სელდონის, როგორც მოკრივის შესახებ, მაღალი აზრი არ მქონდა და მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ბრძოლის წინ თითქმის არ მივარჯიშია. ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე "ნიანგი" ჩემთან ერთად წამოვიდა და იმდენად შევაწუხეთ სელდონი, რომ მან აწონვის ცერემონიისას, ვესტიბიულში სკამზე აზიდვების კეთება დაიწყო. გაოგნებული ჩანდა.
მისი მენეჯერი ტრაბახობდა იმის შესახებ, თუ როგორი შესანიშნავი სპორტსმენი იყო სელდონი. მას შეეძლო მეოთხედი მილის გარბენა
- რის გაკეთებას აპირებს რინგზე? - ვიკითხე მე. - იქიდან ჭოკით უნდა გადახტეს?
მსოფლიოს საკრივო ასოციაციის საჩემპიონო ქამარი ორ წუთში დავიბრუნე. სელდონს თავის ზედა ნაწილში მარჯვნიდან დავარტყი. არადა, არ იყო ძალიან მძიმე დარტყმა. მას იდაყვითაც შევეხე და სელდონი დაეცა.
როგორც კი წამოდგა, მარცხენა ჰუკი გავისროლე, რომელმაც ის მუცელზე დააწვინა. ისევ წამოდგა, მაგრამ ფეხზე ძლივს იდგა და რიჩარდ სტილმა ბრძოლა გააჩერა. ვფიქრობ, არც ერთ ამ დარტყმას არ უნდა გამოეწვია ნოკაუტი, მაგრამ მოგვიანებით, სელდონის მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი შეგირდი ისე იყო შეშინებული, რომ რინგზე ნერვული შოკი დაემართა.
- კასმა ასე მასწავლა: ორი ნოკდაუნი და მზად არის, - ვუთხარი ფრედი პაჩეკოს, რომელიც ბრძოლის შემდეგ ჩემგან ინტერვიუს იღებდა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჯამში, რვა რაუნდი ჩავატარე და 80 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე. ადამიანები მხოლოდ ამას აქცევენ ყურადღებას. არავის და არასდროს არ გამოუხატავს პატივისცემა იმის მიმართ, რომ ციხეში სამი წელი ყოფნის შემდეგ გარეთ გამოვედი და ორი საჩემპიონო ტიტული მოვიგე. ძალიან მწყინდა ასეთი დამოკიდებულება.
სელდონთან ბრძოლის შემდეგ ჩემთან გასახდელში თუფაქი მოვიდა. ბედნიერი ვიყავი მისი ხილვით. თუფაქი განასახიერებდა შავი ადამიანების წარმომავლობას, აგრეთვე ყველაფერს, რის დამალვასაც ოდითგანვე ვცდილობდით. მასში იგრძნობოდა მწუხარება, უიმედობა და უილაჯობა, რომლის დამალვასაც თითოეული ჩვენგანი ლამობდა. სხვებს არ უნდა დაენახათ ეს და არ უნდა სცოდნოდათ, რომ უიმედობა ყველა ჩვენგანშია გამჯდარი.
შავი ადამიანი მუდმივად ებრძვის ამ გრძნობას. არ აქვს მნიშვნელობა - რამდენად მდიდარი ხარ ან გაქვს თუ არა ძალაუფლება - ის მაინც გდევნის. და თუფაქი ლაპარაკობდა შავებზე - მათზე, ვინც დაიღალა დამცირებისგან და ვინც ყველაფერი დაკარგა. თუფაქმა წარმოგვიდგინა ჩვენი მონური მემკვიდრეობა და შავების უმრავლესობამ დააფასა ის ამგვარი სიმამაცისთვის. მან თვალი აგვიხილა და აგვიხსნა - რატომ უნდა ვიყოთ განრისხებულები.
გვიან საღამოსთვის შუგა ნაითის (მერიონ ჰიუ ნაით-უმცროსი - ხმის ჩამწერი კომპანია Black Kapital Records-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი) "კლუბ 662"-ში დავგეგმე თუფაქთან შეხვედრა. მანამდე შინ წასვლა და ჩემს ქალიშვილთან რეინისთან გართობა მინდოდა. შინ ცოტა დავლიე და დავიძინე. ვიღაცამ გამაღვიძა:
- მაიკ, თუფაქი მოკლეს.
ვერ ვიჯერებდი. ის მანქანით მგზავრობდა, საჭესთან შუგი იჯდა. გზაჯვარედინზე გაჩერდნენ და მეზობელი მანქანიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. საქმე ისაა, რომ ჩემი ბრძოლის შემდეგ თუფაქს კაზინოში ჩხუბი მოუვიდა ერთ ბანდიტთან და მას სახეში ხელი გაარტყა. რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შემდეგ თუფაქი ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
როცა ბრძოლის შემდეგ რინგიდან გავდივარ, ზღვარზე ვიმყოფები - გარშემო ყველაფერს ვამჩნევ, ყველანაირ სუნს შევიგრძნობ, მესმის ნებისმიერი ხმა დარბაზში. ცხადია, რომ თუფაქიც ზუსტად იგივეს გრძნობდა თავისი ჩხუბის შემდეგ - ცუდის მოლოდინში ყველაფრისთვის იყო მზად. ასე რომ, ის შეუკვეთეს - ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და არა შემთხვევითი ორმხრივი სროლა.
ქუჩის ბიჭი ვიყავი და მთელი ეს ისტორია უცნაურად მომეჩვენა. როგორც წესი, ასეთ ბიჭებს თავიანთ გუნდში ორმოცამდე პირადი მცველი ჰყავთ. შუგას მანქანის გარშემო არ იყო მისი გარემოცვის არც ერთი ავტომობილი, რომ მოძრაობის ბლოკირება მოეხდინა? თუ თუფაქი მათი მთავარი სტუმარი იყო და მას ჩხუბი მოუვიდა, ხომ უნდა ეზრუნათ მის დაცვაზე. სად იყო დაცვა? საშინელი საღამო გამოვიდა.
თუფაქი მხოლოდ 25 წლის იყო, მაგრამ მიზანმიმართულობა და ნებისყოფა გააჩნდა. საიდან შეიძინა ეს თვისებები? კეთილშობილი, დიდსულოვანი და მზრუნველი იყო და ამასთან, ნამდვილი მებრძოლი. შესანიშნავი ადამიანი გახლდათ, ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას ვიღებდი მასთან ურთიერთობით.
ახლა ორი საჩემპიონო ქამარი და ტონობით ფული მქონდა. ბედნიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ უკვე სულ სხვა ადამიანი ვიყავი. მუდმივად დეპრესიაში ვიმყოფებოდი, თავს უბედურად ვგრძნობდი. და თვითმკურნალობა დავიწყე. ციხეში ყოფნისას, ძალიან მინდოდა მარიხუანას მოწევა, მაგრამ ვერ ვბედავდი, რადგან იქ ხანდახან ნარკოტესტებს ატარებდნენ. მაგრამ ახლა ჩემს განკარგულებაში იყო ფსევდო დოქტორი სმედი და ვიცოდი, რომ ის იზრუნებდა ჩემი შარდის სისუფთავეზე.
ისევ დავიწყე კოკაინის მოხმარება. სელდონთან ბრძოლის შემდეგ ერთ მეგობარს ვსტუმრობდი, რომელსაც ყოველთვის მოეპოვებოდა "კოქსი". და მოულოდნელად პორცია ვთხოვე. უცებ მომინდა. სწორედ ასე იქცევიან ნარკომანები. 15 წელი არ ვეკარებოდი ამ ნარკოტიკს და ახლა უცებ მივუბრუნდი მას.
ვიცი, რომ ნამდვილი მუსულმანები არ ეწევიან მარიხუანას, არ ყნოსავენ კოკაინს, არ სვამენ შამპანურს, მაგრამ მე ბევრი სიბინძურე გადავიტანე. დარწმუნებული ვარ: ალაჰმა იცოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამაოგნებლად ბევრი სიბინძურე იყო და თან მე არასაკმარისად ძლიერი ვიყავი მის გასამკლავებლად.
რაღაც სისულელესთან დაკავშირებით, დაიწყო სასამართლო პროცესი ლენოქს ლუისთან. სელდონთან ბრძოლის შემდეგ იძულებული გავხდი უარი მეთქვა მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) საჩემპიონო ქამარზე. ლუისი აუცილებელი პრეტენდენტი იყო, მე კი ტიტულების გაერთიანება მინდოდა და მასთან ბრძოლაზე უარი ვთქვი. ასე რომ, შემრჩა მხოლოდ მსოფლიოს საკრივო ასოციაციის საჩემპიონო ქამარი, ჩემი შემდეგი მეტოქე კი ევანდერ ჰოლიფილდი იყო.
მე რომ 1991 წელს მეჩხუბა ჰოლიფილდთან, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი, მას ნოკაუტში გავუშვებდი. მან ეს იცის. მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება ის იყო, რომ ციხეში გამისტუმრეს. სწორედ მაშინ დავკარგე მომენტის სწორად შერჩევის უნარი.
ამ მომენტისთვის, ჯერ ისევ არ ვიყავი საკმარისად გამძლე და ამტანი იმისთვის, რომ რინგზე ძველებურად რვა რაუნდისთვის გამეძლო. ვეუბნებოდი ყველას, რომ მზად არ ვიყავი უმაღლესი დონის ბრძოლებისთვის, მაგრამ დონ კინგი მიბიძგებდა ამისკენ, მე კი ფული მინდოდა. ხარბი ვიყავი, ამიტომაც დავთანხმდი ამ ბრძოლას.
წინა შეხვედრებში ჰოლიფილდი სულაც არ გამოიყურებოდა შთამბეჭდავად. მან ორი ბრძოლა წააგო, თუმცა აქტიური იყო. ვუყურე მის ჩხუბს ნახევრადმძიმეწონოსან ბობი ჩეზთან (ამერიკელი პროფესიონალი-მოკრივე. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნახევრად მძიმე და პირველ მძიმე წონით კატეგორიებში).
იქამდე, სანამ მეათე რაუნდში წააგებდა, ჩეზმა მას შავი დღე აყარა. ასე რომ, ჰოლიფილდთან პირველი ბრძოლისთვის ძალიან სერიოზულად არ ვემზადებოდი. მართალია, მისი ბრძოლები ნანახი მქონდა, მაგრამ თავი არ შემიწუხებია გარკვეული სტრატეგიის შესამუშავებლად. ჩვეულებრივ, გავდიოდი რინგზე და ვურტყამდი მეტოქეებს. ამ ბრძოლაზე ბუკმეკერების ფსონები ჩემ სასარგებლოდ იყო.
მოგვიანებით გავიგე, რომ "ნიანგი" ინფორმაციას იღებდა ზოგიერთი მოხერხებული ბიჭისგან, რომლებიც ახლოს იყვნენ კრივის სამყაროსთან და საკუთარ თამაშს თამაშობდნენ. ჰოლიფილდი სადღაც მთებში 17 კვირის განმავლობაში გიჟივით ემზადებოდა, მაგრამ "ნიანგი" შეცდომაში შეჰყავდათ - ეუბნებოდნენ, რომ ევანდერი ფორმაში არ იყო.
- მაიკ, შენ ბოლოს მოუღებ ამ ბიჭს, - მეუბნებოდა ის.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"