ვიტალი კლიჩკო: სოლისთან ბრძოლა საინტერესო და რთული იქნება

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 39 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკო მორიგი საჩემპიონო ბრძოლისთვის ამზადება. ვეტერანი მოკრივე 19 მარტს გერმანიაში უნდა შეხვდეს 30 წლის კუბელ ოდლანიერ სოლისს, რომელიც პროფესიულ რინგზე ჯერჯერობით დაუმარცხებლად გამოდის. ამ მნიშვნელოვანი ჩხუბის წინ ვიტალიმ  გერმანულ გაზეთ "ბილდს" ინტერვიუ მისცა.

- ვიტალი, ოდლანიერ სოლისი ბოლო წლებში თქვენს ყველაზე სერიოზულ მეტოქედ განიხილება. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სხვა მოწინააღმდეგეების ფონზე კუბელი ყველაზე მძლავრად გამოიყურება?
- 19 მარტს გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს არენაზე  საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება. ეს ტიტულის სავალდებულო დაცვაა და მინდა თუ არა,
მომიწევს რინგზე გასვლა, რადგან კუბელმა დაიცვა WBC-ის რეიტინგის პირველი პოზიცია და აუცილებელ პრეტენდენტად ითვლება. ფართო პუბლიკისთვის ეს მოკრივე ნაკლებად ცნობილია. მაგრამ ბრძოლის შედეგზე გავლენას ახდენს არა ამა თუ იმ მოკრივის "რეკლამირება", არამედ სპორტული თვისებები. ეს პროფესიული სპორტია, სადაც ნებისმიერმა სპორტსმენმა შეიძლება შემოგვთავაზოს სიურპრიზი. სოლისი - ათენის ოლიმპიური ჩემპიონია, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მოყვარულებს შორის, კუბური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ეს ბრძოლა საინტერესო და რთული იქნება.

- თქვენთვის ეს განსაკუთრებული ბრძოლაა თუ უბრალოდ ტიტულის მორიგი დაცვა?
- ეს იქნება ბრძოლა კარგ პრეტენდენტთან. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ამ ბრძოლას მიადევნებს თვალს, დიდ სიამოვნებას მიიღებს კლიჩკოსა და ძლიერი მოწინააღდეგის დაპირისპირებისგან.

- ის თქვენთვის საჩემპიონო ქამრის ჩამორთმევით იმუქრება...
- გასაკვირი იქნებოდა, მას რომ ასეთი დაპირება არ გაეკეთებინა. ამის თაობაზე ბევრი ხმამაღალი განცხადება მომისმენია... დიახ, კუბელი მოტივირებულია, ახალგაზრდა, ძლიერი, ჯერ წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე და ბუნებრივია, ტიტულის მოპოვებას ფიქრობს, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს. 19 მარტს ვაპირებ სოლისს თავისი ადგილი მივუჩინო.

- სამოყვარულო რინგზე სოლისს დამარცხებული ჰყავს სუპერმძიმე წონაში WBA-ის ამჟამინდელი ჩემპიონი დევიდ ჰეი, თანაც ტექნიკური ნოკაუტით. თქვენი აზრით, სოლისი ახლაც ჰეიზე ძლიერია თუ სიტუაცია შეიცვალა?
- პროფესიულ და სამოყვარულო სპორტს შორის უდიდესი განსხვავებაა. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ რინგზე გასასვლელად ვარ მზად, იქნება ეს სოლისი თუ ჰეი და დავამტკიცებ, რომ ნამდვილი ჩემპიონი ვარ.

- კლიჩკოსა და სოლისის ბრძოლიდან ერთი კვირის თავზე რინგზე გავლენ თქვენი ყოფილი მეტოქე ალბერტ სოსნოვსკი და ალექსანდრ დმიტრენკო. ვის ანიჭებთ უპირატესობას ამ ბრძოლაში?
- დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბრძოლა მოსაწყენი არ იქნება. პროგნოზების კეთებასა და სპეკულაციებს არ დავიწყებ. რინგზე გაირკვევა, ვის ერგება ევროპის ჩემპიონის ტიტული. ალბერტ სოსნოვსკიმ თავისი ფენომენალური ფორმა ჩემთან ბრძოლაში აჩვენა. ის კარგი მოკრივეა, რომელმაც იცის, რა სურს და რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. მართალია, სოსნოვსკიმ ჩემთან წააგო, მაგრამ არ გაჩერდა და ახლა ისევ მზად არის სატიტუტო ბრძოლებისთვის. მე მას გამარჯვებას ვუსურვებ. რაც შეეხება ალექსანდრ დმიტრენკოს, მას მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებ - ამჯერად მაინც არ უღალატოს ჯანმრთელობამ.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული