დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემი კონტრაქტი "ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან" დეკემბრის ბოლოს შეთანხმდა. კომპანია "დონ კინგ პროდაქშნს" ჩემთვის 3.5 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარი უნდა მიეღო იმის სანაცვლოდ, რომ რეფერი ვიქნებოდი შოუ "რესტლმანია XIV"-ის ძირითად ღონისძიებაზე.

აგრეთვე, შოუ მოგებიდან 25 პროცენტი უნდა ამეღო, რაც 600 ათას დოლარს აჭარბებდა. ეს სავსებით სოლიდურ თანხად მეჩვენებოდა. მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ დონ კინგმა კიდევ ერთი გარიგება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 300 ათასი დოლარი უნდა მიეღო "ველური ბუნების მსოფლიო ფონდის" სარეკლამო კამპანიაში ჩემი გამოსახულების გამოყენებაზე. ასევე შოუდან მოგების 10 პროცენტიც ეკუთვნოდა.
ამის დედაც, როგორ მოახერხა ჩემი ფოტოთი ფულის შოვნა?

ამის გამო, ჩემს მეგობარს მივმართე, რომელიც გართობის ინდუსტრიაში მუშაობდა. თავის დროზე, ჯეფ ვალდს დონ კინგის წყალობით შევხვდი. ის დამეხმარა რობინთან განქორწინებაში. და საერთოდაც, კარგი ბიჭი იყო. პატივს ვცემდი ჯეფს, რადგან ჩემსავით ნულიდან მიაღწია ცხოვრებაში წარმატებას. მომიყვა, რომ მამა ბავშვობაში გარდაეცვალა, დედა კი ყოველთვის სცემდა.

იანვრის ბოლოს, ლოს ანჯელესში ჩავედი ბევრი კითხვით იმაზე - როგორ იწარმოება ჩემი ბიზნესი. ჯეფის დილის ექვსის ნახევარზე მივადექი შინ. ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც შემიშვა სახლში.

- ვის აქვს უფლებები ჩემს გამოსახულებაზე? - მაშინვე დავინტერესდი, როგორც კი ერთმანეთის პირისპირ დავსხედით.

მოვუყევი, რომ დონ კინგმა დიდი თანხა მიიღო ჩემი გამოსახულების გამოყენებისთვის. მან მიპასუხა, რომ ეს უმსგავსობაა და დონს დაურეკა.

- თქვენ არ შეგიძლიათ ფული გააკეთოთ მაიკის გამოსახულებაზე, - უთხრა მას.
- მაიკი მანდ ზის? - იკითხა დონმა.
- დიახ, - უპასუხა ჯეფმა.

- კარგი, მივცემ მას გამოსახულების ორიგინალებს, მაგრამ შენ არ უნდა შეხვდე მაიკს ჩემს გარეშე, ნაბიჭვარო! - დაიყვირა დონმა.

როცა ჯეფმა ყურმილი დაკიდა, რვა ფურცლისგან შემდგარი ჩემი ბოლო ფინანსური ანგარიში გავუწოდე. სწრაფად გადაავლო თავი და შოკირებული დარჩა.

- კვირაში რვა ათასს რატომ გახდევინებენ საკუთარ სახლზე იმ დროს, როცა შეკრებაზე იმყოფები? გარდა ამისა, მხოლოდ პირსახოცებისთვის ათასობით დოლარს იხდი. ჯანდაბა, ვინ არის შენი ბუღალტერი?

მუჰამედ-ჰანი ვუხსენე.

- ეს დონის ბუღალტერია, - შემეპასუხა ჯეფმა. - შენი იურისტები ვინ არიან?
მოვუყევი ჩემს საქმიან მენეჯერებზე "სიდლი ოსტნიდან" (მსხვილი ამერიკული იურიდიულ-კორპორატიული ფირმა მილიარდზე მეტი წლიური შემოსავლით).

- ისინი დონის იურისტები არიან. ბევრჯერ შევხვედრივარ მათ, - მითხრა ჯეფმა.
გავბრაზდი. ჯეფმა მეორე დღისთვის დამიბარა, რომ უფრო ყურადღებით შეესწავლა დოკუმენტები. "ბელ ეარის" სასტუმროში საკუთარ ნომერში დავბრუნდი.

ჯეფისგან გამოსულს, კინგმა დამირეკა მუქარით: ლოს ანჯელესში აპირებს ჩამოსვლას და ჯეფისთვის იარაღის ერთ ადგილას შეტენვას.

კინგი მართლაც ჩამოფრინდა ლოს ანჯელესში და სასტუმრო "ბელ ეარში" ჩემთან ხვეწნა-მუდარით მოვარდა, რომ გონს მოვსულიყავი. იმ მომენტში, სასტუმროს გვერდით ლიმუზინში ვჯდებოდი, როცა დონმა ჩემს გვერდით მოკალათება სცადა.

- მაიკ, სალაპარაკო მაქვს, - მითხრა მან. - რატომ მექცევი ასე იმ დროს, როცა ეს თეთრი ნაბიჭვრები ისევ ცდილობენ ჩემს სასამართლომდე მიყვანას?

საქმე ისაა, რომ მთავრობამ ისევ დაადანაშაულა დონი სადაზღვევო მაქინაციებში. მე მას თავში წიხლი ვუთავაზე და მანქანიდან გადავაგდე. შემდეგ გარეთ გადმოვედი და კიდევ დავუმატე. ვფიქრობ, ისინი ვინც იმ დროს სასტუმროსთან იდგნენ, შოკში იყვნენ.

- თუ ჩემს ნახვას მოისურვებ, ჯეფ ვალდის ოფისში მიპოვნი, - ვუთხარი მე და მანქანაში ჩავჯექი.

კონფერენც-დარბაზში ვიჯექი ჯეფთან და მის პარტნიორ ირვინგთან ერთად, როცა დონი გამოჩნდა.

ჯეფი მზად იყო მასთან სალაპარაკოდ.

- შეხედე ამ უმსგავსობას მეგობარო, რომელიც შენ მას მოუწყვე, - თქვა მან და ფინანსურ ანგარიშზე მიუთითა. - ეს ყველაფერი არასწორია.

- უმჯობესია, შენს საქმეებს მიხედო, იუდა, - უპასუხა დონმა. - მე შენ გამოგკვებე, სამსახური მოგეცი...

ერთმანეთს ცოტა უყვირეს, შემდეგ დონმა კომპრომისული ვარიანტის შემოთავაზება სცადა.

- აი, მომისმინეთ. მე გავუშვებ რორისა და ჯონს და შენ ირვინთან ერთად მიიღებ მათ 20 პროცენტს, - თქვა მან.

- ერთი წუთით! - წამოიძახა ჯეფმა. - აი, აქ ზის მაიკი. ეს მისი 20 პროცენტია. ეს მან უნდა აირჩიოს - ვინ განკარგავს მის საქმეებს, და ვინ არ უნდა აკეთოს ეს. გარდა ამისა, მინდა ვიცოდე: რის 20 პროცენტს გვაძლევ? ბიჭს ლიცენზია არ აქვს და შენ არაფერი გაგიკეთებია მის დასაბრუნებლად. წადი, შენი დედაც!

ისევ დაუწყეს ერთმანეთს ყვირილი. მომბეზრდა უაზრო სიტყვების მოსმენა, მოქმედებას ველოდი. ამიტომაც, ჩანგალს ხელი დავავლე და დონისკენ გავიწიე. ჯეფი გამოიქცა და ჩვენს შორის ჩადგა.

- გაჩერდით, ნაბიჭვრებო! არ გაბედოთ ასეთი რამ ჩემს სახლში! - დაიყვირა მან.

მისმა მდივანმა ეს ყველაფერი მოისმინა და შეშინებული ქუჩაში გავარდა. ამასობაში, დონ კინგი კონფერენც-დარბაზიდან კაბინეტში გავიდა და იქიდან მონიკას დაურეკა. მას ჩემი დაწყნარება სთხოვა. მდგომარეობა ოდნავ დამშვიდდა. და დონიც ჩვენთან დაბრუნდა.

- დონ, შეხედე, რამდენი ფული იშოვნე მაიკზე! - თქვა ჯეფმა.

- მაგრამ რამდენიმე ფული გამოვიმუშავე მისთვისაც! - უპასუხა დონმა.

- მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს, გაძარცვო! - თქვა ჯეფმა. - მე არ მაღელვებს, რამდენი გამოიმუშავე მაიკისთვის. შენ ვერ შეძელი მისი დაცვა. იყო მოლოდინი, რომ სწორედ შენ იქნებოდი ის, ვინც მას თეთრი ეშმაკებისგან დაიცავდა. დროა გააცნობიერო, რომ არ გყავს ზანგი, რომელიც შენზე იმუშავებს. და ამ ოთახში ერთადერთი თეთრი ეშმაკი - შენ ხარ.

გადავხარხარე.

დონი კი ოფისიდან გავიდა.

- ბიჭებო, საქმეს მიხედეთ, - ვუთხარი ჯეფსა და ირვინს.

და ჯეფი მაშინვე შეუდგა მუშაობას. მან მოიწვია ბუღალტერი, რომელმაც ჩემი ძველი ბუღალტერისგან ყველა საქმე გამოითხოვა. შემდეგ ჯონ ბრანკასა და მის იურიდიულ ფირმას დაავალა შეესწავლა ყველა ჩემი კონტრაქტი. ბრანკა ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი იყო.

ამასობაში, დონ კინგი იყენებდა ნებისმიერ შანსს, რომ ჯეფისთვის ზიანი მიეყენებინა. ტელეარხ Showtime-თვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა ის: "ჯეფ ვალდი - იუდა და რასისტია". ჯეფი ამ გადაცემს ცოლთან ერთად უყურებდა და ქალს ეს დიდად არ ესიამოვნა. როცა ჯეფი შემდეგ ჯერზე ნიუ იორკში გაემგზავრა, მან პირადი მცველი დაიქირავა - პოლიციის ბრგე ლეიტენანტი.

2 თებერვალს ჯონ ჰორნი და რორი დავითხოვე. ბრანკამ მათ შესაბამისი წერილი გაუგზავნა. მიყვარდა რორი, მაგრამ სხვა არჩევანი არ მქონდა. რაც მეტს ვიქექებოდით, უფრო მეტს ვპოულობდით - როგორ მაიძულებდნენ ეს ბიჭები დონის ბრძანებით გამეფორმებინა ისეთი კონტრაქტები, რომლებსაც ჩემთვის დიდი ზიანი მოჰქონდა, მათთვის კი მილიონები. გაოგნებული ვიყავი ასეთი ღალატით.

ყველანაირი გრძნობა მომეძალა. გაშეშებული ვიყავი, მათ შორის, ნარკოტიკებისგან, რომელსაც აქტიურად მოვიხმარდი.

შესაძლოა, ასე უკეთესიც იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ იარაღს ავიღებდი და სამივეს ტვინს გავასხმევინებდი. სწორედ ასე მოვიქცეოდი, უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი. ახლა კი გახარებული უნდა ვყოფილიყავი იმით, რომ ამის გამბედაობა არ აღმომაჩნდა.

4 თებერვალს, ჯეფ ვალდის ოფისმა ჩემი სახელით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "დღეს, მე გადავიბარე საკუთარი საქმეების წარმოება. დავიქირავე ახალი ადვოკატები და ბუღალტერები, რომლებიც უშუალოდ მე მემორჩილებიან. შევქმენი ფირმა - "მაიკ ტაისონ ენტერპრაიზისი" და ვაგრძელებ იმ მიზნებისკენ სიარულს, რომელიც ამ ცხოვრებაში დავისახე. ვაფასებ მხარდაჭერას, რომელსაც ყოველთვის ვიღებდი ამერიკული საზოგადოებისგან და იმედით ვუყურებ მომავალს ახალი ბრწყინვალე გამარჯვებების მოლოდინში.

დღეს, მზად არ ვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად. მიუხედავად ამისა, ჩვენთან დარჩით და ახალ ამბებს მიადევნეთ თვალი".

მეორე დღეს, ნიუ იორკში კაფე "ყველა ვარსკვლავში" ვიყავი პრესკონფერენციაზე, რომელიც შოუ "რესტლმანიას" მიეძღვნა. ყველა ჟურნალისტს დონ კინგთან, ჯონთან და რორისთან ჩემი ურთიერთობის შესახებ კითხვის დასმა სურდა. დავადასტურე, რომ ჯონი და რორი დავითხოვე და ვცდილობ დონისგან განთავისუფლებას. შემდეგ რორის მეგობრობის ხელი გავუწოდე:

- იმედი მაქვს, რორის ესმის, რომ მის განთავისუფლებაში პირადი არაფერია. რორი ჩემი ცხოვრების ნაწილად რჩება. და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული - რა როლის თამაში სურს ჩემს ცხოვრებაში.

ამ კითხვაზე პასუხი მაშინ მივიღე, როცა დონმა, ჯონმა და რორიმ საკუთარი განცხადებები გააკეთეს. დონმა ასეთი რამ თქვა:

- მე მიყვარს მაიკი, და მან ეს იცის. მაგრამ, ხანდახან, ჩნდებიან გარეშე ძალები და პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ იმედგაცრუების გრძნობებით სპეკულირებას, რომელსაც მაიკი განიცდის კარიერაში პაუზის გამო.

ჯონი და რორი, როგორც ჩანს, უარს ამბობდნენ უტყუარი ფაქტების აღიარებაზე. "სავარაუდოდ, ხანდახან საუკეთესო მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებშიც შეიძლება გაჩნდეს იმედგაცრუება და ურთიერთგაუგებრობა. სწორედ ასე განვიხილავთ მომხდარს", - ლაპარაკი იყო ერთობლივ განცხადებაში.

სწორედ ეს იყო პასუხი ჩემს კითხვაზე. რორი დათანხმდა თავისი ბედი დაეკავშირებინა ორ ნაძირალასთან. მიმატოვა და მიღალატა იმან, ვისთვისაც მზად ვიყავი საკუთარი სიცოცხლე გამერისკა. მაგრამ ადრეც მღალატობდნენ და მე უბრალოდ, ჩემი გზა უნდა გამეგრძელებინა.

ამის შემდეგ, რორისთან და ჯონთან ურთიერთობა აღარ მქონია.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული