დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
თუ კიდევ გამაჩნდა გარკვეული ეჭვები მაკნილისთან დაკავშირებით, ის მაშინვე გაიფანტა, როგორც კი რინგზე მოწინააღმდეგეს შევხედე. როცა რეფერისთან ინსტრუქტაჟზე მივედით, მაკნილი მე არ მიყურებდა. ბრძოლიდან ერთი წლის თავზე მან ჟურნალისტთან აღიარა, რას ფიქრობდა იმ მომენტში:

- როცა ტაისონი ამ ბანდიტური მელოდიის ფონზე რინგზე გავიდა, მზად არ აღმოვჩნდი ამისთვის. არ მეგონა, თუ ასე შემაშინებდნენ. მას პრესკონფერენციაზე ვაკვირდებოდი და მაშინ, ჩვეულებრივ ტანსაცმელში არ მომეჩვენა ასეთი მსხვილი.

როცა რინგის ცენტრში დავდექით, მხოლოდ მის ჭიპს მივაშტერდი, თუმცა ერთხელ მზერა მაინც ვესროლე და ეს პანდორას ყუთი
აღმოჩნდა. ძალიან დაკუნთული იყო! ისეთი ძლიერი! უზარმაზარი კუნთები, კისერი, თავის ქალა ჰქონდა! ძალიან მრისხანედ გამოიყურებოდა. თვალი ჩავუკარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, მაგრამ, სინამდვილეში, შეშინებული ვიყავი.

მეგონა, რომ ამ ბიჭმა, უბრალოდ, გააფრინა! მინდოდა მისთვის დამეყვირა: "შენი დედაც! აქედან დაიკარგე!" მაგრამ კარგი ბიჭის იმიჯს ვერ გავაფუჭებდი. გონგი გაისმა და მან ჩემ გარშემო სირბილი დაიწყო, ცდილობდა კუთხეში ჩემ მიმწყვდევას.

მოკლე მარჯვენა დარტყმით ვუპასუხე და დაეცა, თუმცა მერვე თვლაზე წამოდგა. რინგზე ცოტა გაირბინა და ისევ თავს დამესხა. ვერ ვიჯერებდი ამას. რვა დათვლის შემდეგ ისევ შემომიტია. მარცხენა ჰუკი შევასრულე, შემდეგ მარჯვენა მოვახვედრე და კვლავ დაეცა. წამოდგა და ბრძოლის გაგრძელებაც შეეძლო, მაგრამ მწვრთნელი გამოვიდა რინგზე და ბრძოლა შეაჩერა.

არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნა. პუბლიკამ სტვენა დაიწყო. კომენტატორები იმეორებდნენ: "რა დასანანია! როგორი იმედგაცრუებაა!" დიახ, ჩვენ ვჩხუბობდით 90 ქვეყნის მაყურებლისთვის, ეს იყო ყველაზე დიდი აუდიტორია ისტორიაში, ამ ბიჭის მწვრთნელებმა კი ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ვცდილობდი, მორჩილი ვყოფილიყავი და ვლოცულობდი.
- ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგშიც განვავითარებ ჩემს თვისებებს, - ვუთხარი ჟურნალისტებს.
ბრძოლის შეჩერების გადაწყვეტილებაზე მკითხეს და ასე ვუპასუხე:

- თქვენ ხომ მიცნობთ. სისხლისმსმელი ვარ და მიხარია, რომ ბრძოლა გააჩერეს. ჩემთვის ჩხუბი - ეს არის, როგორც აინშტაინისთვის სამეცნიერო კონცეფცია, როგორც ტექსტი ჰემინგუეისთვის. ბრძოლა - ეს არის აგრესიულობის გამოვლენა. აგრესია ჩემს ხასიათში ძევს. აღარ მაქვს კრივზე ლაპარაკის სურვილი.

ეჭვი მაქვს, დონ კინგმა უხერხულად იგრძნო თავი ამ ბრძოლის სწრაფად დასრულების გამო. ამიტომაც გადაწყვიტა, ჩემი თაყვანისმცემლებისთვის 50 დოლარის ეკონომიის საშუალება მიეცა. კერძოდ, ჩემი შემდეგი ბრძოლის უფასო ტელეარხზე გაშვება დაგეგმა. 4 ნოემბერს ბასტერ მატისთან უნდა მეჩხუბა.

ბრძოლა ტელეარხ Fox-ის ეთერით გადაიცემოდა. დარწმუნებული ვარ, დონმა ეს თარიღი იმის გამო აირჩია, რომ სწორედ იმ საღამოს იყო რიდიკ ბოუსა და ევანდერ ჰოლიფილდის მესამე ბრძოლის ფასიანი ტრანსლაცია. მაგრამ გათვლა არასწორი აღმოჩნდა, რადგან ჩემი ბრძოლა გადაიდო - მარჯვენა ხელის დიდი თითი მოვიტეხე. პრესა მაშინვე თავს დამესხა. New York Post-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "დაამტკიცე ეს, მაიკ!"

ისინი მართლები იყვნენ. წინა წლებში რამდენჯერმე გადავდე ჩემი ბრძოლები ტაქტიკური მოსაზრებით - მეტოქეებზე ფსიქოლოგიური იერიშის მისატანად. ჩემი მოწინააღმდეგე მზად არის ბრძოლისთვის, მე კი შეხვედრას გარკვეული ვადით წინ ვწევ და ის ვეღარასოდეს დაიბრუნებს შესაბამის განწყობას.

ისინი ფიქრობდნენ, რომ მთელი დღე მონდომებით ვვარჯიშობდი სპორტულ დარბაზში, მაგრამ, სინამდვილეში, არაფერს ვაკეთებდი. შემდეგ, ახალი ვადის წინ, ბოლომდე ვიხარჯებოდი ვარჯიშებზე, მეტოქის ფორმის პიკი კი უკვე ჩავლილი იყო. ეს ხერხი კასმა მასწავლა.

ბრძოლა 16 დეკემბრისთვის გადავიტანეთ. შეხვედრა ფილადელფიაში (ამ ბრძოლამ მიიღო სახელწოდება - "უდანაშაულობის პრეზუმფცია") გაიმართა. ეჭვი მაქვს, ბუკმეკერებმა რაღაც დაინახეს მაკნილისთან ჩემს ბრძოლაში:

თუ მასთან ბრძოლაში ფსონი იყო 15:1, მატისის წინააღმდეგ კოეფიციენტი გაიზარდა და 25:1 შეადგინა. როგორც მოკრივე, მატისი მაკნილიზე უკეთესი იყო, მაგრამ ის რინგზე ზედმეტი წონით გავიდა. აწონვისას გავიხადე მაისურა, რომელზეც ეწერა - "ეკუთვნის ალაჰს" და ჩემი რელიეფური პრესი ვაჩვენე ყველას.

- ნამდვილი ადონისია! - აღფრთოვანება ვერ დამალა დონ კინგმა.

როცა სასწორზე ბასტერის ასვლის ჯერი დადგა, მან მაისურა არ გაიხადა. ის 224 ფუნტს (101.6 კილოგრამი) იწონიდა.

ბრძოლა დაიწყო და ბასტერმა მაკნილის ტაქტიკის გამეორება სცადა - ჩემზე ზეწოლა მოიტანა. ორმა რაუნდმა ახლო ბრძოლაში ჩაიარა, მესამეში კი ჩემი ბაგირებთან მიმწყვდევა სცადა, მაგრამ მარცხნივ გავედი და ამ მოძრაობის წყალობით, ორი აპერკოტი შევასრულე.

მეტოქე დაეცა. როცა პრესკონფერენციაზე მკითხეს - რატომ გავუშვი ამდენი დარტყმა, ვუპასუხე, რომ მოწინააღმდეგეს "ვაძინებდი" და გატარებული დარტყმები "ხაფანგი იყო, შეთქმულება, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება". სინამდვილეში, მატისისთვის რთული იყო ხელის მორტყმა. თუ მის ყველა ბრძოლას ნახავთ, დარწმუნდებით, რომ არავის ისე არ დაუმუშავებია ის, როგორც ეს მე გავაკეთე.

მატისი ოდნავ ფერმკრთალი იყო:
- მაიკ ტაისონმა წამაქცია და როცა ზემოთ ავიხედე, რეფერის უკვე ხუთი ჰქონდა დათვლილი. და ჩემს თავს ვუთხარი: "ჯანდაბა, რა ხდებოდა ერთიდან ოთხამდე?"

დარბაზის პირველ რიგში იჯდა ფრენკ ბრუნო - მძიმე წონაში მსოფლიოს ერთ-ერთი ჩემპიონი. და მე და "ნიანგმა" მასზე ფსიქოლოგიური შეტევა მივიტანეთ. როცა რინგიდან გავდიოდით, "ნიანგმა" დაუყვირა:

- მაიკ, აი ისიც! ჩვენი მორიგი ხორცის მასალა!
მე კი ჩემს თავზე მივუთითე:
- ნომერ პირველი ვარ!

ჩემმა ბრძოლამ ბასტერთან ტელეაუდიტორიის 29 პროცენტის ყურადღება დაიმსახურა. ეს იყო ტელეკომპანია Fox-სთვის ყველაზე მაღალი რეიტინგი. თუმცა მე არ ვიყავი კმაყოფილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემი ბრძოლებით.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული