დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
დისკვალიფიკაციის დროს ვცდილობდი, საკუთარი თავის მიმართ ინტერესი არ გამომეწვია. თავდაპირველად, თითქმის არ ვჩნდებოდი ხალხში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბევრ დროს ვატარებდი სტრიპტიზ-კლუბებში.

ყოველთვის, როცა ახალ გოგოს ვხვდებოდი, პირველ პაემანზე სტრიპტიზ-კლუბში მიმყავდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლატონდიას სტრიპტიზ-კლუბში მოჰქონდა ჩემთვის ქვითრები, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა. და მეც ხელს ვაწერდი, ამ დროს კი ჩემ წინ გოგონა შიშველი ცეკვავდა. გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდი.

როგორც იქნა, 1997 წლის ოქტომბერში სასამართლომ მიტჩ გრინის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მიტჩმა ჩემგან მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 3
მილიონი დოლარი მოითხოვა და მორალური ზარალისთვის - 20 მილიონ დოლარზე მეტი.

მეშინოდა, რომ მოსამართლე ჩემი რეპუტაციის დაცემას გაითვალისწინებდა და ჩემ საწინააღმდეგოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ამიტომაც კინაღამ შევთავაზე მეოთხედი მილიონი საკითხის მოსაგვარებლად. კარგია, რომ ასე არ მოვიქეცი. ნაფიცი მსაჯულები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ჩხუბზე ჩემი პროვოცირება მოახდინეს. მიტჩისთვის 100 ათასი დოლარის გადახდა დამიწესეს, მაგრამ, ამასთან, განსაზღვრეს, რომ სხეულის დაზიანებაზე მისი წილი პასუხისმგებლობა 55 პროცენტი იყო, ასე რომ, მხოლოდ 45 ათასი დოლარის გადახდა მომიწია.

ცოტა ნაღდი ფული მრჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1995-97 წლებში დაახლოებით 114 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე, თითქმის ყველაფერი დახარჯული მქონდა. გარდა ამისა, 10 მილიონის დოლარის ოდენობის გადასახადი დამიგროვდა. მე კი დაახლოებით 6 მილიონი დოლარი მქონდა. და დონ კინგი მთავაზობდა ვალს 4 მილიონზე, რომ ეს საგადასახადო საკითხი დამეხურა.

მაგრამ მინდოდა ამ თანხით საკუთარი შვილებისთვის ფონდები შემექმნა. ამიტომაც გადასახადები არ დავფარე და ფული ბავშვებს გამოვუყავი. ახლა, როცა უკან ვიხედები, ვაღიარებ, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება, მაგრამ იმ დროს თავდაჯერებული ვიყავი. იმდენად, რომ სავსებით შესაძლებლად მიმაჩნდა მთელი ღამე სმა და ნარკოტიკებისგან კაიფის მიღება, შემდეგ კი მოტოციკლით ნიუ იორკიდან კონეკტიკუტში ჩემს სახლში დაბრუნება საათში 130 მილი სიჩქარით.

სასაცილოა, მაგრამ როცა ავარიაში მოვყევი, საათში მხოლოდ 10 მილი სიჩქარით ვმოძრაობდი. ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციამ მე და ჩემი მეგობრები მოტოციკლით სიჩქარის გადაჭარბებისთვის გაგვაჩერა. და როგორც აღმოჩნდა, მართვის მოწმობაც კი არ მქონდა.

მიუხედავად ამისა, მაინც გაგვიშვეს და გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. გავაგრძელეთ სახლისკენ გზა, ჩამთვლიმა და სიჩქარე შევანელე. ლოკოკინასავით მივხოხავდი და თავი საჭეზე მივარდებოდა. წამით გამოვეთიშე ყველაფერს და როცა გამოვფხიზლდი, ჩემ წინ მეგობარი დავინახე. არ მინდოდა მასზე გადავლა, ამიტომაც მკვეთრად დავამუხრუჭე და სკამიდან წინ გადავვარდი.

ჩემი დისკვალიფიკაციის დროს ლატონდია კონეკტიკუტის სახლში მუშაობდა. მას საგზაო პატრულმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ავარიაში მოვყევი, მაგრამ სამედიცინო დახმარებაზე უარი გამოვაცხადე. თავში ისე ამერია ყველაფერი, რომ იმ ქალს, რომელმაც მიპოვა და ჩემი საავადმყოფოში წაყვანა უნდოდა, სახლში გადაყვანა ვთხოვე. იქ მისული, საერთოდ არეული ვიყავი და მხოლოდ ძილი მინდოდა.

ლატონდიამ მონიკას დაურეკა და ის მერილენდის შტატიდან პირველივე რეისით გამოემგზავრა, თან ყველას უბრძანა - არავითარ შემთხვევაში არ მოეცათ ჩემთვის დაძინების უფლება. როგორც ჩანს, რაღაც დამიზიანდა, რადგან ნეკნების არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ძლივს ვსუნთქავდი და ვლაპარაკობდი - თურმე ერთი ფილტვი იყო გახეული, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი.

თვლემას ვაგრძელებდი, მაგრამ მაფხიზლებდნენ: "მაიკ, არ დაიძინო!" ბოლოს და ბოლოს, ფარიდმა და ლატონდიამ ცხელ აბაზანაში შემათრიეს, რომ გრძნობაზე მოვეყვანე.

საბოლოოდ, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში წავედით. ნეკნი მქონდა გატეხილი, მხარიც მტკიოდა და ერთი ფილტვიც გახეული იყო. ექთნები გაკვირვებულნი დარჩნენ, რომ ფეხები არ მოვიტეხე, რადგან დაცემისას ჩემი შარვალი ნაფლეთებად იქცა. იმ დროს, ზედმეტი წონა მქონდა და ვეჭვობ, ამან შეარბილა დაცემა. მორფი გამიკეთეს. ისე მომეწონა, რომ მუდმივად ვრეკავდი და მეტს ვითხოვდი. გული ამერია და ჩემი ფილტვებიდან რაღაც გამჭვირვალე წებოვანი ნაგავი ამოვიდა. მაგრამ მორფი კარგი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი და სახლიდან ყველა გავყარე. მონიკას, დედამისს, ჩემს ქალიშვილს რეინის, რორის, მცველებს - ყველას კარისკენ მივუთითე. ფარიდი და ლატონდიაც წასვლას აპირებდნენ, მაგრამ უკან მოვაბრუნე. რამდენიმე დღის შემდეგ ლატონდიას ოფისში შევედი.

- ლატონდია, დაელაპარაკე შონის. მინდა, რომ ურთიერთობა დაალაგოთ და ერთად იმუშაოთ. მალე ბევრი რამ შეიცვლება. შენ ჩემთან ხარ?

- რა თქმა უნდა. თქვენ ხომ იცით, - მიპასუხა მან.

არ მგონია, რომ მან სერიოზულად მიიღო ჩემი სიტყვები, მაგრამ ბოლო დროს, ბევრს ვლაპარაკობდი ქალთან, რომელსაც შონი სიმსი ერქვა. ის იპოვა და წარმიდგინა კრეიგ ბუგიმ. ბუგი ყოველთვის ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩემთვის სარგებელი მოეტანათ. შონი ატლანტაში ცხოვრობდა. მან ბევრი ლაპარაკი იცოდა და შეეძლო ვიღაცების "შებმა" რაიმე მნიშვნელოვანი მიზნისთვის. ამტკიცებდა, რომ შეუძლია უზრუნველყოს ჩემთვის რეგულარული ფულადი შემოსავლები.

აგრეთვე, განაცხადა, რომ სურვილი აქვს, დაიწყოს მუშაობა ჩემი იმიჯის გასაუმჯობესებლად. ამისთვის გადაწყვეტილი ჰქონდა შრაივერების (შრაივერების დინასტიას ნათესაური კავშირი ჰქონდა კენედების დინასტიასთან იუნის მერის - პრეზიდენტ ჯონ კენედის ღვიძლი დის ხაზით) და კენედების დინასტიათა წარმომადგენლების მოზიდვა. მზად ვიყავი მხარი ამება ყველაფრისთვის, რაც ფულს მომიტანდა, რადგან აღარაფერი გამაჩნდა და ვერ ვხედავდი, რომ დონ კინგი ცდილობდა ჩემთვის რაიმე გარიგების გაჩარხვას.

განსახილველად მქონდა გარიგება "ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან" შოუ "რესტლმანიაზე" (კომპანია WWE-ის («World Wrestling Entertainment») მთავარი შოუ. WWE დაკავებულია პროფესიულ რესტლინგში ღონისძიებების ორგანიზებით; შოუ იმართება ყოველ წელს მარტსა და აპრილში) გამოსვლასთან დაკავშირებით. ის 1998 წლის მარტში იგეგმებოდა. მოვიწვიე შონი მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მანამდე კი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მხოლოდ ტელეფონით გვქონდა კონტაქტი.

მოლაპარაკებებისას შონიმ მხარზე ხელი დამადო. როცა შენობიდან გამოვედი, გვერდზე გავიყვანე.

- ჯანდაბა, ხალხში არასოდეს შემეხოთ! ხელი არ მახლოთ, როცა ბიზნესმენებს ველაპარაკები! - ვთქვი მე.

მასთან არნოლდ როტშტეინი განვასახიერე, სრული პროგრამით.

მიუხედავად ამისა, შონი აგრძელებდა თავის მცდელობებს. ზოგიერთი ჩემი მეგობარი თავიდანვე მაფრთხილებდა მის შესახებ. ისინი ეჭვობდნენ, რომ შონი მათ იყენებდა ჩემ შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მათ მიაჩნდათ, რომ ის კომპიუტერის გამოყენებით, მთელი დღე კითხულობდა ჩემზე ინფორმაციებს და აგრეთვე, ეცნობოდა კრივის სამყაროში მომხდარ ბოლო მოვლენებს, ამიტომაც ამ სამყაროში ყველა მსხვილ მოთამაშეს იცნობდა.

ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შონი სულაც არ გახლდათ მსხვილი ბიზნესმენი, უბრალოდ, გააზრებულად ცდილობდა ჩემ შებმას. მაგრამ მე მზად ვიყავი მისთვის შანსის მისაცემად. ის ყოველთვის რაღაცაში მარწმუნებდა: "მაიკ, თქვენ მხარდაჭერა გჭირდებათ. თქვენ უნდა გამოიმუშავოთ 60 მილიონი ყოველი ბრძოლისთვის..." და ა. შ.

როცა მორიგი ვიზიტით ჩამოვიდა ატლანტიდან, მოულოდნელად ღამე მასთან გავატარე. იმიტომ არა, რომ მის მიმართ ლტოლვა მქონდა, უბრალოდ, კაიფში ვიყავი. არ მგონია, რომ ის ჩემს შეცდენას ცდილობდა. ამის შემდეგ სექსი აღარ გვქონია. იმ დროს მე ნატურალური ღორი ვიყავი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული