დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ფსიქოლოგმაც კი, რომელიც გამოსაცდელი ვადის დროს ჩემზე დაკვირვებას ახდენდა, ამ საქმეში მონაწილეობა სცადა. ინდიანას სასამართლომ დამინიშნა ფსიქოლოგი, დოქტორი კეიტ სმედი კლივლენდიდან. ის აკვირდებოდა ჩემს გამოსაცდელ ვადას. ამ ბიჭს უნდა სცოდნოდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი.

მონიკასთან სექსიც კი არ მექნებოდა მისგან შესაბამისი ნებართვის გარეშე. სმედი ერთდროულად სულელიც იყო და ფულს დახარბებული. მას ისეთივე ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდა, როგორიც... კრივის სავარჯიშო მსხალს. როგორც ჩანს, სადოქტორო ხარისხი საკუთარი ბიძისგან მიიღო.

ჩემზე ზედამხედველობითი სამუშაოს შესრულებისას, ცდილობდა დაერწმუნებინა ყველა ჩემი მეგობარი, რომ მასთან თანამშ
რომლობაზე შეთანხმებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ შემეძლო ამ ბიჭთან ურთიერთობა. თუ უსიამოვნებები მექნებოდა, ის არ განაცხადებდა ჩემს დარღვევებზე, არამედ ამ ინფორმაციას შესაძლო შანტაჟისთვის შეინახავდა და დროთა განმავლობაში გამოავლენდა თავის ბინძურ ხასიათს. ამიტომაც, უბრალოდ, მასთან თამაში გადავწყვიტე.

თავიდან ძალიან მკაცრი იყო და აცხადებდა, ჩემს მეგობრებთან გართობის უფლება არ მქონდა. შემდეგ კი გამოძალვაზე გადავიდა. მან შეიტყო ჩიკაგოს საქმის შესახებ და გადაწყვიტა, რომ კარგი შანსი გაუჩნდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა სიტუაცია დამშვიდდა და პოლიციამ უარი თქვა ჩემ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე, სმედიმ ოფისში გამომიგზავნა ანგარიში თავისი სამსახურის სანაცვლოდ:

"7 აპრილს, ჩიკაგოში მუსულმანების რიტუალური მსახურების დროს, მისტერ ტაისონი ესტუმრა ღამის კლუბს. მის მიერ პირობითი გათავისუფლების წესების სავარაუდო დარღვევა გაანალიზებული და დამუშავებულია დოქტორ სმედის მიერ.

აღნიშნულ იქნა გათავისუფლების შემდეგ, მისტერ ტაისონის გამოჯანმრთელების პროცესში სერიოზული პრობლემები! მისტერ ტაისონთან მიმართებაში არსებობს მოქმედების ხუთი შესაძლო ვარიანტი. დოქტორ სმედიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - გამოსულიყო შემდეგი რეკომენდაციებით:

1. დოქტორ სმედი არ ირჩევს მისტერ ტაისონის ინდიანას შტატში დაბრუნების ვარიანტს, როგორც ამას თავდაპირველად ითხოვდნენ ამ ახალგაზრდა ქალის პრეტენზიების განხილვისას. ქალმა ტაისონი დაადანაშაულა იმაში, რომ მას ღამის კლუბში სახეზე უკბინა.

2. დოქტორ სმედი არ ირჩევს მისტერ ტაისონის ჩიკაგოში დაბრუნების ვარიანტს, სადაც მას ელოდება სერიოზული დაკითხვა ქალაქის ხელისუფლებისგან.

3. დოქტორ სმედი არ ირჩევს ვარიანტს - დაუყოვნებლივ დააპატიმრონ მისტერ ტაისონი იმ ეპიზოდის გამოძიების პერიოდში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩიკაგოში ამა წლის 7 აპრილს.

4. დოქტორ სმედი არ ირჩევს ვარიანტს დაუმატოს სასჯელის ვადა მისტერ ტაისონს უკვე არსებულ პირობით ვადაზე ადრე.

5. დოქტორ სმედი ირჩევს მსხვილი "ფულადი ანაზღაურების" ვარიანტს, მაიკ ტაისონის აზროვნებისა და თვითშეგნების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.

ნათქვამიდან გამომდინარე, დოქტორ სმედი აწესებს ჯარიმას შვიდი მილიონი დოლარის ოდენობით (ტაისონის პოტენციური ანაზღაურების გათვალისწინებით) - აღნიშნული მეტად სერიოზული საქციელისთვის. ის განიხილება მოქმედების რეციდივის პოტენციურ რისკად და ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობების დარღვევად. ეს ფულადი ანაზღაურება მიმართულია მისტერ ტაისონზე ზემოქმედების მოსახდენად. ის დიდხანს უნდა დარჩეს მის გონებაში.

და ამით უნდა გაიაზროს საკუთარი მოქმედებები და რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს ამგვარი "გონებრივი გამონათება", განსაკუთრებით, ღამის კლუბებში და სხვა ადგილებში, სადაც მრავლად არიან ახალგაზრდა ქალები. ეს უნდა ხდებოდეს მრავალწლიან პერსპექტივაში და განსაკუთრებით, პირობითი გათავისუფლების ვადის ამოწურვის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ასეთი ჯარიმა უნდა დაეკისროს პირობითი სასჯელის ვადის მსვლელობისას. შემდგომი საქციელი, რომლითაც დაირღვევა პირობითი სასჯელის პირობები, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთის ახალ ვადას. მითითებული თანხა - შვიდი მილიონი დოლარი მცირდება ორ მილიონამდე მისტერ ტაისონის პოზიტიური მონდომების გამო.

გამონაკლისია 7 აპრილის ინციდენტი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს ანაზღაურება მიმართულია პირობითი გათავისუფლების ვადის შენარჩუნებისკენ, გამორიცხავს შესაძლო მკვეთრ და ნეგატიურ შეტყობინებებს ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ტაისონი იძულებული იქნება, ინდიანას შტატის ან ჩიკაგოს ხელისუფლების წინაშე წარდგეს. იმ შეზღუდვების უმრავლესობა, რომელიც შემოიღეს ჩიკაგოს ინციდენტის შემდეგ, ამ მომენტისთვის მოხსნილია.

ხარჯების სრული ნუსხა:
ხარჯი 1996 წლის აპრილიდან აგვისტომდე: 182 862 დოლარი

7 აპრილის მდგომარეობით: თავდებით გათავისუფლებულის მიერ საქციელის გაუარესების გამო ანაზღაურება: 2 000 000 დოლარი.

შედეგად: დოქტორ სმედის ეკუთვნის 2 182 862 დოლარი.
თანხა გადახდილ უნდა იქნას 1996 წლის 15 სექტემბრამდე.
პატივისცემით: დოქტორი კ. სმედი".

ჯანდაბა! კარგი საქციელისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ფასდაკლება მივიღე! ამ იდიოტისთვის არაფერი გადაგვიხდია და როგორც კი გამოსაცდელი ვადა ამოიწურა, გავათავისუფლეთ.

ახლა, როცა საჩემპიონო ქამარი დავიბრუნე, ჩემმა განდიდების მანიამ ჩემი მოკრძალებულობა შეავიწროვა. კონეკტიკუტში საკუთარ სახლში, ჩემი 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის ორგანიზებისას, მთელი ქონება დავხარჯე ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩემი მეგობრების ავიაბილეთების შეძენასა და მათი მეზობელ სასტუმროში განთავსებაზე.

13 სხვადასხვა მზარეული მოვიწვიეთ და თითოეულს საკუთარი სამზარეულო ჰქონდა. ყველანი აქ იყვნენ: ოპრადან (ოპრა უინფრი - ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი, პროდიუსერი, საზოგადო მოღვაწე, თოქ-შოუ "ოპრა უინფრის შოუს" წამყვანი) დონალდ ტრამპამდე (ამერიკელი ბიზნესმენი, ცნობილი პიროვნება ტელევიზიასა და რადიოში, მწერალი), ჯეი ზით (პოპულარული ამერიკელი რეპერი) დაწყებული და ქუჩის სუტენიორებითა და მათი მეძავებით დამთავრებული.

იყო ხელით შეხვეული სიგარები. იყო ფრენს ბევერლის (ამერიკელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი) და ჯგუფ "ლაბირინთის" გამოსვლა. სახლამდე გზა წითელი ხალიჩით იყო მორთული.

როგორც კი ამ გზას გაივლიდით, კართან გხვდებოდათ 40 პირადი მცველი "ისლამის ნაყოფის" (შავკანიანთა რელიგიურ-ნაციონალისტური ორგანიზაციის - "ისლამის ნაციის" სამხედრო ფრთა, რომლის წევრები ატარებენ სახასიათო ცისფერ ან თეთრ კოსტიუმებს) კოსტიუმში გამოწყობილი.

იმდენად მანიაკალურ-ეგოისტი ვიყავი, რომ საკუთარ სახლში 19 ოთახი დავჯავშნე გოგონებისთვის, რომლებთანაც სექსს ვაპირებდი. "ნიანგს" ვუთხარი: "ხედავ ამ გოგონებს? ისინი ჩემები არიან". ჰოუპი ჩემზე გაბრაზებული იყო.

ადრე ის ყოველთვის ჩემს სახლში რჩებოდა, მაგრამ ამჯერად, სასტუმროში გავუშვი, რომ მისი ოთახი გამეთავისუფლებინა ერთ-ერთი ჩემი თაყვანისმცემლისთვის. ნაწყენი დარჩა. ჰოუპი ძალიან მომხიბვლელი გოგონა იყო, თავისი ფიგურით აჯობებდა ყველას, ვისთანაც მე ვიწექი. მან მითხრა:

- მაიკ, ის გოგონა, რომელიც აქ მოიწვიე, უსიმპატიო და ჭუჭყიანია. ის ჩემს საწოლს დასვრის. თუ მართლაც აქ დაიძინებს, მაშინ მატრასის დაცვა მოგიწევს.

მონიკას მოწვევით თავი არც კი შემიწუხებია. იმ დროს მას ძალიან იშვიათად ვხვდებოდი. ის ცდილობდა ჩვენი ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ მე ნაძირალა და ცხოველი ვიყავი. ეჭვგარეშეა, არ ვიყავი შექმნილი ოჯახისთვის.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული