დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მატისთან ბრძოლაზე თან ჩემი ვეფხვი კენია წავიყვანე. იმ დროისთვის, მე და მონიკას უკვე გვყავდა ქალიშვილი, რომელსაც რეინი დავარქვი. ასევე იყო ქალიშვილი მაიკი ერთი ნიუიორკელი ქალისგან.

მონიკასა და ბავშვებს არ შეეძლოთ ჩემთან ურთიერთობა, თუ გვერდით კენია იჯდა: როცა ისინი ჩემს მოფერებას იწყებდნენ, ვეფხვი მზად იყო თავს დასხმოდა მათ. ბრძოლის დროს, ცხოველი სასტუმროს ნომერში დავტოვე. და როცა დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ლუქსის აპარტამენტები მთლიანად განადგურებული იყო: ფარდები დაფხრეწილი, იატაკზე განავალი, მისაღებში დიდი დივანი მთლიანად ნაკუწებად ქცეული...

იგივე გააკეთა მან მანჰეტენზე დონ კინგის თაუნჰაუსში,
როცა იქ ბრძოლის შემდეგ დავრჩი. მივატოვე ჩემი ოთხფეხა მეგობარი და კლუბში წავედი. და ვეფხვი გადაირია. რასაც მიწვდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და გაანადგურა. ამის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ თაუნჰაუსი დაეხურათ და იქ დეზინფექცია ჩაეტარებინათ. მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ. ოჰაიოში რორიმ ვეფხვი ჩემს გარაჟში ჩაკეტა. რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი და დავინახე, რომ სახურავი აუძვრია ჩემს ერთ-ერთ "მაზერატიზე".

ერთი წელი იყო გასული ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დონ კინგმა კი უკვე დაგეგმა საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა ფრენკ ბრუნოსთან. არადა, არც ფიზიკურად და არც მორალურად ფორმაში არ ვიყავი. ჩემი შეშფოთება იგრძნობოდა ჟურნალ "რინგში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში:

- ვგრძნობ, რომ დღეს უფრო მეტს ვნერვიულობ, ვიდრე კარიერის დასაწყისში ან მაშინ, როცა ჩემპიონი ვიყავი. შესაძლოა, ეს უმნიშვნელო არადამაჯერებლობაა. ყოველ ვარჯიშზეც კი მინდა ბოლომდე დავიხარჯო. არც კი ვიცი, კარგია ეს თუ არა. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ ამ ეჭვებს ვერაფრით ვიშორებ. წლების განმავლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ძალიან მაღიზიანებს საკუთარ თავში არადამაჯერებლობა.

როცა ჟურნალისტმა დაგლასთან მარცხის შესახებ მკითხა, ვიგრძენი, რომ წყობიდან გამოვდიოდი:

- ხალხი ამბობს: "შეხედე, რამდენი ფული აქვს!" ხშირად მესმოდა არაადეკვატური შეფასებები ჩემი მისამართით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ვიღაცას ჩემი ცხოვრების შეშურდებოდა. მას რომ ის ყველაფერი გამოევლო, რაც მე გადავიტანე, ალბათ, თავს მოიკლავდა. ბევრჯერ კინაღამ მოკვდი. იმდენი რამ გადავიტანე, რომ ჭაღარა მემატებოდა და თმები მცვიოდა.

შეიძლებოდა ჭკუიდან გადავსულიყავი, მაგრამ, ამის ნაცვლად, თავი ხელში ავიყვანე და მთელი დღე საკუთარ კამერაში ადგილზე დავრბოდი. შხაპში შევდიოდი, იქ კი თავში ისევ ეს აზრები ამომიტივტივდებოდა. ახლა, ყოველთვის უარესს ველოდები. თუ კარგი ამბები ხდება - მიხარია. მაგრამ, ამასთან, ყოველთვის უარესის მოლოდინში ვარ.

მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რომ გამაგორებდნენ. უბრალოდ, თავდაჯერებულობის დაბრუნება მჭირდება. ბრუნოსთან ბრძოლის შემდეგ, როცა ისევ მექნება საჩემპიონო ქამარი, ვერავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას. დღეს ჩემი თავდაჯერებულობა ცაზე და ვარსკვლავებზე ზემოთ არის.

მაგრამ, ყოველ კეთილგანწყობილ ჟურნალისტზე, რომელთანაც ჩემი ცხოვრების განხილვა შემეძლო, ერთი ისეთიც მოდიოდა, ვისაც ჩემთვის უსიამოვნების მოტანა სურდა. ერთხელ, მონაწილეობას ვიღებდი ეროვნულ მედია-კონფერენციაში, აუდიტორია ჩემს მომავალ ბრძოლაზე დავპატიჟე და ამ დროს, ერთმა ბიჭმა მკითხა: "მაიკ, მართალია თუ არა ჭორები იმის შესახებ, რომ თვალები დაზიანებული გაქვთ? თუ ეს ასეა, ნაწილობრივ სექსის დროს გამოყოფილი აირის ბრალი ხომ არ არის?" ხანდახან უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ შემეკავებინა თავი და გავჩუმებულიყავი. ერთ-ერთ პრესკონფერეციაზე, რომელიც კრივის პროპაგანდას ეძღვნებოდა, გაირკვა, რომ თურმე მე 50 ათასი დოლარი გადავეცი მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ცენტრს ლას ვეგასში. და ამას ასეთი კომენტარი გავუკეთე:

- ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი ბიჭი გავხდი. ახლა, ყველაფერი ზედმეტ ტვირთად მეჩვენება. უბრალოდ, არ მივეკუთვნები სრულიად უზრუნველყოფილი და ბედნიერი ბიჭების რიცხვს. ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებშია, მაგრამ ყოველ ჯერზე, ბოლომდე ვერ მივდივარ იდეალამდე. ჩემში ყოველთვის მოიძებნება რაღაც ნაკლი.

როცა რეპორტიორმა ჩემს ქალიშვილზე მკითხა, მონიკას მისამართით მეტად საეჭვო კომპლიმენტი ვისროლე:

- დედამისი ძალიან ლამაზია, მაგრამ რეინი ისეთი ლამაზი და ბრწყინვალეა, რომ მის ფონზე დედამისი უშნოდ მოსჩანს.

მაინც რაზე ვფიქრობდი?

ბრუნოსთან ბრძოლამდე სრულიად გიჟური საწვრთნელი ბანაკი მქონდა. "ნიანგი" დაკავებული იყო ჩემთვის სპარინგების ორგანიზებით. ის დაემუქრა მათ - თუ ტაისონის მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენდნენ, ჩემგან თავში მიიღებდნენ. პირველი სპარინგის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და გამომიცხადა:

- მაიკ, იცი, ეს ბიჭები ამბობენ, რომ რინგზე გაგანადგურებენ. და რომ ამის შემდეგ, ისინი შენს მაგივრად იჩხუბებენ ჩემპიონის ტიტულისთვის.
პირდაპირ მიზანში მომარტყა. ე. ი. ეს ბიჭები ჩემს ცემას აპირებენ? ჩემი სპარინგ-პარტნიორები ჩემთან სამკვდრო-სასიცოცხლო ჩხუბს გეგმავენ? რა ჯანდაბაა?
ერთხელ, ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, სახტუნაოთი ვვარჯიშობდი, როცა "ნიანგი" მომიახლოვდა.
- შენ ბრუნდები, ჩემპიონო. ალიც დევნილობაში იყო, შემდეგ დაბრუნდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა, - მითხრა მან.

- დიახ, ალიმ ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება, მაგრამ მე ჯო ფრეიზერთან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე მძიმე წონაში; 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი; მსოფლიოს ჩემპიონი; 1971 წელს მოჰამედ ალის დაამარცხა) არ ვჩხუბობ. მე ვჩხუბობ ფრენკ ბრუნოსთან. როცა ალი დაბრუნდა, მას ნამდვილ ცხოველებთან მოუწია ბრძოლა. მაგრამ მე მაინც ვაპირებ ჩემი საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას, - ვთქვი მე. - მე ვაპირებ გავანადგურო ეს ბიჭი.

ეს დამაჯერებლობა რინგზე თან წავიღე. "ნიანგი" ჩემს გვერდით იყო, რომელსაც შავი ჟილეტის ზურგზე თეთრად ეწერა: "უყვარს ცოტას, ეზიზღება ბევრს, პატივს სცემს ყველა". რინგზე ავედი და პირველად ჩემი კარიერის განმავლობაში, სტვენა ამიტეხეს, რადგან ლას ვეგასში ბრუნოს ათასობით გაშმაგებული ბრიტნელი ფანი ჩამოფრინდა. მაგრამ მე არ მესმოდა მათი ყვირილი.

- ტაისონი - მოძალადე, ლა-ლა-ლა, ლა-ლა-ლა, - სკანდირებდნენ ისინი. მაგრამ არაფერი მესმოდა.

ბრუნო რინგზე ამოვიდა და მისგან შიშის სურნელი ვიგრძენი. მისმა პრომოუტერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ როგორც კი რინგზე გასასვლელად გასახდელის კარი გაიღო, "ბრუნოს თითქოს ვიღაცამ უჩხვლიტა და ის მთლიანად ჩაიჩუტა". ცხრაჯერ გადაიწერა პირჯვარი, სანამ ბრიტანეთის ჰიმნს ასრულებდნენ. მისმა შიშმა ნამდვილი დამაჯერებლობა მომიტანა. ჩვენი პირველი ჩხუბის დროს, კარგი ბრძოლა მომცა. შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლაში მან დაამარცხა ჩემი სპარინგ-პარტნიორი ოლივერ მაკოლი, ასევე ნოკაუტში გაუშვა ლენოქს ლუისი.

მივხვდი, რომ ბრუნოს ჩხუბი არ უნდოდა, ასე რომ, რამდენიმე ნამდვილად ძლიერი დარტყმის შესრულება მრჩებოდა და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. პირველი რაუნდის ბოლოს, შევაზანზარე მარჯვენა დარტყმით, რომელმაც მარცხენა თვალის ქვეშ ძლიერი სისხლდენა გამოიწვია.

მეორე რაუნდში იმდენად ხშირად შემოდიოდა კლინჩში, რომ მილს ლეინმა ქულა ჩამოართვა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მესამე რაუნდის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ, ბრუნო წამით მარცხენა დგომში დაფიქსირდა და მე მარცხნიდან ორმაგი ჰუკი მოვახვედრე.

სცადა ჩემზე ჩამოკიდება, მაგრამ მარჯვენათი ორი შესანიშნავი აპერკოტი შევასრულე. მეორემ კინაღამ წააქცია. ის ბაგირებს მიენარცხა და იქ მოვუღე ბოლო. 12 სუფთა დარტყმა შევასრულე. მილს ლეინმა ბრძოლა შეაჩერა და მე გავხდი მძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით მსოფლიოს ახალი ჩემპიონი.

დარბაზისკენ შევბრუნდი და ხელები მაღლა ავწიე. ვტკბებობი მაყურებლის მისალმებით. შემდეგ საკუთარი ღირსების გრძნობის დემონსტრაცია მოვახდინე: მუხლებზე დავეცი, შუბლი რინგს დავადე და მოკლე ლოცვით პატივი მივაგე ალაჰს. გულის სიღრმეში ვიცოდი - ბრუნოს ჩემთან ისეთივე განწყობით რომ ეჩხუბა, როგორც ეს პირველ ბრძოლაში გააკეთა, ვერაფრით მოვიგებდი. ამიტომაც ავდექი და მის კუთხეში მივედი, სადაც ცოლი აწყნარებდა, თავზე მოვეფერე და შუბლზე ვაკოცე.

იმავე ღამეს, საკუთარ სასტუმრო ნომერში წვეულება მოვაწყვე. მოვიდა ჩემი მეგობარი ზიპი და მისი მეგობრები ლოს ანჯელესიდან. ზიპს შამპანური უყვარდა, ამიტომაც 100 ბოთლი "დომ პერინიონი" შევუკვეთე და მთელი ღამე ვსვამდით.

ბრუნოსთან ბრძოლიდან ექვსი დღის შემდეგ, უნდა დამევიწყებინა ჩემი მოკრძალებულობა. საჩემპიონო ქამრისთვის (ლაპარაკია მსოფლიოს საკრივო ასოციაციის ქამარზე) ბრიუს სელდონთან შეხვედრა მიწევდა.

- ვფიქრობ, გაცილებით მეტი დავიმსახურე, ვიდრე 30 მილიონი დოლარი. და არ მგონია, რომ ყველაფერი მივიღე, რისი უფლებაც მქონდა, - განვუცხადე პრესას. - მე მყავს შვილები და მათზე უნდა ვიზრუნო. არავის იღელვებს იმის გამო, თუ ჩემი შვილები იშიმშილებენ. არავინ მოვა ჩემთან დარახმარებლად და არ მეტყვის: "შენ დიადი ჩემპიონი ხარ, ჩვენ ყველანი ვალში ვართ შენს წინაშე".

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული