ძალიან ბევრი "მესხმოდა" თავს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მე კი ჯერ არ შემეძინა აუცილებელი ფსიქოლოგიური თვისებები. ვაგრძელებდი ლოცვას, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორი გონებას მიფანტავდა, რითმიდან მაგდებდა, უკან, იმ ცხოვრებისკენ მიბიძგებდა, რომელიც ციხემდე მქონდა.
ყველაზე იოლი დონ კინგის დადანაშაულებაა იმაში, რომ უკან მიმათრევდა უგემოვნობის, ნარკოტიკების მოხმარების, დალევისა და ქალების უგემოვნო სამყაროში. შესაძლოა, ის გულწრფელად იყო შეწუხებული იმის გამო, რომ ზოგიერთ ნაძირალა მუსულმანს უკან გავყვებოდი და კინგს თავიდან მოვიშორებდი.
მაგრამ არც ისე მარტივი იყო სექსუალური ლტოლვის ჩახშობა. მონიკას ჩემთან მყარი ოჯახის შექმნა, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების დაწყება სურდა, მაგრამ მე არ მინდოდა ეს. ვცდილობდი ოჯახის კაცი ვყოფილიყავი, მაგრამ საერთოდ არ ვიყავი მზად მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის. ჯერ არ ვიყავი მომწიფებული ამისთვის. ოჯახური ცხოვრების ჩემეული კონცეპცია ამგვარი ფორმულირებით გამოიხატებოდა: "ხმა ჩაიგდე და ფული აიღე". ეგოისტი ღორი ვიყავი.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცოტა ხანში, ნიუ იორკში აღმოვჩნდი კრეიგ ბუგისთან ერთად. ქუჩაში მივაბიჯებდით, როცა ლამაზი შავი გოგო შევნიშნე და მას ავეკიდე. მისი შეჩერება და გამოლაპარაკები ვცადე, მაგრამ მაღაზიაში შემასწრო. შევყევი და დავინახე, რომ პირდაპირ გასასინჯი ოთახისკენ წავიდა. შესასვლელთან დაველოდე, სანამ არ გამოვიდა, მაგრამ ჩემთან ლაპარაკი არ ისურვა და გაიქცა.
ერთი კვირის თავზე, ოჰაიოში საკუთარ სახლში ფოტოსესია მოვაწყვე რომელიღაც ჟურნალისთვის და მოულოდნელად, ის გოგონა გამომეცხადა. როგორც აღმოჩნდა ფოტოგადაღებებზე სტილისტად მუშაობდა.
- სალამი, მე შენ გიცნობ, - ვუთხარი მე. - ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა, უბრალოდ, ბედისწერა იყო, რომელმაც ჩემს სახლში მოგიყვანა.
ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ მთელი ეს დრო ფოტოგრაფიც აბამდა. სავსებით ღირსეულად გავუბი საუბარი პატიმარ-სუტენიორის ფსევდოინტელექტუალურ სტილში, რამაც აშკარად გაიტაცა. მითხრა, რომ თიუზდი (Tuesday - ინგლისურად სამშაბათი) ჰქვია და მას შემდეგ, ბევრი სამშაბათი გავატარეთ ერთად.
ახლა, როცა ბევრი ფული გაჩნდა, შესაფერისი დრო იყო, რაიმე უძრავი ქონება შემეძინა - ლუქსის კლასის. იმის გამო, რომ ჩემი ბრძოლები ლას ვეგასში იგეგმებოდა, სწორედ იქ უნდა დავფუძნებულიყავი. შევიძინე შესანიშნავი სახლი უეინ ნიუტონის (კარსონ უეინ ნიუტონი - ამერიკელი მომღერალი და არტისტი; ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი ლას ვეგასიდან) სახლის მეზობლად. სახლის მოწყობისას დრო შესანიშნავად გავატარე.
ყველაფერი ვერსაჩესგან იყო - ტუალეტის ქაღალდით დაწყებული, ბალიშებით დამთავრებული. დიდი შემოსასვლელი კარი ხისგან იყო დამზადებული და ბროლის სახელურები ჰქონდა. შიგნით იყო გიგანტური ჩანჩქერი ორივე მხარეს ლომის სკულპტურებით. გარშემო სიმშვიდის შეგრძნება სუფევდა.
მომწონდა კარატეზე ფილმების ყურება, ამიტომაც რამდენიმე საშინაო კინოთეატრი მოვაწყვე. ჩემი საძინებელი აღჭურვილი იყო უახლესი აუდიოაპარატურით. ისე მომწონდა აუდიოს მოსმენა, რომ ხანდახან, ჩემს ავტომობილებში ვაყენებდი აუდიოსისტემას, რომელიც თავად ავტომობილზე ძვირი ღირდა. ზემოთ, ფოიეში ყველა დიადი მოკრივის პორტრეტებით ორი ათასი ფუტის ფართობის მოედნის მოხატვა შევუკვეთე. ეს 100 ათასი დოლარი დამიჯდა.
უკანა ეზოში გასულს, მოგეჩვენებოდით, რომ იტალიაში მოხვდით. ყოველ შემთხვევაში, სასტუმრო "ბელაჯოში". იქ იყო წყლით სავსე თხრილი, აგრეთვე უზარმაზარი საცურაო აუზი. იქაურობას ამშვენებდა შვიდი ფუტის სიმაღლის დიადი მეომრების ქანდაკებები - ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, ჩინგიზ-ყაენი, ჟან-ჟაკ დესალინი (ჰაიტის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამაარსებელი, პირველი მმართველი (იმპერატორი ჟაკ I) და ჰაიტის ეროვნული გმირი). შეუძლებელია, უბრალოდ წახვიდე და შეიძინო ჰანიბალის გიგანტური ქანდაკება, ამიტომაც დავურეკე ბიჭს, რომელიც, თავის დროზე, ლომების ქანდაკებებს აკეთებდა MGM Grand-ის კომპლექსისთვის. ის იყენებდა ჩემს მიერ მოცემულ ფოტოებს, ხოლო ქანდაკების დასამონტაჟებლად ამწე იყო საჭირო. ეზოში მრავლად იყო ეკზოტიკური ხეები. თითოეულის ღირებულება 30 ათასს შეადგენდა. მათ მოსავლელად კი წელიწადში თითქმის 200 ათასი დოლარი იყო საჭირო.
რა თქმა უნდა, სახლი მჭირდებოდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამიტომაც, დიდი სახლი შევიძინე კონეკტიკუტის შტატში. მისი ფართობი 50 ათას კვადრატულ ფუტს აღემატებოდა, იქ იყო 13 სამზარეულო და 19 საძინებელი. ჩემი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულ საძინებელში თითო გოგონა ყოფილიყო. ეს იყო რანჩო ტყეში. დახურული და ღია აუზებით, სქვოშის სათამაშო მოედნით, აგრეთვე ნამდვილი ღამის კლუბით, რომელსაც "ტექნიკური ნოკაუტის კლუბს" ვუწოდებდი.
ამ სახლში თავს ისე ვგრძნობდი, რომ "ნაიარევი სახე" (ცნობილი ამერიკელი განგსტერის ალ კაპონეს მეტსახელი). მარტო ჩემს საძინებელს ეკავა ხუთი ათასი კვადრატული ფუტი. იმხელა გარდერობი და იმდენი ბრწყინვალე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ პარფიუმერია მქონდა, რომ გეგონებოდათ - ვერსაჩეს ნამდვილ მაღაზიაში მოხვდით. სანამ მონიკა იქ ცხოვრობდა, მასაც საკუთარი გარდერობი ჰქონდა ათას კვადრატულ ფუტზე. საძინებელში იყო უზარმაზარი აივანი, რომელიც სახლის პირველ სართულს ფარავდა. შემეძლო საძინებლამდე მარმარილოს კიბით ან შუშის ლიფტით მიმეღწია. ეს იყო შესანიშნავი სახლი, მაგრამ თითებზე ჩამოთვლა შეიძლება, რამდენჯერ ვიყავი იქ იმ ექვსი წლის განმავლობაში, რაც ის ჩემს მფლობელობაში იყო.
გარდა ამისა, მრჩებოდა სახლი ოჰაიოს შტატში. შემდეგ მეოთხე სახლი შევიძინე - მონიკასთვის, აგრეთვე, გოლფის სათამაშო მინდორი კონგრესის ქალაქგარე კლუბში, მერილენდის შტატში. აქ ხშირად თამაშობდა ტაიგერ ვუდსი (ამერიკელი გოლფისტი, "მეიჯორების" 14-გზის ჩემპიონი, პირველი სპორტმენი-მილიარდერი).
მაგრამ ფულს მხოლოდ უძრავ ქონებაზე არ ვხარჯავდი. წინა პლანზე იყო ჩემი ავტომობილებით გატაცებაც. სანამ ციხეში ვიჯექი, ექვსი მანქანა მყავდა. ახლა, ისევ დავიწყე "ვაიპერის", "ფერარის", "ლამბორგინის", როდსტერ "სპაიდერის" შეგროვება. ამ მანქანებით რბოლებს ვაწყობდით ლას ვეგასში ჩემი სახლის ქუჩაზე.
ძვირფასი ავტომობილებით ჩემს მეგობრებსაც ვანებივრებდი. ერთხელ, მე, რორი და ჯონ ჰორნი ლას ვეგასში, "როლს-როისის" ავტოსალონის ახლოს ვსეირნობდით და ვიტრინებს ვათვალიერებდით. შიგნით გამყიდველები მაინც და მაინც დიდი აზრის არ იყვნენ ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელებში გამწყობილ სამ შავ ბიჭზე, რომლებიც შუშის მიღმა აკვირდებოდნენ ძვირფას მანქანებს. შიგნით შევედით. ვერ მიცნეს და ჩვენთან ვიღაც წვრილმანი თანამშრომელი გამოუვეს.
- აი ის "როლს როისი" - რამდენი გაქვთ ასეთი? - ვკითხე მე.
- გასინჯვა გსურთ? - მკითხა მან.
- არა, უბრალოდ, ყველას ვიღებ, - ვუპასუხე მე.
ჩემი წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, ეს ბიჭი გენერალურ მმართველად დანიშნეს.
ყოველი ბრძოლის შემდეგ, ბუგისთან ერთად ლოს ანჯელესში მივდიოდი და მთელი დღე როდეო-დრაივზე მაღაზიებში დავდიოდით. კარგი ვახშმის შემდეგ, გოგონებს ავიყვანდით და კლუბებში დავდიოდით. დრო და დრო,"ვერსაჩეს" მაღაზიაში შევივლიდით და ყოველ ჯერზე იქ 100 ათას დოლარს ვტოვებდით. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ, ის ადგილი ემგვანებოდა სცენას კინოფილმიდან "ამერიკაში მოგზაურობა", რომელშიც ხალხი მიათრევს ათასობით სულელური ნივთით სავსე ტომრებს, ჩანთებსა და ჩემოდნებს.
ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს კარადებში ტანსაცმლის უმრავლესობა, უბრალოდ, ხელუხლებელი რჩებოდა. ჩვეულებრივ, ვატარებდი სპორტულ ფეხსაცმელს, ჯინსებს ან სპორტულ ტანსაცმელს. ციხეში ყოფნისას, ჯონი ვერსაჩე მიგზავნიდა თავისი ყველა ღონისძიების მოსაწვევს. მან იცოდა, რომ ვერ შევძლებდი მისვლას, მაგრამ ამ ხერხით მიმანიშნებდა, რომ ისევ ახსოვდა ჩემი არსებობა. შესანიშნავი ბიჭი იყო.
იმდენი ფული მქონდა, რომ ხანდახან მათ თვალს ვერ ვადევნებდი. ერთხელ, რორის დამხმარეს ლატონდიას მონაწილეობა უნდა მიეღო ნიუ ჯერსიში, რორის სახლში მოწყობილ წვეულებაში. მას არ ჰქონდა საკუთარი ნივთების შეგროვების დრო, ამიტომაც, როცა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, სტუმრების ოთახში წავიდა, სადაც "ლუი ვიტონის" დიდი სპორტული ჩანთა დაინახა. ჩანთა ჩემი ან რორის ეგონა და გახსნა იმ იმედით, რომ იქ სუფთა მაისურს აღმოაჩენდა. ის შოკში ჩავარდა: ჩანთაში მილიონი დოლარი ნაღდი ფული იდო. მაშინვე რორის ოთახში წავიდა და ეს აღმოჩენა ანახა.
- მაიკს დაავიწყდა, სად დატოვა ეს ჩანთა, - თქვა რორიმ. - პირდაპირ ახლა დავურეკავ და ვთხოვ 200 ათასი მასესხოს.
ის ჩანთა კიდევ ერთი კვირა იდო იქ. ქალაქში რთული ღამე მქონდა და დამავიწდა, სად დავდე. ყოველ ჯერზე, როცა ლატონდიას ჩემი ტანსაცმელი გასარეცხად მიჰქონდა, უკან დაბეჭდილი კონვერტები მოჰქონდა, რომლებშიც იდო ძვირფასი სამაჯურები ან ოცი ათასამდე ნაღდი ფული. ეს კონვერტები შემთხვევით ჯიბეში მრჩებდა. როცა საქმე ფულს ეხებოდა, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ასეთი წვრილმან დეტალებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"