ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი (41-0-0, 25 KO) უახლოეს მომავალში არ აპირებს რინგზე დაბრუნებას. ამის შესახებ Boxing News-ს განუცხადა ორ წონით კატეგორიაში ყოფილმა ჩემპიონმა ზაბ ჯუდამ.
მოსალოდნელი და ყველაზე სასურველი ბრძოლა მენი პაკიაოსთან, ალბათ, აღარ გაიმართება. ფილიპინელი ორ-სამ წელიწადში აპირებს დიდი სპორტიდან წასვლას, ფლოიდი კი სწორედ ამ ორ-სამ წელიწადში არ აპირებს კარიერის განახლებას.
"ამ დღეებში შევხვდი ფლოიდს და ვკითხე - ხომ არ აპირებს უახლოეს პერიოდში რინგზე გასვლას. მეივეზერმა მიპასუხა, რომ დაასრულა გამოსვლა და დასვენებას აპირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მეივეზერს ბოლო დროს პრობლემები შეექმნა კანონთან და არ არის გამორიცხული, ციხეში მოუწიოს დასვენება. მეივეზერის სასამართლო მარტშია დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ თავისი ბოლო ბრძოლა ფლოიდმა გასული წლის მაისში ჩაატარა. მან ქულებით დაამარცხა შეინ მოზლი.
* * *
ორი თვით გადაიდო ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსნის ევანდერ ჰოლიფილდის ბრძოლა დანიელ ბრაიან ნილსენთან. ამ მოკრივეებს 5 მარტს უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რინგზე ისინი 7 მაისს ავლენ. ბრძოლის გადატანის მიზეზი გახდა ჭრილობა, რომელიც ევანდერმა 22 იანვარს ამერიკელ შერმან უილიამსთან ბრძოლის დროს მიიღო. ამ ინფორმაციას სააგენტო AP იტყობინება.
როგორც გერმანული პრომოუტერული კომპანია Sauerland Event-ის წარმომადგენელი ამბობს, ჰოლიფილდს არ შეუძლია თებერვლის ბოლომდე ვარჯიში, ამიტომაც ნილსენთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად მას მეტი დრო დასჭირდება.
უილიამსთან ბრძოლაში ჰოლიფილდმა თავის არეში ჭრილობა მეორე რაუნდში მიიღო, როცა მოკრივეები თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს. ბრძოლის შემდეგ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ მარცხენა თვალით ვერ ხედავს. ის ბრძოლა გაუქმებულად ჩათვალეს.
ჰოლიფილდი 48 წლისაა, ნილსონს კი პირველ აპრილს შეუსრულდება 46 წელი. ბოლო ბრძოლა დანიელმა ცხრა წლის წინ ჩაატარა.