კომპლიმენტების საღამო

AutoSharing Option

გუშინ ლოს ანჯელესში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც 7 მაისს დანიშნულ ბრძოლას მიეძღვნა. ამ დღეს რინგზე ერთმანეთის პირისპირ დადგებიან ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო და სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი შეინ მოზლი.

ეს არ ყოფილა დიდი ბრძოლებისთვის დამახასიათებელი პრესკონფერენცია, როცა მოკრივეები ათასგვარი ფრაზებით ცდილობენ ერთმანეთის დამცირებასა და წყობიდან გამოყვანას. ამჯერად პაკიოამ და მოზლიმ კომპლიმენტები მიუძღვნეს ერთმანეთს.

 

32 წლის პაკიოამ განაცხადა, რომ არ აპირებს მეტოქის შესაძლებლობების შეუფასებლობას: "მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას Showtime და CBS გადასცემს - შეხვედრას

კრივის უფრო მეტი მოყვარული იხილავს. ბევრი უნდა ვივარჯიშო იმისთვის, რომ არ გავაწბილო ჩემი გულშემატკივარი. მოზლი კარგი მოკრივეა, ყოფილი ჩემპიონი, ამიტომაც არ ვაპირებ მის შეუფასებლობას. შევეცდებით ეს შეხვედრა წლის ბრძოლად ვაქციოთ, ამიტომაც ორივენი კარგად მოვემზადებით".

39 წლის მოზლი თავის შანსს იმაში ხედავს, რომ მისი სტილი კარგად ერგება მეტოქის ბრძოლის მანერას. "მენი - კარგი ბიჭია. მე მასში ნამდვილ სპორტსმენს ვხედავ, რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მას უყვარს კრივი, - ამბობს მოზლი. - ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ბრძოლას სტილები ქმნიან. მენის შეტევა და რიკსი უყვარს და ეს დამეხმარება. რინგზე ერთმანეთს შეხვდებიან მოკრივეები, რომლებსაც ღია ბრძოლა იზიდავთ. ვფიქრობ, საკმარისად მოხერხებული ვარ იმისთვის, რომ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვო".


"არ ვიცი, რა ფსონებია ამ ბრძოლაზე. ეს არ მაინტერესებს. აუთსაიდერი ნამდვილად არ ვიქნები. წესით, ფსონი თანაბარი უნდა იყოს. მენი ხშირად იქნევს მუშტებს, სამაგიეროდ, ჩემი დარტყმა უფრო ძლიერია. არ ვიცი რამდენი რაუნდი გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ მე-12 რაუნდამდე საქმე არ მივა. როგორც წესი, ასეთი ბრძოლები მსაჯის გადაწყვეტილებით არ მთავრდება", - დაამატა ამერიკელმა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული