მე პრეტენდენტი ვიყავი, ამიტომაც, რინგზე პირველი უნდა გავსულიყავი. ეს თუფაქის სიმღერის ფონზე გავაკეთე. ყველას ეგონა, რომ ბანდიტური რეპის გამოყენება ჩემი იმიჯის გასამყარებლად მჭირდებოდა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. უბრალოდ, რინგზე გასვლისას, მინდოდა კარგი მუსიკისთვის მომესმინა.
ბრძოლა დაიწყო და თავს საკმაოდ დამაჯერებლად ვგრძნობდი. კარგ ფორმაში ვიყავი, სწრაფად ვმოძრაობდი. თითქმის მოუხელთებელი ვიყავი და ჰოლიფილდის გარშემო ვტრიალებდი. გარკვეული დროის განმავლობაში, ის ვერ
მეორე რაუნდი კიდევ უფრო უარესი იყო. დავიწყე თუ არა შეტევა, ჰოლიფილდმა ისევ "ჩაყვინთა" და თვალს ქვემოთ სერიოზული ჭრილობა მივიღე. და აი, აქ კი მილს ლეინს მივმართე:
- მან თავი მატაკა!
მაგრამ ლეინს არანაირი რეაგირება არ ჰქონია, მან მანიშნა, რომ ჰოლიფილდს ეს განზრახ არ გაუკეთებია. ამის შემდეგ, ჰოლიფილდი პირდაპირ ჩემს ჭრილობას უმიზნებდა. ის, უბრალოდ, თავით მეჯახებოდა. ის ჩემზე მაღალი იყო, ასე რომ, რას შვებოდა მისი თავი ჩემი თავის ქვემოთ? გაოგნებული ვიყავი.
როცა მესამე რაუნდი დაიწყო, ჩემმა განრისხებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ისე ვჩქარობდი რინგზე დაბრუნებას, რომ ჩემი კუთხე კბილების დამცავის გარეშე დავტოვე, მაგრამ რიჩიმ დამიძახა და დამცავი დამიბრუნა. რაუნდის დასაწყისში ჰოლიფილდს რამდენიმე მძიმე დარტყმა მივაყენე. მაყურებელი აღფრთოვანებაში მოვიდა. მათ იგრძნეს, რომ ბრძოლა სულ სხვანაირად წავიდა. როცა ჰოლიფილდმა ისევ დამარტყა თავი, მოთმინება დავკარგე.
წამით თვალთ დამიბნელდა და გავცოფდი. უბრალოდ, მისი მოკვლა მომინდა. ვინც ბრძოლას უყურებდა, დაადასტურებს, რომ მან სრულიად ღიად დამარტყა თავი. გაშმაგებული ვიყავი. საკუთარ თავზე ყველანაირი კონტროლი დავკარგე და ყურზე ვუკბინე.
ყველას ეგონა, რომ პირიდან კბილების დამცავი გადმოვაგდე, მისთვის რომ მეკბინა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ამ მომენტიდან დაწყებული, ნაკლებად მახსოვს მომხდარი, რადგან ჭკუიდან ვიყავი გადასული. ჩანაწერის მიხედვით, როგორც ჩანს, მისი ყურის ნაგლეჯი გადმოვაფურთხე, რადგან მისი მიმართულებით მივუთითე: "აი, აიღე!" ბრძოლის შემდეგ, ეს ნაჭერი აიღეს და უკან მიკერება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
ჰოლიფილდი ტკივილისგან შეხტა და როცა თავისი კუთხისკენ წასასვლელად შებრუნდა, უკნიდან ხელი ვკარი. მინდოდა კვერცხებში ამომერტყა, მაგრამ უბრალოდ ვუბიძგე მას. ეს ქუჩის ჩხუბს დაემსგავსა. ექიმმა შეამოწმა ევანდერი და ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცა. მილს ლეინმა ორი ქულა ჩამომაკლო, მაგრამ, როგორც ვხვდებოდი, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. იმ დღეს, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. ბრძოლა გაგრძელდა და მან ისევ მირქინა. რეფერის, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. როცა კლინჩში შევედით, ისევ ვუკბინე, ამჯერად, მეორე ყურზე, თუმცა ბრძოლა რაუნდის ბოლომდე გავაგრძელეთ.
დაიწყო ნამდვილი წარმოდგენა. ჰოლიფილდის გუნდმა მილს ლეინთან დაიჩივლა იმაზე, რომ ისევ ვუკბინე. და ლეინმა ბრძოლა შეაჩერა. ძალიან განრისხებული ვიყავი იმისთვის, რომ რინგზე გამომცხადებლის განცხადება მომესმინა: "რეფერი მილს ლეინმა დისკვალიფიკაცია გამოუცხადა მაიკ ტაისონს ევანდერ ჰოლიფილდისთვის ორივე ყურზე კბენის გამო!" ჰოლიფილდი თავის კუთხეში რჩებოდა. მას აღარ უნდოდა ამ სიბინძურეში მონაწილეობა, მაგრამ ისევ ვცდილობდი მას მივწვდენოდი. მის კუთხეში ყველასა და ყველაფრის განადგურება მინდოდა. გადაეფარნენ მას, მე კი უკან გამაგდეს. ის კი კვლავ თავის კუთხეში რჩებოდა და შეშინებულიც ჩანდა. ისევ მისკენ მივიწევდი, ვცდილობდი ჩემს წინ მდგარი ადამიანების ჩამოშორებას და ვჩხუბობდი პოლიციელებთან. ღმერთო! მათ ელექტროშოკით უნდა დავეწყნარებინე. მე ამის მომხრე ვიყავი.
რაღაცნაირად მაინც გამიყვანეს რინგიდან. გასახდელში მიმავალს, ვიღაცამ წყლის ბოთლი მესროლა, ვიღაცამ შემაგინა, ვიღაცამ შუა თითი მიჩვენა. ბარიერს გადავევლე და ვცადე მათთან მისვლა, მაგრამ ჩემმა სეკუნდანტმა გამათრია უკან. სხვა მაყურებლებმაც დანვიშინეს ბოთლები. ენტონი პიტსს 2500 დოლარის ღირებული კოსტუმი გაუფუჭეს.
მილს ლეინს პირდაპირ რინგზე ჩამოართვეს ინტერვიუ. და ის ამტკიცებდა, რომ ჰოლიფილდის ყველა დარტყმა თავით წინაწარ განზრახული არ ყოფილა. აიღეს ინტერვიუ ჰოლიფილდისგან, რომელმაც ცაში აიყვანა მილს ლეინი:
- ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთი რეფერი გვყავს, როგორიც მილს ლეინია. ის აკონტროლებს სიტუაციას და განასხვავებს განზრახ მოქმედებას არაგანზრახთან.
გასახდელშიც ვერ ვწყნარდებოდი. ხელთათმანს არ ვიხდიდი და კედლებს ხელს ვურტყამდი. ჯონ ჰორნი ტელეარხ Showtime-ის წამყვანთან ჯიმ გრეისთან სალაპარაკოდ გავიდა.
- შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მაიკმა თვალის ქვეშ სამი დუიმის სიგრძის (დაახლოებით 7.6 სანტიმეტრი) ჭრილობა მიიღო, ევანდერმა - მსუბუქი კბენა, რაც არაფერს ნიშნავს. ის რინგზე ქალივით დახტოდა. თავით დარტყმებისგან მიღებული დაზიანება დიდი ხანი არ გავა. თავად განსაჯეთ: თავით ერთი დარტყმა შეიძლება შემთხვევითი იყოს, მაგრამ არა 15, - თქვა ჯონმა.
რთულად ვიხსენებ ჩემს ინტერვიუს ბრძოლის შემდეგ. ჩემი სახე, მთლიანად განადგურებული და გასიებული, მახინჯ ნიღებს ჰგავდა. ჯიმ გრეიმ გამომიჭირა, როცა უკვე გასახდელში მივდიოდი.
- პირველ რიგში, მოგვიყევით თავით დარტყმაზე, რომელმაც თვალის ქვეშ ჭრილობა გამოიწვია, - მკითხა მან.
- მან ჯერ კიდევ პირველ რაუნდში მირქინა, შემდეგ გაიმეორა თავით დარტყმა მეორეში. როგორც კი თავის ქნევა დაიწყო, ყურადღებით ვაკვირდებოდი მას. ის კლინჩში შემოდიოდა და პირდაპირ მიყურებდა. ვხედავდი, რომ მზად იყო თავით დარტყმები გაეგრძელებინა. აგრძელებდა თავდახრილი წინ წამოსვლას. ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს ვუახლოვდებოდით, ის თავით მესხმოდა. არავინ არ მისცა გაფრთხილება, არავინ ჩამოართვა ქულა. რა უნდა გამეკეთებინა? ეს ჩემი პროფესიაა. ვერ დავუშვებ, რომ ასე მირტყან თავით. ბავშვები მყავს, რომლებიც უნდა გავზარდო. ეს ბიჭი მირტყამს თავით, ცდილობს დაზიანება მომაყენოს, რომ ბრძოლა შეწყვიტონ. მეც იგივეთი უნდა მეპასუხა.
- თქვენ მაშინვე შეწყვიტეთ ბრძოლა, მიმართეთ მილს ლეინს და უთხარით ამის შესახებ, მაგრამ მას რეაგირება არ ჰქონდა. კონკრეტულად, რა უთხარით მილსს?
- ზუსტად არ მახსოვს. მე ვუთხრი მას, რომ ევანდერმა მირქინა. ზუსტად მახსოვს, რომ თავით დარტყმების გამო დავიჩივლე. იგივეზე მივუთითებდით ჯერ კიდევ პირველი ბრძოლის დროს. მინდა ვთქვა, რომ ჰოლიფილდი სულაც არ არის ისეთი მაგარი მოკრივე, როგორც მასზე ყველა ლაპარაკობს. როცა მას ოდნავ უკბინეს ყურზე, მაშინვე შეწყვიტა ბრძოლა. მე ერთი თვალი დაზიანებული მაქვს, მას - არა. მზად ვარ ვიჩხუბო, მაგრამ მას არ უნდა. მზად ვარ პირდაპირ ახლა ვიჩხუბო.
- ბრძოლა მილს ლეინმა გააჩერა და არა ჰოლიფილდმა, - შემახსენა ჯიმმა.
- მას, უბრალოდ, ჩხუბი არ უნდოდა!
- მილსმა თქვა, რომ ბრძოლას აჩერებს. თქვენ უკბინეთ ჰოლიფილდს. თვალის გამო გადაუხადეთ სამაგიერო?
- იმის მიუხედავად, რა გავაკეთე, ის ორი ბრძოლის განმავლობაში მირტყამდა თავს! - ვთქვი მე.
- მაიკ, თქვენ უნდა მიგენიშნებინათ ამის შესახებ რეფერისთვის!
- ასეც მოვიქეცი! რეფერის პირდაპირ რინგზე მივმართე!
- რატომ მოიქეცით ასე სასტიკად? ნუთუ ეს ღირსეული პასუხი იყო?
წყობიდან გამოვედი და დავიყვირე:
- შემომხედე, მეგობარო! შემხედე! ასეთი უნდა დავბრუნდე შინ! ჩემი შვილები შეშინდებიან! დამაკვირდი!
გაბრაზებული შევბრუნდი და იქაურობას გავშორდი. პირდაპირ ჩემთან, სახლში წავედით, სადაც ქალები გველოდებოდნენ. რაღაც მიზეზების გამო, მათ ვერ შეძლეს ბრძოლაზე მოსვლა და ყველაფერს ტელევიზორში უყურეს.
სახლის შესასვლელთან, განრისხებული დემონსტრანტები გველოდნენ. ისინი ყვიროდნენ: "ჩაწყობილი ბრძოლა!" და "წაეთრიე აქედან!" ვიღაცამ ჩემს ტერიტორიაზე თევზის თავებიც კი ისროლა. ისინი იქამდე ხმაურობდნენ, სანამ ერთ-ერთმა მცველმა პნევმატური პისტოლეტიდან მათი მისამართით არ ისროლა.
მოვიდა ექიმი და ნაკერები დამადო. ამის შემდეგ სასადილო ოთახში აქეთ-იქით სიარული დავიწყე და ხმამაღლა გამოვხატავდი წუხილს:
- ეს არ უნდა გამეკეთებინა!
ვინანიებდი, თუმცა ამის დიდი სურვილი არ მქონდა. საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, თავი ვერ გავაკონტროლე.
- ჩემს ფანებს შევზიზღდები, - ეს მაწუხებდა.
მონიკას კარგად ესმოდა ჩემი და დამშვიდება სცადა. მან თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი უშვებს შეცდომას. მარიხუანა მოვწიე, ცოტა დავლიე და დასაძინებლად წავედი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"