დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
XII თავ
ციხიდან გამოსვლისთანავე შინ წავედი, ჩანთა ავიღე და ნიუ იორკში გავემგზავრე. არ დამისვენია, ოჯახთან ურთიერთობაც არ მქონია, არადა, სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი. უბრალოდ, დავჯექი მანქანაზე და ნიუ იორკში წავედი ჩემს ერთ-ერთ მეგობარ გოგონასთან შესახვედრად.

მე არ მქონდა იმ ადამიანის გამოცდილება, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. და არც ელემენტარული სურვილი მქონდა - ეს თვისება შემეძინა. არ შეიძლება სანახევროდ იყო დაოჯახებულ სამაგალითო მამაკაცი, სანახევროდ კი - სექსუალური ნაძირალა.

ჩემსთვის, დაოჯახებული მამაკაცისთვის მეგობარი გოგონები ერთგვარად ნარკოტიკივით იყო. და თუ ვინმე სხვა მომინდებოდა, უბრალოდ. ქუჩაში
გავდიოდი - და ქალები კისერზე მეკიდებოდნენ. მე ვიყავი ცნობილი ადამიანებისთვის დამახასიათებელი არეული ცხოვრების მონა. მინდოდა ამის შეწყვეტა, მაგრამ არ შემეძლო.

იმ დროს, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მართლაც არეული იყო. იმის გამო, რომ დონ კინგი სათვალავში აღარ იყო, ჩემი საქმიანი პარტნიორები ახალ გარიგებებზე მოელაპარაკნენ ტელეარხ Showtime-სა და MGM Grand-ის ხელმძღვანელობას. მაგრამ ჩემს კისერზე იყო ის მილიონები, რომელიც Showtime-ს ხელმძღვანელობამ მომცა და დონის ჯიბეში წავიდა. გარდა ამისა, ისევ მქონდა საგადასახადო სამმართველოს ვალი.

გადავედი ფინიქსში შემდეგი ბრძოლისთვის მოსამზადებლად. პარალელურად, ივნისის დასაწყისში იქვე საზოგადოებრივ სამუშაოებს შევუდექი - შერიფ ჯო არპაიოს (ამ ადამიანის ინიციატივით, მარიკოპის ოლქის ციხეში შეიქმნა კარვების ქალაქი, სადაც პატიმრებს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ამყოფებდნენ) სავალალოდ ცნობილ ციხეში.

შერიფი შეშფოთდა, როცა თავის დაწესებულებაში დამინახა. დავდიოდი მის კარვების ქალაქში, ველაპარაკებოდი პატიმრებს, ვურჩევდი თავი შორს დაეჭირათ უსიამოვნებებისგან.

ამასობაში, ზედამხედველები ისე მეპყრობოდნენ, თითქოს ჯონ გოტი ვყოფილიყავი. ცდილობდნენ თავიანთ ანგარიშებში აღენიშნათ ჩემი თითოეული ნაბიჯი. თუ მათ ყურამდე აღწევდა ჭორები, რომ ღამის კლუბში გავისეირნე, ჩემს ადვოკატს ურეკავდნენ და მოწმეების ძებნა გვიწევდა ჩემი საქციელის უარყოფისთვის. ადვოკატი მათ წერდა:

"როგორც უკვე გაცნობეთ, მაიკი არ ყოფილა ღამის კლუბში სამშაბათს, 29 ივნისს. მონიკა ადასტურებს ამ ფაქტს. მაიკი ამ დროს საკუთარ ოთახში იყო და ეძინა".

ჩემი ადვოკატი ჩემს პირად მცველებსაც კი აფრთხილებდა, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ:

- როგორც იცით, მარიკოპის ოლქის პირობითი სასჯელის განყოფილებამ გააძლიერა მაიკზე თვალთვალი. ენტონი უკვე შეყვანილია საქმის კურსში და შეუდგა მოვალეობის შესრულებას. ახლა, მინდა თქვენი ინფორმირება ახალი წესების შესახებ. წესებს: თუ მაიკი დატოვებს სასტუმროს საღამოს ათი საათის შემდეგ, თქვენ ამის შესახებ უნდა აცნობოთ პოლს და თვალთვალის სამსახურის ოფიცერს ჩადს. ენტონის აქვს მათი ნომრები.

გარდა ამისა, გთხოვთ შემატყობინოთ ხმოვანი ფოსტით და დამიტოვოთ შეტყობინება, საით მიემგზავრება მაიკი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინოთ პირობითი სასჯელის განყოფილების ორივე ოფიცერს.

უნდა მოგვაწოდოთ მისი მარშრუტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაიკი იყოს მშვიდი, რადგან საქმე გვაქვს გამოსაცდელ ვადასთან. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება რაიმე კონფლიქტი პირობითი სასჯელის განყოფილებასთან, გთხოვთ დაუყოვნებლივ დამირეკოთ.

თითქოს ალ კაპონე ვიყავი! მე ვარ საზიზღარი ზანგი, საშინელი და საშიში! და ჩემი ნარცისიზმი, ეგოიზმი და განდიდების მანია ამას იოლად დაეთანხმა. მათ ჩემს მიმართ ისეთი განწყობა ჰქონდათ, თითქოს ნათლიმამა ვიყავი, კრიმინალური ავტორიტეტი.
ისევე როგორც ადრე, ახლაც ძალიან იოლი იყო ჩემი დადანაშაულება ნებისმიერ რამეში. ერთხელ, აგვისტოში საზოგადოებრივ სამუშაოს ვასრულებდი შერიფ არპაიოს ქალაქში, როცა მან თავის კაბინეტში დამიბარა.

- მაიკ, ერთ-ერთმა ჩემმა აღმასრულებელმა მოსამართლემ შენს წინააღმდეგ ბრალდება წარმოადგინა. განაცხადა, რომ თქვენ მას დაარტყით და წააქციეთ. არ ვიცი, რატომ დასჭირდა მას მთელი კვირა ამ ბრალდების გასაფორმებლად, - მითხრა მან.

- მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად იყავით. თქვენ იცით, რომ ეს სრული სისულელეა, - ვუპასუხე მე.

- წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გააკეთეთ ეს, - დამეთანხმა შერიფი.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელე იყო, მაგრამ მაინც მომიწია ნერვიულობა - სახიფათოა დადანაშაულებული იყო რაღაცაში იმ დროს, როცა საზოგადოებრივ სამუშაოზე ხარ. მათ შეისწავლეს იმ ადგილის ვიდეო და ფოტოები, სადაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო ინციდენტს. "დაზარალებული" იქ ჩემთან ერთად იყო და ფართოდ იღიმებოდა. საქმე შეწყვიტეს, არადა, დიდი იყო შანსი ისევ მერილენდის შტატის ციხეში ამომეყო თავი. ვეჭვობ, რომ თანაშემწეებს სურდათ არპაიო წყობიდან გამოეყვანათ და გონება აერიათ. სასამართლო აღმასრულებლებს დიდად არ უყვარდათ ის.

რინგზე 1999 წლის 23 ოქტომბერს, ლას ვეგასში დავბრუნდი. ჩემი მოწინააღმდეგე იყო ორლინ ნორისი. ამ ბიჭზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ის ჩნდებოდა ჩემს პრესკონფერენციებზე და სულელივით მაშტერდებოდა. თურმე ის მონაწილეობდა ჩემი ბრძოლების წინ გასახურებელ შეხვედრებში, მაგრამ ვერ ვიხსენებდი მას. ვფიქრობდი: "იქნებ, ამ ზანგს იარაღი აქვს? ვინ არის? იქნებ შეურაცხყოფა მივაყენე და კამათელში მთელი ფული მოვუგე?" ის მაშინებდა. ვერავინ ბედავდა ჩემთან ასე მოქცევას: უბრალოდ, მიყურებდა, ჩუმად იყო, სიტყვასაც არ ამბობდა. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ შესაძლოა, შემთხვევით ქუჩაში ვაწყენინე.

ის იყო ჩემპიონი პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის ვერსიით, ამიტომაც ჩხუბი იცოდა. პირველი რაუნდის განმავლობაში ერთმანეთს ვაკვირდებოდით და პირდაპირ გონგის დროს მარცხენა აპერკოტი შევასრულე, რომელმაც ის რინგზე დასცა. რიჩარდ სტილმა ორი ქულა ჩამომართვა გონგის შემდეგ დარტყმის გამო, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ნორისი თავის კუთხეში დაბრუნდა, ტაბურეტზე დაჯდა და იქიდან აღარ ამდგარა. ამტკიცებდა, რომ დაცემისას მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო. მაყურებელმა სტვენა და რინგზე სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო. შემდეგ რინგზე ორმოცდაათამდე პოლიციელი ავიდა. და დაიწყო აურზაური!

მე კი არ გამომართლა. კარგ ფორმაში ვიყავი, შემეძლო ტემპის მომატება და შემდეგ რაუნდში მისი ნოკაუტში გაშვება, მაგრამ ის თავისი ტაბურეტიდან არ დგებოდა. ვიდეოჩანაწერი სახალისო სანახავი იქნება: რინგიდან დგება, თავისი კუთხისკენ მიდის, სრულიად ჯანმრთელია, ისმენს მწვრთნელის შენიშვნებს. და შემდეგ უარს ამბობს ბრძოლაზე. და მივიღე მორიგი შავ ლაქა ლას ვეგასში. ბრძოლას არშემდგარი უწოდეს. იმ დროს ეს ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ეს აღმოჩნდა ჩემი ბოლო ბრძოლა ლას ვეგასში.

შელი ფინკელმა გადაწყვიტა - ჩემთვის უკეთესი იქებოდა, თუ გარკვეული ხანი ბრძოლებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ ჩავატარებდი, რომ ლას ვეგასში დამიშვიდებულიყვნენ ნორისთან ფიასკოს შემდეგ. ამიტომაც, მან მომიწყო ბრძოლა ინგლისში, მანჩესტერში. შეხვედრა 2000 წლის 29 იანვარს იყო დაგეგმილი. უნდა მეჩხუბა ჯულიუს ფრენსისთან, მძიმე წონაში ბრიტანეთის ჩემპიონთან. შესანიშნავი მგზავრობა იყო! სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ბრბო იკრიბებოდა. როცა ბრიქსტონში გეტოში მივედი, იქ უამრავი ჩემი გულშემატკივარი შეიკრიბა. იძულებული ვიყავი, პოლიციის განყოფილებაში დავმალულიყავი. გავიფიქრე კიდეც - პირველად ჩემს ცხოვრებაში, საკუთარი ფეხით მივედი პოლიციაში.

ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე, ინტერვიუ მივეცი ტელეკომპანია Sky TV-ს.

- როგორ ფიქრობთ, აქ თქვენს მიმართ დამოკიდებულება სამართლიანია? - მკითხა წამყვანმა.
- იმასთან შედარებით, როგორ იქცევიან აშშ-ში, აქ საკმაოდ დელიკატურად მეპყრობიან. იქ ქუჩაში გასვლის სურვილიც კი მიქრება, მაგრამ ძლიერი პიროვნება ვარ და ვერაფერი შემაჩერებს. ვერაფერი გატეხს ჩემს საბრძოლო სულს. რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერს თავაწეული ვხვდები.

- თქვენს ბრძოლაზე დასასწრები 21 ათასი ბილეთი ორ დღეში გაიყიდა. როგორ ფიქრობთ, რითი იზიდავთ კრივის მოყვარულებს?
- ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ 60 ათასმა ადამიანმა ვერ შეძლო ბილეთის შოვნა. მიმაჩნია, რომ მათ უბრალოდ კარი უნდა შეანგრიონ და დარბაზში შევარდნენ. და მჯერა, რომ სწორედ ასე მოიქცევიან.

- მაიკ, ნუ აძლევთ მათ ასეთ იდეას! - მის ხმაში შიში შეიპარა.
- აი, რა უნდათ მათ. იდეა სჭირდებათ. მათ სურთ ჩემი ბრძოლის ხილვა. ბავშვობაში დიურანის თაყვანისმცემელი ვიყავი, ქუჩაში ვკრებდი ბიჭებს და პირდაპირ დარბაზში შევცვივდებოდით ხოლმე: "მიდი, ბებერო, მიდი! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ!"

- კიდევ რამდენიმე კითხვა ჯულიუს ფრენსისზე. თქვით პროგნოზი ამ ბრძოლაზე. როგორი იქნება შედეგი?

- არ ვიცი. ვფიქრობ, მოვკლავ ჯულიუს ფრენსისს, - ვთქვი აუღელვებლად.
- თქვენ ხომ ის არ გაქვთ მხედველობაში, რომ მართლა მოკლავთ მას? ყველა ჩაეჭიდება ამ ფრაზას და ილაპარაკებს: "ო-ო, მაიკ ტაისონს ჯულიუს ფრენსისის მოკვლა სურს!"

- ყველაფერი წესრიგშია. აი, მომისმინეთ, რას გეტყვით. ძალიან არ მაწუხებს ის, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. მაიკი და ტაისონი - ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის - მაიკი და მამა ვარ. მაგრამ აქ - მე ვარ ტაისონი. ტაისონი, უბრალოდ ის ტიპია, რომელიც უამრავ ფულს შოულობს.

მე არავინ მიცნობს, არავინ არასდროს არ უწევდა ანგარიშს ჩემს გრძნობებს, ჩემს ტკივილს, იმას, რა გადამხდენია ცხოვრებაში. არავის მცირე წარმოდგენაც არ აქვს - ვინ და რა ვარ მე. ისიც კი არ იციან, რატომ მგულშემატკივრობენ. იმიტომ, რომ კარგი მოკრივე ვარ? იმიტომ, რომ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა? იშვიათად ვარ ტაისონი. პირველ რიგში, მე ვარ მაიკი და მამა, და ჩემთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია.

- თქვენ ხდებით ტაისონი, როცა რინგზე გადიხართ. ასეა?
- მე ახლაც ტაისონი ვარ!

- ის ტაისონი?
- დიახ, ის ბიჭი, რომელიც აპირებს 29 რიცხვში მოაწყოს ნამდვილი შოუ. ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს და ნახოს - როგორ მოვკლავ და დავასახიჩრებ ვინმეს. ტაისონი - ეს არის ბილეთი სანახაობაზე. ტაისონი - ეს არის სარფიანი საქმე. ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც უშუალოდ მაიკზე ზრუნავს.

მაიკი - უბრალო ზანგია ბრონსვილიდან, საიდანაც ერთხელ გამოძვრა და წარმატებას მიაღწია. მას გაუმართლა. ბრონსვილში არაფერი ვიყავი, ცარიელი ადგილი. მაგრამ ღმერთმა, როგორც ჩანს, კეთილი თვალით გადმომხედა. არ ვიცი, შესაძლოა, მან ეს გზა განმისაზღვრა. ასე რომ, მკაცრად ნუ განმსჯით.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული