დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მაგრამ, აშკარად გადამეტებული იყო ჩემს ხარჯებში - ვეფხვისა და ლომის ბოკვერების ყიდვა.

ციხეში ყოფნისას, პერიოდულად ჩემს საავტომობილო დილერს ტონის ველაპარაკებოდი - ძალიან მაინტერესებდა სიახლეები ახალ მანქანებზე. და უცებ, ტონიმ მითხრა, რომ ვეფხვის ან ლომის ყიდვას და მასთან ერთად საკუთარი "ფერარით" სეირნობას აპირებს.

- მომისმინე, მეც მინდა ვეფხვი, - ვთქვი მე.

ტონიმ ამის შესახებ ენტონი პიტსს აცნობა. ციხიდან გასვლის შემდეგ, შინ ოჰაიოში დავბრუნდი და იქ გაზონზე ვეფხვის ოთხი ბოკვერი დამხვდა. მათ მომაჯადოვეს. ბევრი ვეთამაშე და მალე მივხვდი, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან
სახლის კატებისგან. მეტად კაპრიზულები იყვნენ და ბრაზდებოდნენ, როცა მათთან ძალიან ბევრს თამაშობდნენ.

უნდა გამეგო მათი ხასიათი, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, სიგრძეში შვიდი ფუტისა (2.1 მეტრი) და წონაში 400 ფუნტის (181.4 კგ) მხეცები გახდებოდნენ. მოზრდილებს შეეძლოთ უკანა თათებზე დადგომა და თათის ერთი მოქნევით ჩემთვის თავის ქალის გადახსნა.

თეთრ ვეფხვს დავუმეგობრდი. ეს იყო მდედრი, მას კენია დავარქვი. ყველგან თან დამყვებოდა და ჩემთან ერთად საწოლში ეძინა. ის, ვინც გარეულ ცხოველებს იცნობდა, ვერ იჯერებდა, რომ მასთან ასეთი ურთიერთობა მქონდა.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ არასოდეს უნახავთ თეთრი ვეფხვი ვინმეს თან დაყვებოდეს, როგორც ამას კენია აკეთებდა. ის სახლში დააბიჯებდა და ჩემი ძებნისას ბავშვივით ყვიროდა. თუ სახლში გოგონა მყავდა, კენიას მისთვის განკუთვნილ ზონაში ვკეტავდი და ყვირილით იკლებდა იქაურობას. ზაფხულის ცხელი ღამეებისას იქამდე არ ისვენებდა, სანამ არ მივიდოდი და მუცელზე არ მოვეფერებოდი.

კენია საკმაოდ ხშირად გარბოდა სახლიდან. დაჯდებოდა ხოლმე აუზთან ახლოს და ღობის იქით უეინ ნიუტონის ცხენებს უყურებდა. მას თავისუფლად შეეძლო მეორე ეზოში გადახტომა, მაგრამ ამას არ აკეთებდა. დავიქირავეთ მომთვინიერებელი, სახელად კეიტი. მას უნდა ემუშავა კენიასთან და ამისთვის კვირაში 2500 დოლარს ვუხდიდი. ჩემი დამხმარე დერილი და ისინიც, ვინც ჩემს სახლს ალაგებდნენ, მის გაზრდაში მეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა, აღარ უნდოდათ მასთან მიახლოება. კენია ხანდახან კბენდა მათ და ისინიც დიდი ნდობით არ იყვნენ ამ მხეცის მიმართ.

თუ სახლში ბოკვერები გყავთ, მუდმივი ურთიერთობა უნდა გქონდეს მათთან, რადგან თუ გარკვეული ხანი მიატოვებ და შემდეგ დაბრუნდები, ისინი ვერ გაგიხსენებენ ვინ ხარ და პრობლემები შეგექმნება. ამიტომაც, ლიცენზია ავიღე ჩემს ცხოველებზე და ორი ცხრაღერძიანი ფურგონი დავიქირავე მათი ტრანსპორტირებისთვის. იმ დროისთვის მხოლოდ ორი პატარა ვეფხვი დავიტოვე.

ლომები უკანა თათებზე დგებოდნენ და საშიშად გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთმა ხელზე მიკბინა და საავადმყოფოში მისვლა დამჭირდა, სადაც ექვსი ნაკერი დამადეს. გადაუდებელი დახმარების პუნქტში მკითხეს: "რა შეგემთხვათ?" ვუპასუხე, რომ ძაღლმა მიკბინა. ამ ლომის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ თავად ვიყავი დამნაშავე. ასე რომ, ყოველი შემთხვევისთვის ცოფის საწინააღმდეგო ნემსი გამიკეთეს და შემდეგ ის ლომი თავიდან მოვიშორე.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვე დამჭირდა აკლიმატიზაციისთვის და ამის შემდეგ დავიწყე ვარჯიში რინგზე დასაბრუნებლად. ჩემს გუნდში ახალი წევრი შევიყვანე. რამდენიმე წლის წინათ, "მედისონ სკვერ გარდენის" ტუალეტში შევხვდი სტივ "ნიანგი" ფიტჩს. შემდეგ, ციხეში ყოფნისას, რორისთან საუბრის დროს გავიგე, რომ "ნიანგი" მოკრივე ობი კართან მუშაობდა.

რორი კარის მმართველ გუნდში შედიოდა, დონ კინგი კი მის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა. ამიტომაც, რორიმ უპრობლემოდ იპოვნა "ნიანგი" და მომიწყო მასთან სატელეფონო საუბარი. რამდენიმე ჩემს მეგობარზე ველაპარაკე, რომლებიც ჩემი ციხეში ყოფნის დროს გაიცნო. ერთმანეთი მოგვეწონა, ამიტომაც, როცა გამანთავისუფლეს, ჩვენთან ურთიერთობა შევთავაზე. ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა, რადგან ქუჩის ბიჭი იყო.

მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედი, დონ კინგს არც ისე ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან. ვფიქრობ, ეშინოდა, რომ დავასახიჩრებდი. ამიტომაც, ჩემთან მოლაპარაკებებს საქმიან საკითხებზე ჯონ ჰორნის მეშვეობით აწარმოებდა. ხოლო რორი იყო ჩემი სპეციალური ნდობით აღჭურვილი პირი პირად საკითხებში. ორივენი ადმინისტრატორის ხელფასის 20 პროცენტს იღებდნენ, მაგრამ ასეთი წილის შემთხვევაშიც, იმაზე მეტს იღებდნენ, ვიდრე ოცნება შეეძლოთ.

რორისა და ჯონის გარდა, მყავდა ჩემს უსაფრთხოებაზე მზრუნველი გუნდი, რომელსაც ენტონი პიტსი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, გვერდით ასევე მყავდა ციხის კამერაში ჩემი მეზობელი ფარიდი, მაგრამ ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ არ შეგვეძლო თანამშრომლობა, რადგან ორივენი ყოფილი დამნაშავეები ვიყავით.

ტაისონის ახალი გუნდი იყენებდა მაღალ ტექნოლოგიებს. ტელეფონების ნაცვლად, თითოეულ ჩვენთაგანს რაცია ჰქონდა, რათა მთელს გუნდთან ერთმანეთთან დაკავშირებისა და მომხდარის შესახებ შეტყობინების საშუალება გვქონოდა. თითოეულს საკუთარი მეტსახელი გვქონდა. რორი იყო "ელ-ერთი", ჯონი - "ელ-ორი", ენტონი - "თი-ერთი". დონ კინგი თავისი ვარცხნილობის გამო - ფრედერიკ დუგლასი (ამერიკელი მწერალი, განმანათლებელი, აბოლიციონისტი, რედაქტორი და ორატორი; შავკანიანების განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი; ჰქონდა ხშირი და ხუჭუჭა ქოჩორი).

მე კი რამდენიმე მეტსახელი მომანიჭეს. ხანდახან მეძახდნენ "შეშლილ მაქსს", ხანდახან "არნოლდს" არნოლდ როტშტეინის (ამერიკელი მეწარმე და აზარტული მოთამაშე; გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა ნიუ იორკის ებრაულ მაფიაში) საპატივცემულოდ, ყველაზე ხშირად კი "დიბოს". ასე მიწოდებდნენ ფილმ "პარასკევში" ხულიგანი ბიჭის საპატივცემულოდ, რადგან მეც ზუსტად მასსავით ვწუწუნებდი: "მომეცი ეს, მომეცი ის", ვითვისებდი სხვის ნივთებს, ვჭამდი სხვების საკვებს, ვრთავდი ტელეპროგრამებს, როცა სხვები ტელევიზორს უყურებდნენ.

სიმართლე გითხრათ, არ მომწონდა ეს იდეა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი პოვნა გაცილებით იოლი იქნებოდა. ვცდილობდი საწვრთნელ ბანაკში უფრო დისციპლინირებული ვყოფილიყავი, მაგრამ კარტოფილი "ფრის" სუნი შოკში მაგდებოდა და გარეთ ვიპარებოდი დასანაყრებლად. ამასთან, ვცდილობდი პირადი დაცვა თავიდან მომეშორებინა და ვინმე გოგოც "მომეხსნა".

19 აგვისტოს, პიტერ მაკნილთან დანიშნული ბრძოლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო უხასიათო ვხდებოდი. თავიდან დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, რადგან ციხიდან გამოსული, შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებოდი. მაგრამ, როგორც კი ოჰაიოში სპარინგები დავიწყე, რამდენჯერმე ძლიერი დარტყმა მომხვდა ახალგაზრდა მოყვარული მოკრივისგან. და ეს ძალიან მტკივნეული იყო.

მიჩვეული არ ვიყავი დარტყმების მიღებას. ამ სპარინგზე ხუთი რაუნდი უნდა მეჩხუბა, მაგრამ მეორეს შემდეგ ვთქვი: "დღეისთვის საკმარისია. ხვალ დავბრუნდები". ჯანდაბა, ვერ ვიჯერებდი, რომ ამ მოყვარულ ბავშვს შეეძლო ჩემთვის ამდენი უსიამოვნების მოყენება. ის, რომ დარტყმებს ვუშვებდი, ნიშნავდა, რომ ფორმაში არ ვიყავი. გავიფიქრე: "როგორ დავამარცხებ მაკნილის, თუ მე ამ მოყვარულმა მომიგო?"

ბოლოს და ბოლოს, ჩემს სამუშაო რითმში დავბრუნდი და როცა აგვისტო დადგა, უკვე მზად ვიყავი ბრძოლისთვის. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ყოველთვის, გაღიზიანებული და მკვეთრი ვიყავი. იქ შავ კოსტუმსა და თეთრ პანამაში გამოწყობილი გამოვცხადდი. კრივის სამყაროში არავინ აღიქვამდა მაკნილის სერიოზულ მეტოქედ. ეს ბიჭი, საუკეთესო შემთხვევაში, საკლუბო მოკრივე იყო.

მაკნილისთან ბრძოლა ასე დავასათაურე - "მეფე რიჩარდი - მეფის დაბრუნება". ჩემს ბრძოლებს ყოველთვის ვარქმევდი მეომრის სახელებს. მართალია, კასი დიდი ხანია ჩვენთან აღარ იყო, მაგრამ მე მას დაველაპარაკე: "ნუ ნერვიულობ, კას. მეფე ბრუნდება. მეფე რიჩარდი გამარჯვებული ბრუნდება".

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული