დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მეორე დღეს საშინელ ხასიათზე ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამ უმნიშვნელო ინციდენტს ასეთი სერიოზული შედეგები ექნებოდა. მთელი ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთი იყო. მე ვამბობ ან ვაკეთებ რაღაცას, ჩემი აზრით, სრულიად უწყინარს, მთელი სამყარო კი ამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

არ მეგონა, რომ ჩემს რეაქციას გამოიყენებდნენ ჩემს კარიერაზე ზეგავლენის მოსახდენად. შესაძლოა, უკეთ უნდა გამეთვალა ჩემი მოქმედების შემდგომი შედეგები, მაგრამ ამას მიჩვეული არ ვიყავი.

როგორც ამტკიცებდნენ, რინგზე ყოფნისას, თითქოს, ეჭვი შემეპარა ჩემს გამარჯვებაში და ამიტომაც მოვაწყვე ეს სპექტაკლი კბენასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ტყუილია.
საქმე ასე რომ ყოფილიყო, უკვე ჩვენს პირველივე ბრძოლაში მოვიქცეოდი ასე. თუ მე ბრძოლას ვაგებდი, ღირსეულად ვიღებდი მარცხს და არასოდეს მივმართავდი რაიმე ხრიკს.

მე გავბრაზდი, დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი. ვუკბინე ევანდერ ჰოლიფილდს ყურზე, რადგან იმ მომენტში გაცოფებული ვიყავი და აღარ მახსოვდა მარკიზ ქვინსბერის საკრივო წესები.

ხმაურიანი რეზონანსის თავიდან აცილება არ მოხერხდა. ჟურნალ "სპორტს ილუსტრეიტედის" გარეკანზე დაიბეჭდა: "გიჟი!" პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, რომ შოკში იყო მომხდარის გამო. კომედიურ ტელეპროგრამაში - "ლეტერმანი და ლენო" შესაბამისი ხუმრობები გაჩნდა.

მაგალითად, მე ნომინირებული ვიყავი "წლის ყურის" პრემიაზე. პრესა ითხოვდა ჩემ სამუდამო დისკვალიფიკაციას. მიწოდებდნენ "უხეშს", "საზიზღარს", "აღმაშფოთებელს", "ველურს", "ბინძურს", "მუხთალს", აგრეთვე, "კანიბალს". მაგრამ ეს ნაკლებად მანაღვლებდა. უკვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინციდენტს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

ნაწილობრივ, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხი რეაგირებდა ადამიანის იმიჯზე და არა საქმის რეალურ არსზე. ბრძოლის ჩანაწერიდან შეიძლებოდა მკაფიო დასკვნის გაკეთება იმაზე, რომ ჰოლიფილდი ბინძურად ჩხუბობდა, მაგრამ მას კარგი ბიჭის იმიჯი ჰქონდა.

ის იყო ერთადერთი, ვინც რინგზე ევანგელური სიმღერებით გადიოდა. როცა ის მოგვიანებით, ალაბამას შტატში სტეროიდულ სკანდალში გაეხვა, მას არ უწერდნენ სტატიებს დიდი სათაურებით (2013 წელს ამერიკულმა გაზეთმა Times Union of Albany-მ დაწერა იმის შესახებ, რომ ევანდერ ჰოლიფილდი იყო კომპანია Applied Pharmacy-ს კლიენტთა სიაში, რომლებიც სტეროიდულ პრეპარატებს იღებდნენ. ამასთან, ჰოლიფილდი ამ სიაში გადიოდა არა თავისი გვარით, არამედ მეტსახელით და სასამართლოზეც იყო გამოცხადებული მოწმის როლში).

გარდა ამისა, გამოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს საქციელს ამართლებდა. დიდი მხარდაჭერა მივიღე უცხოური პრესისგან. მაგალითად, ინგლისელმა ტონი სიუელმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით - "რკინის მაიკმა" სკანდალი მოაწყო, მაგრამ მაინც მართალია". კერძოდ, ის წერდა: "მთელი მსოფლიო აღშფოთებულია და ითხოვს - ამიერიდან, ტაისონს აუკრძალონ წყობიდან გამოსვლა და გარშემო ყველაფრის განადგურება. მაგრამ პირფერობის მკაფიო სუნი მცემს. ტაისონმა ნამდვილ გლადიატორად წარმოაჩინა თავი, რომელმაც წესები დაარღვია. ნამდვილი ველურები კი - მაყურებლები არიან, რომლებსაც სურთ, ახლა ის ლომებს მიუგდონ საჯიჯგნად".

საკმაოდ სადავო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვდეს, როცა თავში ასეთი აზრი მოუვა: "ეს დასასრულია, არ უნდა გამეკეთებინა ეს! მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა!" რამდენიმე დღის შემდეგ ბრბო ტაშს მიკრავდა იმის გამო, რომ ამ ბიჭს ვუკბინე. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მაგარი საქციელი იყო.

- დიახ, ჩემპიონო, მე ვუკბენდი იმ ნაბიჭვარს! - ყვიროდნენ ისინი.

თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი მაშინ, როცა მსაყვედურობდნენ ამის გამო და არა მაშინ, როცა მაქებდნენ.

ბრძოლიდან ცოტა ხანში, სასამართლო გარჩევები დაიწყო. ერთმა ბიჭმა სარჩელი შეიტანა თავისი ბილეთისთვის კომპენსაციის მისაღებად. დარბაზში სასმელების დამტარებელმა ქალმა განაცხადა, რომ ტრავმა მიიღო მაშინ, როცა ერთ-ერთმა მცველმა არეულობის დროს ხელი უბიძგა. ორივე სარჩელი უარყვეს.

ჰოლიფილდის მეუღლეც სასამართლოთი ემუქრებოდა "ნიანგის" იმის გამო, რომ ბრძოლის მსვლელობისას, ის მიყვიროდა: "მაიკ, კბილები უჩვენე!" ქალი არ აღიარებდა, რომ გამონათქვამში - "კბილები უჩვენე" იგულისხმებოდა არა "კბენა", არამედ "უფრო მონდომებით ბრძოლა".

დონ კინგი შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ ცხოვრების ბოლომდე ამიკრძალავდნენ გამოსვლას. ამიტომაც გარკვეულ ანტიკრიზისულ ზომებზე დამითანხმა. მან დაიქირავა სიგ როჯიკი (ზიგმუნდ "სიგ" როჯიკი - ისლანდიელ-ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Rogich Communications Group-ის პრეზიდენტი, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოებასთან კავშირებს, ანტიკრიზისულ მართვას, სარეკლამო და მარკეტინგულ მოღვაწეობას; იყო ამერიკის პრეზიდენტების - რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის, აგრეთვე, ფრენკ სინატრას კონსულტანტი), მსხვილი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში. მას უნდა დაეწერა განცხადება, რომლითაც გამოვიდოდი MGM Grand-ში დანიშნულ პრესკონფერენციაზე:

"თავი ვერ შევიკავე. გასული შაბათი ყველაზე უარესი დღე იყო ჩემს პროფესიულ კარიერაში. დღეს მე აქ ვარ იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ბევრს ელოდა მაიკ ტაისონისგან. მაპატიეთ ეს გამოხდომა რინგზე და ის, რაც ჩავიდინე. ასეთი რამ აქამდე არასოდეს გამიკეთებია და არც მომავალში ვაპირებ გაკეთებას".

ბოდიში მოვუხადე ჰოლიფილდს და გავაგრძელე ჩემთვის დაწერილი ტექსტის კითხვა:
"მეგონა, რომ წავაგებდი თვალს ქვემოთ სერიოზული ჭრილობის გამო და ამიტომაც წყობიდან გამოვედი. შემიძლია დავამატო, რომ სულ რაღაც 31 წლის ვარ, კარიერის ზენიტში ვიმყოფები და ეს გავაკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქუჩაში გავიზარდე, ვიბრძოდი, რომ იქაურობისთვის თავი დამეღწია, და იქ უკვე აღარ დავბრუნდები. წარსულში რთული გზა გამოვიარე. არ დამიმთავრებია ელიტური სკოლები, არავინ მეხმარებოდა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ველოდები სასჯელს და როგორც მამაკაცმა, მზად ვარ გადავიხადო ამ ნერვული საქციელისთვის. მივმართე ექიმებს დახმარებისთვის. მათგან მინდა გავიგო - რატომ ჩავიდინე ეს. და ამ დახმარებას მივიღებ. ამიერიდან, ვეცდები ვავარჯიშო არა მხოლოდ ჩემი სხეული, არამედ ჩემი გონებაც".

ვკითხულობდი ჩემთვის დაწერილ ამ სიტყვებს და თავად არ მჯეროდა, რომ მათ წარმოვთქვამდი. თავს საშინლად ვგრძნობდი იმის გამო, ამ ყველაფრის ლაპარაკი მიწევდა, რადგან ჩემი გული სულ სხვა რამეს გრძნობდა. უბრალოდ, ფორმალობას ვიცავდი. ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემ მიმართ ზომებს მიიღებდნენ და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა - მომცემდნენ თუ არა დისკვალიფიკაციას.

ნიუ იორკში "ფერარის" ვყიდულობდი, როცა ნევადას შტატის ათლეტური კომისია შეიკრიბა ჩემთვის განაჩენის გამოსატანად. ჩემს ინტერესებს ოსკარ გუდმანი წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით ლას ვეგასის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მერი გახდა. პრესა ჩემ სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვდა.

ოსკარმა კარგი დაცვა შეიმუშავა, მაგრამ კომისიის წევრები უფრო "მეტ სისხლს" ითხოვდნენ. 9 ივლისს "კრივის სირცხვილი" მიწოდეს და დამაჯარიმეს ჩემი ქონების 10 პროცენტით, რამაც 3 მილიონი დოლარი შეადგინა. აგრეთვე, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამომიწერეს. ლას ვეგასის ერთგულად ვიგრძენი თავი. არავის მოუტანია ამ ქალაქისთვის ამდენი მოგება.

ეს იყო კიდევ ერთი "ტაისონის წესი". ამგვარი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია უპრეცედენტო იყო პროფესიული სპორტისთვის. 1977 წელს, "ლეიკერსის" საკალათბურთო გუნდის წევრმა კერმიტ ვაშინგტონმა თამაშის დროს თავი და ყბა გაუტეხა "როკეტსის" კალათბურთელს, რუდი ტომიანოვიჩს.

კინაღამ მოკლა რუდი, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ იძულებული გახდა, კარიერა დაესრულებინა. ვაშინგტონს მხოლოდ 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა და 60 დღე დისკვალიფიკაცია აკმარეს. ჰოკეისტმა დეილ ჰანტერმა უკნიდან ხელი უბიძგა პიერ ტარჯონს და ის ბარიერს მიანარცხა, როცა ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამ დარტყმამ ხაზი გადაუსვა ტარჯონის პლეი ოფში გამოსვლას. ჰანტერს მხოლოდ 21-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 150 ათასი დოლარი გადაახდევინეს.

კიდევ უფრო ნათელი მაგალითი: 1972 წელს, ჰოკეიში რუსეთისა და კანადის სახელგანთქმულ სერიაში, ბობი კლარკმა რუსების საუკეთესო მოთამაშეს, ვალერი ხარლამოვს კოჭში ჩაარტყა ჯოხი. ამ თრილერის შედეგად, ხარლამოვმა მოტეხილობა მიიღო და კანადელებმა ის სერია მოიგეს. კლარკს არც ფულადი ჯარიმა მიუღია და არც დისკვალიფიკაცია. ის კანადაში ეროვნული გმირი გახდა.

- არ ვიცი, მაშინ რაზე ვფიქრობდი. საშინელება ჩავიდინე, - თქვა მან მოგვიანებით. - თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ, იმ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

დარწმუნებული ვარ, ევანდერისთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა. 18 წლის ასაკში, ის ჯორჯიის შტატში "ოქროს ხელთათმანის" ტურნირში მონაწილეობდა. ნახევარფინალში ვინმე ჯეკი უინტერსს ხვდებოდა. უინტერსმა ჯერ კორპუსში მარცხენა ჰუკი მოახვედრა ჰოლიფილდს, შემდეგ თავში დაარტყა. ჰოლიფილდი წამოდგა, მაგრამ ნოკაუტის ზღვარზე იმყოფებოდა.

ამიტომაც უინტერსს ჩამოეკიდა, კბილების დამცავი პირიდან გადმოაგდო და სისხლამდე უკბინა მხარში. უინტერსი ტკივილისგან მოწყდა მეტოქეს და დაიყვირა. შემდეგ გონგის ხმა გაისმა. რეფერიმ ჰოლიფილდს ქულა ჩამოაკლო და ბრძოლა გაგრძელდა.

უინტერსმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ამ საქციელისთვის ერთადერთი სასჯელი სინდისის ქენჯნა და მის წინააღმდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული