საუკუნის ბრძოლა ისევ განიხილება

AutoSharing Option

ამერიკაში მენი პაკიაოსა და შეინ მოზლის მომავალი ბრძოლის სარეკლამო ტური მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა 7 მაისს ლას ვეგასში გაიმართება და იქ ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ტიტული გათამაშდება.

 

ფილიპინელი პაკიაოს პრომოუტერი ბობ არუმი აცხადებს, რომ მენის სულაც არ აქვს გარანტირებული გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ცნობილი მენეჯერი "პაკმენისთვის" უკვე ახალ მეტოქეს ეძებს. არუმის თქმით, პოტენციურ მოწინააღმდეგეთა სიაში შედიან: ფლოიდ მეივეზერი, ხუან მანუელ მარკესი და ანდრე ბერტო.

"მეივეზერი კვლავაც მთავარი კანდიდატია, - ამბობს არუმი. - გვინდა ვიცოდეთ - ექნება თუ არა მას ნოემბრისთვის კანონთან პრობლემები.

ახლა ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეგვიძლია."

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არუმი და მეივეზერი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ განუხილავთ ფლოიდის რინგზე დაბრუნების შესაძლებლობა.


არუმმა ისიც განაცხადა, რომ პაკიაოსა და მეივეზერის ბრძოლა აუცილებლად ლას ვეგასში გაიმართება, სხვა მოწინააღმდეგეების შემთხვევაში შესაძლებელია ჩხუბის ამერიკის ფარგლებს გარეთ ორგანიზება.

თავად პაკიაომ იმედი გამოთქვა, რომ კრივის მოყვარულები კიდევ იხილავენ რინგზე მეივეზერს. "არ ვიცი რას ფიქრობს მეივეზერი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის მიმართ აგრესია და უკმაყოფილება არ მაქვს. უბრალოდ ვლოცულობ იმაზე, რომ პირადი პრობლემები მოაგვაროს და ისევ შეძლოს რინგზე გამოსვლა", - განაცხადა პაკმენმა.

 


* * *
სუპერმძიმე წონაში IBF-ისა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ განაცხადა, რომ ის და ვიტალი კლიჩკო იქამდე არ დაასრულებენ კარიერას, სანამ საოჯახო კოლექციას WBA-ის საჩემპიონო ქამრით არ შეავსებენ. ეს ტიტული დღეისთვის ბრიტანელ დევიდ ჰეის ეკუთვნის.

"მე და ვიტალი ყოველთვის ვამბობდით, რომ სუპერმძიმე წონაში ოთხივე პრესტიჟული ვერსიით ტიტულის დასაკუთრება გვინდა, რითაც სამუდამოდ შევალთ სპორტის ისტორიაში, - ამბობს ვლადიმერ კლიჩკო. - სამი ქამარი უკვე გვაქვს და ერთიც დევიდ ჰეის უნდა წავართვათ. ასე რომ, მან რომელიმე ჩვენთაგანის წინააღმდეგ უნდა იჩხუბოს, მაგრამ თუ სპორტიდან წავა, სხვა მოკრივეს შევხვდებით და მას ჩამოვართმევთ ტიტულს. რაც მთავარია, არც მე და არც ვიტალი წასვლაზე იქამდე არ ვიფიქრებთ, სანამ ოთხივე ქამარს არ მოვიპოვებთ."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული