცხოველივით მეცხოვრა, რადგან საქმე იქამდე მივიდა, რომ P კამერაში ფანჯრებიდან ეკრანები მოხსნეს და სანაცვლოდ მყარი მინები ჩასვეს, რომ გამვლელებისთვის შეფურთხების საშუალება არ ჰქონოდათ.

შევეგუე კარცერს. რატომაც არა? მე იქ გავიზარდე, სადაც ისე ყარდა ყველაფერი, როგორც კანალიზაციაში. წარმოშობით ნაგვის ორმოდან ვიყავი.

დეკემბერში გავარკვიეთ, რომ დეზირე ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე განიხილავდა ადვოკატებთან წიგნისა და ფილმის საკითხებს. ახლა, ზოგიერთი ნაფიცი მსაჯული წუხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

- იმასთან დაკავშირებით, რაც გავიგე, არ მიმაჩნია ის საიმედო მოწმედ, - განუცხადა პრესას დეივ ვალმა, ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა. - თავიდან შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მამაკაცმა გააუპატიურა ეს ქალი. მაგრამ თუ უკან მოვიხედავთ, მივხვდებით, რომ ეს ქალმა გააუპატიურა მამაკაცი.

მან ჟიურის კიდევ ერთ წევრთან როუზ პრაიდთან ერთად გაგზავნა წერილი ინდიანას შტატის სააპელაციო სასამართლოში თხოვნით - დაენიშნათ ჩემს საქმეზე ახალი სასამართლო პროცესი.

დეზირემ სცადა გაპროტესტება. ის გამოვიდა ტელეპროგრამაში 20/20-ზე და ინტერვიუ მისცა ჟურნალ People-ს. ივლისში მან სამოქალაქო საქმეებზე ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მამამისის თქმით, საქმე აღიძრა იმის გამო, რომ მობეზრდათ დონ კინგისა და მისი ადვოკატის ალან დერშოვიცის მხრიდან შეურაცხყოფები.

დეზირეს ახალი ადვოკატი ჰყავდა, რომელსაც დევალ პატრიკი ერქვა. დღეს ის მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორია. მან მიჩივლა სასამართლოში დაუდგენელი ზარალის კომპენსაციისთვის, რომელიც დეზირე ვაშინგტონს მიადგა ემოციური და ფიზიკური ტანჯვის გამო. ის ამტკიცებდა, რომ დეზირე ორი ვენერიული დაავადებით დავაჯილდოვე.

ამის შემდეგ, ძალიან მალე ედ გერშტეინმა, ადვოკატმა, რომელმაც თავს მოახვია საკუთარი სამსახური დეზირეს, როდ აილენდის უმაღლესი სასამართლოს დასკვნა მიიღო ვაშინგტონების ოჯახთან შეთანხმების თაობაზე.

ყველაფერთან ერთად, სასამართლომ ამ დასკვნაში მიუთითა იმის შესახებ, რომ ინდიანას შტატი უნდა გაერკვეს ამ საკითხში, რადგან დეზირე, შესაძლოა, ცრუ ჩვენებებს იძლეოდა, როცა ჯერ კიდევ თავის ჯვარედინ დაკითხვაზე ადვოკატთან შეთანხმებას დებდა ზარალის ანაზღაურებაზე.

დერშოვიცმა მაშინვე ჩაავლო ამ ინფორმაციას, მას "უტყუარი მტკიცებულება" უწოდა, რომლითაც ჩემი განაჩენის გაუქმება შეიძლებოდა. მან აგრეთვე დეზირეს "მატყუარა" დაუძახა.

9 ივლისს, ხუთასამდე ადამიანი მივიდა ინდიანაპოლისის ცენტრში მიტინგზე ჩემს მხარდასაჭერად. მიტინგზე გამოსასვლელად მოვიდა კომპტონის მუნიციპალური საბჭოს წევრი, რომელმაც განაცხადა:

- საშუალებას არ მივცემთ დეზირეს გაექცეს სასჯელს და ჩვენ გამოგვიყენოს ინსტრუმენტად ერთ-ერთი უდიადესი ადამიანის გასანადგურებლად, ვინც კი ოდესმე გვინახავს.

მაგრამ ერთი თვის შემდეგ, მოსამართლე გიფორდმა ისევ დაამსხვრია ჩემი იმედები. მან უარი მითხრა ახალ სასამართლო გარჩევაზე და დაადასტურა ძველი გადაწყვეტილება იმაზე, რომ დერშოვიცს არ შეუძლია დეზირეს დაკითხვა. ვაშინგტონმა ეს პირად წყენად მიიღო და განაცხადა, რომ შოკირებული იყო დერშოვიცის მცდელობით - "წასულიყო სასამართლოს მოტყუებაზე.

1992 წლის ოქტომბერში მამის დაკრძალვაზე წასვლა მინდოდა, მაგრამ საშუალება არ მომცეს. მართლა უნდოდათ ჩემი გატეხვა. ისევ მკაცრად მსჯიდნენ უმნიშვნელო დარღვევებისთვის. და სასჯელის ვადაც იზრდებოდა. დაკრძალვისთვის ფაქტობრივად ორჯერ გადავიხადე: ერთი თანხა ჩრდილოეთით გავგზავნე, მეორე - სამხრეთით, ჩრდილოეთ კაროლინაში.

ჩემმა ნათესავმა მომიყვა, რომ მამაჩემის სამოქალაქო მეუღლე განრისხებული იყო, რადგან მთელი პირველი რიგი მამას ყოფილ მეძავებს ეკავათ, რომლებიც პატივის მისაგებად მივიდნენ.

ახალი წლის შემდეგ, ჩემს საქმეში დიდი მოვლენები მოხდა. 12 იანვარს, ჟურნალ Globe-ში გამოქვეყნდა სკანდალური სტატია იმის შესახებ, რომ დეზირე არც ისეთი უცოდველია, როგორც ამას ბრალდების მხარე აღწერდა. ჟურნალისტებმა გამოკითხეს მისი მეგობრები და ყველამ განაცხადა, რომ ის მეტად გამოცდილი და დახელოვნებული იყო სექსის საკითხებში. ერთმა მეგობარმა გოგონამ ისიც კი თქვა, რომ დეზირემ გაუპატიურების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, როცა მამამისმა გაიგო, რომ ტაისონთან იწვა და განრისხდა.

იანვრის ბოლოს, ტელეპროგრამა Hard Copy-მ გამოუშვა სპეციალური ერთსაათიანი გადაცემა, სახელწოდებით "დასაბუთებული ეჭვები", რომელიც ჩემს საქმეს ეძღვნებოდა. როცა დეზირე ადრე ტელეპროგრამა 20/20-ში გამოდიოდა, მან განუცხადა ბარბარა უოლტერსს, რომ მოხსნიდა ჩემს წინააღმდეგ ბრალდებას, თუ მას ბოდიშს მოვუხდიდი. და დერშოვიცმა ამას ჩაავლო.

- შეგიძლიათ წარმოიდგინოთ - ვიღაცამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ბოდიში იმის გამო, რომ ის გააუპატიურეს", - იკითხა მან.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული