ამერიკელმა სპრინტერმა ტაისონ გეიმ ლონდონში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე 100-მეტრიანი დისტანცია 9,78 წამში გაირბინა. ეს მიმდინარე მძლეოსნური სეზონის საუკეთესო შედეგია და ტაისონმა თავადაც თქვა, რომ კარგ ფორმაშია, თუმცა ისიც აღიარა, რომ ასეთ მაღალ შედეგს მაინც არ ელოდა.
გეის თქმით, ორ იამაიკელთან, უსეინ ბოლტსა და ასაფა პაუელთან მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.
"არ მოველოდი, რომ ამ პირობებში ასე სწრაფად ვირბენდი, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვარ და კარგი შედეგის იმედიც მქონდა. დისტანციის ბოლოს საზარდულში ტქივილი ვიგრძენი და ოდნავ წავიბორძიკე კიდეც, თუმცა საგანგაშო
არაფერია", - თქვა ამერიკელმა, - "პაუელისა და ბოლტისთვის მესიჯების გაგზავნას არ ვაპირებ, ისედაც შეიტყობენ ჩემი 9,78 წამის შესახებ. ამ ბიჭებთან მთავარი ბრძოლა ჯერ არ გამართულა".