დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
X თავი
ჩემი განთავისუფლების წინა ღამეს, დაძინება ვერ შევძელი. დილის ოთხ საათზე ვერტმფრენების ხმა გავიგონე. საინფორმაციო არხების ჟურნალისტები პირდაპირ რეპორტაჟებს ამზადებდნენ. ციხის გვერდით, პარკირების ტერიტორია სავსე იყო ჩართვის "თეფშებით" და ბეჭდური გამოცემების რეპორტიორთა მანქანებით.

იქვე სიმინდის დიდ მინდორზე უზარმაზარი ბრბო იყო შეკრებილი. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ცალი თვალით დაინახავდნენ - როგორ გამოვიდოდი ციხიდან. დილის ექვს საათზე შავი ლიმუზინით დონ კინგი, რორი და ჯონ ჰორნი მოვიდნენ და ციხის ტერიტორიაზე შემოვიდნენ.

ველოდი მათ, მაგრამ ციხის დატოვება არ მინდოდა. მივეჩვიე აქაურობას. მომწონდა აქ ყოფნა,
მოდუნება და ცნობილი ადამიანებისა და ტელეჟურნალისტების მასპინძლობა. ეს სავსებით დამსახურებული დასვენება იყო, მაგრამ ისევ მიწევდა ცოდვილ სამყაროში დაბრუნება.

ღრმად ამოვისუნთქე და დავიძარით. ლიმუზინამდე მცირე მანძილი იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა. კამერების განათება, ვერტმფრენების ხმა, სიმინდის მინდვრიდან ფანების მისალმება... გრძნობების გადატვირთვა მქონდა. უბრალო შავი პალტო მეცვა, თეთრი პერანგი, თავზე თეთრი მოქსოვილი ქუდი მეხურა. ვცდილობდი მორჩილ მუსულმანად მომეჩვენებინა თავი, მაგრამ ეს რთული იყო.

ოჰაიოში გაფრენამდე, ადგილობრივ მეჩეთში ლოცვა მოვინდომე. მინდოდა გულწრფელი ჟესტით გამომეხატა მადლიერება, მაგრამ ესეც საცირკო შოუდ გადააქციეს. სიდიკი მოჰამედ ალის მოელაპარაკა, რომ ჩემთან ერთად ელოცა.

და როცა მეჩეთში გამოვჩნდით, ალი უკვე იქ მელოდა,. უამრავი ადამიანი დაგვხდა და თითოეული ცდილობდა მოხერხებული პოზიციის დაკავებას - ჩემთან ერთად კადრში რომ მოხვედრილიყო. მე ვიყავი ერთგვარი შანსი იმისთვის, რომ ვიღაც ტელევიზორში ეჩვენებინათ ან გაზეთში მოეხსენიებინათ.

ლოცვის შემდეგ, ოჰაიოში გავფრინდით, ჩემთან სახლში. ბედის ირონიით, იგივე გუნდი, რომელიც ციხეში მაკითხავდა, ახლაც თან მახლდა. ციხიდან რამდენიმე საათის გამოსული ვიყავი, დონ კინგი კი უკვე მაღიზიანებდა. მან ლიმუზინში მთელი ცისტერნა შამპანური მოიმარაგა. ჩემს სახლთან ახლოს, ხეებზე გამოფენილი იყო ყვითელი ლენტები და პლაკატები: "მაიკ, გილოცავ ოჯახში დაბრუნებას" ან "ჩემპიონო, შენს გარეშე მოვიწყინეთ".

სახლს მივუახლოვდით და დავინახე, რომ დონს მასშტაბური წვეულება ჰქონდა დაგეგმილი ჩემს დაბრუნებასთან დაკავშირებით. მან დაპატიჟა ყველა, ვისთანაც არანაირი კავშირი არ მქონდა და შეუკვეთა ომარები, კრევეტები, ღორის ხორცი, შამპანური - მუსულმანებისთვის მაცდური რაღაცეები. ყველა გავყარე სახლიდან, მათ შორის, დონ კინგი, რის შემდეგაც, საბოლოოდ, გავაფორმე ურთიერთობა მონიკასთან.

დონი მეორე დღეს დაბრუნდა და მე ის დავითხოვე. დიდი პრესკონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა, რომელიც მიეძღვნებოდა კონტრაქტების გაფორმებას სასტუმრო-გასართობ კომპლექს MGM Grand-თან და ტელეარხ Showtime-თან, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. ამოვშალე მისი სახელი პრეს-რელიზიდან.

- მაიკ, გთხოვ, ეს არ გააკეთო, - მეხვეწებოდა დონი. - არ მომექცე ისე, როგორც ამას თეთრი დემონები აკეთებენ!

აბსოლუტურად არ მაინტერესებდა მისი თხოვნები. და უცებ, კეისი გახსნა, რომელშიც მილიონი ნაღდი ფული იყო. ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო. არც ერთ პრომოუტერს არ შეეძლო ასეთი რაოდენობით ნაღდი ფულის წარმოდგენა, ამიტომაც, ისევ შევიცვალე საკუთარი აზრი. ისევ ჩავწერე მისი სახელი პრეს-რელიზში და რამდენიმე დღის შემდეგ პრესკონფერენცია გავმართეთ.

ბევრი დრო არ მქონდა გარე სამყაროსთან შესაგუებლად. თვალწინ მედგნენ ადამიანები, რომლებიც რიგში უნდა ჩამეყენებინა 200-მილიონიანი ბრძოლებისთვის. სიტუაცია იმაზე უარესი იყო, ვიდრე მაშინ, როცა ციხეში მოვხვდი. გარშემო ყველა ასე ამბობდა: "მაიკი - მაგარი კაცია".

მაგრამ, ახლა, სხვა განწყობა მქონდა. ყველასი მეშინოდა. ციხეში არავინ გამოსწორებულა. ის მხოლოდ გრთგუნავს, განგრევს, განადგურებს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა - რა თანხას მიიღებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რადგან შენი პიროვნება პატარავდება იმასთან შედარებით, რაც ციხეში შესვლამდე იყავი.

პარანოიდი გავხდი. მეგონა, რომ ჩემთვის ყველას ცუდის გაკეთება უნდოდა. ყოველ ჯერზე პანიკაში ვვარდებოდი, როცა "სასწრაფო დახმარების" სირენა მესმოდა. ერთხელ, მე და მონიკას გვეძინა, გამეღვიძა, შევხედე მას და ხელი ვტაცე: რატომღაც მომეჩვენა, რომ ვიღაც საწოლში შემოძვრა და ჩემი მოკვლა უნდოდა. სერიოზულად შემეშინდა. აღარ ვიყავი ძველი ტაისონი.

უხეში და დაუნდობელი გავხდი. ციხემ ჩემში ყველაფერი კარგი და ცოცხალი მოკლა. აღარავის ვენდობოდი, საკუთარ თავსაც კი. აღარ მინდოდა ქალებთან დაკავშირებით პიკანტურ სიტუაციებში მოხვედრა. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში მრავალი წლის განმავლობაში ილექებოდა, ამიტომაც რთული იყო ასე უბრალოდ მომეშორებინა ის. დღემდე შეწუხებული ვარ. ჩემი მეგობრები მეუბნებიან: "მოიშორეს ის!" მაგრამ, რეალურად ისინი არ იცნობდნენ ამ სენს, არ შეხვედრიან ასეთ რამეს. რთულია ამ ყველაფრით ნორმალურად ცხოვრება.

ხელი მოვაწერე ამ ორ კონტრაქტს, რამაც დიდი ფული მოგვიტანა. შესაბამისად, არავის არაფრის გაგონება არ უნდოდა იმაზე, რომ ჩემთვის გარკვეული დრო მოეცათ - ახალ ცხოვრებთან შესაბამისად, წესრიგში მომეყვანა ჩემი სულიერი მდგომარეობა. ჩემგან ძალიან ბევრს ელოდნენ. გაორებული ვიყავი. მართალია, შიში მიპყრობდა, მაგრამ ისევ, ნელ-ნელა ქედმაღალი ვხვდებოდი.

ყველაფრის მიღება მინდოდა. მიმაჩნდა, რომ რადგან სასჯელი მოვიხადე, ჩემი ვალი ჰქონდათ. ახლა, მინდოდა საუკეთესო გოგონებთან სექსი, საუკეთესო მანქანების შეძენა, საუკეთესო სახლები. გრაფი მონტე-კრისტო ვიყავი. ან გლადიატორი. მსოფლიოს არ ჰყოლია უკეთესი მებრძოლი. ვფიქრობდი ამაზე, თან "სასწრაფო დახმარების" სირენის მეშინოდა.

მინდოდა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიცოდი - შევძლებდი თუ არა ამას. 29 წლის ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი - იმაზე შენელებული ვიყავი, ვიდრე ამ ასაკში უნდა იყოს მამაკაცი. უკვე აღარ მქონდა შიმშილის ის გრძნობა, რაც ციხემდე იყო. ყველა სხვა გრძნობას ჭარბობდა სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რომ ციხეში ვიჯექი. ყოველ ჯერზე, როცა სხვა ქალაქში მივემგზავრებოდი, იქ უნდა დავფიქსირებულიყავი - ადამიანი, რომელმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. და თუ ამის გაკეთება მავიწყდებოდა, აეროპორტში პოლიციელებს გვერდზე გავყავდი.

- ბოდიში, შეიძლება დავილაპარაკოთ? - მეუბნებოდნენ ისინი. - ვხედავთ, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ, არ დაფიქსირდით, ასე რომ, კეთილი ინებეთ, დანიშნულების ადგილას აღნიშნეთ საკუთარი თავი. შეგვიძლია პირდაპირ აქ დაგაპატიმროთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უფრო გონივრული იქნება, თუ ჩამოსვლისთანავე თქვენს თავს დააფიქსირებთ.

ღმერთო! მოგზაურობების დროს, ეს დამპალი ვალდებულება დღემდე მოქმედებს.

ჩემგან ელოდნენ მძიმე წონით კატეგორიაში ყველა მეტოქის განადგურებას, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნებოდა. კრივის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა, ვისაც ცხოვრების სამი წელი წაართვეს, რინგზე დაბრუნდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

ალისაც წაართვეს ტიტული, მაგრამ ის სამი წელი პატიმრობაში არ ყოფილა. არ დაუკარგავს ვარჯიშის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი აძლიერებდა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული