მაიკ ტაისონი - დაუნდობელი სიმართლე [გაგრძელება]

AutoSharing Option
სასტუმრო M Resort-ში, ჩვეულებრივ, საოჯახო მასაჟს გვიკეთებდნენ და ერთხელ მასაჟისტმა ქალმა ერთი ნიუიორკელი ბიჭის სავიზიტო ბარათი გადმოგვცა. მას ადამ შტეკი ერქვა და ლას ვეგასში მოეწყო სამუშაოდ. მან მომსახურე პერსონალს სთხოვა, ჩვენთვის გადმოეცა, რომ ჩემთან ერთად მონოსპექტაკლის შექმნის სურვილი ჰქონდა. დავურეკეთ, სტუმრად მოვიწვიეთ და მან თავისი იდეა გაგვაცნო.

ეს ბედნიერი შემთხვევითობა იყო, რადგან უკვე დაწყებული გვქონდა მუშაობა მონოსპექტაკლზე. ადრე ადამი ჩართული იყო დიდ სასტუმროებში შოუს დადგმებში, მაგალითად, როგორიც იყო "მეხი მიწიდან" ან ტრავესტი-შოუ "ლას ვეგასის ქალბატონები". ადამმა მოიყვანა დამდგმელი რეჟისორი, რომელსაც
რენდი ჯონსონი ერქვა. კიკის უკვე მზად ჰქონდა მთელი სცენარი, მაგრამ რენდი მაინც თანაავტორად გააფორმეს, რადგან ცნობილი პიროვნება იყო. 2012 წლის დასაწყისისთვის მონოსპექტაკლი მზად იყო.

ერთი კვირის განმავლობაში, 13-18 აპრილს, წარმოდგენა იმართებოდა სასტუმრო-გასართობ კომპლექს MGM Grand-ში. სცენაზე გულიანად ვერთობოდი. მარტო არ გამოვდიოდი - ასევე გვყავდა ჯაზის მომღერალი და როკ-ჯგუფი. ისინი წარმოდგენის დასაწყისში უკრავდნენ, შემდეგ მე წარმადგენდნენ და მაყურებელი ჭკუიდან გადადიოდა. ვიწყებდი ჩემს მონოლოგს. ჯგუფი ასრულებდა სიმღერას - "შუაღამე ოაზისში", მაგრამ ჩვენ შევცვალეთ სიტყვები და დავარქვით - "შუაღამე მეძავ აზისთან" და გარშემო ყველა ცეკვავდა. მე ვიყავი წარმოდგენის წამყვანი, რაღაც შავი უეინ ნიუტონის (ამერიკელი მომღერალი და მსახიობი; ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი ლას ვეგასში) მსგავსი. ვყვებოდი ჩემს ნაღვლიან ცხოვრებაზე, მაგრამ თან იმის დემონსტრირებას ვახდენდი, რომ ეს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ეს ვეგასი იყო, მე მყავდა ჯგუფი და შოუს ვაწყობდი.

წარმოდგენას კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ვოცნებობდი ქვეყნის მასშტაბით ტურნეს მოწყობაზე და იქნებ ბროდვეიზეც კი მოვხვედრილიყავით. წარმოდგენის დასრულებიდან მეორე დღეს მე და კიკი ბრიტანეთში გავფრინდით, სადაც საზოგადოებასთან და პრესასთან მორიგი შეხვედრა მელოდა. შემდეგ პოლონეთში გავემგზავრეთ, რადგან შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკული სასმლის მწარმოებელ კომპანიასთან. იქ ყოფნისას, სპაიკ ლიმ დამირეკა. მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ უყურა ჩემს მონოსპექტაკლს და მოეწონა. ამასთან დაკავშირებით, სპაიკმა პროდიუსერ ჯიმი ნედერლანდერს დაურეკა და მან გამოთქვა სურვილი - მონოსპექტაკლი ბროდვეიზე დაედგა, ოღონდ სპაიკის ხელმძღვანელობით. ივნისში უკვე რეპეტიციები დავიწყეთ და აგვისტოში სპექტაკლი 10 დღის განმავლობაში ბროდვეიზე მიდიოდა.

სპაიკის ვერსია უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩვენი წარმოდგენა ლას ვეგასში. მას სურდა, სპექტაკლი სავსე ყოფილიყო მწარე რეალობით, რათა ის დამგვანებოდა ერთი შემსრულებლის სპექტაკლს. ჩემი მონოლოგის დროს უკან, დიდ ეკრანზე უჩვენებდნენ სლაიდებს, ჟღერდა მუსიკა. მე უფრო ლას ვეგასის წარმოდგენა მომწონდა, მაგრამ პუბლიკამ, როგორც ჩანს, სპაიკის ვარიანტიც კარგად მიიღო. ქვეყნის გარშემო ტურნესთვის, რომელიც 2013 წელს შედგა, სწორედ სპაიკის ვერსია გამოვიყენეთ.

სცენაზე გასვლისას, საკუთარ სულს აშიშვლებ, ეს ძალიან ჰგავს საკრივო რინგზე გასვლას. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი სცენაზე, მაგრამ, ამასთან, ძალიან მეშინოდა ამის. დოღის ცხენს ვგავდი, რომელიც მზად არის სტარტის ასაღებად. სცენაზე გასული, სრულად ვაკონტროლებდი საკუთარ თავს, მაგრამ, ამავდროულად, ეს ასე არ იყო. უნდა შემეკავებინა საკუთარი თავი, რომ ძალიან სწრაფად არ მელაპარაკა.

კარგი მთხრობელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვისწავლე და შევიყვარე ეს საქმე. როგორც ჩემი ცხოვრების ყველა სხვა საკითხში, კასმა ამ სპექტაკლზეც იქონია დიდი გავლენა. საქმე ისაა, რომ კასისგან მემკვიდრეობით მერგო - სხვადასხვა ისტორიის გადმოცემის უნარი. ისე კარგად არ გამომდიოდა, როგორც მას, მაგრამ ასეთი უნარი მართლაც მქონდა, რადგან კასი ყოველთვის მანათლებდა კლასიკურ კრივზე ეპიკური მასშტაბის ისტორიებით, სხვადასხვა თავგადასავლით, ამბებით ღალატზე... ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი დიად საქმეებზე ისტორიების მოსმენით.

ფულს ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა, მაგრამ ეს მოთხრობები ყოველთვის აღმაფრენას მაძლევდა დიად საქმეებზე. ჩემთვის ადამიანების გართობა ისეთი იოლი არ აღმოჩნდა, როგორც კრივი. ვერ ვიტან იმას, რასაც მსახიობობა ჰქვია, მაგრამ მომწონს ის გრძნობები, რომელსაც ამასთან განვიცდი. ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ ვინმე გავართო.

სპექტაკლზე მუშაობა ისე დავიწყე, როგორც კასი მასწავლიდა კრივის მიმართ დამოკიდებულებას. როცა სცენაზე ხარ, უნდა დაივიწყო საკუთარი გრძნობები, ემოციები და ვნებები. უემოციო უნდა იყო, მაგრამ, ამასთან, უნდა გააკეთო ეს ყველაფერი მაქსიმალური ემოციით, რაც კი შესაძლებელია. ცხოვრებაში ყველა ჩემი პრობლემა მაშინ წარმოიქმნებოდა, როცა მაიკ ტაისონი ვიყავი და მიმაჩნდა, რომ ათასგვარი ნაგვის ღირსი ვიყავი: ლამაზი ქალების, მდიდრული მანქანის, დიდი სახლის. აი, სწორედ ამ დროს ვხვდებოდი უბედურებაში. ყოველთვის საკუთარი ემოციების ტვირთის ქვეშ ვიყავი. და მალე ემოციებმა წარმოშვა აუხდენელი ოცნებები, ჰალუცინაციები, ბოდვა. ასე განვვლე ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც კასს შევხვდი - ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის მეჯობნა.

მაგრამ შეუძლებელი იყო ამ ნიღბის შენარჩუნება, როცა მონოსპექტაკლში ეკსოდუსის შესახებ მოყოლის ჯერი დგებოდა. ეკსოდუსთან ყველაზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე ჩემს რომელიმე სხვა შვილთან ერთად. ძალიან კარგად ვიცნობდი მას. ის მართლაც თავისუფალი ადამიანი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ერთი დღეც არ ყოფილა, ჩემი ანგელოზის გამო არ მეტიროს. წარმოდგენის დროს ყურსასმენები მიკეთია და კულისებში მყოფი კიკი რაღაცას მკარნახობს ხოლმე. როცა ეკსოდუსზე მოყოლის ჯერი მოდის, დიდ ეკრანზე მისი ლამაზი ფოტო ჩნდება. კიკი ყოველთვის მეუბნება: "მიტრიალდი და ფოტოს შეხედე". მაგრამ არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგან ამის შემდეგ ვეღარ შევძლებ სპექტაკლის გაგრძელებას.

2013 წლის დასაწყისში ორჯერ გადამიღეს მაღალრეიტინგიან სერიალებში სტუმრის სტატუსით. კერძოდ, 6 თებერვალს გამოვჩნდი სერიალში - "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი". ვთამაშობდი მკვლელს - რეჯი როდოსს, რომელიც სიკვდილმისჯილია. ის მიაღწევს განაჩენის სისრულეში მოყვანის ვადის გადაწევას, რადგან თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყვება იმის შესახებ, რომ ადამიანმა, რომელიც მან მოკლა, ის ბავშვობაში გააუპატიურა. გადავწყვიტე, სერიოზულად მოვმზადებულიყავი ამ როლისთვის. ამჯერად, ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა საკუთარი თავი უნდა მეთამაშა. მთელი საათი დასჭირდათ მაკიაჟისთვის და ჩემი ტატუს დასაფარად.

ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაში, რომლებიც ამ სერიალში იყვნენ დაკავებულნი. მაგრამ იქამდე, სანამ სერიალი ეკრანებზე გამოვიდოდა, ერთი კონფლიქტი წარმოიშვა. ვიღაც ქალმა ელექტრონული პეტიცია შეადგინა და მოსთხოვა ტელეკომპანია NBC-ს, უარი ეთქვა სერიალის გაშვებაზე ან ამოეჭრა იქიდან ეპიზოდები ჩემი მონაწილეობით, რადგან მე სასამართლოს მიერ აღიარებული მოძალადე ვიყავი. ამ ინიციატივამ ფართო მხარდაჭერა ჰპოვა, პეტიციას ექვსი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, ტელესერიალის "საზღვაო პოლიცია: სპეციალური განყოფილება" ვარსკვლავმა პოლი პერეტმა. საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ჩემმა აგენტმა შემომთავაზა, საჯაროდ გამოვსულიყავი ამ საკითხზე.

"ვწუხვარ, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებებში, მაგრამ ამ ქალს აქვს უფლება საკუთარ აზრზე. ვწუხვარ, რომ ის უკმაყოფილოა, მაგრამ მე არავინ გამიუპატიურებია და მსგავსი არასოდეს ჩამიდენია. ეს ქალბატონი არ ყოფილა იქ და არ შეუძლია იცოდეს, მოხდა თუ არა მსგავსი რამ. ამ როლს არ ვებღაუჭები, არ ვცდილობ, გავხდე მდიდარი და სახელგანთქმული, უბრალოდ, საკუთარი ოჯახის გამოკვება მინდა. რატომ ამახვილებენ ამხელა ყურადღებას ამ ასპექტზე? იმიტომ, რომ უკვე ხუთი წელია ცხოვრების სწორ წესს მივდევ, არ ვსვამ, არ ვარღვევ კანონებს და არ ჩავდივარ დანაშაულს. უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო".

ასეთი იყო ჩემი პასუხი ბიძია თომას სტილში. სინამდვილეში კი ვაცნობიერებდი, რომ უკვე 10 წელია არაფერი გამაჩნდა. ოჯახი უნდა მერჩინა. გეგმაში არ მქონდა ტელესერიალებში გადაღებით გამდიდრება. რა უნდათ ამ ადამიანებს? ჩემი სიკვდილი? სხვანაირად როგორ ვიშოვო საარსებო ფული? თუ მე საჯარო ფილმებში არ შემეძლება გადაღება, იძულებული ვიქნები, პორნოში ვითამაშო, ეს უნდათ? საბედნიეროდ, ტელესერიალის პროდიუსერი დიკ ვულფი ზეწოლას არ წამოეგო და შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

"მე გთავაზობთ უყუროთ ედ ესნერს, ანდრე ბრაუერსა და მაიკ ტაისონს სერიალის "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსის" ეპიზოდში, რომელსაც "მონსტრის მემკვიდრეობა" ჰქვია. ის NBC-ის არხზე 6 თებერვალს, საღამოს 9 საათზე გავა ეთერში. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რადგან იქ ყურადღება გამახვილებულია იმაზე - რა შეიძლება მოხდეს, როცა ემოციების ზეწოლის ქვეშ ჩქარობენ განაჩენის გამოტანას".

განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ ჩემმა მეგობრებმა, ქალებმა თოქ-შოუდან "თვალსაზრისი", ასეე დაიცვეს შრომაზე ჩემი უფლება.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული