წელიწადი ლევან გულედანის ბრინჯაოთი გავხსენით

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარული შეკრება მოილია და იქვე საერთაშორისო ტურნირშიც მოსინჯა ძალები. ქართველმა მოკრივეებმა, ბულგარეთის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, ქალაქ პედრაჟის "სტრაჟას" წარმომადგენლობით ტურნირზე იასპარეზეს და იქიდან ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. მესამე საპრიზო ადგილი 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან გულედანმა დაიკავა.

პედრაჟის ტურნირზე ათმა ქართველმა იასპარეზა და მხოლოდ ერთი პრიზიორი შესაძლოა, არც იყოს განსაკუთრებული შედეგი, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი ამ ეტაპზე შეგირდებს მაქსიმუმს ვერ სთხოვს, რადგან დიდი ხანი არაა, რაც გუნდი სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. ისიც აღსანიშნავია,
რომ შეჯიბრებაზე ისეთ ძლიერ საკრივო ქვეყნებს, როგორებიც კუბა, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია და მასპინძელი ბულგარეთია, პირველი ნომრები ჰყავდა გამოყვანილი.

თითო ბრძოლის მოგება თითქმის ყველა ქართველმა შეძლო და ამ შედეგს ფალიანი საკმარისად მიიჩნევს. მისთვის მთავარია, რომ ბიჭებმა საშეჯიბრო პრაქტიკა მიიღეს და ძლიერ მეტოქეებთან არცთუ დიდი სხვაობით დამარცხდნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოსმედალოსან გულედანს, მან პირველ ეტაპზე ფრანგ მოწინააღმდეგეს 5:2 სძლია, შემდეგ აზერბაიჯანელს 3:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბულგარელთან 2:4 დათმო.
მოკრივეებს ბულგარეთში ფალიანთან ერთად, მისი ასისტენტები თემურ ოჩიგავა და ლევან გაგნიძე ახლდნენ, ქართულ დელეგაციას კი საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.

ამასობაში კი ჩვენი გუნდი უკვე მეორე შეკრებას იწყებს. 23 თებერვალს საქართველოს ნაკრები დაახლოებით 15 მოკრივის შემადგენლობით ბაქოში გაემგზავრება, სადაც ჯერ აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად გაივლის შეკრებას, 8 მარტიდან კი საერთაშორისო ტურნირშიც ჩაერთვება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული