დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
უარი ვთქვი რინგზე გასვლის წინ, დოპინგ-ტესტისას შარდის ანალიზის ჩაბარებაზე. ბრძოლის შემდეგ ჩემი ხელოვნური პენისის გამოყენება გადავწყვიტე. დარბაზში იყვნენ პაფი, ლილ უეინი და ჯგუფ "ქეშ მანის" სხვა რეპერები.

რინგზე სწორედ მათი მუსიკის ფონზე გავედი. როცა რინგის ცენტრში დავდექით, შევძელი სახის საჭირო გამომეტყველების მიღება.

პირველ რაუნდში ბევრს ვმუშაობდი კორპუსში დარტყმებზე და ვგრძნობდი, რომ გოლოტა ძლივს სუნთქავდა. რბილად გადავაადგილდებოდი და ხარისხიანად ვმუშაობდი ჯებით - დარტყმა სახეში, შემდეგ რამდენიმე კორპუსში. მას ქვემოთ ეჭირა მარცხენა ხელი. რამდენიმე სუსტი ჯები გაისროლა, მე კი "ჩავყვინთე" და მარცხენა
თვალში მოვარტყი.

რაუნდის დამთავრებამდე ათი წამით ადრე მარჯვენა პირდაპირი დარტყმით წავაქციე. მეორე რაუნდის დასაწყისშივე თავს დავესხი. უამრავ ქაოტურ დარტყმას ვასრულებდი. უმეტესი ნაწილი მიზანს სცდებოდა, მაგრამ ზოგიერთი დარტყმა კორპუსში წარმატებული აღმოჩნდა. რაუნდის ბოლოს უკან იხევდა და უაზროდ იქნევდა ხელებს ჩემი მიმართულებით.

უკვე მზად ვიყავი მესამე რაუნდისთვის და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე: გოლოტას თავის გუნდთან კონფლიქტი ჰქონდა. მოგვიანებით, Showtime-ის მასალას ვუყურე. როგორც აღმოჩნდა, გოლოტა უარს ამბობდა ბრძოლის გაგრძელებაზე, მისი სეკუნდანტი, ასაკოვანი იტალიელი ალ სერტო კი უყვიროდა.

- მარჯვენათი იმუშავე! - ყვიროდა სერტო.
- ვწყვეტ ბრძოლას, - უპასუხა გოლოტამ.

- არ გაბედო, ნაბიჭვარო! შენ მოიგებ ამ ბრძოლას!
- მორჩა, შეწყვიტეთ! - თქვა გოლოტამ.

- ხმა ჩაიგდე! მიდი, შენი დედაც! შენ მოიგებ!
- ვწყვეტ ბრძოლას, - თქვა გოლოტამ. ადგა, სერტოს ხელი უბიძგა და რინგზე სიარული დაიწყო. ჯანდაბა, არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა ეს გიჟი.

- არა! არა! - უყვიროდა სერტო.
გოლოტა რეფერისთან მივიდა და უთხრა:

- მე ვწყვეტ!
და მსაჯმა ბრძოლა გააჩერა.

მაგრამ სერტო არ გაჩერდა. როცა პოლონელი თავის კუთხეში დაბრუნდა, სცადა გოლოტასთვის პირში კბილების დამცავის ჩაჩრა და რინგის ცენტრში მისი დაბრუნება, მაგრამ გოლოტას საქმე დამთავრებული იყო. ჩავიცვი ხალათი და რინგიდან გავიქეცი. გზად გასახდელისკენ მას ათას სისაძაგლეს ესროდნენ. ვიღაცამ ფორთოხლის წვენის პაკეტი მოარტყა მიზანში და სითხე მთელ ტანზე გადაესხა.

ამის შემდეგ გოლოტამ ჩემი დადანაშაულება სცადა - განაცხადა, რომ ჩემგან თავით დარტყმების გამო დაეხვა თავბრუ. ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც შეიძლებოდა ჭკუიდან გადასულიყო ბრძოლის დაძაბულობის გამო. მომდევნო დღეს გოლოტა მეუღლემ ჩიკაგოს საავადმყოფოში წაიყვანა და ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს: ტვინის შერყევა და მარცხენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა იმ მარჯვენა დარტყმის მიზეზით, რომლითაც რინგზე გაიშხლართა.

როგორც კი გასახდელში დავბრუნდი, იქ გამოჩნდნენ მიჩიგანელი ჩინოვნიკები დოპინგ-ტესტისთვის შარდის ანალიზის ასაღებად. დრო არ მქონდა, რომ სტივ ტომასისგან ხელოვნური პენისი მიმეღო, ამიტომაც იძულებული გავხდი, საკუთარი შარდი ჩამებარებინა. რა თქმა უნდა, მარიხუანას კვალი აღმომიჩინეს.

ჩემთვის პრემია უნდა მოეცათ ნარკოტიკების ზემოქმედებისას ბრძოლისთვის, რადგან ეს აგრესიულობას ამცირებს. ამის ნაცვლად, 90-დღიანი დისკვალიფიკაცია მომანიჭეს, რასაც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ პერიოდში ისედაც არ ვაპირებდი რინგზე გასვლას.

გარდა ამისა, დამაჯარიმეს 5000 დოლარით და მაიძულეს, 200 ათასი დოლარი გადამეცა მიჩიგანის საქველმოქმედო ფონდისთვის. "მოგება ტექნიკური ნოკაუტით" შეცვალეს ასეთი ფორმულირებით: "გადაწყვეტილება მიღებული არ არის", ანუ ბრძოლა გაუქმდა.

იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ამ შეხვედრისთვის 20 მილიონი დოლარი ავიღე, ფინანსურად ღრმა უკანალში ვიყავი. იქამდეც კი მივედი, რომ მოლაპარაკებები დავიწყე ვიღაც მალაიზიელ პრომოუტერებთან, რომლებსაც ჩემი ბრძოლების ორგანიზება სურდათ. ჩემ გადასაბირებლად გამოგზავნეს ქალი, სახელად როუზ ჩუ და მან ჩემს სახლში რამდენიმე კვირა გაატარა. შემომთავაზეს 16 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარი და მომცეს ავანსი - მილიონი დოლარი. მათ ჩემი სახლის რემონტისთვის საჭირო თანხის - 200 ათასი დოლარის გადახდის საშუალებაც მივეცი, აგრეთვე, შეიტანეს გადასახადი ჩემი ახალი "როლს როისისთვის".

2001 წლის დასაწყისში, ჩემმა ბუღალტერებმა 2000 წლისთვის ჩემი ფინანსური ანგარიში გამომიგზავნეს. წელი დავიწყე მინუს 3.3 მილიონი დოლარით. 2000 წელს გამოვიმუშავე 65.7 მილიონი დოლარი, მათ შორის, 20 მილიონი ჩემს ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, სიდლისთან საქმის მოგვარებით. სიდლის და მის მეგობრებს შესანიშნავად ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ დონ კინგთან ერთად.

ეს იყო აშკარა ძარცვა, ამიტომაც მოხარულები იყვნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებით. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთი წლის განმავლობაში 62 მილიონი დოლარი დავხარჯე: 8 მილიონი წავიდა გადასახადებში, 5.1 მილიონი - იურიდიული სამსახურის დაფარვაში, 5 მილიონი - მონიკას ეკუთვნოდა, 4.1 მილიონი - ჩემი ერთ-ერთი პრომოუტერისგან აღებული კრედიტის დაფარვას დასჭირდა, 3.8 მილიონი - რუნის სასამართლო სარჩელს, 3.4 მილიონი - პერსონალის ხელფასს, 2.1 მილიონი - ავტომობილებისთვის დავხარჯე, 1.8 მილიონი - ხმის ჩამწერი სტუდიის, "აირონ მაიკ რეკორდსის" უზრუნველყოფისთვის და კიდევ ბევრი სისულელე.

ჩემს ახალ მმართველ გუნდს არ ჰქონდა პასუხები ჩემს კითხვებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ემტერებოდნენ. ასე მაგალითად, ჯეკი ამტკიცებდა, რომ შონი უსინდისოდ მძარცვავდა.

- მაიკ, ის ფულს გპარავს. ყოველ ჯერზე, როცა ბრძოლას ატარებ და ახალ ავტომობილს ყიდულობ, ისიც იმავე შენაძენს აკეთებს. ის მოთამაშეა, მაგრამ თამაშობს არა შაშს, არამედ ჭადრაკს, - მეუბნებოდა ჯეკი.

როცა ერთმანეთს შევახვედრებდი და სიტუაციის გარკვევას ვცდილობდი, შონი ტირილს იწყებდა: "ხომ გეუბნებოდი, რომ მას არ მოვწონვარ!"

შონიმ მოინახულა 75000 კვადრატული ფუტის ფართობის ოფისი, რომელიც ჯეკმა "აირონ მაიკ რეკორდსის" სტუდიისთვის ბრუკლინში გახსნა და შონიმ გადაწყვიტა, რომ მასაც ასეთი ელიტური შენობა სჭირდებოდა თავის მშობლიურ ატლანტაში. მე კი, როგორც უკანასკნელი იდიოტი, დავეთანხმე. იმ ოფისში ერთხელაც არ ვყოფილვარ. სიმართლე იმაში მდგომარეობდა, რომ ფეხებზე მეკიდა საკუთარი ბიზნესი.

ერთადერთი სურვილი მქონდა - მხოლოდ ჩემი რამდენიმე ნაკლი გამომესწორებინა - მეტი არაფერი. ჩემი დამოკიდებულება ასეთი იყო: მიმიფურთხებია ყველაფრისთვის. რატომ ვიქცეოდი ასე კარიერის ზენიტში ყოფნისას? სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობდა, რომ კას დ'ამატოს გარდა, არავის არასდროს გულთან ახლოს არ მიჰქონდა ჩემი საქმეები. ბოლომდე კიდევ არ მჯეროდა, რომ კასმა საპენსიო ანგარიშისთვის ჩემთვის ფული გადადო. როცა ამაზე ვფიქრობდი, ყოველთვის ცრემლი მადგებოდა თვალზე. ახლაც ასეა.

2001 წლის ივნისში კამილა გარდაიცვალა და კიდევ უფრო უარესად გავხდი. ჩემი დეპრესია გაძლიერდა და უფრო მეტი ნარკოტიკის მოხმარება დავიწყე. უნდა დამეწყო მზადება შემდეგი ბრძოლისთვის, რომლის გამართვა დანიაში იგეგმებოდა. ამიტომაც ბანაკი კალიფორნიის შტატში, სან ბერნარდინოს ოლქის ქალაქ ბიგ-ბეარში მოვაწყვეთ.

მონიკა ბავშვებთან ერთად მოვიდა ჩემთან რამდენიმე დღის გასატარებლად. მათი წასვლიდან მეორე დღეს, მე და ჩემი ერთ-ერთი პირადი მცველი რიკ ბაუერსი მაღაზია "კმარტში" წავედით, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც რაღაც პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა. იქ სალაროსთან იჯდა ქალი, დაახლოებით 50 წლის. ლამაზი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი სხეული ჰქონდა. გამოსვლისას, ავტოგრაფი მთხოვა და თან საკუთარი ტელეფონის ნომერი შემაჩეჩა. და მეც, ნაძირალამ, დავურეკე და ის ჩემთან მოვიდა.

მისაღები ოთახის დივანზე გვქონდა სექსი. მომდევნო დილას რიკმა "ნიანგი" სამედიცინო დახმარების პუნქტში წაიყვანა - რაღაცის შემოწმება სჭირდებოდა. "კმარტში" ის ქალი ადგილზე დახვდათ. მან რიკს უთხრა, რომ "გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა". ისიც განაცხადა, რომ თურმე სექსის დროს ტრავმა მივაყენე და მკურნალობა სჭირდება. შემდეგ დაინტერესდა - მე რა აზრის ვიყავი მასზე.

მოგვიანებით, რიკს დაურეკა და "დენის" მაღაზიაში შეხვედრაზე მოელაპარაკა. იქ რიკს მოუყვა, რომ თურმე მოვეწონე მას და ეწყინა, რომ მის სანახავად მაღაზიაში არ მივედი. სთხოვდა რიკს, ჩემთვის დაერეკა და მაღაზიაში მოსვლა ეთხოვა - ძალიან სურდა ჩემთან შეხვედრა. ბოლოს, რიკს მობილურ ტელეფონზე დაურეკა და გააფრთხილა, რომ ქალაქიდან უნდა წავსულიყავით, რადგან საოლქო პროკურორი საქმის აღძვრას აიძულებდა. ისიც დაამატა, რომ რომელიმე ჟურნალისთვის ამ ამბების მოყოლას აპირებდა. რიკი დაინტერესდა:

"როგორ შეიძლება ამის მოგვარება?" რაზეც მან უპასუხა: "უბრალოდ, ახალი ავტომობილი მჭირდება". რაღაც დანგრეული მანქანა ჰყავდა.

რიკი სახლში დაბრუნდა და იკითხა:

- რა ხდება "კმარტის" გამყიდველთან დაკავშირებით? ამბობს, რომ შენ მას ფიზიკური ტრავმა მიაყენე.
- მართლა? - წარმოდგენა არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა.

გადავწყვიტეთ მასთან სამსახურში წასვლა და ღიად დალაპარაკება. ავტოსადგომზე შევხვდით. გიჟივით იმეორებდა: ჟურნალს მთელ ამ ისტორიას მოუყვებოდა და რომ ახალი მანქანა სჭირდებოდა. რამდენიმე წამი ვუსმინე, შემდეგ რიკს მივუბრუნდი და ვუთხარი:

- წავედით აქედან. ხომ გეუბნებოდი, რომ გიჟია.

და ამ დროს, საბოლოოდ გააფრინა. ჩვენ გარშემო ავტოსადგომზე ბევრი ხალხი იყო და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული